„რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს!“ - ლადო ასათიანისა და ანიკო ვაჩნაძის სიყვარულის ისტორია

სიყვარულის ისტორიები

17 ოქტომბერი 14:00, 2015 წელი

„რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს, / რამ დამავიწყოს ეს ალუბლები! / იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ, / ამ სიყვარულზე ვესაუბრები“, - ეს ლექსი თავისი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს ლადო ასათიანმა გარდაცვალებამდე ოთხი წლით ადრე მიუძღვნა.



პოეტს, რომელმაც ხანმოკლე სიცოცხლის მანძილზე დედის გადასახლების, ლექსების პირველი კრებულის განადგურებისა და სასიკვდილო სენის სიმწარე იგემა, საყვარელი ქალი უკანასკნელ წუთებამდე არ მოშორებია და დარჩენილი ცხოვრება მისი ერთგული დარჩა.
ლადო ასათიანი1917 წლის 14 იანვარს ქუთაისში, პედაგოგების ოჯახში დაიბადა და სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლის გასაგრძელებლად თავადაც ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტს მიაშურა.
პოეტის პირველი ლექსი „თებერვლის დილა“ 1936 წელს ქუთაისის გაზეთ „სტალინელში“ დაიბეჭდა. ინსტიტუტის დამთავრების დროისთვის კი უკვე ცნობილი პოეტი გახლდათ.


ლადო ასათიანმა და ანიკო ვაჩნაძემ ერთმანეთი 1938 წელს გაიცნეს. ამ დროს პოეტი ქუთაისიდან თბილისში ახალი გადმოსულია და  დედაქალაქის ცენტრალური გამზირი ლადო ასათიანის პოეტური სამყაროს ასპარეზი ხდება.
„რუსთაველის პროსპექტზე სიარული ნუ მომიშალოს ღმერთმა. / ვიყო მუდამ ასე მხიარული, ქართველი პოეტი მერქვას“, - წერდა ლადო ასათიანი ამ პერიოდში შექმნილ ლექსში.
ცოტა მოგვიანებით იყო:
„საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე: / ეხ… წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!“ და კიდევ უამრავი მარგალიტი...




ლადო ასათიანის პოეზიაზე, ხანმოკლე ცხოვრების გზასა და ლექსებში გაცოცხლებულ სიყვარულის ისტორიაზე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მწერალი მურად მთვარელიძე გვესაუბრება: 
- 1938 წელს უკვე საკმაოდ ცნობილი პოეტი ლადო ასათიანი ქუთაისიდან საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. სწორედ ამ დროს დაარსდა ჯგუფი „ჩვენ თაობელი პოეტები“. ჯგუფის წევრები გახლდნენ მირზა გელოვანი, რევაზ მარგიანი და ბევრი სხვა, თუმცა ლადო ჯგუფის უდავო ლიდერი იყო. ეს პერიოდი ლადოსთვის შემოქმედებითად ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. რუსთაველის პროსპექტზე თითქოს ცისფერყანწელთა ბოჰემური ცხოვრება ახალი ფორმით იშვა. აქ იმართებოდა დაუვიწყარი საღამოები და შეხვედრები. ამ საყოველთაო ეიფორიაში პოეტმა, რომელმაც საკუთარ თავზე გადაიტანა 1937 წლის სუსხიანი რეპრესიები და დედის გადასახლება, განსაკუთრებით შეიყვარა რუსთაველის პროსპექტიდან ჭავჭავაძის ქუჩაზე ამავალი ადგილი და იქ მდგარი ჭადრის ხე, რომელსაც მოგვიანებით „ლადოს ჭადარი“ შეარქვეს, თუმცა ეს ერთადერთი არ იყო, რაც ლადომ შეიყვარა...

ერთ მშვენიერ დღეს პოეტმა ახალგაზრდა, მომხიბვლელი თავადის ასული ანიკო ვაჩნაძე დაინახა, რომელიც იმ დროისთვის მწერალთა კავშირში მუშაობდა. როგორც ჩანს, ლადოს ანიკო პირველივე დანახვისას ჩაუვარდა გულში, რაც შემდეგ დიდი სიყვარულის საწყისად იქცა. ერთ დღეს ანიკოს, რომელიც ლადოს პირადად არ იცნობდა, გადასცეს ბარათი მისთვის მიძღვნილი ლექსით, რომელიც, სამწუხაროდ, დაიკარგა. უსახელო ბარათზე მხოლოდ „ნორჩი ლენინელის“ რედაქცია იყო მითითებული, მაგრამ დაადგინეს, რომ მისი ავტორი ქუთაისიდან  ჩამოსული პოეტი ლადო ასათიანი იყო. ქალბატონ ანიკოს პირადად შევხვდი 2000 წელს, როდესაც მასალებს ვაგროვებდი წიგნისთვის „მათი პოეზიის მუზა“ და მან მიამბო, რომ ბარათის მიღების შემდეგ, საღამოს, რუსთაველის გამზირზე ფეხით მიმავალმა, „ნორჩი ლენინელის“ რედაქციასთან როგორ გაიფიქრა, იმ ლექსის ავტორი ნეტავ აქ ხომ არ არისო და ამ დროს მართლაც როგორ გამოჩნდა თეთრპერანგიანი ვაჟი, რომელიც ლადო ასათიანი გახლდათ.


ანიკო ვაჩნაძეს ჰქონდა პირადი ალბომი, რომელშიც მისთვის მიძღვნილი სხვადასხვა პოეტების (მათ შორის, ცნობილი რუსი პოეტების) ლექსები ინახებოდა. ლადოსთან შეხვედრიდან მეორე დღეს პოეტის მეგობრებმა ანიკოს ალბომი სთხოვეს და როცა უკან დაუბრუნეს, მასში ლადო ასათიანის ლექსი ეწერა:
„ისე გავიდა ეს გაზაფხული, / მე ერთი სიტყვაც არ მახსოვს შენი. /
მე სიყვარულით ვარ დაზაფრული, / კიდეც რომ გსურდეს, ვეღარ მიშველი...“
მალევე ანიკო ვაჩნაძე დასასვენებლად ციხისძირში  წავიდა, სადაც ლადო ასათიანმა და რევაზ მარგიანმა ჩააკითხეს. მურად მთვარელიძის გადმოცემით, ამ დღეს გაცხადდა მათი სიყვარული:
- ანიკოს ლადოს სტუმრობა ძალიან გაუკვირდა და გაუხარდა. ამ დღეს გაცხადდა კიდეც მათი სიყვარული. შეთანხმდნენ, რომ პოეტი სატრფოს ჩააკითხავდა და ერთად წავიდოდნენ თბილისში. ეს დღეც დადგა და შეყვარებულები ციხისძირიდან თბილისის ნაცვლად, ბათუმში წავიდნენ. ზღვისპირას ვსეირნობდით და დუმილით ვსაუბრობდითო, - მითხრა ქალბატონმა ანიკომ. პოეტმა თავისი განწყობა შემდგომ ამ მშვენიერ ლექსში გადმოსცა:
„რა დამავიწყებს შენს ლამაზ თვალებს, / რამ დამავიწყოს ეს ალუბლები. / იცოდე, როცა სხვას შევიყვარებ, / ამ სიყვარულზე ვესაუბრები...“
ბათუმიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე მატარებლის ვაგონი წამით შეჯანჯღარდა და ლადოს სახე ანიკოსას შეეხო - ამას მათი პირველი ამბორიც მოჰყვა. თბილისში დაბრუნებული წყვილი უკვე ერთად ჩნდებოდა საზოგადოებაში.  „ჩამოვედით თბილისში და გადავიღეთ სურათი ალექსანდროვის ბაღში. ლადომ  მკითხა, გამომყვები თუ არაო. მე ვიფიქრე, უკვე მაკოცა და უარს ხომ ვერ ვეტყვი-მეთქი. ერთხელ შემხვდა და მითხრა, თუ წამომყვები ცოლად, თუ არა და ჯარში მივდივარო. მე ვუთხარი, არ წახვიდე და წავიდეთ „ზაგსში“ ხელის მოსაწერად-მეთქი. მოვაწერეთ ხელი და ჩვენ ორნი წავედით „ორიანტში“. ლადომ ფული მომცა და ვიყიდე საწოლი. შევაკერინე წითელი საბანი. საწოლს რომ მართავდა, პატარა ნაწილი მოატყდა და გულმა გამკრა, ცუდად არ დავცადო-მეთქი...“
შეყვარებულებმა ხელი 1940 წლის 16 იანვარს მოაწერეს.  
იმ ხანებში ლადოს მძიმე სენი შეეყარა და მის გვერდით ყოფნა საკმაოდ სარისკო იყო, მაგრამ ანიკოს უკან არ დაუხევია.



პოეტი იძულებული იყო, ფილტვების სამკურნალოდ აბასთუმანში გამგზავრებულიყო. მურად მთვარელიძის მონაყოლიდან ირკვევა, რომ ლადო აბასთუმნიდან ანიკოს სიყვარულით სავსე ბარათებს უგზავნიდა: „ანიკო, ძვირფასო, მშვიდობით ჩამოვედი, მაგრამ ნეტავ არ ჩამოვსულიყავი. მომწყინდა, უსაშველოდ მომაბეზრებელია აქაურობა. დავდივარ მარტოდმარტო ნაძვნარში. ხომ გახსოვს, ჰაინრიხ ჰაინეს ნაძვი სამხრეთზე რომ ოცნებობს? იმ ნაძვს ვგავარ ახლა. დავდივარ და ვფიქრობ საქართველოზე, ჩემს სამშობლოზე და შენზე. ხომ იცი, რომ მე მიყვარხარ და მიყვარხარ არა ისე, როგორც უყვართ, არამედ უფრო მეტად: „მე შენ მიყვარხარ ისე ნაზად, ისე გულწრფელად, რომ ღმერთმა მოგცეთ ასეთივე სხვა სიყვარული“.
იმ პერიოდში პოეტმა მეუღლეს რამდენიმე ლექსი უძღვნა:
„მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ, / მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი. / ვერ იტყვი ჩემზე გული არ აქვსო, / მე გული მქონდა და შენ მოგეცი. მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ, - მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი“. მკვლევარის განმარტებით, ეს ლექსი, ფაქტობრივად, ფიცია, რომელიც პოეტმა საყვარელ ქალთან დადო. 
იძულებითი განშორებისას ბარათებს ლექსები მოსდევდა, ლექსებს ისევ ბარათები: „მოვრჩები, ნუ გეშინია. ჩემი ავადმყოფობა სხვანაირია. ნელ-ნელა მიდის. ასე, ჩემო ანიკო.. უშენოდ ერთ თვესაც ვერ გავჩერდები, გინდა აქ იყოს და გინდა სხვაგან“. 
მიუხედავად იმისა, რომ მეუღლეს ამხნევებდა და დიდხანს სიცოცხლის პირობას დებდა, ლადო ასათიანი ხვდებოდა, რომ მისი ბედი გადაწყვეტილი იყო, რასაც მისი ლექსიც ადასტურებს: 
„ამისი ქმარი სარდაფში მოკვდა, / - ასე იტყვიან შენზე ქალები / და შენც ასეთი ნაზი და კოხტა / სიყვარულს ვერსად დაემალები. / ამისი ქმარი ღვინოში მოკვდა, / - ასე იტყვიან შენზე ლოთები / და შენც ასეთი ნაზი და კოხტა / ახალ სიყვარულს დაელოდები.  /ამ კაცის ცოლმა სხვა შეიყვარა, / ასე იტყვიან ჩემზე ბიჭები, / გამიხსენებენ, როგორც ნიკალას და თბილ სამარეს დააბიჯებენ.“


მეგობარ ნიკა აგიაშვილისთვის გაგზავნილი წერილიდან ჩანს, რომ პოეტი თითქმის შეურიგდა თავის ბედს: „ერთი კვირაა, რაც გეახელით თბილისს. თითქმის ხუთი თვე გავატარე აბასთუმანში… არავითარი გაუმჯობესება არ მიმიღია ჯანმრთელობის მხრივ. ჩემი ფილტვების მიხედვით, მე მალე უნდა მივიცვალო, ძვირფასო და აბა, შენ იცი, ცრემლებს ნუ დაღვრი“.

ლადო ასათიანი 1943 წელს, 26 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„როგორ არ მინდა, ძლიერო სენო, / ლექსში ქართულად რომ მოგიხსენო! / როგორ არ მინდა, ჩემს სიჭაბუკეს / დააჩნდეს შენი შავი ჩრდილები! / ეს რა უშრეტი ცეცხლით დამბუგე, / პირს მარიდებენ ქალიშვილები! / შენ შეგრჩა ვაჟას ფილტვების დაღრღნა და / ჩემს წინააღმდეგ აღდექი ახლა...“ - წერდა 1941 წელს პოეტი. 
სიკვდილს მშვიდად შეეგება. გარდაცვალებამდე ის კონსტანტინე გამსახურდიამაც მოინახულა, თუმცა უკანასკნელი სურვილი შეუსრულებელი დარჩა - ვერ ჩამოუსწრო მამამ, რომლის ნახვასაც ყველაზე მეტად ნატრობდა.

გარდაცვალების წინა დღეს მაგიდაზე გადაფარებულ თეთრ ქაღალდზე ლამაზად მოხატა ანიკოს სახელის პირველი ასო „ა“.
ეს ლადო ასათიანის დიდი სიყვარულის უკანასკნელი გამოხატვა იყო, ხოლო მისი უკანასკნელი ფრაზა - „მა“ - ალბათ, მონატრებულ მამას ან ობლობისთვის განწირულ შვილს მანანას ეხებოდა.


ანიკო განათლებული ქალი იყო და მშვენივრად ხვდებოდა, რომ ლადო სასიკვდილოდ იყო განწირული, მაგრამ თავისი სიყვარული არ დათმო. სხვათა შორის, ანიკოს ბიძა, რომელიც ექიმი გახლდათ, ფეხმძიმე დისშვილს მუცლის მოშორებას ურჩევდა, რაზეც ანიკო არ დასთანხმდა და დაიბადა მშვენიერი გოგონა, რომელსაც მანანა დაარქვეს. 


იყო თუ არა ანიკო პირველი სიყვარული ლადო ასათიანისთვის? როგორც მურად მთვარელიძე აღნიშნავს: ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლის დროს მისი ლექსების მუზა თანაკურსელი, შავთვალა გოგონა ყოფილა:
„მეც მიყვარდა გოგონა. გულით იყო ალალი. / ჭრელი გველი მეგონა მხრებზე მისი დალალი. / გოგო ვარდი რად გინდა, როცა თვითონ ვარდი ხარ? / ზეციური ვარსკვლავი ქვეყანაზე დადიხარ. / შენი თვალი შავია, როგორც ღამე ენგურის. / გოგო მოდი და მითხარ, გულში თუ რა გეგულვის.“
რატომღაც, ლადოს პირველ სიყვარულზე არ ლაპარაკობენ, თუმცა არა მგონია, ამის თქმა ანიკოს მიმართ განცდილ დიდ სიყვარულს რამეს აკლებდეს.
1935 წლის 9 მაისს ლადომ თითქმის ექსპრომტად დაწერა ლექსი „სევდის ტირილი“, რომელიც თანაკურსელ მეგობარს, შემდგომში ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორ ნელი დუმბაძეს უძღვნა. ეს ლექსი დაიბეჭდა ძალიან საინტერესო წიგნში „ლადო ასათიანის ყმაწვილკაცობის ფურცლები“, რომელიც ქალბატონმა ნელიმ 1977 წელს მაჩუქა და მიამბო, რომ ლადოს შავთვალა გოგონათი გატაცების ამბავი მთელმა ფაკულტეტმა იცოდა. ლადო ხმამაღლა მღეროდა შავ თვალებზე და შავ თვალებს ლექსების მთელი დასტა უძღვნა, მაგრამ, სამწუხაროდ, ქალბატონმა, რომელიც ავტორს არ თანაუგრძნობდა, ლექსები არ შემოინახა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?