მეუღლის საფლავზე ფერფლად მოფანტული სიცოცხლე - სიმონ ჩიქოვანისა და მარიკა ელიავას სიყვარულის ისტორია

სიყვარულის ისტორიები

24 ოქტომბერი 14:00, 2015 წელი

კაცობრიობის ისტორიას თავგანწირული სიყვარულის უამრავი მაგალითი ახსოვს - ისტორიები, რომლებიც სიყვარულის ტოტალური გაუფასურების საუკუნეშიც კი აღელვებთ ადამიანებს. ალბათ, ამიტომ შეიქმნა წიგნი „მათი პოეზიის მუზა“, სადაც ქართველი მწერლებისა და პოეტების შემოქმედების მუზებსა და მათთან გატარებული ცხოვრების დაუვიწყარ წლებზეა მოთხრობილი.

წიგნის ავტორი,  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და მწერალი მურად მთვარელიძე ამბობს, რომ მის წიგნში გამორჩეული ადგილი უკავია ცნობილი ქართველი პოეტის სიმონ ჩიქოვანისა და მისი მეუღლის მარიკა ელიავას სიყვარულის ისტორიას, რომელიც 33 წელი გაგრძელდა.
ერთხელ გოგლა ლეონიძეს სიმონ ჩიქოვანისთვის უთქვამს: შენ რა კაცი ხარ, მთელი სიცოცხლე ერთ ქალს უმღერიო. ყველა პოეტი ერთ ქალს უმღერის, მაგრამ სხვადასხვა სახელებს არქმევსო, - მიუგია სიმონ ჩიქოვანს პასუხად.
მურად მთვარელიძე ვერიკო ანჯაფარიძის სიტყვებსაც იხსენებს:
„სიმონს ბედმა არგუნა მეუღლე, რომელიც მისი გულისა და შემოქმედების ჩაუქრობელ ჩირაღდნად იქცა. სიმონ და მარიკა ჩიქოვანები განუყრელები იყვნენ, თითქოს ერთი გული ჰქონდათ. მარიკამ შეისისხლხორცა სიმონის ადამიანური ბუნება, მისი შემოქმედება. ხშირად მიფიქრია, მარიკა ამ ქვეყნად იმისთვის მოვიდა, რომ დიდი პოეტის დიდი მეგობარი და შემოქმედების მანათობელი ვარსკვლავი გამხდარიყო“. 
უმაგალითო ერთგულება და თავგანწირვა, ბრძოლა სიცოცხლისთვის და მეუღლის საფლავზე ფერფლად მოფანტული ცხოვრება - ასეთი იყო სიმონ და მარიკა ჩიქოვანების ოცდაცამეტწლიანი თანაცხოვრება. ყველაფერი კი ქართველი პოეტების შემოქმედებით ასპარეზად ქცეულ რუსთაველის გამზირზე დაიწყო...



თავდაპირველად, სიმონ ჩიქოვანი ფუტურისტი პოეტი იყო.
იმდროინდელი პოეტებისთვის რუსთაველის პროსპექტი პარნასი გახლდათ. სწორედ რუსთაველის პროსპექტზე 1926 წლის ერთ მშვენიერ დღეს დაინახა სიმონ ჩიქოვანმა იმდროინდელ თბილისში ყველასთვის კარგად ცნობილი და სილამაზით განთქმული სუსანა ელიავა და მისი უმცროსი და მარიკა. სიმონს თანმხლებისთვის უკითხავს, ვინ არის ის გოგონა, სუსანა ელიავას რომ მიჰყვებაო... მისი დაო, უპასუხეს. ჰოდა, სწორედ მაგას შევირთავ ცოლადო, უთქვამს პოეტს. შვიდი წელი დასჭირდა სიმონს მარიკას გულის მოსანადირებლად და 1933 წელს ოცნება აიხდინა, საყვარელი ქალი ცოლად შეირთო.


მკვლევარის მონაყოლიდან ირკვევა, რომ მარიკას მოსაპოვებლად იმ დროისთვის უსახელო და უსახლკარო პოეტს ბევრი სირთულე გადაუტანია. ერთ ახლობელ ქალბატონს მეგობრულად ურჩევია სიმონისთვის: შეხედე, რამდენი კარგი გოგოა გარშემო და რაღა ამ განებივრებულ ავადმყოფს (მაშინ მარიკა ხშირად ავადმყოფობდა) ჩააცივდიო. რას ამბობ, პათეტიკურად უთქვამს სიმონს, ამ ქალთან მთელი ცხოვრება წინასწარ მაქვს წარმოდგენილიო.
მარიკას სიმონ ჩიქოვანმა შეუღლებამდეც და შეუღლების შემდეგაც არაერთი ლექსი უძღვნა, რომლებიც თავმოყრილია წიგნში „შინ შემოგაქვს ყვავილები“. მურად მთვარელიძის თქმით, ეს არის პატარა, მაგრამ ძალიან დიდი შინაარსის მქონე წიგნი, რომელიც მთლიანად მარიკა ელიავას ეძღვნება.


სიმონისა და მარიკას ქორწინებიდან მეორე წელს საქართველოში ჩამოვიდა სიმონ ჩიქოვანის მეგობარი ნიკოლა ბაჟანი, რომელიც პოეტის ცხოვრებაში მომხდარ სასიკეთო ცვლილებებს ასე აღწერს: „მე კვლავ შევხვდი სიმონს. მის ცხოვრებაში ბედნიერი ცვლილება მომხდარიყო - ცოლი შეერთო. მარიკა ელიავა თავისებური, დაუვიწყარი სილამაზის ქალი იყო. მისი სახის ნაკვთებს თვალთა ნუშისებურად წაგრძელებულ ჭრილებს, ნაზად ხაზგასმულ ყვრიმალებს ოდნავ აზიური იერი დაჰკრავდა. ის სავსე იყო სინაზითა და ქალური მომხიბვლელობით, თუმცა არც სიმტკიცე ჰკლებია“.
ახლად შეუღლებულებს მარიკას მამამ თავისი უბრალო, ერთოთახიანი ბინა დაუთმო, მაგრამ შეყვარებულებს სახლში გული არ უჩერდებოდათ. უმეტეს დროს მეგობართა წრეში ატარებდნენ და უზომოდ ბედნიერები იყვნენ.
„მართლაც, მე ფიქრმა აგრე მაცნობა, / რომ ჩემი  გული ბუდეა შენი. / შენა ხარ ჩემი ახალგაზრდობა / და მომავალი სიბერის დღენი“ - წერდა პოეტი მეუღლისთვის მიძღვნილ ლექსში.
მალე სიმონისა და მარიკას ოჯახი ქართული კულტურის კერად იქცა.
პოეტი ცნობილი იყო, როგორც ახალგაზრდა, ნიჭიერი პოეტების დამფრთიანებელი, ამიტომაც მისი სახლის კარი, ფაქტობრივად, არ იხურებოდა. მასთან მოდიოდნენ ახალგაზრდები და მოჰქონდათ ლექსები. ასე ბედნიერად განვლო 25 წელმა და 1958 წელს წყვილმა ქორწინების 25 წლისთავი გადაიხადა.
„ეს 25 წელიც შესრულდა, / რაც ჩვენ დავიდგით ერთი უღელი. / საწუთრომ სევდით ბევრჯერ შემსუდრა / და დახურული დავრჩი ღუმელი. / თითქოს უძლური, გულით უმანკო / ხელში შეგრჩი და შენ ხარ ქვითკირი. / მთელი ცხოვრება თითქოს უნაკლო, / როგორ მიფრინავს და მე მივტირი“.


მკვლევარი აღნიშნავს, რომ სიმონ ჩიქოვანის ამ პერიოდის ლექსები წინასწარმეტყველურია. თითქოს პოეტი ზუსტად ხედავდა იმ გზას, რომელიც ამ ურთიერთშეწირულ ადამიანებს უნდა გაევლოთ.
სიმონ ჩიქოვანი თავის ერთ ლექსში წერს:
„მეც თუ დავბრმავდი, როგორც ფაუსტი. / სიცოცხლე ჩალად არ ეღირება... / შენი მშვენების ნათელს დავუცდი, / მოხვალ და თვალი ამეხილება. / მინდა არ დამრჩეს ოცნება ლუწი, / რომ მაშინ მერგოს შენი ნუგეში. / შენ ხარ მთის წყარო, მე ვარ მოხუცი / და მსურს შევბრუნდე სიჭაბუკეში“.  
მურად მთვარელიძის მონაყოლიდან ირკვევა, რომ პოეტი მართლაც დაბრმავდა და თითქმის იმავდროულად  გახდა ცნობილი მარიკა ელიავას განუკურნებელი სენის შესახებ.


სიმონ ჩიქოვანის წინასწარმეტყველება ზუსტად ახდა - ის დაბრმავდა. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ მას დიაბეტიც სჭირდა. ერთ უბედურებას მეორე დაემატა - მარიკას უმძიმესი დაავადება შეეყარა. ფაქტობრივად, მეუღლეები ერთდროულად გახდნენ ავად და დაიწყო საოცარი ზღაპარი თავდადებისა, რომელიც დღემდე აღელვებს და აჯადოებს ადამიანებს.
ოჯახის მეგობარი არსენი ტარკოვსკი წერდა: „სიმონ ჩიქოვანისთვის ჭეშმარიტი ანგელოზი იყო მისი ცოლი. მარიკას თავადაც უკურნებელი სენი სჭირდა და ექიმს სიბრიყვით უცნობებია, ერთი თვის სიცოცხლე გაქვსო. მე სიმონი მყავს მოსავლელი და მასზე ადრე ვერ მოვკვდებიო, უთქვამს მარიკას.
მარიკა პოეტის თვალებად იქცა... მოგვიანებით გამოქვეყნდა მისი დღიურები, რომელშიც მკითხველის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სიმონის დაბრმავების პერიოდის აღწერა:
„1964 წლის 24 მარტი. საღამოს 7 საათზე დაბრუნდა სიმონი საავადმყოფოდან. მე დავხვდი ფეხზე. რომ შემოვიდა თავის სახლში, დერეფანში გაჩერდა უმწეოდ და საცოდავად თქვა, ვერაფერს ვხედავ. საშინელება იყო... ცრემლები ვერ შევიკავე“.
„1964 წლის 4 აპრილი. სიმონმა დღეს მითხრა, 20 წელზე მეტს დიაბეტით დაავადებული კაცი ვერ იცოცხლებს და, ალბათ, ჩემი ბოლოც მოდისო. გავგიჟდები, თუ ასეთი უიმედობა მოიცავს. მაშინ მართლა არაფერი გვიშველის. მე ოხერსაც ყველაფერი მტკივა. რა დროს ჩემი ავადმყოფობაა. ვცდილობ, უფრო ფეხზე ვიყო. ვერ ვწვები. მეშინია, არაფერს დაეჯახოს. ჩემი არ ერიდება. დამადებს მხარზე ხელს და ასე დავდივართ“.
მალე სიმონი გადაჰყავთ საავადმყოფოში და მარიკას დღიურში ჩნდება ასეთი ჩანაწერი:
„რომ ვემშვიდობებოდი, გაფითრებული იყო. ფანჯრიდან რომ გადავხედე, ძლივს ჩაჯდა მანქანაში. სრულებით ვერაფერს ხედავს. ძალიან ამეშალა ძარღვები. ნუთუ, ისე გავწირავს ბედი, რომ არ აეხილება თვალი. ასეთი უღმერთობა ვერ წარმომიდგენია. ღმერთო, ღმერთო, გვიშველე რამე“.
ამ ორი ადამიანის ცხოვრებიდან წავიდა სიჭაბუკე, სიმხნევე, მაგრამ მას სიყვარული არ გაჰყოლია. სიყვარული ამ ადამიანებში დარჩა, ამზევდა, ადიდდა და მარადისობაში გადავიდა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, მარიკა რუსეთში გაემგზავრა სამკურნალოდ, სიმონი კი ვაჟმა შავიზღვისპირეთში წაიყვანა. ეს ორი ადამიანი ერთმანეთს გარკვეული ხნით დაშორდა.
ამ პერიოდში სიმონ ჩიქოვანი წერს ლექსს:
„ზღვის პირას ნიკა მარტოკა მივლის. / მართობს მინერგავს სიცოცხლის იმედს. / ვსხედვართ, ვიგონებთ საყვარელ თბილისს / და შენზე ფიქრი გვეხვევა მძიმედ“ . 

გურამ ასათიანი წერდა: „ამ ორ ადამიანს ეყო ძალა, ღირსეულად დაესრულებინათ თავიანთი დიდი ცხოვრება. სიყვარულმა და იმედმა შეაძლებინათ მათ თითქმის შეუძლებელი - წარმოუდგენელი ტკივილების ატანა. მარიკა იწვოდა მანამ, ვიდრე მისი სითბო და შუქი აუცილებელი იყო თვალის სინათლე წართმეული, სისუსტით ჩაღველფილი მეგობრისთვის. იწვოდა, სანამ ფერფლად არ იქცა“.


დაბოლოს, დადგა საბედისწერო 1966 წელი. სიმონი გარდაიცვალა და დარჩა უდიდესი სიყვარული და ტრაგიზმით სავსე სტრიქონები:
„როგორ მეგონა, სასწორს გადახრი, / სულში ჩააჩნდება მწვანე ყლორტები. / ვიცი, საფლავზე მიწას დამაყრი / და მაინც ვწუხვარ, ადრე გშორდები. / კიდევ მინდოდა ლექსით ჭიდილი. / მეც მამა-პაპას ძვლები გავუთბე. / თუ გზაზე შეგხვდა ერთი სიკვდილი, / მიკვირს, რომ ჩემი თავი დაუთმე“.
ასე გამოემშვიდობა სიმონი მარიკას და სიცოცხლეს.
და კიდევ ერთი წინასწარმეტყველური ლექსი:
„ერთად ვიყავით ჩვენ ყოველთვის, ერთად ვიყავით. / სინამდვილეა, არ ეგონოს არვის იგავი. / დაფნა რად გვინდა, გავეხვიოთ ციხის სუროში / და როს მოვკვდებით, მოვთავსდებით ერთად კუბოში“.  
მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, უმძიმესი სენით შეპყრობილმა მარიკამ სიცოცხლის დარჩენილი დღეები დღიურებისა და მოგონებების წერაში გაატარა.

სიმონის გარდაცვალებიდან 11 თვის შემდეგ მარიკას დღიურში ასეთი ჩანაწერი ჩნდება: „გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე სიმონმა გაიხსენა თომას მანის „ჯადოსნური მთიდან“ ერთი ადგილი და მკითხა, ხომ გახსოვსო. მე არ მახსოვდა. გამიჯავრდა, როგორ შეიძლება ეს არ გახსოვდეს, ახლავე გადმოიღე წიგნი და წაიკითხეო. წიგნი კი გადმოვიღე, მაგრამ წაკითხვის თავი აღარ მქონდა... სიმონი ცუდად იყო. სიმონის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდგომ დავიწყე კითხვა ისევ ამ რომანისა და საოცრებაა, კინაღამ გავგიჟდი. ისე საოცრად არის იოაჰიმის სიკვდილი აღწერილი, თითქოს სიმონის სიკვდილია“.
1968 წლის 20 აგვისტოს მარიკა გარდაიცვალა და აღსრულდა სიმონ ჩიქოვანის უკანასკნელი წინასწარმეტყველება: მარიკამ სიკვდილის წინ ანდერძად დაიბარა, რომ მისი ნეშტი დაეწვათ და ფერფლი სიმონის საფლავისთვის მოებნიათ.
რასაკვირველია, ანდერძი შეუსრულეს. თბილისში კრემაცია არ ხდებოდა, ამიტომ მისი ცხედარი მოსკოვში წაიღეს და ფერფლი ჩამოიტანეს. ფერფლის ნაწილი მთაწმინდის პანთეონში მდებარე სიმონის საფლავს მოაყარეს და ნაწილი იქვე ჩამარხეს.


***
წინათ ზღვის პირად შემხვდი ნატიფი,
შენ მომაშორე ჩრდილი სიავის.
გეფერებოდა თითქო სათიბი
და მოვარდნილი ზღვიდან ნიავი.


ზღვაზე ვერ ვნახე აფრა ვერც ერთი,
როგორ მოფრინდი, ჰპოვე მიზგითი.
მე შენს სიყვარულს მთებში ვეძებდი,
მერმე ზღვის პირას დიდხანს გიცდიდი.


გულში შემოხველ, კარი დავლურსმე,
გზაზე გავკაფეთ ჯაგი და ტევრი.
ბევრჯერ გავშალეთ ჩრდილში საუზმე 
და მეგობარი შემოგვრჩა ბევრი.


კერის ცეცხლივით ენთო იმედი,
ადრე გრძნობები მუდამ ჭარბია.
წელი დაგვესხა ოცდაჩვიდმეტი,
შინ შემოვარდა და დაგვარბია.


მაინც არ გავტყდით, არ დავიფუკეთ,
მამულს გავყევით გზებზე მხარდამხარ,
ახლა არ სჩანხარ შენ, სიჭაბუკევ,
შენ, გაზაფხულო, მაინც სადა ხარ?


ისევ ზღვასთან ვარ, როგორც დასჯილი,
მსურს სამკურნალო ბალახი ვთიბო.
შენ კი შორს წევხარ მხარში დაჭრილი
და მე მერყევა სიცოცხლის ლიბო.


დღეებს ვითვლი და ბევრჯერ გინატრე,
ვერ დავასრულე შენთვის უსტარი.
ღამემ წამართვა წუთით სინათლე,
თუ ცისფერ ცისკარს ვერ მივუსწარი... 


მოვმჯობინდით და ვფუსფუსებთ უკვე,
სამშობლოს შველას შევთხოვ ხანდახან,
საით გაფრინდი შენ, სიჭაბუკევ,
შენ, გაზაფხულო, მაინც სადა ხარ?

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?