რატომ აღმოჩნდა ჩემი სიყვარული შენზე უფრო დღეგრძელი?

სიყვარულის ისტორიები

14 ნოემბერი 14:00, 2015 წელი

უდარდელ და ცელქ გოგონას სასაცილოდ ეჩვენებოდა ცხვირზე დამაგრებული პენსნეიანი მასწავლებელი, რომელიც გამუდმებით გამებზე ეჩიჩინებოდა... წლების შემდეგ კი 16 წლის ულამაზესი ნინო  უკვე დიპლომატიურ სამსახურში მყოფ, გამოცდილ და მრავლისმნახველ, 34 წლის ალექსანდრე გრიბოედოვს პირველი შეთავაზებისთანავე თანხმდება ცოლობაზე...


XIX საუკუნის 20-იან წლებში ალექსანდრე ჭავჭავაძის ულამაზეს ქალიშვილებს ბევრი წარჩინებული ახალგაზრდა ეტრფოდა. ნინო და ეკატერინე არაერთი ცნობილი პოეტის შემოქმედებით მუზად ქცეულან.


ნინოს შესახებ მწირი ცნობებია შემონახული, თუმცა ცნობილია, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული თავისი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულს, რუს პოეტს ალექსანდრე გრიბოედოვს პეტერბურგიდან თბილისში ჩამოსული გენერლის ახვერდოვის მეუღლის პრასკოვია არსენიევას სახლში შეხვდა. უაღრესად განათლებული და ხელოვნების დიდი მოყვარული ქალბატონის სანკტ-პეტერბურგის პანსიონში იმდროინდელ რუს დიდგვაროვანთა შვილები სწავლობდნენ. ამდენად, გასაკვირი არაა, რომ სანკტ-პეტერბურგში დაბადებულმა და საიმპერატორო კარზე გაზრდილმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ, რომლის ნათლიები თავად ეკატერინე II და დიდი მთავარი ალექსანდრე, შემდეგში იმპერატორი ალექსანდრე I გახლდნენ, პრასკოვია არსენიევას ანდო თავისი შვილების განათლებაზე ზრუნვა.
ჭავჭავაძეების ოჯახი იმდროინდელ საზოგადო მოღვაწეთა და წარჩინებულთა თავშეყრის ადგილი გახლდათ. ამბობენ, რომ სტუმრებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდნენ თავადის მშვენიერი ქალიშვილები.  


ნინო 1812 წლის 4 ნოემბერს თბილისში დაიბადა. დაწყებითი განათლება სახლში მიიღო. მოგვიანებით კი თავის დებთან და ძმასთან ერთად, პრასკოვია ნიკოლაევნა არსენიევა-ახვერდოვას პანსიონში მიაბარეს. კავკასიაში რუსეთის მეფის დესპანის, კორნელი ბოროზდინის გადმოცემით, ჭავჭავაძეების ულამაზესი ასულები თავბრუს ახვევდნენ თბილისის მაშინდელ საზოგადოებას. შავთმიანი და შავთვალება ნინო თავისი გარეგნობით უამრავი ადამიანის ყურადღებას იპყრობდა. ქალიშვილზე უიმედოდ შეყვარებული ცნობილი პოეტი გრიგოლ ორბელიანი თავის ლექსში „ნ-სადმი“ წერდა: „როს გხედავ, მნათო! ღიმილით ჩემ კერძოდ წარმოვლენილსა/ ვივიწყებ ყოველთ სიმწარეთ, ბედისგან მოვლინებულსა,/ სულისა ღელვა მშვიდდების“.


ნინო ჭავჭავაძის შესახებ ამბობდნენ, რომ: „ნინო იყო შეუდარებელი მუსიკოსი, მომღერალი, მოცეკვავე, ოჯახური სპექტაკლების რეჟისორი და მსახიობი-შემსრულებელი, აგრეთვე, ხატვაც ეხერხებოდა. ის დიდებული მქარგველი, ცხენზე მოჯირითე და ლიტერატურის ჭეშმარიტად მოტრფიალე ადამიანი გახლდათ. პირველივე დანახვისთანავე ერთნაირად ხიბლავდა ქალებსაც და ყველა ასაკისა და ეთნიკური წარმოშობის მამაკაცებსაც, როგორც ქართველებს, ასევე აზიელებს, რუსებსა და ევროპელებსაც“. 


ალექსანდრე გრიბოედოვი ნინოზე 17 წლით უფროსი იყო.
პოეტი 1795 წლის 4 იანვარს მემამულის ოჯახში დაიბადა. მის მშობლებს ჰქონდათ სოფლები სამ გუბერნიაში, სადაც ათასზე მეტი გლეხი ცხოვრობდა. ალექსანდრეს პატარაობიდან ასწავლიდნენ ფრანგულ და გერმანულ ენებს. 9 წლისა შეიყვანეს მოსკოვის უნივერსიტეტის კეთილშობილთა პანსიონში, მოგვიანებით კი სწავლა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა და მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი მიიღო. ამასობაში, ფრანგულისა და გერმანულის გარდა, იტალიური, არაბული და სპარსული ენების შესწავლაც მოახერხა და კარიერა დიპლომატიურ სამსახურში განაგრძო. 1822 წლიდან გრიბოედოვი თბილისშია - ჯერ მთავარმართებელ ერმოლოვთან, შემდეგ პასკევიჩთან მსახურობს. სწორედ ამ დროს დაუახლოვდა მოწინავე ქართულ საზოგადოებრიობას, განსაკუთრებით ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახს. რუსი პოეტი პატარა ნინოს ფრანგულსა და მუსიკაში ამეცადინებდა. თავდაპირველად უდარდელ და ცელქ გოგონას სასაცილოდ ეჩვენებოდა ცხვირზე დამაგრებული პენსნეიანი მასწავლებელი, რომელიც გამუდმებით გამებზე ეჩიჩინებოდა...
გავიდა წლები... ნინოს ბევრი წარჩინებული ახალგაზრდა, ქართველი და არაქართველი ეტრფის... მისი ყურადღების მიქცევას გენერალ ერმოლოვის ვაჟიც ცდილობს, მაგრამ გრიბოედოვი ნინოს, ფაქტობრივად, უარის თქმის შანსს არ უტოვებს.
ყველაფერი კი ასე მოხდა:
ხანგრძლივი განშორების შემდეგ ყოფილი მოსწავლე და მასწავლებელი ისევ პრასკოვია არსენიევა-ახვერდოვას სახლში შეხვდნენ ერთმანეთს. გრიბოედოვმა მაშინვე შეამჩნია, რომ პატარა, ცელქი გოგონადან ნინო მშვენიერ ქალიშვილად ქცეულიყო.
„ერთ დღეს ვსადილობდი ჩემს ძველ მეგობარ ახვერდოვასთან. მაგიდასთან ნინო ჭავჭავაძის პირდაპირ ვიჯექი და სულ მას ვუყურებდი. დავფიქრდი, გული ამიძგერდა, არ ვიცი, რამ ამაღელვა. ახალმა სამსახურმა, ახლა უკვე ძალიან მნიშვნელოვანმა თუ რამე სხვამ მიბიძგა, მტკიცე გადაწყვეტილება მიმეღო“, - ასე იხსენებდა გრიბოედოვი იმ დღეს მიღებულ მტკიცე გადაწყვეტილებას, რაც, არც მეტი და არც ნაკლები, ნინოსთვის სიყვარულში გამოტყდომა და ხელის თხოვნა გახლდათ.
გაოგნებული, დაბნეული და ემოციისგან აცრემლებული ნინო გრიბოედოვის წინადადებას მაშინვე დასთანხმდა.



ამ დროს გრიბოედოვი 34 წლის იყო,  ნინო 16-ის. 
1828 წლის 22 აგვისტოს წყვილმა სიონის ეკლესიაში დაიწერა ჯვარი.
თაფლობის თვე წინანდალში გაატარეს. იღებდნენ და აცილებდნენ სტუმრებს, სეირნობდნენ წინანდლის ბაღებში და თავდავიწყებამდე უყვარდათ.
ალექსანდრე გრიბოედოვი ნინოს თავს ევლებოდა, თუმცა მათი ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. ქორწინებიდან ოთხი თვის შემდეგ ალექსანდრე დიპლომატიური მისიით სპარსეთში მიავლინეს. ახალდაქორწინებულები სპარსეთში ერთად გაემგზავრნენ, თუმცა გზაში გაირკვა, რომ ნინო ორსულად იყო. იმდროინდელ სპარსეთში ანტირუსული განწყობა მძვინვარებდა და პოეტი მშვენივრად აცნობიერებდა, რამდენად სახიფათო მისია ეკისრებოდა. ამ ფაქტორისა და მეუღლის მდგომარეობის გათვალისწინებით, გრიბოედოვმა ნინოს საქართველოში დაბრუნება სთხოვა და მარტო წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. დამშვიდობების წინ ალექსანდრემ ნინოს დაუბარა, თუ სპარსეთში დავიღუპები, მამადავითის მონასტრის ეზოში დამასაფლავეთო.
მეუღლესთან დაშორების სევდას პოეტი წერილებით ებრძოდა:
„ძვირფასო მეგობარო! უშენოდ უსაზღვრო სევდაა გარშემო... მხოლოდ ახლა ვგრძნობ ჭეშმარიტად, რა არის სიყვარული. ადრეც დავშორებივარ ბევრს, რომლებთანაც მყარი კავშირი მქონდა, მაგრამ ერთი-ორი დღე, ერთი კვირა და სევდა გამქრალა. ახლა კი, რაც დრო გადის, უფრო ცუდად ვარ. სწრაფად და წრფელად შევერთდით სამუდამოდ. გკოცნი თავიდან ფეხებამდე. მენატრები“.
სხვა წერილებში პოეტი ცოლს ჰპირდება, რომ მისიის დასრულებისთანავე წინანდლის მამულში დასახლდებოდნენ და ერთმანეთს არასოდეს დაშორდებოდნენ...
ამ დაპირებას ასრულება არ ეწერა.
1829 წლის იანვარში თეირანში აჯანყება დაიწყო. აჯანყებულები რუსული მისიის შენობაში შეიჭრნენ. გრიბოედოვი და მასთან ერთად მყოფი კაზაკების მცირერიცხოვანი რაზმი უთანასწორო ბრძოლაში ჩაებნენ, მაგრამ აჯანყებულთა მრავალრიცხოვან რაზმებთან გამკლავება ვერ შეძლეს.
სპარსელებმა რუსი ელჩი და კაზაკები სასტიკად ჩახოცეს. 


ფეხმძიმედ მყოფ ნინოს ქმრის გარდაცვალების ცნობას დიდხანს უმალავდნენ, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალა და ნინომ თავსდამტყდარი უბედურების შესახებ მაინც შეიტყო. ამას ნაადრევი მშობიარობა მოჰყვა. გაჩნდა ვაჟი, რომელსაც მამის პატივსაცემად ალექსანდრე დაარქვეს, თუმცა დღენაკლულ ჩვილს მხოლოდ ერთსაათიანი სიცოცხლე ეწერა.
გრიბოედოვის დასახიჩრებული სხეული სპარსეთიდან თბილისში დახურული კუბოთი ჩამოასვენეს და ანდერძის თანახმად, მამადავითის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.
17 წლის ასაკში დაქვრივებულ ნინოს ურიცხვ თაყვანისმცემლებს იმედი მიეცათ, მაგრამ მას მეორედ გათხოვება აღარ უფიქრია და დარჩენილი ცხოვრება შავი კაბით გაატარა. ამის გამო „ტიფლისის შავი ვარდი“ უწოდეს.  ახალგაზრდა ქვრივს ერთხელ სიძისთვის, ლევან დადიანისთვის უთქვამს, ალექსანდრე გრიბოედოვის მიმართ ჩემს სიყვარულზე უფრო დიდ ბედნიერებას ვერ წარმოვიდგენდი, მაგრამ ეს სიყვარული მომტაცეს და მან ჩემი ბედნიერებაც თან გაიყოლა. ახლა ჩემი სიყვარული მთაწმინდაზე ასვენია და ჩემი სიყვარულით ანთებული გულიც მასთან ერთად საფლავში წევს. როდესაც ეს სიყვარული გაქრება, მეც მოვკვდები, ფიზიკურად და მორალურადაცო. 


ნინო ჭავჭავაძემ სიცოცხლის წლები ოჯახზე, მეგობრებსა და გაჭირვებულ ადამიანებზე ზრუნვასა და საზოგადოებრივ საქმიანობას შეალია. ცნობილია, რომ გრიბოედოვის ქვრივი უზარმაზარ თანხებს ხარჯავდა ქველმოქმედებაზე. 1857 წელს თბილისში ქოლერის ეპიდემიამ იფეთქა. ეპიდემიის შიშით, მოსახლეობა მასიურად ტოვებდა ქალაქს. ჭავჭავაძის ქალმა თბილისიდან  გასვლაზე უარი თქვა და დაავადებულ ნათესავებზე ზრუნვას შეუდგა. სწორედ ამ დროს დაავადდა ქოლერით და 45 წლის ასაკში გარდაიცვალა.


მისივე ანდერძის თანახმად, უკანასკნელი განსასვენებელი მთაწმინდაზე, მეუღლის გვერდით მიუჩინეს.
ბედის ირონიით, ალექსანდრე ჭავჭავაძის უმშვენიერეს ასულებს ბედნიერი და სიყვარულით სავსე ცხოვრება არ ეწერათ: ეკატერინემ ცხოვრება უსიყვარულოდ გაატარა, ნინომ კი, ფაქტობრივად, ბავშვურ ასაკში დატოვა ადამიანური ცხოვრება, რომ მარადიულ სიყვარულს შეერთებოდა.


მთაწმინდის პანთეონში ალექსანდრე გრიბოედოვის საფლავზე, მუხლმოდრეკილი, მტირალი ქალის ბრინჯაოს ქანდაკების ქვეშ ამოტვიფრულია სიტყვები: „საქმე და აზრნი შენი უკვდავია რუსი ხალხის ხსოვნაში... მაგრამ რატომ აღმოჩნდა ჩემი შენდამი სიყვარულ  შენზე უფრო დღეგრძელი? მარად სახსოვრად, შენი ნინო“.  


 


 


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?