სიზმრებში გაგრძელებული სიყვარული - თენგიზ ჩანტლაძისა და მისი მეუღლის ლამაზი ამბავი

სიყვარულის ისტორიები

26 დეკემბერი 14:00, 2015 წელი

საქართველოს სახალხო არტისტი, მინიატურების თეატრის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, მსახიობი და რეჟისორი თენგიზ ჩანტლაძე - ადამიანი, რომლის სცენაზე გამოჩენა ყოველთვის ოვაციებსა და აღფრთოვანებას იწვევდა.

სახელოვნებო სფეროში მოღვაწეობა 1957 წლიდან, საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის კონფერანსიედ მუშაობით დაიწყო. მომავალი მსახიობის მამა ფინანსისტი, პროფესორი, აკადემიკოსი, უნივერსიტეტის კათედრის გამგე და მრავალმხრივი განათლების ადამიანი იყო. თენგიზ ჩანტლაძემ კი 1958 წელს, პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, თეატრს მიაშურა.
1960 წლიდან უკვე კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობია.
1962 წელს, თენგიზ ჩანტლაძის თაოსნობით, ფილარმონიასთან მინიატურების თეატრი დაარსდა, რომლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი და წამყვანი მსახიობიც თავად გახლდათ.
მოგვიანებით, თეატრი ფილარმონიას გამოეყო და დამოუკიდებლად გააგრძელა არსებობა.
1975 წლიდან ბოლომდე თენგიზ ჩანტლაძის სახელობის სატირისა და იუმორის თეატრის სახელს ატარებდა.  


როგორი იყო სიცილის დიდოსტატად აღიარებული მსახიობი ოჯახურ გარემოსა და თეატრში, როგორ უყვარდა და რას განიცდიდა ყველაზე მეტად?
ამის გასაგებად თენგიზ ჩანტლაძის მეუღლეს, ზაირა ჩანტლაძეს სახლში ვესტუმრეთ:  
- უკვე 28-ე წელია, რაც თენგიზი აღარ არის, მაგრამ ამდენი ხნის შემდეგაც ვერ ვაცნობიერებ, რომ გარდაიცვალა. ჩვენი ცხოვრების მანძილზე იყო ბევრი ბედნიერი დღე, საათი და წუთი. უამრავ რამეზე მიფიქრია, მაგრამ ჩვენი თავი მოხუცებად ვერასოდეს წარმომედგინა. მით უმეტეს, იმას ვერ წარმოვიდგენდი, რომ თენგო ჩემზე ადრე გარდაიცვლებოდა.
საოცარი სიყვარული გვქონდა. შეყვარებულობის პერიოდში, საღამოს რომ დავცილდებოდით, მეტყოდა, ხვალ დილას 9-ის 17 წუთზე უნდა დამირეკოო. დილას აუცილებლად მე უნდა გამეღვიძებინა. მაშინ მობილური არ არსებობდა. სახლში კი დედა, მამა და და-ძმა მყავდა, ამიტომ ტელეფონამდე შეუმჩნევლად მისვლა სირთულეს წარმოადგენდა. არადა, რომ არ დამერეკა ან წამითაც გადამეცილებინა, ერთი ამბავი მოჰყვებოდა...


- გაგიბრაზდებოდათ?
- ეწყინებოდა და იფიქრებდა, რომ ისე არ მიყვარდა, როგორც მას უნდოდა. წარმოიდგინეთ, ერთხელ, „ზემელზე“ ცნობილი საათის წინ მთხოვა, - აქ, ყველას გასაგონად, ხმამაღლა მითხარი, რომ გიყვარვარო.


- როგორ მოიქეცით?
- ის გავაკეთე, რაც მითხრა. თენგოს გაცნობას ჩემს პროფესიას ვუმადლი.  მე 23 წლის ვიყავი,  ის კი - ჩემზე ხუთი წლით უფროსი. 1961 წელს თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე. ჩვენი ბოლო კურსის სადიპლომო სპექტაკლი ცნობილმა რეჟისორმა ვასო ყუშიტაშვილმა ნახა, რომელმაც სოხუმის თეატრში მიმიწვია, სადაც მოღვაწეობდა. სოხუმში დედამ ჩამიყვანა, მაგრამ უცხო ქალაქში მარტო ცხოვრებისთვის ვერ გამიმეტა და ისევ თბილისში დავბრუნდით. ამ დროს თენგიზი პროფესიონალი მსახიობების შეკრებასა და დასის ჩამოყალიბებას იწყებდა. ეს ამბავი ჩემმა მეგობარმა მითხრა და თენგიზთან შეხვედრაზე დამპატიჟა. 5 მარტს, 3 საათზე ნანა  ჯაფარიძის სახლში დათქმულ შეხვედრაზე 15 წუთის დაგვიანებით მივედი.  დღემდე გული მწყდება, რომ დავაგვიანე და მასთან ურთიერთობის 15 წუთი დავკარგე (ტირის)... თენგიზს უკვე დაწერილი ჰქონდა პროგრამა, რომელიც ძალიან მომეწონა, მაგრამ პროგრამაზე მეტად მისმა ავტორმა მომხიბლა. იმ საღამოს ყველამ ერთად ვივახშმეთ და მერე მე და თენგომ ბლუზი ვიცეკვეთ. მთელი ცხოვრება „მაყვედრიდა“: ცეკვის დროს ისე ახლოს მეცეკვებოდი, რომ შენ უფრო იაქტიურეო. რატომღაც, ირგვლივ რომ მიმოვიხედეთ, აღარავინ იყო და მე და თენგო შევრჩით ერთმანეთს. ალბათ, ასე გვინდოდა და იმიტომ... ნანა ჯაფარიძის სახლიდან თენგომ გამომაცილა. წარმოიდგინეთ, ჭავჭავაძის ქუჩიდან შეროზიას ქუჩამდე ფეხით ვიარეთ. გზაზე თეატრსა და ათას სხვა რამეზე ვსაუბრობდით. მთელი კვირა დავგეგმეთ. მე სიგარეტიც გავაბოლე, მაგრამ ეზომდე რომ მომაცილა, მითხრა დღეიდან პომადას (რომელიც ძალიან მიხდებოდა) აღარ წაისვამ და სიგარეტს აღარ მოწევო. გაცნობის დღესვე აი, ასეთი ულტიმატუმი წამომიყენა. ერთ კვირაში რეპეტიციები დაიწყო და ჩვენი ურთიერთობაც აეწყო.


- როდის დაქორწინდით?
- თენგიზი, რატომღაც, მიიჩნევდა, რომ ჯიუტი და დაუმორჩილებელი ვიყავი და 5 წელი მოუნდა ჩემს „მორჯულებას“ (იღიმება), თუმცა, ორივემ ვიცოდით, რომ ერთად ვიქნებოდით. თეატრში, რეპეტიციებსა თუ გასტროლებზე სულ ერთად ვიყავით. საბოლოოდ, 1967 წელს შევუღლდით. 2 მარტს გავიცანით ერთმანეთი და ზუსტად 5 წლის თავზე, 11 მარტს ვიქორწინეთ.


- ოჯახში როგორი მეუღლე და სცენაზე როგორი პარტნიორი იყო თენგიზ ჩანტლაძე?
- თენგიზი იდეალური მეუღლე, მეგობარი და პარტნიორი იყო. ამასთანავე, ძალიან კარგი შვილი და კარგი ძმა. ჩემთვის არასდროს არაფერზე უთქვამს უარი. იცოდა, რომ სამკაულები ძალიან მიყვარდა და ხშირად მანებივრებდა. ჩვენს სახლში სულ სუფრა, ქეიფი და მხიარულება იყო.  ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა არკადი რაიკინის თეატრთან და პირადად რაიკინთან. ისინიც ჩამოდიოდნენ ჩვენთან და ჩვენც ჩავდიოდით.  სპექტაკლებს ყოველთვის ესწრებოდნენ თენგიზის მეგობრები. თეატრიდან წამოსვლის მერე იწყებოდა ქეიფი ფაცხაში, ბარნოვზე და მერე სახლში. ეს იმდენად საოცარი სანახაობა იყო, რომ ერთხელ, ვალოდია ლიახოვიცკიმ (ლენინგრადის მინიატურების თეატრის მსახიობი. - რედ.) მკითხა: ამ სუფრების სცენარები იწერება თუ იმპროვიზაციააო? თენგიზი საოცარი ნიჭისა და კეთილი გულის ადამიანი იყო. ბევრჯერ შემიმჩნევია, როგორ ცდილობდა დაძაბული ან მძიმე წუთების დროს სიტუაციის განმუხტვას. შეიძლება ამ დროს ისეთი რამ ეთქვა, რომ ტრაგიკული განწყობა ხარხარში გადაზრდილიყო და ეს ძალიან ბუნებრივად ხდებოდა. იმიტაციისა და იმპროვიზაციის საოცარი ნიჭი ჰქონდა. თავად წერდა, თავად დგამდა და თავადვე თამაშობდა. შეეძლო, იმპროვიზაციის ხარჯზე, ნახევარსაათიანი სპექტაკლი საათნახევრიანად ექცია. მსახიობებისთვის ეს ძალიან რთულიც იყო და ძალიან საინტერესოც. „კაცია ადამიანში“ მე ხორეშანს ვთამაშობდი. დამემუქრა, სპექტაკლის მიმდინარეობის დროს გაგაცინებო და მართლაც მოახერხა... საერთოდ, სცენაზე მის გამოჩენას ყოველთვის მაყურებლის აჟიოტაჟი და აპლოდისმენტები ახლდა. როგორც პარტნიორი, ჩემ მიმართ უფრო მკაცრი და მომთხოვნი იყო. სხვების დაცვის გამო, ხშირადაც დავსჯილვარ.  



- კურიოზულ შემთხვევას ხომ ვერ გაიხსენებდით, რომელიც ერთად გადაგხდენიათ?
- თენგიზთან ერთად კურიოზებს რა გამოლევდა... ხელოვნების მუშაკთა სახლში ბუბა კიკაბიძის საღამო იყო. პატარა მინიატურაში სოფლის მასწავლებლის ფლორენცია კაჭკაჭიშვილის როლს ვთამაშობდი. ცხვირი გაკეთებული მქონდა და ჭაღარა პარიკი მედო. მოღრეცილი ფეხსაცმელები, ჩალის შლაპა, ხელში „სუმოჩკა“ - სპექტაკლის დაწყებამდე ფოიეში ასე „დამშვენებული“ ვზივარ თენგიზის გვერდით. გამივლიან და გამომივლიან ხელოვნების მუშაკთა სახლის ულამაზესი თანამშრომელი ქალები. მიყურებენ და ერთმანეთს ეჩურჩულებიან, ეს რა უბედურება ზის თენგიზთანო. ბოლოს გადაწყვიტეს, რომ  ქუჩიდან შემოსული მაწანწალა ვარ და მილიციას ჩემი შენობიდან გაყვანა სთხოვეს. შემოვიდა მილიციელი და თენგოს მიმართა: ბოდიში, რომ გარედან შემოსულმა ადამიანმა შეგაწუხათო. ის-ისაა, ხელი უნდა მტაცონ და გარეთ გამიყვანონ, რომ თენგომ იყვირა: ხომ არ გადაირიეთ, ჩემი ცოლიაო.
მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი სიცილთან ასოცირდებოდა, თენგიზი დიდი სევდის მატარებელი გახლდათ და ხშირად მის თვალზე ცრემლიც შემინიშნავს. თეატრი მთელი მისი ცხოვრება იყო. ერთ პროგრამას მეორე მოჰყვა, მეორეს - მესამე... მალე თეატრი ისე გაიზარდა, რომ ილია ჭავჭავაძის თამაშიც გავბედეთ. იყო გასტროლები მთელი საქართველოს მასშტაბით. უდიდესი წარმატება და 55 წლის ასაკში ყველაფერი დამთავრდა. ხორეშანი, თენგიზთან ერთად, ჩემი შესრულებული ბოლო როლი იყო...
1988 წლის 7 სექტემბერს თენგიზი თავის კაბინეტში თანამშრომლებს ესაუბრებოდა, როცა გული გაუსკდა. ამ დროს 55 წლის იყო.


-  გული აწუხებდა?
- არაფერი განსაკუთრებული... გულზე მეტად უსულგულობა აწუხებდა. ალბათ, იცით, რომ მინიატურების თეატრი პლეხანოვზე მდებარეობდა. შემდეგ ვითომ რეკონსტრუქციაში მოგვაყოლეს და ახალი თეატრის შენობა უნდა აეშენებინათ. გასტროლიდან რომ ჩამოვედით, თეატრის ჭერი ახდილი დაგვხვდა. ახლა აღარ მინდა იმ ადამიანების დასახელება, ვინც მას გული ატკინა და, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაიმეტა, მაგრამ გეტყვით, რომ თენგიზის გარეშე ძალიან გამიჭირდა. მასზე ემოციების გარეშე საუბარი დღესაც არ შემიძლია. წარმოიდგინეთ, რომ 5 წლის განმავლობაში ახალი წლის დადგომას სასაფლაოზე ვხვდებოდი. თბილისში გაქანებული ომის დროს, როცა ქუჩაში ტანკები იდგა და ხალხს გარეთ გამოსვლის ეშინოდა, ღამის 12 საათზე საბურთალოს პანთეონში ავდიოდი. სამხედროები მცნობდნენ და მატარებდნენ. თენგიზის საფლავთან ჩემი დისშვილი ლევან ლორთქიფანიძე მხვდებოდა. იცოდა, რომ ავიდოდი და მისვლას მასწრებდა. ამდენი ნერვიულობისა და განცდების შემდეგ დიაბეტი დამემართა, მერე ინფარქტიც გადავიტანე... რა გამოვიდა? თქვენ მობრძანდით, რომ სიყვარულის ისტორია მოგესმინათ და ამხელა ტრაგედია მოისმინეთ...


- ინტერვიუს დაწყებამდე ბრძანეთ, რომ სიზმრებში დღემდე ერთად ხართ.
- დიახ, სულ ჩემთან არის, ყოველთვის. გამორიცხულია, კვირა ისე გავიდეს, რომ სიზმარში თენგო არ ვნახო. შეიძლება, ყოველ ღამესაც კი დამესიზმროს. ეს ჩემთვის ძალიან ძნელიც არის, მაგრამ უმისობასაც მიმსუბუქებს.  მისი გარდაცვალების შემდეგ, ძალიან ცუდად რომ ვიყავი, დამესიზმრა, თითქოს ვიხრჩობოდი, ამ დროს კი თენგიზი გამოჩნდა და მითხრა, - შენც თუ არ მომეხმარე, მარტო ვერ გადაგარჩენო. როცა თეატრს თენგიზის სახელი მიენიჭა, იმ ღამეს სიზმარში ვნახე, რომ მისი საფლავი აკლდამას ჰგავდა და თენგიზის კუბო განათებული იყო. დილას სასაფლაოზე წავედი, სახლში მობრუნებულს ტელეფონზე დამირეკეს და მომილოცეს. ღამით ხშირად ვიღვიძებ და მის ფოტოებს ვესაუბრები. ერთი პერიოდი, თეატრის არსებობა რომ გამეხანგრძლივებინა, სამხატვრო ხელმძღვანელობას დავთანხმდი. რა თქმა უნდა, თენგიზის გარეშე თეატრს იმხელა შემოსავალი აღარ ჰქონდა, რომ იჯარაც გადაგვეხადა და ხელფასებიც გაგვეცა, ამიტომ, გორკის კლუბში მუშაობისას იჯარას მერია გვიხდიდა. მერე მედიცინის მუშაკთა სახლში გადავედით. სულ ბოლოს, უგულავას მერობის დროს, იჯარაც არ გადაგვიხადეს და ყველაფერი დამთავრდა, ამიტომ დღემდე მოგონებებით ვცხოვრობ.


თენგიზ ჩანტლაძე 1933 წლის 5 ივნისს ბარნოვის 8 ნომერში, საკუთარ სახლში დაიბადა და 1988 წლის 7 სექტემბერს ბარნოვის 118-ში გარდაიცვალა.  
მის მიერ შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით გამორჩეულია ლუარსაბ თათქარიძე, ანატოლი ნოვოსელცევი, ალფონსო, დონ ჟუანი, ვანო ხიმშიაშვილი და, რაღა თქმა უნდა, დაუვიწყარი პერსონაჟი - მილიციის უფროსი გვარამია, რომლის ფრაზები დღემდე სიცილსა და მხიარულებას იწვევს.


 


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?