„მშვიდობით იარაღო“ - საჩუქარი ერთადერთი ქალისთვის, რომელმაც ჰემინგუეი მიატოვა

სიყვარულის ისტორიები

13 აპრილი 22:00, 2016 წელი

 „თუ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, ისინი ბედნიერები ვერასდროს იქნებიან“, - იტყვის წლების შემდეგ ჰემინგუეი ნახევრად ავტოგრაფიულ რომანში „მშვიდობით იარაღო“, რომელიც თავის პირველ და ყველაზე დიდ სიყვარულს აგნესა ფონ კუროვსკის მიუძღვნა - ერთადერთ ქალს, რომელმაც მიატოვა.

სიყვარულის ისტორია, რომელიც ჰემინგუეის მთელი სიცოცხლის მანძილზე სდევდა, პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო. ამ დროს ახალგაზრდა ერნესტი ფრონტზე წასვლაზე ოცნებობდა, მაგრამ ცუდი მხედველობის გამო სამედიცინო კომისიამ უფლება არ მისცა. ამასთანავე, მშობლებს მისი ფრონტზე წასვლის გაგონებაც არ უნდოდათ, ამიტომ მომავალმა მწერალმა ფრონტზე „შემოვლითი გზით“ წასვლა გადაწყვიტა.


18 წლის ჭაბუკმა, რომელსაც ომი თავშესაქცევ ამბად ეჩვენებოდა, შემთხვევით გაიგო, რომ იტალიური არმია მოხალისეებს ეძებდა. დიდხანს აღარ უფიქრია - „წითელ ჯვარში“ მივიდა და იტალიაში გაშვება ითხოვა. 1918 წელს მომავალი მწერალი, სხვა ამერიკელ მოხალისეებთან ერთად, უზარმაზარ ლაინერ „ჩიკაგოთი“ ევროპაში გაემგზავრა. ფრონტზე ახალბედა მეომარს, საჭმლის მომზადებისა და რეცხვის გარდა, დაჭრილების საავადმყოფოში გადაყვანა და სხვა ისეთი საქმეების კეთება უწევდა, რაც მიუღებლად მიაჩნდა, თუმცა ასე დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთ დღეს, როცა ახალგაზრდა ამერიკელს დაჭრილები ჰოსპიტალში გადაჰყავდა, მისი მანქანის სიახლოვეს ჭურვი აფეთქდა. ჭურვის ნამსხვრევებით დაჭრილი ერნესტი მილანის ჰოსპიტალში მიიყვანეს, სადაც კარგა ხანს გონზე ვერ მოვიდა. როცა მომავალმა მწერალმა, ბოლოს და ბოლოს, თვალები გაახილა, მისკენ დახრილი ახალგაზრდა გოგონას სახე დაინახა. ეს ულამაზესი მედდა აგნესა ფონ კუროვსკი გახლდათ, რომელზეც ყველა დაჭრილი იყო შეყვარებული.

აგნესა ღამით ერნესტის ლოგინთან მორიგეობდა. ახალგაზრდებს შეეძლოთ, გათენებამდე ესაუბრათ. დილით ერნესტი რამდენიმე საათით იძინებდა, მედდა კი გვერდითა პალატაში სხვა დაჭრილებთან გადადიოდა. გაღვიძებულზე თუ აგნესას ვერ ხედავდა, ბარათებს წერდა და სხვა მედდების ხელით უგზავნიდა. მალე ყველასთვის ცხადი გახდა, რომ მათ ერთმანეთი უყვარდათ.


ერნესტის მსგავსად, აგნესაც ამერიკიდან ჩავიდა იტალიაში. 1892 წელს პენსილვანიაში დაბადებული ქალიშვილი ინტელიგენტების ოჯახში გაიზარდა.
18 წლისაც არ იყო, როცა მამა გარდაეცვალა. თავგადასავლების მაძიებელმა გოგონამ გადაწყვიტა, მედდა გამხდარიყო. მხოლოდ ასე აისრულებდა ფრონტზე გამგზავრების ოცნებას. 1917 წელს აგნესა დაჭრილი იტალიელების სამკურნალოდ ამერიკიდან ევროპაში გაგზავნეს.


მიუხედავად იმისა, რომ აგნესა ერნესტზე რვა წლით უფროსი იყო, მომავალ მწერალს ეს სრულიადაც არ ანაღვლებდა და  არც ქორწინებისთვის ხელშემშლელ ფაქტორად მიაჩნდა. 19 წლის გახდა თუ არა, ჰემინგუეიმ ქალიშვილს ხელი სთხოვა, თუმცა მისი რეაქცია მოულოდნელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ერნესტის მიმართ სერიოზული გრძნობა ჰქონდა, აგნესამ უარით უპასუხა.

აგნესა ფონ კუროვსკი ახალგაზრდა, თავისუფალი და დამოუკიდებელი გოგონა იყო. უყვარდა მამაკაცთა საზოგადოება და არ მალავდა, რომ მორალისა და ზნეობის მოთხოვნებით ცხოვრებას არ აპირებდა. ჯარისკაცები ჭკუას კარგავდნენ მასზე და მგრძნობიარე ერნესტი ამის გამო საშინლად ეჭვიანობდა.


ერთხელ აგნესამ გადაწყვიტა, მეგობრებთან ერთად, სამხრეთში დასასვენებლად წასულიყო. ერნესტმა ეს რომ გაიგო, აგნესას სკანდალი მოუწყო და გამგზავრებაზე უარის თქმა მოსთხოვა. ამ სცენის თვითმხილველები იხსენებენ, რომ მწერალი სიბრაზისგან თავის თავს არ ჰგავდა. საშინლად ყვიროდა და გოგონას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა. რაც უფრო ღრმავდებოდა ურთიერთობა, მით უფრო რწმუნდებოდა აგნესა, რომ მის რჩეულს რთული ხასიათი ჰქონდა. ერნესტის ფეთქებად ხასიათს კიდევ ერთი ნაკლი ემატებოდა - ახალგაზრდა ვაჟი  მეტისმეტად დამოკიდებული იყო დედაზე, თუმცა ცდილობდა, ეს არავის შეემჩნია. 19 წლის ყმაწვილს მშობლების ისე ეშინოდა, რომ იტალიიდან მათთვის გაგზავნილ წერილებში აგნესა ერთგანაც კი არ არის ნახსენები.


1918 წლის ნოემბრის დასაწყისში მედდა ფლორენციის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ჰემინგუეი იმდენად შეაშინა საყვარელი გოგონას დაკარგვამ, რომ მისგან დაჟინებით მოითხოვა ქორწინებაზე თანხმობა, თუმცა პასუხად დუმილი მიიღო. გამგზავრების შემდეგ აგნესას ერნესტი გრძნობით სავსე წერილებს უგზავნიდა. პასუხად კი ქალიშვილი სწერდა, რომ ძალიან ენატრება და ვერ ივიწყებს მილანში გატარებულ ღამეებს. განშორება დიდხანს არ გაგრძელებულა. აგნესას მილანში გავლა მოუწია და ახალგაზრდებმა ორიოდე საათით  ერთად ყოფნა მოახერხეს. ეს მათი უკანასკნელი შეხვედრა იყო.


1919 წლის იანვარში ჰოსპიტალიდან გამოწერილი ჰემინგუეი სამშობლოში გაემგზავრა, თუმცა შეყვარებულთან მიმოწერა არ შეუწყვეტია. ამერიკიდან იტალიისკენ მიფრინავდნენ სიყვარულით და მონატრებით სავსე ბარათები, რომლებშიც მწერალი ქალიშვილს ემუდარებოდა, მასთან ჩასულიყო და ცოლად გაჰყოლოდა. იმავე წლის 1-ელ მარტს აგნესამ მოსწერა: „მე სულაც არ ვარ ის სრულყოფილი ქალიშვილი, რომლადაც მიგაჩნივარ. მე ავი ვარ. წინ გელის საოცარი კარიერა, რომელსაც ისეთი ადამიანი, როგორიც შენ ხარ, ნამდვილად იმსახურებს. მშვიდობით, პატარავ, და არ გამიბრაზდე“.
იმავე წერილში გოგონა ჰემინგუეის სწერდა, რომ მდიდარ იტალიელ არისტოკრატზე დაინიშნა და აპირებს, მთელი ცხოვრება მას დაუკავშიროს.
ამ ცნობამ ემოციური ყმაწვილი სულიერად გატეხა...


ერნესტი და აგნესა ერთმანეთს აღარასდროს შეხვედრიან.
ყმაწვილი კიდევ დიდხანს დარდობდა იტალიური ჰოსპიტალის ლამაზ მედდაზე, შემდეგ კი სცადა, შვება სხვა ქალების გარემოცვაში ეპოვა.

მაღალი, სიმპათიური და კარგი მანერების მქონე ახალგაზრდა კაცი შეუძლებელი იყო, ქალებს არ შეემჩნიათ, თუმცა ქალებს მასში, გარეგნობის გარდა, რომანტიკულობა, ბავშვური გულუბრყვილობა და საოცარი მგრძნობიარობა იზიდავდათ.


მეგობრები აღნიშნავდნენ, რომ ჰემინგუეის განაწყენება ადვილი იყო, თუმცა ძალიან ცდილობდა, ეს თვისება დაემალა და ვაჟკაცური გამოჩენილიყო. მას უნდოდა, ქალებისთვის დაემტკიცებინა, რომ იდეალური მამაკაცი იყო.


ერნესტ ჰემინგუეის უამრავი საყვარელი ჰყავდა, მათ შორის ცნობილი ამერიკელი ლამაზმანები, გრაფინიები, ევროპელი მსახიობები...
და ყველა ქალისგან თავად მოდიოდა...
პირველი და უკანასკნელი ქალი იყო აგნესა ფონ კუროვსკი, რომელმაც ჰემინგუეი მიატოვა და რომელიც მწერალს ყველაზე მგზნებარედ უყვარდა.



ჰემინგუეი ოთხჯერ იყო დაქორწინებული.
საყვარელ ქალთან დაშორების შემდეგ 1921 წელს მდიდარ ქალბატონზე ელიზაბეტ ჰედლიზე დაქორწინდა და მალე პირველი ვაჟი ჯეკი შეეძინა.
ჰემინგუეი თავბრუს ახვევდა ქალებს, თუმცა აგნესას მაინც ვერ ივიწყებდა. განშორებიდან სამი წლის შემდეგ მან აგნესას დიდი და ემოციური წერილი მისწერა. პასუხად მიიღო, რომ მოხარულია მისი წერილით, თუმცა მიმოწერა აღარ გაგრძელებულა. 
ჰედლისთან თანაცხოვრების პირველი რამდენიმე წელი თითქმის იდეალური იყო. მათი ქორწინება დაირღვა, როცა მწერალმა 1926 წელს პარიზში მშვენიერი პოლინ პფეიფერი გაიცნო. პოლინთან თორმეტი წელი იცხოვრა და ორი ვაჟი - პატრიკი და გრეგორი შეეძინა. მოგზაურობის მოყვარული და ტემპერამენტული ცოლის წყალობით, ერნესტმა ნახევარი ევროპა ფეხით შემოიარა. მათ შორის ის ადგილებიც, სადაც თავის საყვარელ აგნესას ხვდებოდა, თუმცა ქორწინება ვერც ასეთმა რომანტიკულმა მოგზაურობებმა გაახანგრძლივა.
1938 წელს მწერალი ჟურნალისტ მარტა ჰელხორნს ხვდება. პოლინს ეყრება და მარტაზე ქორწინდება. წყვილი საცხოვრებლად კუბაზე გადადის, თუმცა
1945 წელს შორდებიან - მარტამ  ჟურნალ „Time“-ის კორესპონდენტზე იეჭვიანა და მართალიც გამოდგა - ჰემინგუეი მერი უეშლიზე მალევე დაქორწინდა.
მერი სახელოვანი ამერიკელის მეოთხე და უკანასკნელი ცოლი გახდა, თუმცა ამისთვის ბევრი რამის დათმობა და გადატანა მოუწია: თვალს ხუჭავდა ქმრის მრავალრიცხოვან სასიყვარულო თავგადასავალზე, არ აქცევდა ყურადღებას, რომ უკვე ასაკოვან მწერალს ექვსი წლის მანძილზე რომანი ჰქონდა ახალგაზრდა მხატვარ გოგონასთან ადრიანა ივანჩიჩთან. არც მაშინ გაუპროტესტებია, როცა ქმარმა იტალიაში იმ ადგილების მოსანახულებლად წაიყვანა, სადაც მისი ცხოვრების ყველაზე რომანტიკული ისტორია განვითარდა.



და აი, სწორედ იმ დროს, როცა მწერალს თითქოს ყველაფერი აქვს - თბილი და მზრუნველი ცოლი, ახალგაზრდა საყვარელი, მსოფლიო აღიარება, სამუშაო გარემო თვალწინ თავისი საყვარელი ოკეანით (ბოლო წლები ჰემინგუეიმ კუბაზე გაატარა), იწყება „ჰემინგუეის გამოცანა“ -  ასაკთან ერთად ჰემინგუეისთვის ცხოვრება აზრს კარგავს, ამას მოსდევს ღრმა დეპრესია, ექიმები, მკურნალობა ფსიქიატრიულ კლინიკაში...
მწერალი იღებს გადაწყვეტილებას, ცხოვრებიდან წავიდეს, როგორც მებრძოლი - 1961 წელს კლინიკიდან გამოწერის შემდეგ თავისი კოლექციიდან საუკეთესო იარაღს იღებს, ლულას პირში იდებს და სასხლეტზე თითს აჭერს... იმ მომენტში ჰემინგუეი 62 წლის იყო. 


როცა აგნესა ფონ კუროვსკიმ ჰემინგუეის თვითმკვლელობის შესახებ შეიტყო, მშვიდად თქვა, რომ ამას მას თავიდანვე ატყობდა. ერთ დროს საყვარელი მამაკაცის აღსასრული აგნესასთვის მოულოდნელი არ ყოფილა...

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?