„ტანს გეტმასნება სველი ალერდი“ - გრიგოლ რობაქიძე და ქართველი ქალის მარადიული მონატრება

სიყვარულის ისტორიები

11 ივნისი 14:00, 2016 წელი

მას თავი ზეკაცად მიაჩნდა და სწამდა, რომ ერთადერთი იყო, ვინც ქართული ხასიათი და ბუნება ბოლომდე შეიცნო. ყველგან და ყოველთვის ქართული ჯიშის რჩეულობაზე ლაპარაკობდა და წერდა; ქართველი ქალი ქალღმერთად და ამორძალად მიაჩნდა, თუმცა, ბედის ირონიით, სიცოცხლის გატარება სამშობლოდან შორს, ემიგრაციაში მოუწია და მის რჩეულ ქალთა შორის არც ერთი ყოფილა ქართველი...

საშუალო სიმაღლისა და თხელი აღნაგობის, ევროპულად გამოწყობილი, პარიკიანი მამაკაცი თვალშისაცემი გარეგნობით, ფერმკრთალი სახითა და შავი თვალებით, რომლებიც თითქოს ადამიანის სულში იყურებოდა - ასე დაამახსოვრდა მე-20 საუკუნის დასაწყისის თბილისს მწერალი, პუბლიცისტი, ფილოსოფოსი, საზოგადო მოღვაწე, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი გრიგოლ რობაქიძე - კაცი, რომელსაც ქალები ეტრფოდნენ, ელინთა ღმერთს ადარებდნენ და აღტაცებულნი უსმენდნენ.


გრიგოლ რობაქიძე 1882 წლის 28 ოქტომბერს სოფელ სვირში დაიბადა. მამა – ტიტე რობაქიძე თერჯოლის ღვთისმშობლისა და წმ. გიორგის ეკლესიებში ჯერ მნათე იყო, შემდეგ კი - მღვდელი. დედა - ქეთევან ბოჭორიშვილი შეძლებული გლეხის ქალი გახლდათ.
„ჩუმი, ჩაკეტილი, მარტოსული, თითქმის მელანქოლიური – ასეთი ვიყავი ბავშვობაში. შეუცნობელ არსში ჩაძირულს მეჩვენებოდა, თითქოს რაღაცას ვიხსენებდი... სავსე ვიყავი ნისლით მოცული ხილვებით. გვიან, მოწიფულ ასაკში ისინი, როგორც ხელშესახები სურათები გამომეცხადნენ“, - წერდა რობაქიძე თავის მემუარებში.
ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ, სწავლა ჯერ ტარტუს, შემდეგ კი ლაიფციგის უნივერსიტეტში გააგრძელა და სამშობლოში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაბრუნდა.
1915 წელს „ცისფერყანწელების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. მოგვიანებით, მისი აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირი.


ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ მწერალი იძულებული გახდა, სტალინისა და ბერიას რეჟიმს გერმანიაში გაქცეოდა, თუმცა კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლა ემიგრაციაშიც არ შეუწყვეტია. ბოლშევიკების მიერ ფაშისტად შერაცხული რობაქიძე მწერალთა კავშირიდან გარიცხეს, თუმცა ეს არასოდეს უდარდია. ცხოვრების მიწურულს მხოლოდ იმას ნანობდა, რომ სიყვარულისთვის ცოტა დრო დარჩა.


„ადამიანის სიყვარული ნიშნავს, დაინახო ის ისე, როგორც ღმერთმა ჩაიფიქრა“, - წერს გრიგოლ რობაქიძე თავის ერთ-ერთ წერილში.

მწერლის პირველი სიყვარული იულია მაჭავარიანი გახლდათ, მაგრამ გოგონას მშობლებმა, რომლებსაც მღვდლის შვილი სასიძოდ არ მოსწონდათ, გრიგოლის თავიდან მოშორება საშინელი ტყუილით გადაწყვიტეს. იულია გადამალეს და ჭორი დაყარეს, რომ გოგონამ თავი მოიკლა. ადვილი წარმოსადგენია, ამ ამბის გაგებისას რა გადაიტანა იულიაზე შეყვარებულმა გრიგოლმა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ გოგონა ცოცხალი და საღ-სალამათი იყო. 


უიღბლო იყო მწერლის ქორწინება ულამაზეს ნინო დომენსკაიასთანაც. „მასზე ლამაზი ქალი არ მინახავს, მაგრამ ძნელი დასაურვებელიაო“, - დაუჩივლია მწერალს ერთ-ერთ ახლობელთან. ქალის ურჩი ბუნება საბედისწერო გამხდარა მათი ერთადერთი შვილის - ალასთვის. ნინოს, ბავშვთან ერთად, აზერბაიჯანში მცხოვრები მშობლების მონახულება გადაუწყვეტია. ამ დროს იქ ქუნთრუშა და წითელა მძვინვარებდა. ნუ წახვალ და თუ წახვალ, ბავშვს მაინც ნუ წაიყვანო – შეხვეწნია გრიგოლი ცოლს, მაგრამ ნინოს თავისი არ დაუშლია. მგზავრობა საბედისწერო აღმოჩნდა: ალა ქუნთრუშათი დაავადდა და გარდაიცვალა, რასაც ცოლ-ქმრის დაშორება მოჰყვა.  
ლექსში „გლოვა“ მწერალმა შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი გადმოსცა: „ბედის დატეხამ ბევრი გზები გადამატარა. / მშვიდო მაცხოვარ, ერთხელც არის მაინც მომეშვი, / ვეღარ ვგულოვნობ ძველებურად, ჩემო პატარა, / არ დაივიწყო მამაშენი ამ ცუდ ღამეში“.


რობაქიძის მორიგი რჩეული მოსკოვიდან თბილისში საცხოვრებლად ჩამოსული, სილამაზით განთქმული ელენა ფიალკინა გახდა - ქალი, რომელიც 35 წლის მანძილზე მწერლის ერთგული მეუღლე და მეგობარი იყო, თუმცა შვილი ვერ აჩუქა. ცოლ-ქმარმა იშვილეს და გაზარდეს ელენე ფიალკინას ობოლი დისწული ელენე პოგორელოვა. რობაქიძის მეუღლე ჭკვიანი ქალი ბრძანდებოდა. ის სამწერლო მოღვაწეობასაც ეწეოდა, ქმარსაც თავს ევლებოდა და ოჯახსაც უვლიდა. ნინო სალიასთვის მიწერილ წერილში გრიგოლ რობაქიძე წერს: „ჩემმა ცოლმა 10 წელი დაჰყო საქართველოში და ნათელი კვალი დატოვა იქ. ამბოხების დროს მთელი ტანის კანკალი ამივარდა. მიკრული ვიყავ ზეწრებით ლოგინზე დროდადრო. ერთხელაც მითხრა: მიატოვე ეს ჯოჯოხეთი - უცხოეთში მრეცხავად მაინც გამოვდგებიო! ინსპირატორი ჩემი გადმოხვეწისა შვეიცარიაში, ის იყო. მან მიხსნა ამით. აქ მსახურობდა, მარჩენდა, ოჯახს არჩენდა“.
მართლაც, შვეიცარიაში ცოლ-ქმარი ელენეს შრომით ირჩენდა თავს. ქალს ყოველთვიურად ათას ფრანკამდე აძლევდნენ ხელფასს, მაგრამ 1950 წელს ელენეს დამბლა დაეცა და ოჯახი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა. ლოგინად ჩავარდნილ მეუღლეზე ზრუნვა გრიგოლს მოუწია. ამასთანავე, სახლიც უნდა დაელაგებინა, სადილიც უნდა გაეკეთებინა და სარეცხიც გაერეცხა.
„1950 წლის თებერვალში მძიმე განსაცდელი დამატყდა თავს პირად ცხოვრებაში. ჩემს მეუღლეს, მაშინ 50 წლისა იყო, ძლიერი დამბლა დაეცა და მწერლობისთვის დრო აღარ მაქვს“, - ატყობინებდა გრიგოლ რობაქიძე ნიკოს კაზანძაკისს. განსაცდელში მყოფ მწერალს ყველამ ერთბაშად გაუხსენა ჰიტლერისა და მუსოლინის შესახებ დაწერილი ნარკვევები და უმრავლესობამ ზურგი აქცია. გრიგოლის წიგნები აღარ გამოდიოდა, ჟურნალ-გაზეთები მის სტატიებს თითქმის აღარ ბეჭდავდნენ და უნივერსიტეტები ლექციებს აღარ აკითხებდნენ.


ელენე ფიალკინამ ცხოვრების უკანასკნელი შვიდი წელი საშინელ ტანჯვაში გაატარა. მისმა გარდაცვალებამ მწერალი მძიმე დეპრესიაში ჩააგდო.
ამის შემდეგ დაიწყო 70 წლის გრიგოლ რობაქიძის მარტოხელა ცხოვრება, თუმცა ბედი უკანასკნელი სიყვარულის სახით მოულოდნელ საჩუქარს უმზადებდა.


მეუღლის გარდაცვალებიდან ცხრა წლის შემდეგ, 79 წლის  გრიგოლ რობაქიძემ ჟენევაში 31 წლის მხატვარი, გრაფინია გიტა შტრახვიტცი მისი ნახატების გამოფენაზე გაიცნო - ქალი, რომელმაც მთლიანად შეცვალა მწერლის უსიხარულო ცხოვრება. გაცნობის შემდეგ პირველი ბარათი გრიგოლს გიტამ მისწერა. ბარათის მიღებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ გრიგოლ რობაქიძე უკვე ამგვარად მიმართავს გიტას: „შენი არსების უდიდესი გახსნაა შენი სიყვარული: სიყვარული ჩემდამი. ჩემს ცხოვრებაში ნამდვილი საოცრება ხარ... საოცარია შენი ინტელიგენტობა, შენი სინათლე, ინტონაცია, განჭვრეტის უნარი, ღრმა აზრი არსებულზე, ლამაზზე, უნაკლო ლიტერატურული გემოვნება“.
ქალი კი პასუხობდა: „შენდამი სიყვარულში, როგორც ყვავილი, ისე გავიფურჩქნე, რადგანაც შენ (შენგანვე ფარულად) ხარ ის - ხარ ჩემი არსებობის მთავარი მიზეზი“.


გიტასთვის მხცოვანი მწერალი მისტიკური რაინდი იყო, რომელიც 19 წლის ასაკში სიზმრად გამოეცხადა, ამიტომ არც ასაკობრივი სხვაობა აშინებდა და არც ხელმოკლე ცხოვრება. ერთ-ერთ წერილში ქალი გრიგოლს სწერდა: განა ბედი უცნაური არ არის, 38 წლის, ბრწყინვალე მდგომარეობისა და კარგი გარეგნობის ამერიკელი და 60 წლის არისტოკრატი დიპლომატი დავიწუნე და თქვენ აგირჩიეთო. 
გრიგოლ რობაქიძე კი ამშვიდებდა: რომ გათხოვილიყავით, ჩემს სიყვარულს არაფერი მოაკლდებოდა, უბრალოდ, მსუბუქი ნაღველი მომიცავდაო.


მათ სიყვარულს ლიტერატორები პლატონურად მიიჩნევენ, თუმცა ცნობილია, რომ გრიგოლი და გიტა დაქორწინებას აპირებდნენ. „სრულყოფილი სიყვარული სდევნის შიშს, ვინაიდან შიში ტანჯვაა, ხოლო მშიშარა არასოდესაა სრულყოფილი სიყვარულში“, - ამბობდა რობაქიძე და შიშის გარეშე განიცდიდა უკანასკნელ სიყვარულს, თუმცა სიკვდილმა მოულოდნელად დაუსვა წერტილი ამ მისტერიას. როგორც ირკვევა, გიტამ გრიგოლს ქორწინებაზე საბოლოოდ უარის ბარათი გაუგზავნა, თუმცა მან ადრესატამდე ვეღარ მიაღწია.
ერთ-ერთი ვერსიით, 1962 წლის 20 ნოემბერს ამ წერილის მიმტან ფოსტალიონს კარი არავინ გაუღო. ფოსტალიონმა პოლიციას გამოუძახა. კარი შეამტვრიეს და რამდენიმე დღის გარდაცვლილი გრიგოლ რობაქიძე ნახეს. მწერალი, რომელიც მთელი ცხოვრება ქართველი ქალის სახეს ეტრფოდა, თავის ანდერძში წერდა:  „ჩემი ნატვრაა, როცა მე ამ სოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს ამ პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არასა ვთხოვ საქართველოს“.
მწერალს უკანასკნელი ნატვრა ნაწილობრივ, ქართველმა ემიგრანტმა ნინო სალიამ შეუსრულა, როცა მიწაში ჩაშვების წინ დაატირა:  
„ახლაც საშინელების გრძნობა მიპყრობს, როცა მოგიგონებ და თვალწინ წარმომიდგები იმ მძიმე ავადმყოფის გვერდით, რომლის წარმოუდგენელ და აუწერელ კაპრიზებს შენ უსიტყვოდ, ბავშვივით ასრულებდი. ხშირად მოწმე ვყოფილვარ ამ შემზარავი სურათისა. მიკვირს, როგორ იტანდი და უძლებდი“.


იმავე ნინო და კალისტრატე სალიებისა და ქართველი ემიგრანტების თაოსნობით, 1976 წელს გრიგოლ რობაქიძე ლევილის სასაფლაოზე გადაასვენეს.  


                                                             * * *


ტანს გეტმასნება სველი ალერდი / ჭვირვალი კაბა გიმხელს თეძოებს
და აზიდული მაღალი მკერდით / მიეფინები მწვანე ეზოებს.
დაქნილი ფრჩხილით ტაროებს კორტნი / და ტაროც ხვდება ძუძუს რძიანი.
გაკოცებს ხავო სიმინდის ყლორტის / და ატევრილი, სხეულმზიანი,
როგორც ავაზა შენ ტანმხურვალი / დაეძებ კუროს, რომ დაგიურვოს...
გხედავ და ვიცი: შენი კუნთები / დათესლილია ჩემი სურვილით.
წამოვიწევი... შენ გაბრუნდები / გადალეწილი მხეცის წყურვილით
და გავარდები... დაგედევნები... / თეთრი მუხლები თითქო ჰკივიან:
შენი ვარ შენი, მოდი „გევნები“ / მეც დაგეწევი და ცხელწვივიანს
აგიყვან ხელში / და გადაგისვრი დიდ საწნახელში 
რომ შენი ტანით დავსრისო მაგრად მწიფე მტევნები...
მაგრამ თვალები - თვალები - თვალები: / უნდობი ტალღა და ხვლიკი ლუში.
ათასი ქალი და ყველა მრუში. / აშარა თუ ხარ, კახპა და ურცხვი.
გწყურია ვაჟი უცხო და უცხო. / არა ხარ ჩემი. არ ხარ არვისა.
თუმც არაოდეს არ ხარ უარზე. / იცოდე: მოვგრეხ ნებას ყუაზე.
ერთბაშად შეგსვამ ღვინოს ქარვისა / და შენი თმების წითური მორგვით
მიგაკრავ მაგრად ცხენის ძუაზე... / მაგრამ თვალები - თვალები - თვალები:
ეხლა მადონნა - წმინდა - ხასხასა. / რა გიყო მე შენ, უძღებო ხასავ?!
ნელი და ტკბილი ქვემეფინები / რომ გადავიქცეთ ჩვენ კიდევ წყვილი.
ელამურ ღიმილს მომახვევ რიდეთ. / მეც დავრბილდები რისხვარის მოშლით.
აგამზეურებ როგორც შუბის ტარს / ირუბაქიძის
და ერთხელ კიდევ გასუდრულ მტევანს / გაგშოლტავ ლოშნით...


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?