ანა გრუზინსკაიას ტრაგიკული სიყვარულის ამბავი

სიყვარულის ისტორიები

7 იანვარი 12:00
115

თავადი გიორგი გრუზინსკი ქართლელი უფლისწულის, ბაქარის შვილიშვილი გახლდათ. მთელი ცხოვრება რუსეთში გალია. მის სამემკვიდრეოს წარმოადგენდა ვოლგისპირა დაბა ლისკოვო.  ლისკოველი მემამულე აურაცხელ სიმდიდრეს ფლობდა და ვაჟიშვილი გარდაეცვალების შემდეგ ქალიშვილ ანაზე დიდ იმედებს ამყარებდა...

ქართველი მეფეების შთამომავალს და სამეფო ამბიციების მქონე თავადს თავისი სამეფო გენის გაგრძელების იმედი ჰქონდა, მაგრამ, მისდა სამწუხაროდ, ანა გრუზინსკაიას თავადის აღზრდილი, ღარიბი ყმაწვილი ანდრეი მედვედევი შეუყვარდა. 


მათთვის ხელი რომ შეეშალა, თავადმა შეყვარებულებს გამოუცხადა, რომ ისინი და-ძმა არიან. როცა შეყვარებულებმა გააცნობიერეს, რომ მათი ერთად ყოფნა შეუძლებელი იყო, ერთმანეთს მონასტერში წასვლის პირობა მისცეს.
ანდრეიმ პირობა მართლაც შეასრულა და ბერად აღიკვეცა. მოგვიანებით, მამა ანტონი სერგიევოს სამების ლავრის წინამძღვარი გახდა.



ანასაც ჰქონდა მცდელობა, რომ  კოსტრომის მონასტერში აღკვეცილიყო, მაგრამ მონასტრის იღუმენიამ განუცხადა, რომ ის ამისთვის ძალიან სუსტია და მონაზვნობას ვერ შეძლებდა.



სახლში დაბრუნებისთანავე ანამ გათხოვებასა და სახლიდან გარეთ გასვლაზე უარი განაცხადა და ოთახში ჩაიკეტა.
ამ მდგომარეობაში წლები გავიდა, თუმცა დრომ ჭრილობები მოაშუშა და ანა 35 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა სინოდის ობერ-პროკურორს, გრაფ ალექსანდრე ტოლსტოის. ამბობენ, რომ ანა გრუზინსკაია იშვიათად იღიმებოდა და მისი მნახველი ადვილად მიხვდებოდა, რომ ქალი უბედური იყო. 



რუსმა მწერალმა ნიკოლოზ გოგოლმა, რომელიც ტოლსტოის ოჯახთან მეგობრობდა, ანა გრუზინსკაიას ასეთი სიტყვები უძღვნა: „ მე თქვენ გულწრფელად შემიყვარდით, როგორც ძმას და. პირველ რიგში, თქვენი სიკეთის და, რაც მთავარია, ღვთის სიყვარულის, მორჩილებისა და თავმდაბლობის გამო.“