რომანოვების ასული, რომელმაც რუსეთის სამეფო ტახტს ქართველი თავადიშვილი არჩია

სიყვარულის ისტორიები

29 ივნისი 22:00, 2016 წელი

ამ სიყვარულის ამბავმა ტატიანა რომანოვას მშობლებს თავზარი დასცა და კონსტანტინე რომანოვმა ქართველ თავადთან დალაპარაკება გადაწყვიტა: „ახალგაზრდავ, თქვენთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ რომანოვების გვარის წარმომადგენელს მხოლოდ თანაბარი წოდების გვარის წარმომადგენელზე შეუძლია დაქორწინება“, - მშვიდად უთხრა მან კავალერიის პოლკის კორნეტს კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელს. პასუხად კი მიიღო: „თქვენც უნდა მოგეხსენებოდეთ, რომ ბაგრატიონების გვარი რომანოვებზე არაფრითაა ნაკლები“. ასეთი თავხედობა დაუსჯელი ვერ დარჩებოდა - ბაგრატიონი მეორე დღესვე სანკტ-პეტერბურგიდან თბილისში გამოამგზავრეს...


1979 წელს, როცა იერუსალიმის ამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დედა თამარი გარდაიცვალა, თითქმის არავინ იცოდა, რომ ის საერო ცხოვრებაში რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველის შვილთაშვილი და ქართველი თავადის კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელის მეუღლე იყო.
ტატიანა რომანოვა 1890 წელს სუსხიან რუსულ ზამთარში დაიბადა. მამა კონსტანტინე რომანოვი რუსეთის სამეფო დინასტიის წარმომადგენელი გახლდათ, ხოლო დედა ელიზავეტა მავრიკიევნა - გერმანელი პრინცესა. ცოლ-ქმარს ერთმანეთი გულწრფელად უყვარდა, რაც დინასტიური ქორწინებებისას იშვიათობას წარმოადგენდა.
კონსტანტინე რომანოვი უაღრესად რელიგიური ადამიანი იყო. ახალგაზრდობაში ის ბერად აღკვეცასაც კი აპირებდა, თუმცა ამის ნება ბიძაშვილმა, იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ არ მისცა: „კოსტია, ყველა რომ მონასტერში წავიდეთ, რუსეთს ვინ ემსახურება?“ - უთხრა მაშინ იმპერატორმა.


კონსტანტინე და ელიზავეტა რომანოვებმა ერთად 30 წელი იცხოვრეს და რვა შვილი გაზარდეს.
კონსტანტინე რომანოვს ძალიან უყვარდა ბუნება და ქალაქგარეთ მდებარე სასახლეები. სწორედ მოსკოვის გარეუბანში, ოსტაშევოში მდებარე ერთ-ერთ სასახლეში, 1910 წლის ზამთარში გაიცნო 20 წლის ტატიანა რომანოვამ კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელი - ქართველი თავადი, რომელმაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.


ტატიანას სილამაზით მოხიბლულმა ქართველმა თავადმა ოსტაშევოს სასახლეში ვიზიტები გაახშირა. კავალერიის პოლკის კორნეტი მშვიდ და მეფური თვისებებით შემკულ ტატიანას ქართველთა უპირველეს მეფეს თამარს ადარებდა. მალე შესამჩნევი გახდა, რომ არც რომანოვების ასული გახლდათ ქართველი თავადის მიმართ გულგრილი.
ტატიანას უმცროსი ძმა ოლეგი შეყვარებულებს ეხმარებოდა და ერთმანეთის წერილებს გადასცემდა, სამაგიეროდ, ამ ამბავმა ტატიანას მშობლებს თავზარი დასცა. კონსტანტინე რომანოვი დინასტიის წესებს მკაცრად იცავდა, შესაბამისად, მისთვის თუნდაც წარჩინებულ, მაგრამ არასამეფო გვარის წარმომადგენელთან ქორწინება დაუშვებელი იყო. როდესაც ტატიანას შეგონებით ვერაფერი გააწყო, კონსტანტინე რომანოვმა ქართველ თავადთან დალაპარაკება გადაწყვიტა: „ახალგაზრდავ, თქვენთვის ცნობილი უნდა იყოს, რომ რომანოვების გვარის წარმომადგენელს მხოლოდ თანაბარი წოდების გვარის წარმომადგენელზე შეუძლია დაქორწინება“. - მშვიდად უთხრა მან ბაგრატიონს. პასუხად კი მიიღო: „თქვენც უნდა მოგეხსენებოდეთ, რომ ბაგრატიონების გვარი რომანოვებზე არაფრითაა ნაკლები“. 
ასეთი თავხედობა დაუსჯელი ვერ დარჩებოდა. კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელი მეორე დღესვე სანკტ-პეტერბურგიდან თბილისში გამოამგზავრეს. ტატიანა კი, ქართველი შეყვარებულის მალე დასავიწყებლად, ყირიმში, დეიდასთან - იმპერატორის ქვრივ მარია თევდორეს ასულთან გაამგზავრეს. „წლების შემდეგ მიხვდები, რომ სხვა ქორწინებისთვის ხარ შექმნილი“, - ამ სიტყვებით დაემშვიდობა რომანოვი საკუთარ ქალიშვილს, თუმცა ცდებოდა...


ყირიმში ყოფნის დროს ტატიანას გვერდიდან არ მოუცილებია დედის ნაჩუქარი წიგნი „თამარ მეფე, ანუ საქართველოს აყვავების ხანა“. გოგონა იმდენად განიცდიდა საყვარელ ადამიანთან დაშორებას, რომ დეიდამ იმპერატორს ახალგაზრდა კორნეტის კავკასიიდან ჩამოყვანა სთხოვა. ნიკოლოზ მეორეს არ შეეძლო დედის ნებას შეწინააღმდეგებოდა, ამიტომ ბაგრატიონ-მუხრანელს რუსეთში დაბრუნების ნება დართო.
მალე ქართველი თავადი ყირიმში, შეყვარებულთან ჩავიდა. ის ყოველ დილას ცხადდებოდა იმპერატორის სასახლეში და მთელ დღეს საყვარელი ქალის გვერდით ატარებდა, მაგრამ შეყვარებულების იდილია კონსტანტინე რომანოვის მოულოდნელმა გამოჩენამ დაარღვია. მონატრებული ქალიშვილის სანახავად ჩასული თავადის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა სასახლის ეზოში, ჰამაკში მოქანავე ტატიანას ფეხებთან ქართველი თავადი იხილა. ყველა შეცბუნებული და დაბნეული დუმდა, როცა ტატიანა მამის წინ მუხლებზე დაეცა და ცრემლების ღვრით ქართველ თავადთან ქორწინების უფლება სთხოვა: „ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი და უერთმანეთოდ ბედნიერები ვერ ვიქნებით“.
მონატრებული ქალიშვილის ცრემლებმა რომანოვს გული მოულბო. სულის სიღრმეში ქართველი თავადის შეუპოვრობაც მოეწონა, მაგრამ ამ ქორწინებაზე ნებართვის გაცემა მხოლოდ იმპერატორს შეეძლო.
ტატიანას ძმის, გავრილის მოგონებებიდან ირკვევა, რომ ქართველი თავადის გამო ნიკოლოზ მეორეს იმპერატორის ოჯახის წევრთა საქორწინო წესებში ცვლილების შეტანა მოუწია. სპეციალური განკარგულების მიხედვით, ტატიანას შეეძლო, ცოლად არასამეფო გვარის წარმომადგენელს გაჰყოლოდა, თუმცა ამის შემდეგ ის და მისი შთამომავლები ტახტზე მემკვიდრეობის უფლებას სამუდამოდ დაკარგავდნენ, თუმცა ამას ტატიანასთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა.


ჯვრისწერა სამეფო სახლთან მდებარე ეკლესიაში 1911 წელს, წმინდა თამარ მეფის ხსენების დღეს შედგა.
ეკლესიაში გამგზავრების წინ ტატიანამ, როგორც ნიკოლოზ პირველის შვილთაშვილმა, წერილობით დაადასტურა, რომ მას და მის შთამომავლებს სამეფო ტახტზე პრეტენზია არ ექნებოდათ.
ქორწილი პავლოვსკში, კონსტანტინე რომანოვის სასახლეში გაიმართა. ერთადერთი სტუმარი, რომელიც წვეულებაზე მოსულ იმპერატორს ფეხზე არ წამოუდგა, ქართველი სიძის ნათესავი ქალბატონი, გვარად ბაგრატიონ-მუხრანელი ბრძანდებოდა. ვინაიდან იმპერატორის შემოსვლისას დაჯდომის უფლება მხოლოდ სამეფო გვარის წარმომადგენელს ჰქონდა, ამ ჟესტით ბაგრატიონმა რომანოვს აგრძნობინა, რომ მასზე ნაკლები სამეფო გვარის არ გახლდათ. ნიკოლოზ მეორემ არაფერი შეიმჩნია, ქართველ ქალბატონს რამდენიმე თავაზიანი სიტყვა უთხრა და გაეცალა.

ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ, კონსტანტინესა და ტატიანას ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ქართული სახელი - თეიმურაზი დაარქვეს. 1914 წელს კი ქალიშვილი ნატალია გაჩნდა, მაგრამ წყვილის ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, სადაც ტატიანას ხუთივე ძმა და ქმარი წავიდა. რამდენიმე თვის შემდეგ ფრონტიდან უმცროსი ძმის ოლეგის გარდაცვალების ცნობა მოვიდა. ერთი წლის შემდეგ კი ტატიანამ სამხრეთ-დასავლეთის ფრონტის ხელმძღვანელ გენერალ ბრუსილოვისგან მიიღო წერილი, რომელშიც ეწერა, რომ კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელი 19 მაისს ლვოვთან გმირულად დაიღუპა.


ტატიანას ძმა გავრილ რომანოვი ამ დღეს ასე იხსენებდა: „როცა ტატიანასთან მივედი, ის დიდ დარბაზში იჯდა და ძალიან მშვიდი იყო. მადლობა ღმერთს, რომ ღრმად მორწმუნე ადამიანია და უმძიმესი დარტყმა ქრისტიანული სიმშვიდით გადაიტანა. მან შავის ნაცვლად, თეთრი კაბა ჩაიცვა, რაც მის უბედურებას უფრო ხაზს უსვამდა“. იმავე საღამოს, პავლოვსკის სასახლის ეკლესიაში პანაშვიდი გაიმართა, რომელზეც რუსეთის იმპერატორი მეუღლესთან და თანმხლებ პირებთან ერთად მობრძანდა.


ბაგრატიონ-მუხრანელებმა, ეკლესიასთან შეთანხმებით, კონსტანტინეს დაკრძალვა სვეტიცხოვლის ტაძარში გადაწყვიტეს. საქართველოში გამგზავრების წინ ტატიანამ მშობლები მოინახულა. მამა-შვილი დიდხანს უყურებდა ერთმანეთს მდუმარედ. ორივე გრძნობდა, რომ ხანგრძლივი განშორება ელოდათ, თუმცა ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ეს მათი უკანასკნელი შეხვედრა იყო.


კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანელის დაკრძალვის დღეს ქართული გაზეთები წერდნენ, რომ მისმა ქვრივმა თბილისსა და მცხეთაში გასაყიდად გამოტანილი უკლებლივ ყველა ყვავილი იყიდა და სვეტიცხოვლის მიმდებარე ტერიტორია თაიგულებით გაავსო. მეუღლის დაკრძალვიდან ორი დღის შემდეგ ტატიანამ მამის გარდაცვალების მაუწყებელი დეპეშა მიიღო. 56 წლის კონსტანტინე რომანოვს ომში გარდაცვლილი შვილის, სიძისა და დანარჩენ შვილებზე დარდმა ბოლო მოუღო, თუმცა მას სხვებზე მეტად გაუმართლა - ისე წავიდა, რომ არ გაუგია, რა ბედი ეწია რომანოვების დინასტიას რევოლუციის შემდეგ... ბოლშევიკებმა მთელი სამეფო ოჯახი ამოწყვიტეს. დახვრიტეს ტატიანას ბიძა დიმიტრი რომანოვი, ალაპაევსკის მაღაროში ცოცხლად ჩაყარეს ტატიანას ღვიძლი ძმები და დეიდა ელიზავეტა თევდორეს ასული. ერთმანეთზე მიყოლებულ უბედურებას ტატიანა რომანოვა საოცარი სიმშვიდით შეხვდა. რწმენა მას უბედურების გადატანაში დაეხმარა.


მიუხედავად იმისა, რომ სამეფო ტახტზე უფლებები აღარ ჰქონდა, ტატიანასა და მისი შვილების რუსეთში დარჩენა მაინც სახიფათო იყო. რომანოვების ასულმა, განსვენებული ბიძის ადიუტანტის ალექსანდრე კოროჩენცევის დახმარებით, რუსეთი კიევის გავლით დატოვა და რუმინეთში გადავიდა, სადაც ის ნათესავმა, დედოფალმა მარიამ შეიფარა, შემდეგ კი შვეიცარიაში გადავიდა. სამშობლოდან ბევრი არაფერი წაუღია, თუმცა დედის ნაჩუქარი წიგნი თამარ მეფეზე ყველგან თან დაჰქონდა. ტატიანა მშვენივრად ხვდებოდა, რომ კოროჩენცევის დახმარების გარეშე შვილებიანად დაიღუპებოდა, ამიტომ როცა სამშვიდობოს გასულს კოროჩენცევმა ცოლობა სთხოვა, დასთანხმდა. ადიუტანტი არა მხოლოდ მზრუნველი მეუღლე, არამედ თეიმურაზ და ნატაშა ბაგრატიონ-მუხრანელებისთვის მოსიყვარულე მამაც აღმოჩნდა...
თუმცა, რომანოვების ასულს ქალური ბედნიერება არ ეწერა - ქორწინებიდან სამი თვის შემდეგ ადიუტანტი დიფტერიით დაავადდა და გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალმა ეს დარტყმაც ვაჟკაცურად გადაიტანა. ამ დროისთვის მას ნათესავებისა და ახლობლების უმეტესობა უკვე დაკარგული ჰყავდა. მარტოდმარტო დარჩენილმა ტატიანამ საკუთარი თავი შვილების აღზრდას მიუძღვნა და ყველაფერი იღონა, რომ მათ ღირსეული განათლება მიეღოთ. შემდეგ კი გააკეთა ის, რაზეც მამამისი ოცნებობდა - 1946 წელს  შვეიცარიაში მონაზვნად აღიკვეცა და საქართველოს უდიდესი მეფისა და წმინდანის პატივსაცემად, საეკლესიო სახელად თამარი აირჩია. შვეიცარიიდან დედა თამარი პალესტინაში გაემგზავრა და 5 წელი გაატარა ბიძის, ალექსანდრე მესამის მიერ აშენებულ მარიამ მაგდალინელის ტაძარში. სწორედ აქ განისვენებდა მისი ბიცოლა ელიზავეტა თევდორეს ასული. დედა თამარისთვის ეს ადგილი მხოლოდ სიწმინდეს კი არა, დაკარგული სამშობლოს ნაწილსაც წარმოადგენდა.
1951 წლიდან დედა თამარი იერუსალიმის წმინდა ამაღლების ქალთა მონასტრის წინამძღვარი გახდა. მონაზვნებს ძალიან უყვარდათ ბრძენი და კეთილი წინამძღვარი და სიყვარულით მას მეფური იღუმენია შეარქვეს.
ტატიანა რომანოვა 89 წლის ასაკში, ღვთისმშობლის მიძინების დღეს გარდაიცვალა და თან წაიღო ქართველი თავადის საარაკო სიყვარული, რომელმაც სამეფო ტახტი დაათმობინა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?