„სიკვდილს დავცინი...“ - ფრიდა კალოს ფარული სიყვარული და ძლიერების საიდუმლო

სიყვარულის ისტორიები

9 თებერვალი 20:00, 2017 წელი

მან მოახერხა, გადაბმული წარბები და საულვაშეზე წამოზრდილი თმა ეგზოტიკურ სილამაზედ და საკუთარ უპირატესობად ექცია; ერთდროულად ყოფილიყო სუსტი და ძლიერი, ამბიციური და თავმდაბალი, ხეიბარი და ულამაზესი. ის ისტორიაში, შემოქმედების გარდა, თავისი მგზნებარე ტემპერამენტის წყალობით შევიდა. „მე არასოდეს ვხატავ სიზმრებს ან კოშმარებს. მე საკუთარ რეალობას ვხატავ“, - ამბობდა მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილი მხატვარი ქალი ფრიდა კალო.

ფრიდა ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. მას იმდროინდელ მექსიკელ კინოვარსკვლავებზე ხშირად უღებდნენ ფოტოებს, თუმცა კადრებში მხოლოდ კალოს ცხოვრების ნათელი მხარე ჩანდა, ფიზიკური და სულიერი ტკივილი კი კადრს მიღმა რჩებოდა.


ფრიდა კალო დე რივიერა 1907 წლის 6 ივლისს, მეხიკოში დაიბადა.
ადრეული ბავშვობიდან გართულებული პოლიომიელიტი სტანჯავდა, რომელმაც კიდურების სიმახინჯე  დაუტოვა.
ბევრი მხატვრისგან განსხვავებით, ფრიდა მხატვრობით ბავშვობიდან არ დაინტერესებულა და სამედიცინო განხრით სწავლა არჩია.


 





18 წლის იყო, როცა ავტობუსით მგზავრობისას საშინელ ავტოკატასტროფაში მოყვა. ექიმებმა სიცოცხლე შეუნარჩუნეს, მაგრამ ხერხემლის სამი და დასახიჩრებული ფეხის 11 მოტეხილობა, დამტვრეული ნეკნები და დაზიანებული საშვილოსნო მთელი ცხოვრება უშვილო ინვალიდად დარჩენას უქადდა.
ფრიდამ ხერხემალზე უამრავი ოპერაცია გაიკეთა და სიარული თავიდან ისწავლა, მაგრამ აუტანელი ტკივილებისგან დატანჯული, ტკივილგამაყუჩებელზე დამოკიდებული გახდა.
ავტოკატასტროფის შემდეგ ფრიდამ სამედიცინო სასწავლებელი მიატოვა და მამას საღებავები და ფუნჯები სთხოვა.
ლოგინის თავზე დაკიდებული სარკე საშუალებას აძლევდა, ტკივილი ტილოზე გადაეტანა. ასე შეიქმნა კალოს პირველი ავტოპორტრეტი.

მის ადგილას ბევრი ფარ-ხმალს დაყრიდა და ბედს შეეგუებოდა, მაგრამ ფრიდა ამისთვის არ იყო შექმნილი. ის ინვალიდის სავარძლით ცდილობდა, ვალსი ეცეკვა და მოტეხილ ფეხზე დადებულ თაბაშირზე პეპლებს ხატავდა. „სიკვდილს დავცინი, რომ არ წამართვას ის საუკეთესო, რაც ჩემშია“, - ამბობდა ქალი.


მოგვიანებით, ფრიდას ცხოვრებაში მექსიკელი მხატვარი და ცნობილი მექალთანე დიეგო რივერა გამოჩნდა, რომელსაც ფრიდამ თავისი ცხოვრების მეორე კატასტროფა უწოდა. ქალი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა 20 წლით უფროსი მხატვრის გულის მონადირებას და საბოლოოდ მიზანს მიაღწია, თუმცა წყვილის ურთიერთობა სამართებლის პირზე სიარულს ჰგავდა. რივერა ცოლს გამუდმებით ღალატობდა და დაუსრულებელ რომანებს აბამდა, რაც ფიზიკურ ტკივილებზე სულიერს ამატებდა. რივერასთან ცხოვრება ომს წააგავდა - ერთმანეთს სტანჯავდნენ, თუმცა უერთმანეთობა უჭირდათ. ქმართან ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე მისულ ურთიერთობას სამი მკვდრადშობილი ბავშვიც დაემატა და ფრიდას ოცნებას - დედა გამხდარიყო, სამუდამოდ დაესვა წერტილი. მხატვარი საშინლად განიცდიდა უნაყოფობას და შინაგანი ტკივილები ნახატებში გადაჰქონდა, ხალხში კი ძველებურად ხალისიანი, ლამაზი და ძლიერი ჩნდებოდა. ჯანმრთელობის გაუარესებასთან ერთად, სიცოცხლისკენ სწრაფვა უძლიერდებოდა, რასაც კაშკაშა და ფერადოვანი სამოსით და თმაში უხვად ჩაწნული ყვავილებით გამოხატავდა.

ფრიდას მოთმინების ფიალაში ბოლო წვეთი საკუთარ დასთან ქმრის ღალატი აღმოჩნდა. „შევეცადე, ჩემი დარდები როგორმე დამეხრჩო, მაგრამ ამ ნაძირალებმა ცურვა ისწავლეს“, - წერდა მხატვარი დღიურში, რომელსაც 1944 წლიდან სიკვდილამდე აწარმოებდა.


საბოლოოდ, ქალმა გააცნობიერა, რომ, ფიზიკური თუ მორალური ტანჯვის გარდა, სიამოვნებისა და ცხოვრებით ტკბობის უფლებაც ჰქონდა.
სწორედ ამ დროს მის ცხოვრებაში კატალონიელი მხატვარი და პოლიტიკური დევნილი ხოზე ბარტოლი გამოჩნდა, რომელიც ესპანეთში გაჩაღებულ სამოქალაქო ომს ამერიკაში გაექცა.
ფრიდა და ბარტოლი ერთმანეთს ნიუ-იორკში, ხერხემლის მორიგი ოპერაციის შემდეგ შეხვდნენ, როცა ქალი სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა. მექსიკაში დაბრუნების შემდეგ მათი საიდუმლო რომანი დისტანციურად გრძელდებოდა. რამდენიმეწლიანი მიმოწერა კალოს ნახატებში, ჯანმრთელობაზე და ქმართან ურთიერთობაზე აისახა.
„სასიყვარულო ბარათების წერა არ ვიცი, მაგრამ მინდა, გითხრა, რომ მთელი ჩემი არსება შენთვის გადამიშლია. რაც შემიყვარდი, ჩემში ყველაფერი აირია და სილამაზით აივსო. სიყვარული თითქოს საოცარი არომატი, ელექტროენერგია და წვიმაა“.

„ნუ მეტყვი უარს სხვა თხოვნაზე, რომელიც ყველაფერს მოიცავს, რასაც შენს მიმართ ვგრძნობ და რაც მხოლოდ სიყვარულით აიხსნება“, - წერდა ფრიდა ხოზესთვის 1946 წელს გაგზავნილ ბარათში.


მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდნენ და ერთმანეთს იშვიათად ხედავდნენ, მხატვრების ურთიერთობა სამ წელზე მეტხანს გაგრძელდა. მგრძნობიარე და პოეტური ნახატების საშუალებით, ისინი ერთმანეთს სიყვარულში უტყდებოდნენ.  
ორმაგი ავტოპორტრეტი „იმედის ხე“ ფრიდამ ბარტოლისთან ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ შექმნა.
„გუშინ საღამოს ისეთი განცდა მქონდა, თითქოს თითების ბოლოები ტუჩებად იქცა, რომლებიც ჩემს კანს კოცნიან. ჩემი სხეულის ყველა უჯრედი შენ გეკუთვნის და ისინი ერთად ფეთქავენ, იმდენად ძლიერად გვიყვარს ერთმანეთი. მინდა, ვიცოცხლო და ძლიერი ვიყო, რომ მთელი სინაზით მიყვარდე და ყველაფერი მოგანიჭო, რასაც იმსახურებ, რათა თავი მარტოსულად არასოდეს იგრძნო“, - წერდა კალო 1946 წლის 29 აგვისტოს.


 


 





ფრიდას ბიოგრაფი ჰეიდენ ერერა აღნიშნავს, რომ ბარტოლისთვის გაგზავნილ წერილებს ფრიდა „მაარას“ სახელით წერდა. სავარაუდოდ, ეს „Maravillosa“-ს (შესანიშნავი) შემოკლებული ვარიანტია, ბარტოლი კი ბარათებს „სონიას“ სახელით პასუხობდა. ასეთი კონსპირაცია დიეგოს ეჭვიანობის გამო გახდა აუცილებელი. მოღალატე ქმარმა მშვენივრად იცოდა, რომ უამრავი ფიზიკური ნაკლის მიუხედავად, ფრიდა მამაკაცებისთვის სასურველი ქალი იყო. ამბობენ, რომ ბარტოლის შემდეგ, მას რომანები ისამუ ჰოგუჩისა და ჯოზეფინა ბეიკერთან ჰქონდა. რივერა, რომელიც ცოლს გამუდმებით ღალატობდა, ფრიდას ქალებით გატაცებაზე თვალს ხუჭავდა, თუმცა მამაკაცებზე საშინელი რეაქცია ჰქონდა. 

თაყვანისმცემლებისგან განსხვავებით, დიეგო რივერა ცოლს გამუდმებით სტანჯავდა. მისი საყვარელი გამოთქმა იყო - რაც უფრო მეტად მიყვარს ქალი, მით უფრო მეტად მინდა, რომ ტკივილი მივაყენო. 
თუმცა, ფრიდა ტკივილის დამატებას არ საჭიროებდა. მისი ავადმყოფობა სულ უფრო პროგრესირებდა და მალე მხატვარს სიარულის უნარი წაართვა.
1950 წელს ხერხემალზე შვიდი ოპერაცია გაუკეთეს და ცხრათვიანი წოლითი რეჟიმი დაუნიშნეს. 1952 წელს კი ფეხის ამპუტაციაც ჩაუტარეს.



1953 წელს მეხიკოში მოწყობილ პირველ პერსონალურ გამოფენაზე მხატვარი საკაცით შეიყვანეს. მომღიმარი ქალი, თმაში ჩაწნული ყვავილებითა და ხელში სიგარეტით, თავად სიმშვიდეს განასახიერებდა.  
ფრიდა კალო 1954 წლის 13 ივლისს, 47 წლის ასაკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

ხოზე ბარტოლიმ ფრიდას 100-ზე მეტი წერილი სიცოცხლის ბოლომდე სათუთად შეინახა. 1995 წელს ბარტოლის გარდაცვალების შემდეგ წერილები მისი ოჯახის ხელში გადავიდა. ვარაუდობენ, რომ აუქციონზე მათი ღირებულება 120 000 დოლარზე მეტი იქნება.





უკვე მრავალი წელია, რაც ფრიდა კალო მხატვრებისა და მოდელიერების შთაგონების წყაროა, ამიტომ ჩნდება კითხვა - რა არის ამ საოცარი ქალისა და უდიდესი მხატვრის საიდუმლო?
ფრიდა კალოს შოკისმომგვრელი ნახატები სიცოცხლის სასტიკ რეალობას ასახავს, სადაც ყოველი წუთი პიროვნული თავისუფლებისთვის და ქალად ყოფნისთვის ბრძოლაა. შესაბამისად, ფრიდას საიდუმლო, ცხოვრებისეული სირთულეებისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, ქალად დარჩენისა და სიცოცხლის სიყვარულის ნიჭია.
„მხიარულად ველი წასვლას და იმედი მაქვს, აღარასოდეს დავბრუნდები“, - ეს უკანასკნელი ჩანაწერია მხატვრის დღიურში.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?