„ვეფხისტყაოსნის“ საიდუმლო და თამარ მეფეზე გამიჯნურებულთა სასტიკი ბედისწერა

სიყვარულის ისტორიები

13 თებერვალი 14:00, 2016 წელი

რა საიდუმლოს მალავს „ვეფხისტყაოსანი“, რატომ ეტრფოდნენ თამარ მეფეს და რა სასტიკი ბედისწერა სდევდა მასზე უიმედოდ გამიჯნურებულთ? გიორგი მესამის მცირეწლოვანი ასული, „ქალი ქმნულ-კეთილი, ყოვლითურთ უნაკლო და შესატყვისი“, რომელსაც განგებამ სახელმწიფოს მართვა არგუნა.


1179 წელს, ორბელთა აჯანყების ჩახშობის შემდეგ, გიორგი მესამემ თამარი თანამმართველად გამოაცხადა. დიდებულებმა მუხლი მოიყარეს 12 წლის მონარქის წინაშე, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ, 1184 წელს სახელმწიფოს ერთპიროვნული მმართველი გახდა.
ქალის სამეფო ტახტზე აყვანა არამარტო მაჰმადიანური, იმდროინდელი ქრისტიანული სამყაროსთვისაც უჩვეულო ამბავი გახლდათ, მაგრამ თამარის მომხრეებს ურყევი არგუმენტები ჰქონდათ: საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა იყო, რომელიც ქრისტიანულ სარწმუნოებაზე ქალმა მოაქცია.


მცირე ასაკის მიუხედავად, თამარი გამოირჩეოდა „გონებითა არა ყრმებივითა, არამედ მეცნიერითა, ცნობიერითა, გონიერითა და შუენიერითა“. 
„მასში გაერთიანებული იყო ქალის მომხიბლავი მშვენიერება და ვაჟკაცური მამაცობა. სახელმწიფო მოღვაწის სიბრძნე და უმანკო, ყოვლად მოწყალე, განურისხებელი გული“. (ივანე ჯავახიშვილი)


გასაოცარი გარეგნობისა და იშვიათი პიროვნული თვისებების მქონე თამარს მრავალნი ეტრფოდნენ, მაგრამ მეფე-ქალზე უიმედოდ გამიჯნურებულთ სასტიკი ბედისწერა სდევდა.
თამარ პაიჭაძისა და თამარ შარაბიძის წიგნში „რომანული ეპიზოდები“ თამარ მეფის ცხოვრების ამ ეპიზოდებზეა ყურადღება გამახვილებული.


 


„ერთხელ ლოცვით დაღლილ თამარ მეფეს ჩასძინებია და საოცარი სიზმარი უნახავს: მშვენიერი ადგილი, სამოთხის მსგავსი, სადაც მრავალი ტახტი იდგა. ზოგი ოქროსი, ზოგიც ვერცხლის, ზოგიც ძვირფასი თვლებით ნაჭედი. ისინი ცალკეულ ადამიანთათვის იყო განკუთვნილი მათი ნაქმნარის მიხედვით. ერთი ტახტი ამაღლებულ ადგილას იდგა და ყველასგან გამოირჩეოდა. თამარიც ამ ტახტისკენ წასულა, დაჯდომა უნდოდა, მაგრამ უფლება არ მისცეს. ძალიან გაუკვირდა მეფეს: მე თუ არა, მაშ ვის ეკუთვნისო? თამარს უპასუხეს, რომ ტახტი მისი დიასახლისისა იყო, რომელმაც თორმეტ მღვდელს თავისი ხელით შესამოსავი მოუქსოვა, ამიტომაც დიასახლისი თამარს აღემატებოდა, მეფისთვის კი სხვა დიდებაც კმაროდა. მისი ადგილი უფრო ქვევით იყო და თამარს ყველაზე უმდარესი ტახტისკენ მიუთითეს. გამოეღვიძა მეფეს, დაუძახა დიასახლისს და ყოველივე გამოჰკითხა. ქალმა დაუდასტურა, რომ მართლაც მოუქსოვა მღვდლებს შესამოსელი. ამის შემდეგ, თამარმა ალექსანდრიიდან ჩამოტანილი მატყლის დართვა და შესამოსლების ქსოვა დაიწყო. ქსოვდა მანამ, სანამ 12 არ მოქსოვა. თამარი ხელსაქმეს მიეჩვია. ის, ძირითადად, ღამე შრომობდა, თავის ნაშრომს კი ფარულად ყიდდა. აღებულ ფულს გლახაკებს ურიგებდა და თავისთვისაც ყოველდღიურ საკვებს იმზადებდა. სამეფო შემოსავალს არც პირადი ინტერესებისთვის და არც ქველმოქმედებისთვის არ იყენებდა“.



პროფესორი თამარ შარაბიძე აქცენტს თამარ მეფის თავმდაბლობაზე, მიმტევებლობასა და უბრალო ადამიანებთან სიახლოვეზე აკეთებს. მისი თვალით დანახული თამარი მონარქია, რომელიც ჯვრით ხელში, ფეხშიშველი მიუძღოდა ჯარს და ღამეებს ათენებდა ხალხისა და ქვეყნისთვის ლოცვაში. ქალი, რომელიც ყველაზე მტკივნეულ პრობლემასაც კი მშვიდობიანად აგვარებდა და ჭირივით სძულდა სიკვდილით დასჯა და დამასახიჩრებელი სასჯელები. თამარი მოღალატეებსაც კი არ უსწორდებოდა სასტიკად და მხოლოდ თანამდებობიდან გადაყენებას აკმარებდა. როცა დამნაშავე სიკვდილით, თვალების დათხრით ან დასაჭურისებით უნდა დასჯილიყო, თამარი თავისი უფლებით სარგებლობდა და სასამართლოს განაჩენს „მოწყალებით“ ცვლიდა. ამ გზით გააუქმა და მოსპო საქართველოში ამგვარი სასჯელები. მიუხედავად ამისა, საქართველოში დანაშაულებმა იკლო. აღარ იყო მტაცებლობა, მეკობრეობა და ქურდობა. 


გასაოცარი სილამაზითა და იშვიათი პიროვნული თვისებებით შემკულ მონარქზე ახლობელ თუ შორეულ სახელმწიფოთა უფლისწულები იყვნენ შეყვარებულნი, თუმცა ბედისწერამ სოდომური ცოდვით დამძიმებულ ივანე რუსთან შეუღლება არგუნა...  
თამარისთვის ღირსეული მეუღლის შერჩევა დიდებულების ბჭობის საგნად იყო ქცეული. ერთ-ერთ ასეთ თათბირზე თბილისის ამირა აბულასანმა რუსეთის მთავრის შვილის კანდიდატურა წამოაყენა, რომელიც ბიძისგან დევნილი, იმჟამად ყივჩაღეთში იმყოფებოდა. საბჭოს ეს წინადადება მოეწონა, რადგან რუსები ქართველებივით მართლმადიდებელი ქრისტიანები იყვნენ და თანაც სამშობლოდან განდევნილი სასიძო მაინც ძლიერი ქვეყნის შვილად  მიაჩნდათ. მისი საქართველოში ჩამოყვანა დიდვაჭარ ზანქან ზორაბაბელს მიანდეს. სასიძო სასიამოვნო გარეგნობის აღმოჩნდა. დიდებულებმა და ვაზირებმა მოიწონეს. თამარი კი ყოყმანობდა და თანხმობას არ აცხადებდა. ამბობდა: „მშვენიერი რამ არის, განა შინაგანი მშვენიერებაც აქვსო?“ თამარი რომ ვერ დაიყოლიეს, დიდებულებმა თამარის მამიდა და გამზრდელი რუსუდან დედოფალი დაიმოწმეს და თითქმის იძულებით, „ნება-დაურთავი“ ქორწილი გადაიხადეს.

თამარის ქმარი უკეთური გამოდგა. მას სოდომური ცოდვა აღმოაჩნდა. თამარმა ეს იმთავითვე შეიტყო და ორი წელი ითმენდა, სანამ დაფარული ჭირი დიდებულებმა და ვაზირებმაც არ შეიტყვეს. ამ ამბავმა ყველა აღაშფოთა. თამარმა შეკრიბა სასულიერო პირები და დიდებულები და მათ წინაშე გააფრთხილა ქმარი, რომ, თუ არ გამოსწორდებოდა, გაეყრებოდა. გიორგი რუსის გადასხვაფერება ვერ მოხერხდა, ამიტომაც მისი ბედი გადაწყდა - ის საქართველოდან გააძევეს. მოწყალე გულის თამარს მაინც ეცოდებოდა და ცრემლით გააცილა საქართველოდან უღირსი ქმარყოფილი, თან აურაცხელი ლარი და სიმდიდრე გაატანა.


„უბედური რუსი“ გააძევეს თუ არა, კვლავ გამოჩნდნენ თამარის ქმრობის მაძიებელნი. მახლობელ თუ შორეულ სახელმწიფოთა უფლისწულები, ქრისტიანები თუ მაჰმადიანები.
თამარს ორი ძმა ეახლა - ოვსთა მეფის შვილები. ახოვანი და მშვენიერი მხედრები. თამარს ძმებმა შესთავაზეს, მათგან ერთ-ერთი ამოერჩია, თუკი რომელიმეს ღირსად ჩათვლიდა, თუმცა ისინი უკანვე გაისტუმრეს. ერთ ძმას, სახელად ნიქოზს, თამარის სიყვარული და სურვილი ისე შეეყარა, რომ ვეღარ გაუძლო, ბნედა დაემართა და გზაშივე გარდაიცვალა.
ერთი უფლისწული კი - სულთან ყიასდის ძე - მამამისმა შეიპყრო, რადგან თამარის გამო მაჰმადიანობა დათმო.
სალდუხის ძე მუტაფრადინი თამარის წინაშე დიდძალი ლაშქრით, მრავალი დიდებულით, მონით, საჩუქრითა და სიმდიდრით წარდგა. თამარმა მას დარბაზობა გაუმართა და პატივით დასვა თავისი ტახტის გვერდით. საქართველოს სამეფო კარზე მუტაფრადინმა თითქმის მთელი წელი დაჰყო. მას კარგად უმასპინძლეს, მაგრამ თამარის ღირსად მაინც არა ცნეს და მისი ნახევარდა, გიორგი მეფის „ხარჭისგან ნაშობი“ შერთეს ცოლად, ამიტომ თვალცრემლიანი გაბრუნდა უკან.
ამის შემდეგ, შირვანშა აღსართიანი მოვიდა საქართველოში სტუმრად. არც საჩუქრები დაიშურა და ქრთამითაც კი სცადა მოესყიდა სამეფო კარი. მზად იყო, თამარის გამო რჯულიც დაეთმო, მაგრამ ქართველი დიდებულები გიორგი რუსის მერე უცხო ქვეყნის უფლისწულებთან ფრთხილობდნენ.
ბოლოს, აზრად მოუვიდათ, ოვსთა უფლისწული დავით სოსლანი აერჩიათ მეფისთვის საქმროდ, რომელიც თამარის მამიდასთან - რუსუდანთან იზრდებოდა. დედით ბაგრატიონი იყო, მამით კი ოვსთა მეფის ძე. ამის შესახებ დედოფალ რუსუდანს მოახსენეს. მას არა მარტო გაუხარდა, არამედ თავად შეეხვეწა და ურჩია თამარს, დასთანხმებულიყო. დავით სოსლანი დიდებული მეუღლე გამოდგა. თამარს მისგან შეეძინა ტახტის მემკვიდრე ლაშა-გიორგი და ასული - რუსუდანი. დავით სოსლანმა, თამართან ერთად, 23 წელი იმეფა. ამ ხნის განმავლობაში გიორგი რუსმა ორჯერ სცადა საქართველოში დაბრუნება და ტახტის ხელში ჩაგდება, მაგრამ უშედეგოდ.


ვინ იყო „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი, რა ურთიერთობა ჰქონდა თამართან და იმალება თუ არა, შოთა რუსთაველის სახელის უკან სისხლისმიერ ნათესავზე უიმედოდ შეყვარებული დემნა ბაგრატიონი?


მკვლევარი ამ მიმართულებითაც საინტერესო მოსაზრებებს გვთავაზობს.
როგორც ვხედავთ, თამარის მოტრფიალეთა რიცხვი საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ დღევანდელობას მხოლოდ ერთის სახელი შემორჩა, რომელიც თამარის დროის ისტორიკოსებს არც კი უხსენებიათ. 
ეს ერთი შოთა რუსთაველია. 
ყველაზე მეტად მან დაამტკიცა მეფე-ქალის სიყვარული. შეთხზა და თამარს მიუძღვნა ქართველებისთვის თითქმის ბიბლიის ტოლფასი ქმნილება  „ვეფხისტყაოსანი“. 
შოთამ „ვეფხისტყაოსანში“ შეფარვით აქო მეფე თამარი და მისდამი სიყვარული გამოხატა: 
„დავუძლურდი მიჯნურთათვის კვლა წამალი არსით არი, ანუ მომცეს განკურნება, ანუ მიწა მე სამარი!“


მართალია, მკვლევარები აღნიშნავენ, რომ თამარს, როგორც მეფე-ქალს, იმ დროისათვის ყველა ეტრფოდა და რუსთაველის გრძნობაც მხოლოდ პატრონისადმი ყმური და პოეტური სიყვარულის დადასტურებაა, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი მხურვალე გრძნობა მეფისადმი არავის გამოუხატავს. რუსთაველის გრძნობით აღსავსე პოემა შეუმჩნეველი არ დარჩენია ხალხს, ამიტომ შეიქმნა ლეგენდა შოთასა და თამარის სიყვარულის შესახებ. ლეგენდა შესაძლოა, მხოლოდ ხალხის ფანტაზიის ნაყოფი იყოს, მაგრამ ერთი რამ ცხადია - რუსთაველმა შეფარვით აქო მეფე-ქალი, რაც პოემის იდეალურ გმირ ქალებში თამარის სახით არსებობას უნდა გულისხმობდეს.


ბოლო წლებში თამარისა და შოთას სიყვარულის შესახებ კიდევ ერთი საინტერესო ვერსია შეიქმნა.
პოეტმა თამარ ერისთავმა გამოთქვა მოსაზრება, რომ „ვეფხისტყაოსანი“ დაწერა თამარ მეფის ბიძაშვილმა დემნა ბაგრატიონმა, რომელსაც თამარი უყვარდა, მაგრამ ამის გამომჟღავნება შეუძლებელი იყო, რადგან ისინი სისხლით ნათესავები იყვნენ. სიყვარულში იმედდაკარგულმა და პოლიტიკაში დამარცხებულმა დემნამ დაწერა „ვეფხისტყაოსანი“, სადაც ტარიელის სახეში საკუთარ თავს გულისხმობდა, ხოლო ნესტან-დარეჯანში - თამარს. თხზულებას თავის სახელით ვერ გაავრცელებდა, ამიტომ ავტორობა რუსთაველს მიაწერა...


დემნა უფლისწული დავით მეხუთის ერთადერთი მემკვიდრე იყო. მამამისმა ცოტა ხანს იმეფა და მალევე გარდაიცვალა. მე-13 საუკუნის ისტორიკოსის სტეფანოზ ორბელის ცნობით, სიკვდილის წინ დავითმა დიდებულებსა და თავის უმცროს ძმას გიორგის ჩააბარა მცირეწლოვანი უფლისწული.
ძმის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე გიორგი მესამე ავიდა იმ პირობით, რომ, როგორც კი დემნა სრულწლოვანი გახდებოდა, გვირგვინს მაშინვე გადასცემდა.
პირობის შეუსრულებლობის გამო, დიდებულთა ნაწილი დემნას მიემხრო და გიორგის შეებრძოლა. აჯანყებულები მაშველი ჯარის მოლოდინში ლორეს ციხეში გამაგრდნენ.
დემნა უფლისწულს გვერდით ედგა სიმამრი ივანე ორბელი, მისი ძმა ლიპარიტ ორბელი კი 60 000 მხედრით სპარსეთიდან დასახმარებლად მოდიოდა. აჯანყებულთა პოზიცია საკმაოდ ძლიერი იყო, მაგრამ გაუგონარი რამ მოხდა - დემნა ღამით თოკით გადმოეშვა ციხიდან, ბიძასთან მივიდა და სიცოცხლის შენარჩუნება სთხოვა. გიორგიმ მას თვალები დასთხარა და დაასაჭურისა. ხოლო ორბელთა გვარი ძირფესვიანად გაწყვიტა. იმდროინდელი მემატიანე აღნიშნავს, რომ დემნას „მიაგეს მისაგებელი“.
მისი სიკვდილის ვერსია კი უფრო მოგვიანებით გაჩნდა ლაშა-გიორგის დროინდელ თხზულებაში: დემეტრე მოკვდა და მცხეთაში დამარხესო.



ზოგიერთი თანამედროვე ისტორიკოსი დემნა უფლისწულის ამბოხების მსგავსებას „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტში ხედავს. თამარ ერისთავის აზრით კი, თამარის „შეფარვით ქება“ ნაწარმოებში სხვა ამბების შეფარვასაც გულისხმობს. კერძოდ იმას, რომ ტარიელის თავგადასავალში დემნას, ანუ რუსთაველის, ფარული ბიოგრაფია წარმოჩინდება.
დემნა ბატონიშვილი ტარიელივით ტახტის მემკვიდრედ იზრდებოდა, ეტრფოდა თამარს, მაგრამ ვერ ამჟღავნებდა. დემნას ცოლად შერთეს ორბელის ქალი - ქვეშევრდომის და არა სამეფო გვარის ასული, რითაც ჩამოაშორეს სამეფო ტახტს.  
„დემნას, როგორც ტარიელს, სიყვარული აძლევდა ბრძოლის სტიმულს, მაგრამ თამარის სიყვარულს ის აშკარად ვერ განაცხადებდა და მხოლოდ მეფობისთვის უნდა გამოედო თავი“.
ამიტომაც ოფიციალურად ის ტახტისთვის აჯანყდა. მალე კი მისთვის ცხადი გახდა ბრძოლის გარდაუვალი შედეგი: ბიძაშვილებს შორის გადაულახავ ზღუდედ ქრისტიანული მორალი იდგა.
დემნა არჩევანის წინაშე დადგა: ტახტი თუ სიყვარული?
„მეფობა მის გულში მხოლოდ თამარის სიყვარულთან თანაარსებობდა“, ამიტომაც ხელი აიღო ბრძოლაზე და ბიძას დამორჩილდა.
კითხვაზე - რა ბედი ეწია დემნას ამბოხების შემდეგ, პასუხი, თამარ ერისთავის აზრით, „ვეფხისტყაოსანში“ უნდა ვეძიოთ. კერძოდ, უცხო მოყმის ეპიზოდში, რომელიც დემნა უფლისწულის გადარჩენისა და მისი საქართველოდან გადაკარგვის ფაქტს გვაუწყებს.
„დემნას სიყვარული მეფობაზე აღმატებული აღმოჩნდა“, რადგან სატრფოსთან მიახლების მიწიერი გზა დაკარგა, მან ცხოვრების მიზნად სიყვარულის არსის ძიება დაისახა. ქაჯეთის ციხეში დატყვევებული ნესტანი სიმბოლურად განასახიერებს ამ იდეას. მისი დახსნა კი სიყვარულის „პოეზიის მარადისობაში გარდასახვაა“.


რა თქმა უნდა, ამ ვერსიას ჭეშმარიტებაზე პრეტენზია ვერ ექნება და თამარ შარაბიძეც მკითხველს უტოვებს არჩევანს, თავად გადაწყვიტოს, რეალური ისტორია დაინახოს თუ ფანტაზია.


ერთი რამ კი ცხადია - თამარი ყველას უყვარდა: ერსაც და ბერსაც. უყვარდათ, როგორც მეფე, უყვარდათ, როგორც სატრფო. მემატიანის სიტყვით, მასზე გამიჯნურებული ხელმწიფენი ვეღარ თმობდნენ მის სურვილს. რატომ უყვარდა ყველას თამარი, ამ კითხვის პასუხს მკითხველის შინაგან სამყაროს მივანდობთ. მან განსაჯოს, თამარის სიყვარული განპირობებული იყო მისი მეფური ძლევამოსილებით, ქალური ბუნებით, ქრისტიანული შემწყნარებლობით თუ ამ ყოველივეს ჰარმონიული მთლიანობით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?