გიორგი გაგლოევი: „მე და ნაზღაიძე ნინო ჩხეიძის ქონებას ვანიავებთ!“

სტუმრად ცნობილებთან

4 იანვარი 20:00
6

გადაცემა „ადრენალინის“ წამყვანებს, მსახიობ გიორგი გაგლოევსა და ტელესახე გიორგი ნაზღაიძეს „დედა ენის“ ბაღში მაშინ შევხვდით, როცა ისინი რადიო „აფხაზეთის ხმის“ მსმენელს საახალწლო განწყობას უქმნიდნენ.

- როგორ შედგა თქვენი ტანდემი?
გიორგი ნაზღაიძე:
გადაცემა „ადრენალინი“ „აფხაზეთის ხმაზე“ მე და თამუნა მუსერიძეს უნდა წაგვეყვანა, თუმცა ბოლოს გადაწყდა, რომ გვერდით გიორგი გაგლოევი მეყოლებოდა.
გიორგი გაგლოევი: „ადრენალინი“ ოქტომბრის დასაწყისიდან მიგვყავს. ჩვენი ერთად ყოფნა ბუნებამ ინება! ფორმატის მიხედვით, მე და გიო, უბრალოდ, გადაცემის წამყვანები უნდა ვყოფილიყავით, თუმცა ბევრი სახალისო სიახლე შევიტანეთ. მათ შორის, ცნობილ სახეებთან სატელეფონო ზარი და გაშაყირება.


- ეთერში თქვენი ერთად ყოფნა რა პროცესია?
გიორგი ნაზღაიძე:
 უკვე არაერთმა მსმენელმა გვკითხა, - ისე ერთობით გადაცემის დროს, გვაინტერესებს, თქვენს სტუდიაში რა ხდებაო, ამიტომ „ფეისბუკზე“ ლაივსაც ვრთავთ ხოლმე, ოღონდ ბოლომდე არ ვამხელთ, რა ხდება შიდა სამზარეულოში. რაც კიდევ უფრო მეტ ინტერესს უჩენს ჩვენს მსმენელს, გვინდა ეს ყოველივე საიდუმლოდ დავტოვოთ.
გიორგი გაგლოევი: ცნობილი სახეებიდან ვისი გაშაყირებაც მოვინდომეთ, ბევრმა გვაქო, გვესიყვარულნენ კიდეც, თუმცა გინებაც მახსოვს. დევი დევიძეს დავურეკეთ და ვუთხარით, რომ კომპანია „სითი პარკიდან“ ვაწუხებდით, რადგან 5000 ლარი ერიცხებოდა ჯარიმა და სასამართლოზე იყო დაბარებული. რა თქმა უნდა, გადაირია კაცი! როცა გავუმხილეთ, დაწყნარდი, ნაზღო და გაგლო ვართ-თქო, თავიდან მაგრად გვაგინა, მერე კი გვესიყვარულა.
გიორგი ნაზღაიძე: გია სურამელაშვილს დავურეკეთ და ვუთხარით, რომ გია ჯაჯანიძის შოუდან ვაწუხებდით, თემა იყო ჯადოები, ვიცოდით, რომ თავადაც აკეთებდა და გვინდოდა სტუმრად მოსულიყო, სადაც ნახმარ წინდაზე იმკითხავებდა. რა თქმა უნდა, გვაგინა და გაგვითიშა.
გიორგი გაგლოევი: ერთხელ ჩვენი მეგობრის საღამო იყო, სადაც შოუბიზნესის 80-მდე წარმომადგენელი შეიკრიბა. მივედი თუ არა, ისინი, ვინც გავაშაყირეთ, დანა-ჩანგლით გაგიჟებულები გველოდებოდნენ, უნდა დაგჭრათო!
გიორგი გაგლოევი: ეთერში რა ხდება, გასაგებია, მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩვენი გადაცემა კვირა დღეს, დილის 11-ზე იწყება და გაღვიძება საკმაოდ რთული პროცესია.


- ამის გამო გადაცემის დაწყება თუ დაგიგვიანებიათ?
გიორგი ნაზღაიძე:
მიუხედავად იმისა, რომ დილით ადრე გაღვიძება ორივეს გვიჭირს, მით უმეტეს, კვირა დღეს, გადაცემაზე დაგვიანება გამორიცხულია!
გიორგი გაგლოევი: ყოველ კვირა დილით ნაზღაიძე მაღვიძებს ტექსტით: ადექი, აეთრიე, არ დაიგვიანო! ამ დროს თვითონაც ნახევრად სძინავს ხოლმე.
გიორგი ნაზღაიძე: პირდაპირ ეთერში ხშირად ვჩხუბობთ. ამას წინათ ისე წავკამათდით, გაგლოს კინაღამ ყელი გამოვჭერი!
გიორგი გაგლოევი: არადა მე ვიყავი მართალი!
გიორგი ნაზღაიძე: არ გინდა ამ თემაზე კამათი, თორემ აქაც დავცხებთ ერთმანეთს!


- თქვენი დირექტორი, მომღერალი ნინო ჩხეიძე რას გეუბნებათ გადაცემასთან დაკავშირებით?
გიორგი გაგლოევი:
ნინო საახალწლოდ ისრაელში წავიდა, მაგრამ გაგვაფრთხილა, ლაივში აუცილებლად გიყურებთ და ჭკვიანად იყავითო!
გიორგი ნაზღაიძე: ცოტა ეშინია ჩვენი ქმედებების, რადგან ხანდახან პირდაპირ ეთერში ზღვარს ვცდებით ხოლმე!
გიორგი გაგლოევი: ზღვარს გადაცდენა რას ნიშნავს, იცით? ნინო ჩხეიძეს რადიოდან ავეჯი გავუყიდეთ - ნაძვის ხე გავათამაშეთ! ასე ვანიავებთ ნინო ჩხეიძის ქონებას და მერე გვირეკავს ხოლმე, ვის ნივთებს ათამაშებთ და ყიდითო.
გიორგი ნაზღაიძე: კი ვხუმრობთ ხოლმე და ადამიანებს სხვადასხვა ნივთებს ვჩუქნით, მაგრამ ეს ნინომ ხომ არ იცის?


- ალბათ, ერთმანეთზეც ბევრს ხუმრობთ...
გიორგი გაგლოევი:
მე და გიორგი ერთმანეთის გვერდით დავდგებით და მიხვდებით, რაზე შეიძლება ვიღადაოთ!
გიორგი ნაზღაიძე: ერთმანეთს მხოლოდ სიმაღლეზე კი არა, ყველაფერზე ვეღადავებით! ჯუჯლიკას და ჩიხუახუას თუ დავუძახებ, თვითონ ალვის ხეს მეძახის. ჩვენი გადაცემის მიზანი მსმენელის გამხიარულებაა და გამოგვდის კიდეც.


- სამომავლოდ ერთად სხვა პროექტის გაკეთებასაც ხომ არ გეგმავთ?
გიორგი გაგლოევი:
 დიახ, ვაპირებთ. მე და გიორგი უცხოეთში ვართ მიწვეულები. ერთ-ერთი ქვეყნის მთავარი არხი დაინტერესდა ჩვენით და მეგაპროექტს წავიყვანთ. მოლაპარაკებაც შედგა და მალე გავემგზავრებით კიდეც.