ჯულიანა ბარ-გნარი: ჩცდ-ს აქტიური მაყურებელი არ ვარ, თუმცა გიორგი ბახუტაშვილის პერსონაჟზე, ცოტნე ცოტაშვილზე წარმოდგენა მქონდა. ერთმანეთი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გავიცანით. პიროვნულად საოცარი ადამიანია. მიხარია, რომ მისი სახით კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მეგობარი შევიძინე.
- რეპეტიციის პროცესზე რას გვეტყვით?
- ძალიან შრომისმოყვარე და ნიჭიერია. რომ არა ეს თვისებები, ვერც მიაღწევდა წარმატებას. მასთან რეპეტიციაც კი საინტერესოა. საქმეს არასტანდარტულად უდგება. ახალ ცეკვასთან დაკავშირებით რჩევებს არასდროს ელოდება. ინტერნეტში ეძებს ინფორმაციას. როლში კარგად რომ შევიდეს, ამაში მსახიობური ნიჭიც ეხმარება. გიორგის ყველა ეუბნება, რომ მეწყვილეში გაგიმართლა, გამხდარი, ბუმბულივით გოგო გყავსო. მართლაც, ამ რეჟიმის გამო ისე გავხდი, სასწორზე დადგომის მეშინია. მეუბნებიან, რომ სცენაზე ტექნიკურადაც და ვიზუალურადაც ძალიან შეცვლილი ვარ, ჩემი ჩაცმულობა ყველას მოსწონს და ამისთვის დიდი მადლობა ლაშა ჯოხაძეს.
- შეკამათება არასდროს გიწევთ?
- ბოლო რეპეტიციებზე წავკამათდით, მაგრამ ამაზე ორივემ ვიცინეთ და რეპეტიცია გავაგრძელეთ. როცა გიორგის რამე მოძრაობა ეგრევე არ გამოსდის, ცოტა ნერვიულობს. ორკვირიან უძილობას რეპეტიციაზე შეკამათება რომ მოჰყვეს, ეს ბუნებრივიც არის. მთავარია, ერთი მიზანი გვაქვს. ორივე მაქსიმალისტები ვართ და ძალებს არ ვიშურებთ.
- საკმაოდ ძლიერი კონკურენციაა...
- სიტუაცია ძალიან დაიძაბა, თუმცა როცა ჩემ ირგვლივ დიდი კონკურენციაა, სტიმული მემატება. საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი გვყავს. მათგან წამოსული დადებითი ენერგია მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს.
- „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პერიოდში, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდება, საკუთარ სტუდიაში მისვლას და ბავშვების მეცადინეობასაც ახერხებთ?
- გასულ წელს სწორედ ამის გამო ვთქვით მონაწილეობაზე უარი მე და ოთო ფოლადაშვილმა. სტუდიაში სტაბილურად ვერ ვივლიდით და ეს ჩვენი აღსაზრდელების მშობლებსაც ვუთხარით. ოღონდ მონაწილეობა მიიღეთ და გვერდში დაგიდგებითო, გვითხრეს და წელს ასეც მოხდა. მათგან დიდ თანადგომას ვგრძნობ. როცა მე არ მცალია, ბავშვებს ჩემი შემცვლელი ამეცადინებს.
- პროექტის დასრულების შემდეგ თქვენი საზაფხულო გეგმა როგორია?
- პროექტი დამთავრება თუ არა, სამ დღეში, მეგობრებთან ერთად, თურქეთში მივფრინავ დასასვენებლად. ევროპაში მინდოდა წასვლა, მაგრამ მივხვდი, რომ სიარულისა და ქალაქის დათვალიერების თავი არ მექნებოდა.