თუ სამსახურში არ არის, სახლში ყოფნა უყვარს. მეგობრებსაც ხვდება, გარკვეულ დღეებში, მაგრამ სახლში ყოფნა ყველაფერს ურჩევნია. ყველაზე კომფორტულად თავს სამზარეულოში გრძნობს, უყვარს „გემრიელობების“ მომზადება ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის და საკუთარი თავისთვისაც. შემოქმედებითი ექსპერიმენტები სამზარეულოში მისი ჰობია. „სახლი ზოგადად ის ადგილია, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს. ჩემთვისაც ასეა, არა აქვს მნიშვნელობა, ახალია თუ ძველი, დიდია თუ პატარა, მთავარია, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში იყო, რაც სახლს უფრო მეტ სიმყუდროვეს მატებს.
ბაბილინას, იგივე ნატო სულხანიშვილს, ორი შვილი ჰყავს - ელენე და ლევანი. ელენე უკვე სტუდენტია. ნატო გვიყვება, რომ მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანია. ბავშვობაში სკოლის გარდა, შემოქმედებითად ბევრი რამით იყო დაკავებული - მღეროდა, ცეკვავდა, უკრავდა ფორტეპიანოზე, გიტარაზეც ცდილობდა დაკვრას, მაგრამ ბოლოს მაინც ხატვა არჩია. სულ პატარა იყო, ხატვა რომ დაიწყო. ხატავდა ყველგან - წიგნებზე, რვეულებზე, ყველა ქაღალდის ნაგლეჯზე, გარდა კედლებისა. ბოლოს მიხვდა, რომ ყველაზე მეტად თავისუფლებას ხატვისას გრძნობდა და სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა. „როცა მუშაობს, მიყვარს მისი ყურება“, - გვიყვება ნატო.
რაც შეეხება ლევანს, ის მალე 14 წლის ხდება. „ახლა ცოტა რთულ ასაკშია, თუმცა ბუნებით კეთილშობილი და ძალიან კაცთმოყვარე ადამიანია. აქვს საოცარი იუმორის გრძნობა, მამასავით. ჰყავს სხვადასხვა ასაკის უამრავი მეგობარი, უყვარს ფეხბურთი, დედასთან ერთად ფილმების ყურება, რომანტიკული და ნიჭიერი ბიჭია, ცოტა ზარმაციც. ხასიათით მეც მგავს და მამასაც. ყველაზე მეტად მისი თვისებებიდან ადამიანების მიმართ კეთილგანწყობა და გულისხმიერება მხიბლავს. ცოტა უხერხულია შვილებს რომ ვაქებ, მაგრამ შექება ყველა ბავშვს სჭირდება, რათა უფრო უკეთესები გახდნენ“, - გვიყვება ნატო.
ჩვენი მასპინძელი ოჯახის კიდევ ერთ, სრულუფლებიან წევრს გვაცნობს - ეს არის სარა, სიამის კატა: „მართლაც ჩვენი ოჯახის წევრია, ულამაზესი და უჭკვიანესი სიამის კნუტი. ყველას ძალიან შეგვაყვარა თავი. თბილი, მოსიყვარულე და დამჯერი გოგოა. ჯერ პატარაა, მაგრამ რასაც ვეუბნები, ყველაფერი ესმის და თვითონაც ზუსტად გვაგებინებს იმას, რაც სურს. ჰო და ვცხოვრობთ ასე, თბილად და ტკბილად ჩვენს სახლში“.