„ლიმ ყოველთვის 100%-იანი სიზუსტით იცის, რა მიმართულებით მიდის სამყარო და ამ ცოდნის წყალობით ზუსტ ინვესტიციებს აკეთებს. არ ერიდება რისკსა და უზარმაზარ კრედიტებს, რადგან საოცარი ნიჭის წყალობით, ზუსტად იცის, როდის ღირს გარისკვა“, - წერს ფორბსი.
არიან ისეთებიც, ვინც ლის თავბრუდამხვევ წარმატებას იღბალს აბრალებს, თუმცა ბიზნესმენი არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება.
„ჩვენი კომპანიის პრინციპია, არ გაწიოს ფინანსური რისკი. ჩემს წარმატებასთან კი იღბალი არაფერ შუაშია, ყველაფერი, რაც გამაჩნია, არის გულმოდგინე შრომის შედეგი. ჩემი წარმატების მიზეზი არის შრომა და სხვა არაფერი“, - ამბობს ბიზნესმენი და მართლაც...
ლის ღატაკი ოჯახის გუანდუნის პროვინციიდან ჰონკონგში ემიგრირებიდან მოკლე დროში ბიზნესმენის მამა გარდაიცვალა.
12 წლის ლი იძულებული გახდა, ფაბრიკაში დაეწყო მუშაობა. მოზარდი დღეში 16 საათს მუშაობდა, რათა თავის რჩენის პარალელურად საკუთარი ბიზნესის წამოსაწყები ფული მოეგროვებინა.
შრომა დაუფასდა და 22 წლისამ პირველი ბიზნესი წამოიწყო. მან დააარსა საკუთარი კომპანია, რომელიც პლასტმასის სავარცხლებს, სასაპნეებსა და სათამაშოებს უშვებდა. მისი საწყისი კაპიტალი 8,7 ათასი დოლარი გახლდათ, (მაშინ ეს თანხა მხოლოდ საშუალო დონის ავტომობილის საყიდლად თუ ეყოფოდა ადამიანს).
„დიდი მდინარეებიც კი პატარა რუებიდან იწყება“, - ღიმილით ამბობს ლი, როცა საკუთარი ბიზნესის საწყისებზე ეკითხებიან.
ბიზნესის წამოწყების შემდეგ, პირველი 7 წლის განმავლობაში, ლის მხოლოდ 10-მდე თანამშრომელი ჰყავდა (დღეს მის ქვეშევრდომობაში 270 ათასი ადამიანია, რომლებიც მსოფლიოს 52 სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე ფილიალებში არიან დასაქმებული) და როგორც თავად იხსენებს, ბევრ რაიმეს თავად აკეთებდა, იყო მეპატრონეც, ბუღალტერიც, მუშაც და დირექტორიც.
დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ყოველთვის ახერხებდა კითხვისთვის დროის დათმობას, კითხულობდა ყველაფერს - წიგნებს, გაზეთებს, ჟურნალებს, ბროშურებს და სწორედ ჟურნალის კითხვისას დაებადა იდეა, საკუთარი კომპანიის საქმიანობისთვის პლასტმასის ყვავილების წარმოებაც დაემატებინა.
ეს მისი პირველი ზუსტი და მრავლისმომცემი პროგნოზი იყო, პლასტმასის ყვავილების გაყიდვების რაოდენობა იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ ლიმ ძალიან დიდი ფული იშოვა.
მიღწეულით არ დაკმაყოფილდა და პლასტმასის ყვავილებით ნაშოვნი ფული ბიზნესის სხვა სექტორებშიც ჩადო. ხშირად ახალი საქმის წამოსაწყებად უზარმაზარ კრედიტებს იღებდა, თუმცა ყოველთვის ზუსტად იცოდა, რომ რისკი გამართლებული იყო.
ლი კა-შინის კომპანია 10 სხვადასხვა განშტოების ბიზნესს აწარმოებს. ის გახლავთ ისეთი ცნობილი ბრენდების ინვესტორი, როგორიცაა skype, siri და სხვა, მაგრამ ლის ძირითადი სავიზიტო ბარათი მაინც პლასტმასის ყვავილებია და ამიტომაც დღემდე მოიხსენიებენ როგორც „ყვავილების მეფეს“.
სიმდიდრის მიუხედავად, უბრალო ცხოვრება უყვარს, არ არის გატაცებული ძვირფასი ნივთებით, აქსესუარებითა და სამოსით, სამაგიეროდ გულუხვია ქველმოქმედებისას.