ახალგაზრდა ექსპერიმენტალისტი მოქანდაკის ერეკლე წულაძის წარმატების ისტორია

წარმატების ისტორიები

12 მაისი 22:00
200

„მამაჩემის, მოქანდაკე გიორგი წულაძის დიდი თხოვნა იყო, ქანდაკების მიმართულებით წავსულიყავი და ასეც მოხდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, იაკობ ნიკოლაძის სახელობის კოლეჯში, გრაფიკის მიმართულებით ვსწავლობდი. შემდეგ კი სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე“, - ახალგაზრდა მოქანდაკე, ერეკლე წულაძე Funtime-ს საკუთარი წარმატების შესახებ უყვება.

ერეკლე წულაძე: ხატვა ყოველთვის მიყვარდა, თუმცა სერიოზულად არ აღვიქვამდი. სამხატვრო აკადემიაში ფეხი შევდგი თუ არა, ჩემთვის ძალიან საინტერესო პერიოდი დაიწყო. აკადემიის დასრულების შემდეგ, უცხო ენათა ფაკულტეტიც დავამთავრე.


- პროფესიული საქმიანობა როდის დაიწყეთ?
- სწავლის დასრულების შემდეგ ცოტა ხნით ბალტიისპირეთში წასვლა მომიწია. როცა დავბრუნდი, სანათების დიზაინ-სტუდია გავაკეთე, რაც საკმაოდ წარმატებული ბიზნესი აღმოჩნდა. ტექნოლოგიების განვითარების შემდეგ კი ამ საქმიანობაში სიახლეები შევიტანე. 2011 წელს გადავწყვიტე, მეკეთებინა ის, რაც ჩემთან ყველაზე ახლოს იყო - სკულპტურა. ყველაფერს ფორმებით აღვიქვამდი და მივხვდი, რომ სხვაგვარად აღარ შეიძლებოდა.


- პირველი ნამუშევარი რა იყო?
- პირველი ნამუშევრის შექმნა არ მახსოვს. როგორც ბებიაჩემი ამბობს, 3 წლის ასაკში პლასტელინით თეთრი დათვები გამომიძერწავს. მეხსიერებაში რაც ჩამრჩა, ეს 5 წლის ასაკში გამოძერწილი ლომია, რომელსაც თავზე გვირგვინი მოვარგე. როცა ჩემს პროფესიას სერიოზულად მოვეკიდე, პირველი სკულპტურაც მაშინ შევქმენი. ეს იყო „წყლის სამყარო“, სადაც გოგოსა და ბიჭის წყალქვეშა ცურვა და ზღაპრული გარემოა გადმოცემული. ნამუშევარი საკურსოზე წარვადგინე და ყველაზე მაღალი შეფასებაც მივიღე.
2012 წელს „მე, შენ და ბათუმი“ სკულპტურა რომ შევქმენი, ამას კიდევ რამდენიმე ნამუშევარი და პერსონალური გამოფენაც მოჰყვა. ბათუმში, „საოცრებათა სკვერში“ განთავსებულ ქანდაკებას, სადაც ფოტოებს სიამოვნებით იღებენ, ნელ-ნელა „ჭამენ“, ნაწილებს აძრობენ. განახლებაც არ ხდება. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, არ სცალიათ იმისთვის, რომ ღირსშესანიშნაობებს მოუარონ. ჩასულიც ვიყავი ბათუმში, მაგრამ სკვერში ვიდეოკამერაც ვერ დავაყენებინე, რომ გაიგონ, ვინ აფუჭებს.


- რა ან ვინ არის თქვენთვის ყველაზე დიდი მუზა?
- შეიძლება ვიღაც გამოვძერწო, ოღონდ ამას განსაკუთრებული მიზეზი არ ჰქონდეს. მიყვარდა გოგო, რომელიც გამოვძერწე. ზღვასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. სანაპიროზე საათობით შემიძლია ვიარო და ვიფიქრო მომავალ ქმნილებაზე. მუზებს ნებისმიერ დროს ველოდები. შეიძლება გამეღვიძოს და... ამას წინათ მეგობართან ერთად ვსადილობდი. გარეთ რომ გამოვედი, უკვე ვიცოდი, რა იქნებოდა ჩემი შემდეგი ნამუშევარი. გალერეაში მივედი და მონახაზი გავაკეთე, რომელიც უკვე შევქმენი. ეს არის თვალის გუგა. სკულპტურა ახელს თვალს და იქ სამყაროს ერთი დღე გხვდება.


- სად იქმნება თქვენი ნამუშევრები?
- სტუდიაში, სადაც ძალიან ნიჭიერი ხალხია დასაქმებული. ისინი ქანდაკების ჩამოსხმაში, ყალიბების გაკეთებასა თუ სხვადასხვა საქმეში მეხმარებიან. დედანს ყოველთვის მე ვქმნი. სამუშაო პროცესში საკუთარ თავთან მთელი რიგი დიალოგები მაქვს. რაც შეეხება მასალას, რომლითაც ქანდაკებებს ვქმნი, ამ მხრივ, ბოლო 10 წელია სრული რევოლუცია მოხდა. რამდენიმე ქვეყანაში ისეთი მასალები შეიქმნა, ყველანაირ საშუალებას გაძლევს იმისა, რომ ნამუშევარი აამოძრავო კიდეც. ბროლს შანხაის ერთ-ერთი ქარხნიდან მიგზავნიან. ივნისში დიდი პრეზენტაციისთვის ვემზადები, სადაც ინოვაციური მასალებისგან შექმნილ სკულპტურებს წარმოვადგენ.


- სად შეუძლია საზოგადოებას თქვენი ნამუშევრების ნახვა?
- „მერიოტში“, „ბილტმორსა“ და „რედისონში“ პატარა გალერეები მაქვს. გარდა ამისა, ბაქოს სასტუმროებშიც არის ჩემი ნამუშევრები. სკულპტურები მაქვს გამზადებული, რომელთაგანაც ერთი ბაქოში, ერთ-ერთ სკვერში განთავსდება, მეორე ალიევის ცენტრს გადაეცემა, მესამე კი მინდა, ჩემს თბილისში დაიდგას, მაგრამ არ ვიცი... ჩვენი ქვეყანა ისეთ დღეშია, შეიძლება საჩუქარზეც უარი მითხრან. ბიძაჩემის, ირაკლი წულაძისა და მამაჩემის, გიორგი წულაძის ნამუშევრები დედაქალაქში დგას, ჩემი კი ჯერ მხოლოდ ბათუმშია.


- ალბათ, ეს ის საქმეა, რომლის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ...


- ვერ დაგეთანხმებით. ჩემი საქმე მიყვარს და მის გარეშე ვერ წარმომიდგენიაო, ასეთი ფრაზები მაღიზიანებს კიდეც. შეიძლება 30 წლის შემდეგ რეჟისორი გავხდე ან თევზაობა დავიწყო. ჩემი საქმის მიმართ ფანატიკური დამოკიდებულება კი არ მაქვს, უბრალოდ, სიამოვნებას მანიჭებს. ჩემთვის მოქანდაკეობა იქამდე იქნება საინტერესო, სადამდეც ჩემს საქმეში ექსპერიმენტალისტი ვიქნები.


 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია