ავთო ჩიტიძე: „ყოველთვის მაინტერესებს, რა გამოვა და გამოვიდა კიდეც“

წარმატების ისტორიები

19 მაისი 22:00
346

„თავიდან ყველაფერი გართობის დონეზე დაიწყო და არასდროს მიფიქრია, თუ ჟურნალისტიკაში ამდენხანს დავრჩებოდი და ასეთ წარმატებას მივაღწევდი. ყველაფერი სტუდენტური გართობა მეგონა“, - ჟურნალ „სარკის“ რედაქტორის მოადგილე, ავთო ჩიტიძე Funtime-ს საკუთარი წარმატების ისტორიაზე უყვება.

ავთო ჩიტიძე: სკოლის დამთავრებისას ყველაზე ნაკლებად ვფიქრობდი, რომ მომავალს ჟურნალისტიკას დავუკავშირებდი. ნავთობის გეოლოგიაზე ჩავაბარე. პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა ჟურნალ „მაკრო-მიკრო ეკონომიკაში“ მოვხვდი, სადაც თავიდან სარეკლამო კუთხით დავინტერესდი, შემდეგ კი პირველი სტატია კინოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე დავწერე, რომელიც ძალიან მომიწონეს.


- როდის მიხვდით, რომ ჟურნალისტიკა ნამდვილად თქვენი სფერო იყო?
- მეორე კურსის დასასრულს ჩემს ცხოვრებაში, სრულიად შემთხვევით, გამოჩნდა ჟურნალი „სარკე“. უნივერსიტეტიდან სახლში ვბრუნდებოდი. თბილისში ტრანსპორტი გაჩერებული იყო და დროის გასაყვანად „სარკე“ შევიძინე, სადაც წავიკითხე განცხადება, რომ უცხოური შოუბიზნესის სტატიებისთვის ჟურნალისტი სჭირდებოდათ. თავიდან უცხოურ სტატიებს ვთარგმნიდი, შემდეგ კი საკუთარ თავს ვუთხარი, თუკი უცხოელი ვარსკვლავების ინტერვიუების თარგმნა შეგიძლია, რატომ არ შეიძლება, ქართველ ცნობილ სახეებთან ინტერვიუები ჩაწერო-მეთქი. ახალ ამოცანას რომ დავისახავ მიზნად, მასში დიდ ძალასა და ენერგიას ვდებ, ყოველთვის მაინტერესებს, რა გამოვა და გამოვიდა კიდეც. ასეთი შემთხვევითობის წყალობით გავხდი ჟურნალისტი.


- რით არის ჟურნალისტიკა თქვენთვის საინტერესო?
- ამ სფეროში ყველაზე საინტერესო ურთიერთობები და ახალ ადამიანებთან შეხვედრებია. უამრავი ადამიანი გავიცანი. ამ საქმესთან ერთად გავიზარდე. პატარ-პატარა ამოცანებს ვისახავდი მიზნად და როცა დასახულ მიზანს ვაღწევდი, კმაყოფილი ვრჩებოდი. „სარკეს“ წელს 20 წელი შეუსრულდება. მე კი 18 წელია, მის სამსახურში ვარ.


- რედაქტორის მოადგილის სტატუსამდე რა გზა გაიარეთ?
- აქტიური ჟურნალისტობის პერიოდი - 12 წელი, რომელიც საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. გამოცდილება რომ დამიგროვდა, „სარკის“ ხელმძღვანელობამ ჟურნალის მართვისა და დაგეგმვის პროცესიც შემითავსა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ამბის გავრცელების თვალსაზრისით ინტერნეტგამოცემებმა და სოციალურმა ქსელმა ბევრი რამ შეცვალა, თუმცა, ასეთი ვითარების მიუხედავად, ყოველკვირეულ გამოცემებში „სარკეს“ პირველობა არავისთვის დაუთმია და მეამაყება, რომ ამ ჟურნალში ვმუშაობ.


- პრესას რა რჩება მთავარ კოზირად?
- ეს არის ანალიტიკა, გულახდილი საუბრები... ახალ ამბებს სოციალურ ქსელსა და ინტერნეტში ვიგებთ, მაგრამ ანალიზს, შინაარსიან საუბრებსა და უფრო ღრმა ინფორმაციას საზოგადოებას ჟურნალები აწვდია. ამიტომ, ეს საქმიანობა უინტერესო ჩემთვის არც ერთ ეტაპზე არ არის. არასდროს მბეზრდება, რადგან ჟურნალის არც ერთი ნომერი არ ჰგავს ერთმანეთს.


- ტელევიზიაში ფეხის მოკიდება არასდროს გიცდიათ?
- ჩემს კარიერაში იყო ორწლიანი პერიოდი, როცა სატელევიზიო ცხოვრებაში აქტიურად ვიყავი ჩართული. 2007-08 წლებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე „ნანიკოს შოუს“ პროდიუსერი გახლდით. საკმაოდ განსხვავებული ტოქშოუ იყო, რომელიც დაიხურა და მეც წამოვედი. ამ ორმა წელმა ბევრი რამ მომცა, აბსოლუტურად სხვა სამყაროში შევიხედე.


- სხვა რა საქმით ხართ დაკავებული?
- ჟურნალის პარალელურად „ქართული ბრენდის დღის“ ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარ. უკვე 10 წელზე მეტია, რაც ჟურნალი „სარკე“ „ლიდერი ქართული ბრენდის“ ნომინაციაში პირველია.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია