გიორგი ჩინჩალაძე: „გოჩა ჩერტკოევი ჩემი მეორე მამაა...“

ცეკვავენ ვარსკვლავები

6 ივნისი 22:00, 2016 წელი
69

 20 წლის მოცეკვავე გიორგი ჩინჩალაძე, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ეკა ამირეჯიბის მეწყვილე, გოჩა ჩერტკოევმა სპეციალურად საბერძნეთიდან ჩამოიყვანა. დღეს Funtime ამ ნიჭიერ ბიჭს უკეთ გაგაცნობთ. 


- გიორგი, როგორ მოხვდი „ცეკვავენ ვარსკვლავებში?“
- ჩერტკოევს სოციალურ ქსელში მივწერე და ჩემი თავი გავაცანი. ჩემი მონაცემებით დაინტერესდა, შემდეგ კი გიგი გაჩეჩილაძეს დაელაპარაკა. გოჩა ჩემი უახლოესი მეგობარი გახდა, შეიძლება ითქვას, რომ მეორე მამაა. ყველაფერში მეხმარება და რჩევებს მაძლევს. მაგალითად, მეუბნება, რომ კამერას ვერაფერს გამოვაპარებ, ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყო, ხალხს კეთილგანწყობა დავანახო და ხშირად გავიღიმო. ვინაიდან ეს ტურნირი არ არის, ცეკვის ტექნიკურად უშეცდომოდ შესრულება არ გვევალება, მთავარია, მაყურებელს განწყობა შევუქმნათ. 


- ასეთი ურთიერთობიდან გამომდინარე, გოჩა ხომ არ გმფარველობს?
- არასდროს, ჩერტკოევი პირადი ურთიერთობების გამო პროექტს არ გააფუჭებს. მაყურებელსაც შემჩნეული ექნება, რომ ყველა კონკურსანტს აძლევს შენიშვნებს.

- საბერძნეთში როგორ აღმოჩნდი?
- ზესტაფონში დავიბადე. ათი წლის ასაკში დედასთან და ძმასთან ერად საბერძნეთში წავედი, რადგან დედის მხრიდან მთელი სანათესაო იქ ცხოვრობდა. მამა 3-4 თვეში ერთხელ გვაკითხავდა. ზესტაფონში თანამდებობა ეკავა და ჩვენთან ერთად საზღვარგარეთ საცხოვრებლად ვერ გადმოვიდოდა. სკოლა დავამთავრე, შემდეგ კი პროფესიული განათლება მივიღე. ფიზიოთერაპევტი ვარ. მასაჟი ყოველთვის მაინტერესებდა, თან მეუბნებოდნენ კარგი ხელი გაქვსო. ცნობილ სასტუმროში ვმუშაობდი ჩემი პროფესიით. 

- როგორ აღმოჩნდი ლათინოამერიკული ცეკვების სამყაროში? 
- რაც თავი მახსოვს, სულ ვცეკვავ. დედამ ჯერ ბალეტზე მიმიყვანა, შემდეგ სამეჯლისო ცეკვებზე. ცეკვა ძალიან მიყვარდა და ყველაფერი თავისთავად მოხდა. გარკვეული პერიოდი პრესტიჟულ სასტუმროში მოცეკვავედ ვმუშაობდი.


- როგორც ვიცი, სამშობლოში 10 წლის განმავლობაში პირველად დაბრუნდი...
- დიახ. ზესტაფონში, სამწუხაროდ, ერთადერთხელ მოვახერხე ჩასვლა. მამაჩემს ძალიან გაუხარდა ჩემი ნახვა, მთელი ქალაქი მომატარა. მე და მამა ახლო ძმაკაცები ვართ, მის რჩევას ყოველთვის ვითვალისწინებ. 


- როგორც ვხედავ, ქართულად საუბარი არ დაგვიწყებია...
- საბერძნეთში შინ ყოველთვის ქართულად მელაპარაკებოდნენ, მაგრამ, რადგან ბერძენი მეგობრები მყავდა, მათ ენაზე დავიწყე აზროვნება. დღეს სანამ ქართულ წინადადებას ვიტყვი, გონებაში ბერძნულიდან ვთარგმნი. ზოგჯერ ქართულ სიტყვებს ვერ ვიხსენებ და მეშინია, რაიმე სისულელე არ წარმოვთქვა კამერის წინ (იცინის). თუმცა მიმაჩნია, რომ ადამიანმა მშობლიური ენა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაივიწყოს. 

- შოუში გამოჩენის შემდეგ, ალბათ, შენს ცხოვრებაში ბევრი სიახლეა...
- ცნობილი გავხდი, თუმცა ისეთი ტიპი არ ვარ, პოპულარობა თავში ამივარდეს. ჩემი ფანების მიმართ განსაკუთრებულად ყურადღებიანი ვარ. პროექტმა გამხადა უზომოდ მომთმენი, კიდევ უფრო პოზიტიური, მეგობრული და თავისუფალი. გვერდში დგომის ფასი გავიგე. 


- ეკასთან შეხვედრა გაიხსენე...
- ეკას ეუბნებოდნენ, ბერძენ ბიჭთან გაცეკვებთო. მან არ იცოდა, რომ ქართულადაც ვმეტყველებდი, ამიტომ ნერვიულობდა, სულ ინგლისურად რა ილაპარაკებსო. ძალიან გაუხარდა, როცა აღმოაჩინა, რომ საბერძნეთიდან ჩამოსული ქართველი ვარ. პირველივე რეპეტიციაზე მივხვდით, რომ ადვილად დავმეგობრდებოდით და ასეც მოხდა. 


- ქართველი ბიჭისთვის არასტანდარტული სტილი გაქვს. ეს აქ პრობლემებს ხომ არ გიქმნის?
- ქუჩაში უცნაურად მიყურებენ. ხანდახან თავი უცხოპლანეტელი მგონია. მათთვის უცხოა კიკინიანი და 4-საყურიანი ბიჭი. თავიდან უხერხულად ვიყავი, ახლა უკვე ყურადღებას აღარ ვაქცევ. 


- შენს თაყვანისმცემლებს, ალბათ, ძალიან აინტერესებთ, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში...
- სერიოზული ურთიერთობისთვის დრო არ მაქვს. ზოგადად, მომწონს უკომპლექსო და თავისუფალი გოგონები. ქალის ბუნებას დიდ ყურადღებას ვაქცევ, თუმცა ფიზიკურადაც ლამაზი უნდა იყოს. არ მომწონს ქერები, ეშხიანი შავგვრემნები მირჩევნია!