მანიკა ასათიანი: „მე იმას ვხედავ, რაც კადრს მიღმა ხდება და ცრემლების მოზიარე ვხდები“

ცეკვავენ ვარსკვლავები
10.06.2016 16:00
657

ტელევიზიაში 15 წლიდან მუშაობს, ამიტომ გასაკვირი არც არის, რომ მაყურებელთან ურთიერთობა და კამერასთან მუშაობა კარგად გამოსდის. „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი წამყვანი მანიკა ასათიანი შოუში კონკურსანტების ოთახიდან ერთვება, ნომრამდე  მონაწილეებს ამხნევებს, შემდეგ კი მათ ემოციებს იზიარებს. ტელესახეს რეპეტიციაზე მივაკითხეთ...

„როცა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ წამყვანობა შემომთავაზეს, გამიხარდა და სიამოვნებით დავთანხმდი. განსაკუთრებით მიყვარს ის დრაივი, რომელიც პირდაპირ ეთერს ახლავს. შეიძლება ნებისმიერ წუთს შეიცვალოს რამე და ამ დროს მაყურებელი ხედავს, როგორი ხარ სინამდვილეში“, - აღნიშნა მანიკამ ინტერვიუს დასაწყისშივე. 

პროექტი ძალიან მოსწონს, მაგრამ აღნიშნავს, რომ თავად კონკურსანტობას ვერასდროს გაბედავდა.
„მონაწილეებისთვის დიდი სტრესია კვირაში ჯერ ერთი, შემდეგ კი 2 ცეკვის მომზადება. ორწუთიან ვიდეორგოლებში შეუძლებელია, ეს შრომა ასახო“. 

თავად ბავშვობაში დის ხათრით ქართულ წრეზე დადიოდა, მაგრამ პროფესიონალურად ცეკვის შესწავლა არასდროს უფიქრია.
„ცეკვისთვის შესაფერისი სიმაღლე უნდა გქონდეს. მგონია, რომ ჩემი პარამეტრების გოგო ნაკლებად პლასტიკურია, ვიდრე - საშუალო სიმაღლის“.

მანიკას სიმაღლეს სოციალურ ქსელშიც მოჰყვა გამოხმაურება. მაყურებლის ნაწილი ფიქრობს, რომ მისი აღნაგობის გოგონებს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები არ უნდა ეცვათ. მოდელი, რა თქმა უნდა, Facebook-ს თვალ-ყურს ადევნებს. 
„ქართველ ხალხს ძალიან უყვარს კრიტიკა. როცა ადამიანის ნაკლს ვერ პოულობენ, იგონებენ. მათი თქმის გარეშეც ვიცი, რომ მაღალი ვარ. ყოველდღიურად პრაქტიკულად ვიცვამ, მაგრამ სასცენო იმიჯი სხვაა“.

ალბათ, ყველას გვიფიქრია, როგორია შოუს წამყვანობა და გონებაში მათი როლიც მოგვირგია.
ყველაზე სასიამოვნოა ის, რომ ოთახში ვდგავარ და მონაწილეებისთვის გამამხნევებელი სიტყვები არასდროს მენანება. ყველას ვგულშემატკივრობ. მე იმას ვხედავ, რაც კადრს მიღმა ხდება. მათი ცრემლებისა და მღელვარების მოზიარე ვხდები“.

- რატომ უნდა ვუყუროთ „ცეკვავენ ვარსკვლავებს“?
- იმიტომ, რომ საკუთარი თვალით ნახოთ, რა შეუძლია შრომასა და ნებისყოფას. დილეტანტი მოცეკვავეები ერთ კვირაში უტოლდებიან პროფესიონალებს. ეს ხომ ნამდვილი საოცრებაა! როცა შოუს უყურებ, შენი ფავორიტიც უნდა გყავდეს. მისი ხათრით დაჯდები ეკრანის წინ. გაინტერესებს, გაამართლებს თუ არა შენს მოლოდინს, როგორ შეაფასებს ჟიური, გადავა თუ არა შემდეგ ტურში და ა.შ.

თავისი რჩეული მანიკასაც ჰყავს, თუმცა მისი ვინაობა არ გაუმხელია, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ განსაკუთრებულად დასწყდა გული ნინი წიკლაურის გავარდნაზე, რომელიც ყოველ ტურში ამტკიცებდა, რამდენად ნიჭიერი იყო და ერთხელ გაბზარული ნეკნითაც კი იცეკვა. 

არ მალავს, რომ ემოციურია. კონკურსანტების მიერ შესრულებული ნომრები ხანდახან ცრემლსაც კი ჰგვრის.
„ქონთემფრორარიზე ვიტირე. წყვილები მინისპექტაკლებს გვთავაზობენ. ზუსტად იგივე შეგრძნება მეუფლება, რაც კარგი სპექტაკლის ნახვის შემდეგ“.

ინტერვიუს ბოლოს მანიკამ მკითხველს აქტიურობისკენ მოუწოდა, ხოლო კონკურსანტებს გამარჯვება უსურვა. 
„კარგად ცეკვა მნიშვნელოვანია, მაგრამ მონაწილეებმა მაყურებლის გულებში უნდა შეაღწიონ. ეს არის წარმატების საიდუმლო“.

ავტორი: თათული ღვინიანიძე