ნიკე კეშელავა: „სტასი ფინალის წინ ძალიან ღელავს“

ცეკვავენ ვარსკვლავები
24.06.2016 18:00
1171

 26 ივნისს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალი გაიმართება. ანდრია გველესიანი და სალომე ჭაჭუა სტანისლავ ბონდარენკოსა და ნიკე კეშელავას დაუპირისპირდებიან.

„იმედის“ პავილიონებში რეპეტიციები დილიდან დაიწყო.
დიზაინერი ლაშა ჯოხაძე, თავის „სტაფთან“ ერთად, კოსტიუმებს კერავს, შემოქმედებითი ჯგუფი განათებასა და დიზაინზე ზრუნავს; ქორეოგრაფი გიგი გაჩეჩილაძე ნომრებს დგამს. განსაკუთრებით აქტიურობს რატი გაჩეჩილაძე, რომელიც ძმის დახმარებას ცდილობს.
სცენაზე ვხედავთ ნინი წიკლაურს, ლიზა ყენიასა და ეკა ამირეჯიბს - ეს სამეული ბოლო ტურში სექსუალურ ცეკვას შემოგვთავაზებს.
ტრადიციის მიხედვით, გავარდნილი კონკურსანტები ფინალში პარკეტზე ბრუნდებიან და თავიანთ მეგობრებს (ყოფილ კონკურენტებს) უჭერენ მხარს. 

სალომე და ანდრია კომპიუტერთან სხედან და პასადობლესთვის მუსიკას არჩევენ. მოგვიანებით მათ გიგი გაჩეჩილაძეც შეუერთდა და, როგორც აღმოჩნდა, არჩევანი მოუწონა. ანდრიას ფინალის შესახებ კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.
ანდრია გველესიანი: თუ მაყურებელი და დამსწრე საზოგადოება სტანდარტულ პასადობლეს ელოდება, ჩვენ მათ მოლოდინს გადავაჭარბებთ. ნომერს შევასრულებთ ყველასთვის საყვარელ მუსიკაზე, თუმცა სახელს არ გაგიმხელთ (იღიმის). სალომე ქალაქგარეთ იყო წასული, მაგრამ ჩამოვიდა თუ არა, ჩემი მღელვარება უკვალოდ გაქრა. ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
- ანდრია, გამარჯვების იმედი გაქვს?
- პროექტში ჩართვის დღიდან ვიცოდი, რომ გამარჯვება ძალიან რთული იქნებოდა, თუმცა იმედი მქონდა. იმედის გარეშე ადამიანი ვერ იარსებებს. რა თქმა უნდა, ჩემი და სალომეს გამარჯვება მაყურებლის არჩევანზეა დამოკიდებული. მე ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ და ენერგიას არ დავზოგავ.

- შენი აზრით, ვისი/რისი დამსახურებაა, რომ ფინალში გახვედით?
- სალომესი, ჩემი მონდომების, ქორეოგრაფისა და ყველა იმ ადამიანის, ვინც მთელი ამ დროის განმავლობაში მეხმარებოდა და, რაც მთავარია, ჩვენი გულშემატკივრების.

ინტერვიუს დროს ანდრიას ტელეფონზე დაურეკეს.  
- ჩემი ერთ-ერთი გულშემატკივარია, - აღნიშნა, ბოდიში მომიხადა და ზარს უპასუხა. თბილად ესაუბრა, იღიმოდა, ძალიან ბევრი მადლობა გადაუხადა. საუბრის დასრულების შემდეგ განაგრძო, - ჩემი გულშემატკივრები ჩემთვის უდიდესი სტიმულია. მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს მხარდაჭერისთვის, სითბოსა და სიყვარულისთვის. 

ინტერესით ვაკვირდებოდი სტანისლავისა და ნიკეს ცეკვას. როგორც ჩანს, სტასი კარგად აცნობიერებს უდიდეს პასუხისმგებლობას ფანების წინაშე. შესვენებაზე ბონდარენკო თავის ოთახში დასასვენებლად გავიდა, ნიკემ კი ჩვენთან გასაუბრება მოახერხა:

ნიკე კეშელავა: სტასი, რა თქმა უნდა, ძალიან ღელავს ფინალის წინ. მეც ვნერვიულობ. ურთულეს რეჟიმში გვიწევდა ვარჯიში. ის რეგულარულად მიფრინავდა უკრაინაში, ცეკვის დასადგმელად და სასწავლად კი მხოლოდ 3-4 დღე, ხან კი უფრო ნაკლები დრო გვრჩებოდა. ამის მიუხედავად, ფინალში მოვხვდით. ჩემი აზრით, ეს უდიდესი შრომისა და მონდომების დამსახურებაა, რომელიც მაყურებელმა დაინახა და დააფასა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, რომლებიც გვიმესიჯებდნენ.

- ნიკე, შენი აზრით, სალომე და ანდრია ძლიერი კონკურენტები არიან?
- კონკურენტი კონკურენტია. სიმართლე გითხრათ, კონკურენციაზე არ ვფიქრობ. ორიენტირებული ვარ ჩვენზე, მაინტერესებს, როგორ ვცეკვავთ და რა ხარვეზებია გამოსასწორებელი. 

როგორც ნიკემ აღნიშნა, კოსტიუმები შეკერვის პროცესშია, მუსიკა უკვე აარჩიეს და ძალიან კმაყოფილია. მოცეკვავის ოჯახის წევრები ძალიან გახარებულები არიან და იმედი აქვთ, რომ ნიკე გაიმარჯვებს.
ნიკე კეშელავა: ადამიანმა მიზანი უნდა დაისახოს და ყველაფერი გააკეთოს გეგმების განსახორციელებლად. მე და სტასი ვცდილობდით, ცეკვა ყოველ ტურში გაგვეუმჯობესებინა და საბოლოოდ საკუთარ თავს ვაჯობეთ!

- მახსოვს, წინა შეხვედრაზე მითხარი, რომ სტანისლავს დიდად არ უყვარს პასადობლეს ცეკვა...
- პირველ ტურში კლასიკური პასადობლე შევასრულეთ. ამჯერად ეპიკურს ვცეკვავთ. ეს ვერსია უფრო მოსწონს და უკეთესადაც გამოსდის.

 

ავტორი: თათული ღვინიანიძე