ნიკე კეშელავა: „სტასზე უფრო ვნერვიულობ, ვიდრე საკუთარ თავზე...“

ცეკვავენ ვარსკვლავები

3 ივნისი 20:10, 2016 წელი
73

ნიკე კეშელავა, სტანისლავ ბონდარენკოს მეწყვილე, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ახალი სახეა. ნიკე ბათუმში ცხოვრობს, დედა ბალერინაა და სწორედ მან შეიყვანა 7 წლის გოგონა ცეკვაზე.  „პირველივე დღიდან მოყოლებული მხოლოდ ცეკვაზე ვფიქრობდი,“ - გვიყვება ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი...

- ნიკე, როგორც გავიგეთ, ბავშვობიდან ცეკვავ...
- დიახ, 7 წლის ვიყავი, როცა დედამ სტუდიაში  შემიყვანა. თვითონ ბალერინა იყო და სურდა მეც მეცეკვა. ლათინოამერიკულ ცეკვებს ალღო ადვილად ავუღე. პირველივე დღიდან მოყოლებული მხოლოდ ცეკვაზე ვფიქრობდი. სკოლაში ყოფნისას თუ სახლში, ერთი სული მქონდა რეპეტიციაზე წავსულიყავი. მოცეკვავის ცხოვრება ფიზიკური დატვირთვითაა სავსე. ერთი ილეთი შეიძლება წლების განმავლობაში ამუშაო.


- როდის მიხვდი, რომ ცეკვა შენი პროფესია უნდა გამხდარიყო?
- პირველ შიდა კონკურსში მონაწილეობის შემდეგ. მახსოვს, მაშინ ყველა სიგელებით დაგვაჯილდოვეს. იმ პერიოდში მეწყვილეც მყავდა. მოგვიანებით კი პარტნიორის გარეშე დავრჩი. 


ცეკვა მაინც გააგრძელე...
- სოლოს შესრულება დავიწყე. საქართველოსა და კავკასიის ხუთგზის გამარჯვებული გავხდი. 4 წლის წინ ანტონ ჩერუშევმა რუსეთიდან ჩამომაკითხა. ცოტა ხნის წინ საერთაშორისო კონკურსზე თურქეთში გავემგზავრეთ და 350 წყვილში მესამე ადგილზე გავედით. 


- ამჟამად რას საქმიანობ?
- ბათუმსა და ქობულეთში მე და ანტონმა სტუდიები გავხსენით და ცეკვას ვასწავლით.


- როგორ მოხვდი „ცეკვავენ ვარსკვლავებში?“
- საქართველოს ჩემპიონატზე გავედი. სწორედ იქ შემნიშნეს.  გიგი გაჩეჩილაძის პირველი შემოთავაზება (პროექტის მეორე სეზონში) ვერ მივიღე. ანტონი ჩამოდიოდა, პარტნიორის პოვნაზე ვიყავი გადართული. როცა ხელახლა შემომთავაზა, სიამოვნებით დავთანხმდი. 


- რა შეიცვალა  შენს ცხოვრებაში შოუში გამოჩენის შემდეგ?
- ყველაფერი (იცინის). უფრო ცნობადი გავხდი. ისედაც სულ რეჟიმში ვცხოვრობდი, მაგრამ ახლა თითქმის 24 საათს ცეკვას ვუთმობ. 3-5 საათი მძინავს, თუმცა მაინც ტონუსში ვარ და ენერგიულად ვცეკვავ. ხანდახან გული მწყდება, რომ მეგობრებს ვერ ვნახულობ, მაგრამ ჩემთვის პირველ ადგილას კარიერაა. სოციალურ ქსელში ძალიან ბერვი ადამიანი თბილ წერილებს მიგზავნის. მათი ყურადღება ჩემთვის დიდი სტიმულია. 


- სცენაზე გასვლამდე ალბათ ღელავ...
- სტასზე უფრო ვნერვიულობ, ვიდრე საკუთარ თავზე. მეშინია, რამე არ შეეშალოს. სცენაზე დავდგები თუ არა, ღრმად ჩავისუნთქავ, ყურადღებას ვიკრეფ და ცეკვას ვიწყებ. საქმე ისაა, რომ სტანისლავი სპექტაკლებისთვის უკრაინაში მიფრინავს, საქართველოში გადაღებები აქვს და რეალურად რეპეტიციისთვის მხოლოდ 2-3 დღე გვრჩება. მადლობა ღმერთს, ქორეოგრაფიას ადვილად ითვისებს, თორემ ნომრის მომზადებას ვერ მოვასწრებდით.


- სტასთან შეხვედრამდე იცოდი, რომ ცნობილი მსახიობი იყო?
- მე არა, თუმცა ჩემი ოჯახის წევრებმა ბევრი რამ იცოდნენ მის შესახებ. ძალიან გაუხარდათ, როცა გაიგეს, რომ სტასის მეწყვილე ვიქნებოდი. რამდენჯერაც ჩვენს პირველ შეხვედრას ვიხსენებ, მეცინება. შევხედე და გავიფიქრე: „ღმერთო, რამსიმაღლეა!“


- სტატის სიმაღლე ცეკვისას ხელშემშლელი ფაქტორია?
- არსებობს სტანდარტი, რომელსაც, ლათინოამერიკული ცეკვის შესრულებისას უნდა აკმაყოფიებდე. დისკომფორტი გვექმნება ვალსის ცეკვისას, რადგან მაქსიმალურად გამართული უნდა იყოს. 


- როგორ დაახასიათებდი სტანისლავს?
- პირველ რიგში, აღვნიშნავ რომ ადვილად გავუგეთ ერთმანეთს. და-ძმასავით ვართ. არ უყვარს, როცა ქალი შენიშვნას აძლევს. ჩემს რჩევას არ ითვალისწინებს, მაგრამ თუ იმავე შეცდომაზე გიგი მიუთითებს, აუცილებლად გამოასწორებს. ცეკვის ხასიათში მომენტალურად ჯდება. იმპროვიზაციას მიმართავს. იდეებს მაწვდის. მეგობრული და ყურადღებიანია. 


- თუ თქვენი წყვილი გაიმარჯვებს, ეს სტანისლავის პოპულარულობის დამსახურება ხომ არ იქნება?
- იმედია, მაყურებელი მხოლოდ მაგ კრიტერიუმით არ შეგვაფასებს და გამარჯვების უპირველესი მიზეზი ჩვენი ცეკვა იქნება.


- მგონი, ჟიურის ფავორიტი წყვილი ხართ... 
- მე არ ვფიქრობ მასე. ჩვენ მიმართ ზომიერად კრიტიკულები არიან, შენიშვნებსაც გვაძლევენ. საერთო ჯამში, მათი შეფასებებით კმაყოფილები ვართ და ვცდილობთ, მომდევნო ტურებში ჟიურის რჩევები გავითვალისწინოთ.


- ოჯახზე მოგვიყევი...
- დედა, როგორც უკვე აღვნიშნე, ბალერინა იყო, ახლა დიასახლისია. მამა თავის კომპანიას ფლობს. ქართველი კაცივით კონსერვატული არ არის. არასდროს გაუპროტესტებია, რომ ლათინოამერიკულ ცეკვებს ვასრულებ. უფროსი და ინგა ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. თბილისში ცხოვრობს, სწორედ მასთან ვარ ჩამოსული. ხელს მაქსიმალურად მიწყობს, შინ მისულს სადილ-ვახშამს და სამოსს გამზადებულს მახვედრებს.