X

სალომე ჭაჭუა: „მკაცრი კი არა, მომთხოვნი ვარ...“

ცეკვავენ ვარსკვლავები
23.06.2016 22:00
913

სალომე ჭაჭუა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პირველივე სეზონში გამოჩნდა და მაყურებლის გული მომენტალურად დაიპყრო. მას დღესაც მიიჩნევენ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ქალად და უნიჭიერეს მოცეკვავედ. იგი მეექვსე სეზონში ანდრია გველესიანის მეწყვილეა. „Funtime“ მათ რეპეტიციას დაესწრო და სალომესგან ბევრი საინტერესო ამბავიც შეიტყო.

- სალომე, როგორ მოხვდი „ცეკვავენ ვარსკვლავებში?“
- იმ პერიოდში სტუდია „თელაში“ ვცეკვავდი. პროდიუსერები ნოე სულაბერიძე და რუსა მორჩილაძე მოვიდნენ და კასტინგისთვის რამდენიმე მოცეკვავე აგვარჩიეს. შესარჩევ ტურზე ჩვენთან ერთად სხვა ჟანრის მოცეკვავეებიც გამოცხადდნენ. ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ პროექტში მივიღებდი მონაწილეობას. ამერიკულ „ცეკვავენ ვარსკვლავებს“ ყველა ვუყურებდით და ძალიან გვინდოდა, ქართული ანალოგი შექმნილიყო. 

- რით განსხვავდება მეექვსე სეზონი წინა სეზონებისგან?
პროექტის ყველა სეზონზე შემოქმედებითი ჯგუფი მაქსიმალურად მობილიზებულია; თავდაუზოგავად მუშაობს, რათა შოუ რეიტინგული იყოს და კომფორტული გარემო შეუქმნას მონაწილეებს. წელს „ცეკვავენ ვარსკვლავები“ შესამჩნევად განსხვავებულია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ გორავ ჩოპრა და სტანისლავ ბონდარენკო მონაწილეობდნენ. მართალია, გორავს ჯანმრთელობის გამო შოუს დატოვება მოუწია, მაგრამ სტასი დღესაც ღირსეულად იბრძვის გამარჯვებისთვის.

- რა შეცვალა შოუმ შენში?
- ჩემი პიროვნული თვისებები არ შეუცვლია, ისევ ძველ სალომედ დავრჩი. სამაგიეროდ, პროფესიული კუთხით გამზარდა. „ლაივზე“ ცეკვა განსხვავდება ჩემპიონატზე გამოსვლისგან, თუნდაც იმიტომ, რომ ერთდროულად დარბაზისთვის და კამერებისთვის  გიწევს ცეკვა.

მედალს ორი მხარე აქვს. პროექტში მონაწილეობას ხომ არ დაუზარალებიხარ?
- „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, მინუსიც აქვს. ძალიან რთულია, მეწყვილესთან ცეკვისთვის დრო გამონახო. ვინაიდან არაპროფესიონალთან  გიწევს მუშაობა, ძალაუნებურად მის რეჟიმზე გადადიხარ და სხვაგვარად ვარჯიშობ.  

- მაყურებელს განსაკუთრებულად უყვარხარ... რა არის შენი საიდუმლო?
- ძალიან შრომისმოყვარე ვარ. შემიძლია, წუწუნის გარეშე 24 საათი ვივარჯიშო და სხვებიც ვამეცადინო. მთელ გულსა და სულს ვდებ ცეკვაში, რადგან ჩემს პროფესიაზე ვგიჟდები. სცენაზე აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვარ, ვერც კი ავხსნი, როგორ ვიცვლები... ალბათ, მაყურებელი ამჩნევს ყოველივე ამას. 

- რა შემთხვევაში ვერ იცეკვებ კარგად?
- თუ ძილი მაკლია. აუცილებელია, მინიმუმ, 7-8 საათი მეძინოს, რომ პარკეტზე დადგომა შევძლო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი სხეულით ვკანკალებ. არ ვაზვიადებ. 

- როგორც ვიცი, ანდრიას პროექტის დაწყებამდეც იცნობდი...
- ჩვენ საერთო სამეგობრო წრე გვყავს, ამიტომ ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. შოუს დაწყებამდე გიგი გაჩეჩილაძემ დამირეკა და მითხრა, სტუდიაში ანდრია მოგაკითხავს და მისი მონაცემები შეამოწმეო. ერთი-ორი ილეთი გავაკეთებინე. ვერ ვიტყვი, ძალიან კარგად გამოუვიდა-მეთქი, მაგრამ მასში მოზღვავებული მონდომება და შრომისმოყვარეობა დავინახე. ქორეოგრაფს ვუთხარი, რომ თანახმა ვიყავი, ანდრიასთან ერთად მეცეკვა. ჩემი პირველი შთაბეჭდილება გამართლდა. მართლაც, ენთუზიაზმითაა სავსე და, რაც მთავარია, პუნქტუალურია. იცის, რომ დაგვიანებას ვერ ვიტან და 10 წუთიც რომ აგვიანდებოდეს, წინასწარ მაფრთხილებს.

- ზოგიერთ „პროფაილში“  ჩანს, რომ ანდრიასთან მკაცრი ხარ, რასაც მაყურებელთა უარყოფითი შეფასება მოჰყვა... 
- მკაცრი არა, მომთხოვნი ვარ. მაქსიმუმს მოვითხოვ მისგან. არასდროს ვეტყვი: „არ გამოგდის? კარგი, იყოს, თავი დაანებე“. მინდა, რომ ყველაფერი შეძლოს. სიმართლე ვთქვათ, ანდრიას თავიდან ჰქონდა ჩავარდნები. საქმე ისაა, რომ ზოგიერთ ილეთს ცოტა გვიან ითვისებს. ინფორმაციის გათავისებისთვის დრო სჭირდება. სამაგიეროდ, მოგვიანებით ყველაფერს სწორად აკეთებს. მიხარია, რომ შრომისმოყვარეობითა და მონდომებით ფინალამდე მივაღწიეთ. ყოველ ტურზე გულში ვფიქრობდი, ალბათ, ახლა დავტოვებთ პროექტს-მეთქი. ოთხეულში რომ ვიდექით, ანდრიასაც კი ეგონა, რომ გავვარდებოდით. 

- ანდრიას სცენაზე გასვლამდე როგორ უჭირავს თავი?
- ძალიან ნერვიულობს. ყველა მონაწილე ერთად ვამხნევებთ, ვეუბნებით, რომ სცენაზე გავიდეს და ცეკვით ისიამოვნოს.

- როგორ გგონია, შენ და ანდრიას რა გჭირდებათ გამარჯვებისთვის?
- კარგად უნდა ვიცეკვოთ და მაყურებლის სიმპათია დავიმსახუროთ, რადგან საზოგადოება წყვეტს, ვინ გაიმარჯვებს. მგონია, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნულ თვისებებსაც. ალბათ, მაყურებელი შენიშნავდა, რომ ანდრია ყურადღებიანი, თბილი და მზრუნველი ადამიანია.

- სტანისლავ ბონდარენკოს, ანდრიას კონკურენტს, როგორ შეაფასებდი?
სტასი ძალიან კარგად ცეკვავს. მონდომებული ბიჭია. ყოველთვის ითვალისწინებს ჟიურის რჩევებს. ვფიქრობ, მაყურებელს  მომავალ ორშაბათს საინტერესო სანახაობა ელოდება.

- ჟიურის წევრების შეფასებებით კმაყოფილი ხარ?
- დაუმსახურებელი საყვედური არასდროს მიგვიღია, ამიტომ მე და ანდრია ვმუშაობთ და ხარვეზების გამოსწორებას ვცდილობთ.

- პროექტის მიღმა რას საქმიანობ?
- სტუდია „პრაიმდენსში“ ვმუშაობ. ჩემს მოსწავლეებს საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებ, ვასწავლი, როგორ უნდა ჩამოყალიბდნენ კარგ მოცეკვავეებად. ისინიც ისევე მონუსხულები არიან ლათინოამერიკული ცეკვებით, როგორც მე. შეიძლება, ასეთი აურა მაქვს... 

- როგორც ვიცი, ცეკვა გვიან დაიწყე...
- დიახ, 13 წლის ვიყავი. მანამდე ცოტა ხანს ქართულ ცეკვებს ვეუფლებოდი. სამეჯლისო ცეკვები შემთხვევით ტელეეკრანზე ვნახე. იმდენად დამაინტერესა, რომ მამაჩემს 3 წელი ვთხოვდი, ლათინოამერიკული ცეკვის წრეზე შემიყვანე-მეთქი. არც ვიცოდი, თბილისში ასეთი სტუდია თუ არსებობდა. „თელას“ შესახებაც ტელევიზორით შევიტყვე. მამამ უფლება მომცა, მხოლოდ 1 წელი შევსულიყავი ცეკვაზე, მაგრამ ამ სამყაროში შევაბიჯე თუ არა, მივხვდი, რომ მთელ ცხოვრებას აქ გავატარებდი. მამაჩემის თხოვნით, აბიტურიენტობისას 2-წლიანი პაუზა ავიღე. ჩემს მშობლებს უნდოდათ, მთელი დრო სწავლისთვის დამეთმო. ჩემი ოჯახის წევრები იურისტები არიან (მხოლოდ მამიდა იყო სპორტული ტანმოვარჯიშე) და ამიტომ ჩემი სურვილი - მოცეკვავე გავმხდარიყავი - ეუცნაურათ. ჩავაბარე საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე და დავეუფლე დიპლომატიას. ამ 2 წლის განმავლობაში ყოველდღე ვრთავდი ვიდეოებს და შინ ვცეკვავდი. მამამ მიყურა, მიყურა და  იფიქრა: „მგონი, ბავშვს ძალიან ვაწვალებ“. საბოლოოდ ცეკვის გაგრძელების უფლება მომცეს. 

- რა სირთულეებს აწყდება მოცეკვავე?
- ცეკვა მოითხოვს ძლიერ ნერვებს. უდიდესი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ გიწევს ყოფნა, თუმცა სპორტსმენი ზუსტად იმიტომ ხარ, რომ ფიზიკური და სულიერი ძალა გამოავლინო. ჩემთვის ყველაზე საინტერესო სირთულეების გადალახვაა, როგორც ცხოვრებასა და ჩემპიონატებზე, ასევე „ცეკვავენ ვარსკვლავებში“. უდიდესი სიამოვნებაა, როცა შენი ვარჯიშის შემდეგ შედეგს ხედავ. ხანდახან „ტურნირებში“ განუკითხაობაა და ჟიური სუბიექტურად აფასებს კონკურსანტებს, მაგრამ მოცეკვავე  უსამართლობამ არ უნდა გატეხოს. 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
ავტორი: თათული ღვინიანიძე