„ალბათ, ესაა ბედისწერა. მე არასოდეს მიფიქრია სხვაგვარ ცხოვრებაზე“, - ზვიად გამსახურდია

უცნობი ფოტოები

5 დეკემბერი 20:00, 2015 წელი

დიდი ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში 1939 წლის 31 მარტს, ვაჟი დაიბადა - მომავალი მეცნიერი, მწერალი, მთარგმნელი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს პირველი პრეზიდენტი  ზვიად გამსახურდია.


1957 წელს დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა და სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით.
წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 
1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს - მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 
1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 1970-1977 წლებში - საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.
გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირის, ბოდლერის, გოგოლისა და სხვათა თხზულებების მისეული თარგმანები.
კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში იკრიბებოდნენ მწერლები, პოეტები, ქვეყნის პატრიოტები და ასეთ გარემოში გაზრდილმა ზვიადმა ბავშვობიდანვე მიზნად დაისახა საქართველოს განთავისუფლებისთვის ბრძოლა.
1956 წელს მან და მისმა მეგობრებმა თბილისის ქუჩებში საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, პროკლამაციები გამოაკრეს. X კლასელმა ბიჭებმა საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი ორგანო „გორგასლიანი“ ჩამოაყალიბეს, რაც საბჭოთა უშიშროებას შეუმჩნეველი არ დარჩენია. ორგანიზაციის წევრები დააპატიმრეს, თუმცა ხმაურის ატეხას მოერიდნენ და მალევე გაათავისუფლეს.


ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თაოსნობით, 1976 წელს დაფუძნდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, რომელიც აქტიურად იბრძოდა ადამიანის უფლებების, ქართული კულტურის ძეგლებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დასაცავად. ზვიადი სიცოცხლის ბოლომდე ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო.
განმათავისუფლებელ მოძრაობაში შეტანილი წვლილისთვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალურ ნომინანტად წარადგინა.  


დიდი კლასიკოსის შვილის დისიდენტურ საქმიანობას ყურადღებით ადევნებდა თვალს საბჭოთა უშიშროების კომიტეტი. 1956 და 1977-1979 წლებში ზვიადი დააპატიმრეს, ხოლო 1977 წლის 1-ელ აპრილს „ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის“ საქართველოს მწერალთა კავშირიდანაც გარიცხეს. ზვიად გამსახურდია 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა მშვიდობიანი აქციის მთავარი ორგანიზატორი  იყო. მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციის, რომელიც  9 აპრილს სისხლიანი დარბევითა და აქციის ორგანიზატორთა დაპატიმრებით დასრულდა.
1989 წელს, მერაბ კოსტავას დაღუპვის შემდეგ, სათავეში ჩაუდგა „სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის საზოგადოებას“ და შექმნა პოლიტიკური ალიანსი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“. მისი მთავარი პოლიტიკური მიზანი იყო ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი, ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება.


ბლოკმა 1990 წლის 28 ოქტომბრის პირველ დემოკრატიულ და მრავალპარტიულ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე ზვიად გამსახურდია უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
სესიის გადაწყვეტილებით ქვეყანას ეწოდა „საქართველოს რესპუბლიკა“, ამასთანავე, აღდგა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი).
1991 წლის მარტში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც დადასტურდა იმავე წლის 26 მაისის საყოველთაო სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი გამარჯვებით.
1991 წლის 9 აპრილს, რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა.
1991 წლის დეკემბერში ქვეყანაში დაიწყო სამხედრო გადატრიალება.
1992 წლის 6 იანვარს ზვიად გამსახურდიამ საქართველო დატოვა...
1993 წლის 31 დეკემბერს ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში, დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა.


ზვიადის ბავშვობის მეგობარი და მუსიკათმცოდნე იუნონა აფაქიძე ერთ-ერთ მოგონებაში წერს: „ბავშვობიდანვე სხვებისგან გამორჩეული თვისებები ჰქონდა... საქართველოს ისტორიაზე, მის ბედუკუღმართობასა და შინა მტრებზე ისე ხატოვნად მიყვებოდა, ქვაც რომ ყოფილიყავი, ატირდებოდი... განსაკუთრებით აწუხებდა ის, თუ „ვინ ვიყავით, ვინ ვართ და საით მივექანებით“... ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში“.


 


საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია
„უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ თითქმის ერთხმად აირჩიეს. სხდომაზე შესვენება გამოცხადდა და მოულოდნელად სადღაც გაუჩინარდა. პატარა ოთახში განმარტოებულიყო და გამალებით რაღაცას წერდა. გილოცავთ მეთქი, - ვუთხარი და გადავეხვიე. თავი ასწია. მის თვალებში გაკვირვება და ერთგვარი წყენა გამოსჭვიოდა. „რას მილოცავ, განა ჩვენ ამისთვის ვიბრძვით?“ - ეს სიტყვები ისე გულწრფელად იყო ნათქვამი, რომ ისღა დამრჩენოდა, მისთვის ბოდიში მომეხადა. მართლაც, რა მისალოცი იყო ახალი ტვირთის წამოკიდება, კვლავ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმა და მორიგი განსაცდელის პირისპირ დადგომა?!“ - თემურ ქორიძე.


 


ოჯახი - კონსტანტინე გამსახურდია, თამარი, თათია, ზვიადი და მირანდა ფალავანდიშვილი
„კოლხური კოშკის კედლებში, დიდი კონსტანტინეს სულის ქურაში გამოიწრთო ზვიადი და მისი ქრისტესმიერი ძმა და თანამეაბჯრე, ჩემი მერაბი“, - ოლღა დემურია-კოსტავა.




პატარა ზვიადი


ზვიად გამსახურდია ცოლ-შვილთან ერთად
„მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება თითქმის პატიმრობაში გავატარე. იყო ნამდვილი პატიმრობა, შინაპატიმრობა, გადასახლება, ციხე... იყო პერიოდი, ლუკმაპური უჭირდა ჩემს ცოლ-შვილს, მაგრამ მე სხვაგვარად არ შემეძლო. მე ჩემი ცხოვრება თხუთმეტი წლისამ დავიწყე. აი, ამ სახლში მუდამ საქართველოზე იყო ლაპარაკი. იკრიბებოდნენ მწერლები, მეცნიერები... გარეთ რომ ვერაფერს ამბობდნენ, აქ ბჭობდნენ, ჭირისუფლობდნენ, გულს იოხებდნენ... მე აქ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა აკადემია გავიარე და მისი ღალატი არასოდეს მიფიქრია... ადამიანში არის რაღაც, რასაც ვერაფრით შეცვლი. ალბათ, ესაა ბედისწერა. მე არასოდეს მიფიქრია სხვაგვარ ცხოვრებაზე“, - ზვიად გამსახურდია.


 


ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა
„მე ყოველთვის მიკვირდა: ბავშვობაში ზვიადს არასოდეს უთამაშია. სულ პატარაც კი, როდესაც ჩვენთან მოვიდოდა, სულ პოლიტიკაზე საუბრობდა. მერაბ, საქართველო დაპყრობილია, ჩვენ უნდა გავათავისუფლოთო, - ეუბნებოდა ხშირად მერაბს“, - ოლღა დემურია-კოსტავა.


 


ზვიად გამსახურდია მეგობრებთან ერთად ბაკურიანში
1956 წელი 


 



გურამ დოჩანაშვილი, ზვიად გამსახურდია, ჯონდო (თემურ) მეტრეველი
 
ფოტო გადაღებულია ბაკურიანში. 1958 წელი.



უშანგი (იშტარა) ჭელიძე, გურამ დოჩანაშვილი, ზვიად გამსახურდია, რეზო ბოჯგუა და პუსია კობერიძე
გადაღებულია ბაკურიანში. 1958 წელი.




ჯონდო მეტრეველი, ზვიად გამსახურდია, ვოვა სიხარულიძე, გურამ დოჩანაშვილი, ბადურ ჭანტურიშვილი, ზურა მაისურაძე




ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა
„1956 წელს სკოლის მოსწავლეები მერაბი და ზვიადი ეროვნული იდეებისა და იატაკქვეშა საქმიანობისთვის დააპატიმრეს. იმჟამინდელ ხელისუფლებას ხელს აძლევდა გიჟებად მათი შერაცხვა. ამ დაპატიმრებისა და გიჟებად შერაცხვის შემდეგ, ბევრმა ბავშვობის მეგობარმა თუ კლასელმა გაწყვიტა ზვიადთან და მერაბთან ურთიერთობა. წლების განმავლობაში ბევრ მეგობარს იძენდნენ, მაგრამ მალევე გაეცლებოდნენ ხოლმე. ასე ხდებოდა ზვიადისა და მერაბის აღსასრულამდე“, - იუნონა აფაქიძე.




სურათზე მარცხნიდან: იპოლიტე გამსახურდია, მირანდა ფალავანდიშვილი-გამსახურდიასი (ზვიადის დედა), ზვიად გამსახურდია, ლადო გამსახურდია. 
გადაღებულია დიხაზურგაში (სოფელი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში) 1961 წელს.




ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა - ქართველი დისიდენტი, მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე
„ბევრი ეცადა ჩემი და ზვიადის მეგობრობაში ბზარის გაჩენას, მაგრამ ეს ვერავინ შეძლო, ეს არასოდეს მოხდება, მაგრამ თუ მოხდა სასწაული და ჩვენს მეგობრობაში ბზარი გაჩნდა, მე მაშინ ვიტყვი, რომ მეგობრობა საერთოდ არ არსებობს, ეს კი უკვე ქვეყნის დანგრევას უდრის“, - მერაბ კოსტავა.


 


ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა
ფოტოს ავტორია ჯემალ კასრაძე.




ზვიად გამსახურდია
„სამუსიკო სტუდიის მეექვსე კლასს ვამთავრებდით და ბოლო დღეს ზვიადი მეკითხება, შოპენის „პოლონეზი #3“ გაქვს? რად გინდა, ძალიან რთული ნაწარმოებია და ვერ ისწავლი-მეთქი. იუკადრისა და მაშინვე გამომყვა სახლში ნოტების წამოსაღებად. შემდეგ ამ ნაწარმოებს უკრავდა კონცერტზეც და გამოსაშვებ გამოცდაზეც, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ცენტრალურ მუსიკალურ სკოლაში ჩარიცხვის დროსაც და დამთავრებისასაც. ყოველთვის ინსტრუმენტის რამდენიმე სიმი ეწირებოდა ზვიადის მიერ ამ ნაწარმოების შესრულებას. მერაბ კოსტავას არაერთხელ უთქვამს ჩემთვის: „შენ მოგეცა მაგის ცოდვა, რატომ უთხარი, ვერ ისწავლიო?!“ ამაზე ბევრს ვიცინოდით და თავად ზვიადიც გულიანად ხარხარებდა“, - ზვიადის ბავშვობის მეგობარი და მუსიკათმცოდნე იუნონა აფაქიძე.




ზვიად გამსახურდია იმ საბეჭდ მანქანასთან, რომელზეც დაიბეჭდა „გორგასლიანის“ ცნობილი პროკლამაცია, 1957 წ. 




ზვიად გამსახურდია, კონსტანტინე 
გამსახურდია, მირანდა გამსახურდია-ფალავანდიშვილი, თამარ გამსახურდია
„ჩვენ ვცხოვრობთ ძლიერ სასტიკ დროში და აწი დროა, სერიოზულად ემზადო, რათა შეძლო, გახდე ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი... გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენზე მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იღვწის რაიმე მაღალი და ზეაღმტაცი ამბებისთვის...“ - კონსტანტინე გამსახურდია „წერილი ზვიადს“.



საქართველოს პირველი პრეზიდენტი ინტერვიუს დროს

ავტორი და მფლობელი ჯემალ კასრაძე. 
„ზვიადის მდივანი წინასწარ გავაფრთხილე - პრეზიდენტის უფროსი უნდა მოვიდეს-მეთქი. შევატყვე, ჩემი ნათქვამი ხუმრობად მიიღო, მაგრამ, როდესაც პრეზიდენტი მოწიწებით კიბესთან შეეგება თავის მასწავლებელს, გამოუცდელი მდივანი მაშინვე მიხვდა, რომ მას და ზვიად გამსახურდიას სუბორდინაციის ცნება სხვადასხვაგვარად ესმოდათ“. - თემურ ქორიძე


 


ილია მეორე და ზვიად გამსახურდია
„ზვიადმა თავადვე შემოხაზა საკუთარი ბედისწერის საზღვარი. თუ ვინმე პათეტიკურ ნათქვამად არ ჩამითვლის, ეს იყო ერისკაცის, მამულიშვილის, მარტვილის უძნელესი გზა, რომლის სიგრძე-სიგანე მუდამ მხოლოდ მის გათელვაში დაღვრილი ოფლითა და სისხლით იზომება“, - თემურ ქორიძე




ზვიად გამსახურდია და რიჩარდ ნიქსონი - ამერიკის შეერთებული შტატების 37-ე პრეზიდენტი 1969-1974 წლებში „რესპუბლიკური პარტიიდან“. 
1991 წ. 29 მარტს, დღის 3 საათზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონს და მასთან ერთად საქართველოში ჩამოსულ ამერიკის დელეგაციას.




დედა ტერეზა ზვიად გამსახურდიასთან და მერაბ კოსტავასთან ერთად. თბილისი, 1989 წლის 9 აპრილის შემდგომ 
ალბანელი კათოლიკე მონაზონი, რომელმაც დააფუძნა ორგანიზაცია „ქველმოქმედების მისიონერები“ და 1979 წელს ჰუმანიტარული საქმიანობისთვის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
გარდაცვალების შემდეგ რომის პაპმა იოანე პავლე II-მ იგი წმინდანად შერაცხა.



ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა მიტინგზე. 1989 წელი
„ერთი ამბავი ვერ გამიგია: / სხვებზე უმეტეს თუ გაისარჯე, / როს ჩამოგეჭრა ხმა ედემისა,/ მოყვასისაგან რად განისაჯე, / ღირსო უკვდავთა დიადემისა. / ალბათ გამოცდა ენება უფალს, / როს გიმზადებდა ხვედრს არ ასაცდენს, / რადგან განგებას რომელი უყვარს / მასვე მოუვლენს სასტიკ განსაცდელს“. მერაბ კოსტავა „ძმას ქრისტესმიერს“.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?