ქართული თეატრისა და კინოს დიდი ტრაგიკოსი - ოთარ მეღვინეთუხუცესი კადრში და კადრს მიღმა

უცნობი ფოტოები

23 იანვარი 20:00, 2016 წელი

საქართველოს სახალხო არტისტი ოთარ მეღვინეთუხუცესი1932 წლის 16 იანვარს, თბილისში დაიბადა. გამორჩეული გარეგნობის მქონე ახალგაზრდამ 1954 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და სამუშაოდ მარჯანიშვილის თეატრს მიაშურა.

მალე, 26 წლის მსახიობმა გაიცნო 19 წლის გოგონა, რომელიც მისი ცხოვრების თანამგზავრი და ბევრჯერ სცენიური პარტნიორიც გახდა. ოთარ მეღვინეთუხუცესმა და გურანდა გაბუნიამ ერთად 56 წელი გაატარეს. კოტე მარჯანიშვილის დრამატულ თეატრში ოთარ მეღვინეთუხუცესის მიერ შესრულებული როლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: გიჟი რევაზი (ილია ჭავჭავაძე „კაცია ადამიანი?!“), ჩონთა (ვაჟა-ფშაველა „მოკვეთილი“), ლორდ ლეველი (უილიამ შექსპირი, „რიჩარდ მესამე“), ოიდიპოსი (სოფოკლე, „ოიდიპოს მეფე“), რომულუს ავგუსტუსი (ფრიდრიხ დიურენმატი, „რომულუს დიდი“), ოტელო (უილიამ შექსპირი „ოტელო“) და სხვ. 


თეატრში მოღვაწეობის პარალელურად, ოთარ მეღვინეთუხუცესს 1958 წლიდან იღებდნენ ფილმებში. მსახიობის კინოდებიუტი შედგა ფილმში „ფატიმა“ - ჯამბულატის როლში.
ამას მოჰყვა სხვა ფილმები და დაუვიწყარი პერსონაჟები: „ვედრება“ (ჯოყოლა), „კეთილი ადამიანები“ (1961 წ.), „ვინ შეკაზმავს ცხენს“, (1963წ), „ტარიელ გოლუა“ (გაიოზი) - (1968), „მზე შემოდგომისა“ (ვახტანგი) - (1973), „ნატვრის ხე“ (ელიოზი) - (1976), „თეთრი ბაირაღები“ (ისიდორე) - (1990), „დიდოსტატის მარჯვენა“ (მეფე გიორგი) (1970), „მთვარის მოტაცება“ (1973 წ.), „ფიროსმანი“ და მრავალი სხვა.


მსახიობის კინოშემოქმედებაში განსაკუთრებულია 1978 წელს გადაღებული ფილმი „დათა თუთაშხია“. აბრაგის როლმა მსახიობს ხალხის სიყვარული და საერთაშორისო მასშტაბის აღიარება მოუტანა.
როდესაც ჭაბუა ამირეჯიბმა ფილმი ნახა, დიდი მადლობა გადაუხადა გიგა ლორთქიფანიძეს ოთარის როლისთვის.  
ექვსი ათეული წლის მანძილზე კინოსა და თეატრში პროფესიული მოღვაწეობა შეუფასებელი არ დარჩენილა: 1964 წ. მსახიობს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება, 1973 წ. - საქართველოს სახალხო არტისტის, 1977 წ. - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, 1979 წ. - საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება, 1981 წ. - საქართველოს სახელმწიფო პრემია, 1981 წ. - საბჭოთა კავშირის სახალხო პრემიის ლაურიატი ხდება (როლისთვის დათა თუთაშხია), 1992 წ. - ტოკიოს VI საერთაშორისო კინოფესტივალის პრემია „მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის“ დ. ასტრახანის ფილმში „განვედ ჩემგან“,  1997 წ. - სტანისლავსკის სახელობის რუსეთის სახელმწიფო პრემია, 1998 წ. -რუსთაველის სახელმწიფო პრემია, 2001 წ. საქართველოს სახელმწიფო პრემია და მრავალი სხვა.


ოთარ მეღვინეთუხუცესი 2013 წლის 9 მაისს, 81 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ოთარ მეღვინეთუხუცესის  83 წლისთავისთვის 9 აპრილის ბაღში გაიხსნა მსახიობის ძეგლი.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დიმიტრი უზნაძისა და რომის ქუჩებს შორის მდებარე მოედანს ოთარ მეღვინეთუხუცესის სახელი ეწოდა.


 


                                                                                                                    


ოთარ მეღვინეთუხუცესი 
„ქალებს მოსწონდათ, მაგრამ ამის გამო არასოდეს მიეჭვიანია. სულ ერთად ვიყავით, როდის და რაზე უნდა მეეჭვიანა?! ჩვენთვის მთავარი იყო ჩვენი საქმე. მახსოვს, ქობულეთში კინოვარსკვლავი ჩულსინა რომ ჩამოვიდა, ოთარი როგორ მოეწონა. მკითხა კიდეც, როგორ, ნუთუ მას საერთოდ არ მოვწონვარო?! როგორ არ მოსწონხარ, ძალიან მოსწონხარ, მაგრამ რა ქნას, ხომ არ მომკლავს და მერე შენზე ხომ არ იქორწინებს, უბრალოდ, ასე არ გამოვა-მეთქი, - ვუთხარი“, - გურანდა გაბუნია.
   


 


ოთარ მეღვინეთუხუცესი
„მე საზღვარგარეთ მის გარეშე არასოდეს ვყოფილვარ, არც ის. ბოლო წლებში ხომ საერთოდ, ერთმანეთის გარეშე არსად წავსულვართ. ბიჭვინთაშიც რომ ვისვენებდით, ყველანი ერთად დავდიოდით. მიგვყავდა ჩვენი გოგონა მარიამი, ზოგჯერ - მეგობრები, თამუნა ჩიქოვანი და მისი ძმა გია“, - გურანდა გაბუნია.


 


კინოფილმი „ფატიმა“, ჯამბულატის როლში. 1958 წ.


მარჯანიშვილის თეატრის გრიმიორი ივანე დუდაშვილი და ოთარ მეღვინეთუხუცესი
„კაჩალოვი თურმე ყოველთვის, სცენაზე გასვლის დროს, პირჯვარს იწერდა. ისეთი ღრმა მორწმუნე არ ვარ, მაგრამ შევამჩნიე, რომ სცენაზე გასვლის წინ მეც პირჯვარს ვიწერ“, - ოთარ მეღვინეთუხუცესი.



ნოდარ მგალობლიშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, ბუხუტი ზაქარიაძე, ირაკლი უჩანეიშვილი, თენგიზ არჩვაძე




მარჯანიშვილის თეატრის დასის გასტროლები მოსკოვში
მარჯვნიდან: ვასო გოძიაშვილი, ევგენია აგაბეკოვა, აკაკი კვანტალიანი, სანდრო ჟორჟოლიანი, ოთარ მეღვინეთუხუცესი, მარინე თბილელი, იაკობ ტრიპოლსკი. გადაღებულია მოსკოვში. 


 


სერგო ფარაჯანოვთან და ვლადიმერ ვისოცკისთან ერთად
თბილისი, 1979 წ. იური მეჩითოვის ფოტო.



კადრი კინოფილმიდან „დიდოსტატის მარჯვენა“. 1970 წ.
მეფე გიორგი – ოთარ მეღვინეთუხუცესი, შორენა – ლალი ბადურაშვილი, გირშელი – გიორგი გელოვანი.




ოთარ მეღვინეთუხუცესი

„ის იყო ბოლო ტრაგიკოსი ქართული თეატრის და კინოს ეპოქისა. არ მგონია, უახლოეს 20 წელიწადში ასეთი დიდი მსახიობი დაიბადოს ქართულ სინამდვილეში. არც ის არის შემთხვევითი, რომ ის ბრწყინვალე შვიდეულში გარდაიცვალა, როცა აღსავლის კარი ღიაა! ის პირდაპირ წავიდა იქ, სადაც უნდა წასულიყო, თავის მეგობრებთან, დიდ კორიფეებთან, რომლებსაც ის აღმერთებდა“, - ქეთი დოლიძე.


 


 


ოთარ მეღვინეთუხუცესი დათა თუთაშხიას როლში
„დათა თუთაშხიაზე არანაკლებ ჭუჭყიანსა და უხამს დროში მოუწია ოთარ მეღვინეთუხუცესს ცხოვრება, მაგრამ, დათასი არ იყოს, ისიც სუფთა და სპეტაკი დარჩა“, - ხელოვნებათმცოდნე ლამარა ღონღაძე.


 


 


ოთარ მეღვინეთუხუცესი და გურანდა გაბუნია
„რაც შეეხება ოთარის სიდინჯეს, ყოველთვის ასეთი იყო. არ არის მოლაპარაკე კაცი. რა ვიცი, ალბათ, არ უყვარს, მე რომ ასეთი მხიარული და თავისუფალი ვარ. თუ ჩემი როლი არ მოეწონებოდა, არ ვთამაშობდი. სამაგიეროდ, ძალიან მოსწონდა ჩემი გაკეთებული ბორშჩი და კატლეტი. მერე ღომსა და ხარჩოს მივაჩვიე. გვერდით მეგრელი ქალი რომ ვყავდი, ამან, ალბათ, დიდი როლი ითამაშა შემდეგ, როცა „დათა თუთაშხიაში“ გადაიღეს“, - გურანდა გაბუნია.


 



ოთარ მეღვინეთუხუცესის 
ფიროსმანი
„დამწყები მსახიობი ვარ და ერთ მშვენიერ დღეს, გრატიაშვილი, რეჟისორის თანაშემწე, მეუბნება: შენ ბედნიერი კაცი ხარო. მეგონა მარჯანიშვილის თეატრში ჩემს მიღებაზე მეუბნებოდა. დავეთანხმე, ჩაეღიმა, „არა, სხვა რამეს გეუბნებიო, სპეციალურად შენს სანახავად მოვიდა ვერიკო ანჯაფარიძე და კულისებიდან გიყურებდაო“. ეს ფაქტი ისე დამამახსოვრდა, როგორც ჩემი ბიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ნათელი წერტილი, თურმე ასე დაწყებულა სცენაზე ჩემი ფეხის ადგმა, ეს მნიშვნელობა მიეცა ამ ფაქტს“, - ოთარ მეღვინეთუხუცესი.


 


ელიოზი ფილმიდან „ნატვრის ხე“ 
რეჟ. თენგიზ აბულაძე. 1976 წელი.


 


„ოიდიპოს მეფე“. მარჯანიშვილის თეატრი. 1978 წ.
ოიდიპოსი - ოთარ მეღვინეთუხუცესი, იოკასტა - მედეა ჯაფარიძე.


 


კახი კავსაძე, ნანა ფაჩუაშვილი და ოთარ მეღვინეთუხუცესი


 


 


კახი კავსაძე, ბიძინა ივანიშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი და გივი ბერიკაშვილი


 


ოთარ მეღვინეთუხუცესი შვილთან, მარიამთან ერთად




ბოლო როლი თეატრში...
მარჯანიშვილის თეატრი, სპექტაკლი „მემუარები“, რეჟ. ირაკლი გოგია.


 


ოთარ მეღვინეთუხუცესი
„ყველა გენიალური პიროვნება ასეთია - თავის სიდიადეს რომ არ აღიარებს! ვინმეზე აუგს ვერ წარმოათქმევინებდი და თუ ვინმეს სიკეთე ჰქონდა გაკეთებული, აიტაცებდა და სულ იმ კაცზე ლაპარაკობდა. ნათქვამია, კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქსო. ოთარ მეღვინეთუხუცესი მთელ ქვეყანას დააკლდა“. - ჯანსუღ ჩარკვიანი.


 


ოთარ მეღვინეთუხუცესი 
„იცით, ყველაზე მეტად გული რაზე მწყდება?! ლუდმილა გურჩენკომ სიკვდილის წინ თქვა: უნდა მოასწრო და ქმარს უთხრა, რომ ის დედამიწაზე ყველაზე მეტად გიყვარსო... მე კი ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი ოთარისთვის...“ - გურანდა გაბუნია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?