„ამაშიც არ მქონია ბედი...“ - რაზე სწყდებოდა გული ვახუშტი კოტეტიშვილს?

უცნობი ფოტოები

15 ოქტომბერი 22:00, 2016 წელი

ბედმა მძიმე ბავშვობა არგუნა: დედა - ნინო დილევსკაია მის დაბადებას გადაჰყვა. 2 წლის იყო, როცა მამა - ცნობილი პროფესორი ვახტანგ კოტეტიშვილი - დაუხვრიტეს. უკვე ხანშიშესული მეცნიერი ასე ეხმიანებოდა თავის ბავშვობას: „შენ ჩემო დაბადების დღევ, / სიკვდილის თავსაფრიანო, / მამისთვის სატანჯველო და / დედისთვის მოკლედღიანო“... 

ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, ფოლკლორისტი, ირანისტი, მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახუშტი კოტეტიშვილი 1935 წლის 4 აგვისტოს თბილისში დაიბადა. მამის ამარა დარჩენილ ჩვილზე დიდედა, ნათესავები და მისი უფროსი და, ლეილა ზრუნავდნენ.
როდესაც ვახტანგ კოტეტიშვილი კომუნისტური საზოგადოების მტრად შერაცხეს და დასახვრეტად წაიყვანეს, მისი უკანასკნელი სიტყვები ყოფილა: ლეილა, ვახუშტი გამიზარდე, არ დამეჩაგროსო.


ვახუშტი კოტეტიშვილმა 1954 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩააბარა და უკვე მეორე კურსიდან სპარსული პოეზიის თარგმნას მიჰყო ხელი.
1959 წელს უნივერსიტეტი დაამთავრა. 1965-1977 წლებში იყო თსუ-ს აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის დოცენტი, 1994 წლიდან ფოლკლორის კომპლექსური კვლევის მეცნიერი ხელმძღვანელი. პირველი ლექსი 1954 წელს გამოაქვეყნა, პირველი თარგმანები - 1958 წელს.


მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ირანისტად აღიარებული მთარგმნელი და სტუდენტების უსაყვარლესი ლექტორი სპარსულის შემდეგ, რუსული და გერმანულ-ავსტრიული პოეზიის თარგმნას შეუდგა და  აღიარებაც მალევე მოიპოვა. სამოცდაათი წლის იყო, როდესაც ლექსების პირველი კრებული „ქვიშის საათი“ გამოსცა, მაგრამ ხალხის საყოველთაო სიყვარული და აღიარება ყველაზე მეტად ოთხმოცამდე გრანდიოზულმა ფოლკლორულმა საღამომ მოუტანა, რომელსაც 1978-1988 წლებში მთელი საქართველოს მასშტაბით მართავდა.


პროფესორი ზურაბ კიკნაძე ამბობდა, რომ ვახუშტი კოტეტიშვილი ფოლკლორის სიყვარულით მამას, ვახტანგ კოტეტიშვილს, დაემგვანა, რომელიც, ფაქტობრივად, ახალი ფოლკლორული მიმართულების დამფუძნებელი იყო. ვახუშტი კოტეტიშვილი, ალექსი ჭინჭარაულსა და თენგიზ მირზაშვილთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დადიოდა და სახალხო მთქმელები თბილისში ჩამოჰყავდა. ასე იყო, სანამ ჯანმრთელობა ხელს უწყობდა..


ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ვახუშტი კოტეტიშვილს მინიჭებული ჰქონდა ლიტერატურული პრემია „საბა“. 


იყო საფრანგეთისა და ავსტრიის ლიტერატურული პრემიების ლაურეატი.
ირანის სამთავრობო კომისიამ აღიარა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მთარგმნელად; იყო იუნესკოს ფოლკლორული ასოციაციის საქართველოს განყოფილების პრეზიდენტი, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრის თავმჯდომარე, საქართველო-აზერბაიჯანის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი და ფოლკლორისტული კლუბის „ჯავარის“ პრეზიდენტი.


სიცოცხლის ბოლო წლების განმავლობაში, ვახუშტი კოტეტიშვილი ავადმყოფობდა და ნელ-ნელა ხმას კარგავდა, თუმცა იუმორის გრძნობა და სიცოცხლის ხალისი ბოლო წუთამდე არ დაუკარგავს:   
„თუ გიდგას ღვინო ხელადით, / განსაკუთრებით - „პინო“, / გვერდს გეჯდეს ქალი ლამაზი, / დუდუკით მოილხინო, / თუ აგიკრძალეს ქალები, / თუ აგიკრძალეს ღვინო, / რა ჭირად გინდა დუდუკი, / ან რა გაქვს საღიღინო?!“
მძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, დასასრულიც დადგა. ვახუშტი კოტეტიშვილი 2008 წლის 7 აგვისტოს, ომის დაწყების წინა დღეს გარდაიცვალა. ალბათ, ამიტომ, უკანასკნელ განსასვენებლამდე სულ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიაცილა.


 


„ჩვენ არყოფნიდან მოვედით / და ვნახეთ, ყოფნა რაც არი, / აზრი ამქვეყნად ყოფნისა / თითქოს არი და არც არი. / წინ წყალი, უკან მეწყერი, / ცეცხლი და ბოლოს ნაცარი. / ბედნიერებას ვეძებდით, მაგრამ ვერ ვპოვეთ მარცვალი. სიკვდილი დედა ყოფილა, / სიცოცხლე – დედინაცვალი“. ვახუშტი კოტეტიშვილი.


 


კავთისხევი. მარცხნიდან დგანან: ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე, პროფესორი გრივერ ფარულავა, გიორგი ჯაფარიძე, ვახუშტი კოტეტიშვილი, ზურაბ ცხვედიანი.
„ის აერთიანებდა ძალიან იშვიათ თვისებებს: იყო უაღრესად აკადემიური, დახვეწილი ინტელიგენტი და, ამავე დროს, ხალხის შვილი, ამ სიტყვების საუკეთესო გაგებით. ვახუშტი იყო ვახუშტი მთაში, უბრალო ადამიანებთან, და ვახუშტი იყო დიდი მეცნიერი, დიდი მთარგმნელი თავის საწერ მაგიდასთან“, - ირანისტი გიორგი ლობჟანიძე.


 


„7 წლისები ვიყავით, როცა ვახუშტიმ ისეთი ლექსი დაწერა, სკოლაში მასწავლებელმა არ დაუჯერა, რომ მისი ავტორი მოსწავლე იყო და შინ ატირებული დაბრუნდა. მეორე დღეს, თანაკლასელების წინაშე, პედაგოგმა მას ბოდიში მოუხადა. იმ დღიდან დაიწყო ვახუშტიმ ლექსების წერა, რომლებიც ნელ-ნელა ვრცელდებოდა და პოპულარული ხდებოდა ახალგაზრდებს შორის“, - ვახუშტი კოტეტიშვილის ბიოგრაფი ნანა კოტეტიშვილი.


 


„ვახუშტის დედას, ნინო დილევსკაიას მძიმე მშობიარობა ჰქონდა. ექიმებს ან დედა უნდა გადაერჩინათ, ან შვილი. დედას უთქვამს: ბავშვი გადაარჩინეთო. რაღაც პერიოდის შემდეგ, უკვე ხანშიშესულმა ვახუშტიმ დაწერა: „მე რად მინდოდა სიცოცხლე, დედის სიკვდილად დამჯდარი...“  


 


„ვახუშტი სულ მეუბნებოდა, მთელი ცხოვრება შენ გელოდებოდი და გული მწყდება, ასე გვიან რომ შეგხვდიო. მამაჩემის თანაკურსელი იყო და ამბობდა, მამაშენმა შენი თავი მანამდე რატომ არ გამაცნოო. მთელი ცხოვრება ის მე მელოდა და ახლა მთელი ცხოვრება მასთან მისვლას უნდა ველოდო...“ - მზეო გოგოჭური.


 


ვახუშტი კოტეტიშვილი სოფელ სეფიეთში სტუმრობისას.
„საწუთრო შემომეძენძა / როგორც მათხოვრის ხალათი, / ბედნიერების ჩანჩქერებს ჩემს წილს სულ წვეთ-წვეთ ვძალავდი, / ათასგვარ ჭირსა და ვარამს
გავუძელ ძალის-ძალათი, / ერთიღა მრჩება ნუგეშად - მიწამ არ იცის ღალატი...


 


ბაბო დადიანი და ვახუშტი კოტეტიშვილი 
კადრი ფილმიდან „კავკასიური ნადიმი“


 


ვახუშტი კოტეტიშვილი და ედუარდ შევარდნაძე


 


შენ, ჩემო დაბადების დღევ, / სიკვდილის თავსაფრიანო, / ვაებისაკენ სულმსწრაფო, / სიხარულისთვის გვიანო, / ვითომ ამქვეყნად სწერიხარ, / 
ვითომ სიცოცხლე გქვიანო. / სიკვდილო, შვებად მეგულვი, / მოდი, არ დაიგვიანო!


 


„ჩემი და ვახუშტის სიყვარულის ისტორია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო და ამას ხალხის გარკვეული რეაქციაც მოჰყვა, ბედისწერა იყო. 15 წელი ვიყავით ერთად და ჩვენი ურთიერთობა იყო სამოთხე დედამიწაზე“, - მზეო გოგოჭური.



1997 წლის 16 მაისს ვახუშტი კოტეტიშვილის შვილი, ცნობილი კინომოღვაწე ტატო კოტეტიშვილი ინფარქტით გარდაიცვალა. „მთელი ცხოვრება ღმერთს ვთხოვდი, ჩემიანის სიკვდილს ნუ შემასწრებ, პირველი, დაე, მე ვიყო-მეთქი. არც ამაში გამიმართლა“, - იტყვის მოგვიანებით მეცნიერი.


 


„იყო მეგობარი, რომელსაც გინდა, რაღაც ჰკითხო ან მოუსმინო... საინტერესო პიროვნება“, - გუგა კოტეტიშვილი, ვახუშტის შვილი.



„თუ შეგიყვარებდა, თუ მიგიშვებდა ახლოს, მერე ყველანაირი ზღვარი იშლებოდა. ჩვენ, მის მოწაფეებს, ყოველთვის გვახსოვდა, ვინ იყო ვახუშტი, მაგრამ თვითონ იყო ძალიან უშუალო. თუ ისე მოხდებოდა, რომ ჩვენ ვერ დავურეკავდით, თვითონ გვირეკავდა, გვკითხულობდა, რას ვაკეთებდით. ძალიან თბილი ადამიანი იყო“, - ირანისტი გიორგი ლობჟანიძე.


 


„ბედნიერებაა, როცა გვერდით ისეთი ადამიანი გყავს, რომელიც სრული სისავსით გრძნობს შენ მიერ დანახულ სამყაროს. ასეთი ურთიერთობა „ბოდიშისა“ და „მადლობის“ საზღვრებს არასოდეს სცილდება. მასში თითქოს შენს ფრთაშესხმულ იდეალს ხედავ“. - ვახუშტი კოტეტიშვილის ქვრივი მზეო გოგოჭური.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?