როგორ შეიცვალნენ პატარა მსახიობები?

უცნობი ფოტოები

31 დეკემბერი 22:00, 2016 წელი
82

ისინი კინოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ბავშვები იყვნენ. ზოგიერთი მათგანი დრომ არ დაინდო, ზოგი კი კარიერის მწვერვალზე აიყვანა... მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი, როგორ გაგრძელდა ჩვენი ბავშვობისდროინდელი კერპების ცხოვრება?

მაკოლეი კალკინი


კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსახიობი ბავშვის დებიუტი 4 წლის ასაკში, ნიუ-იორკის ფილარმონიის სცენაზე შედგა. ერთი წლის შემდეგ, 1985 წელს, მაკოლეი კალკინმა მხატვრულ ფილმში „შუაღამეს“ ეპიზოდური როლი შეასრულა, პირველი მთავარი როლი კი 1989 წელს გადაღებულ ფილმში „ბაბუა ბაკი“ ერგო. თუმცა, მთავარი წინ იყო... 1990 წელს ეკრანებზე საახალწლო კომედია „მარტო სახლში“ გამოვიდა. სწორედ ამ ფილმში შესრულებული კევინ მაკკალისტერის როლი აღმოჩნდა მაკოლეი კალკინის კარიერაში გადამწყვეტი - მსახიობს ოქროს გლობუსზე პირველი ნომინაცია (საუკეთესო მამაკაცის როლი კომედიასა და მიუზიკლში) და „წლის ბავშვის“ წოდება მოუტანა. ამ ფილმისთვის კალკინის ჰონორარმა 100 000 ამერიკული დოლარი შეადგინა. მსოფლიო გაქირავებაში ფილმის მოგებამ კი 500 მილიონ დოლარს გადააჭარბა და გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომედია. კევინ მაკკალისტერის როლის შემდეგ, პატარა მსახიობის ჰონორარი ყოველი ფილმის შემდეგ იზრდებოდა. „მარტო სახლში 2“ და „ნიუ-იორკში დაკარგულების“ ჰონორარებით მაკოლეის შემოსავალმა 4,5  მილიონ დოლარს მიაღწია და ის კინოს ისტორიაში პირველი მსახიობი ბავშვი გახდა, რომელმაც ასეთი უზარმაზარი ჰონორარი მიიღო. შვილის პოპულარობისა და შემოსავლების ზრდასთან ერთად, იზრდებოდა მაკოლეის მამის, კრისტოფერ კალკინის მადაც, რომელიც მამობასა და შვილის პროდიუსერობას ერთმანეთს უთავსებდა. მიუხედავად იმისა, რომ მაკოლეის გადაღებები ძალიან ღლიდა, კრისტოფერი შვილს განუწყვეტლივ მუშაობას აიძულებდა. მალე პატარა მსახიობის მშობლები ერთმანეთს მაკოლეის გამომუშავებული 35 მილიონის განკარგვის უფლებისთვის დაუპირისპირდნენ. მშობლების გამუდმებული ჩხუბის გამო, 1996 წელს, 13 წლის მაკოლეი იძულებული გახდა, გადაღებები შეეწყვიტა. 2003 წელს, მშობლების განქორწინების შემდეგ, მაკოლეი რამდენიმე ფილმში ისევ გამოჩნდა, თუმცა ბავშვობისდროინდელი წარმატების გამეორება ვეღარ მოახერხა. 1998 წელს, 17 წლის მაკოლეი მსახიობ რეიჩელ მაინერზე დაქორწინდა. ეს კავშირი ხანმოკლე აღმოჩნდა და 2000 წელს გაყრით დასრულდა. 2002 წლიდან მაკოლეი კალკინი მსახიობ მილა კუნისს ხვდებოდა, თუმცა დიდხანს არც  ეს ურთიერთობა გაგრძელებულა.
2012 წლის დეკემბერში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა საძილე აბების გადაჭარბებული დოზა მიიღო და თვითმკვლელობა სცადა. ამის მიზეზად კუნისთან დაშორების შემდეგ განვითარებულ დეპრესიასა და ნარკოდამოკიდებულებას ასახელებდნენ.  
2013 წელს „მარტო სახლში“-ს მთავარმა გმირმა ბედი მუსიკალურ სამყაროში მოსინჯა და პაროდიული როკ-ჯგუფი „The Pizza Underground“ შექმნა, მაგრამ ჯგუფმა მხოლოდ სამი წელი იარსება და 2016 წელს დაიშალა.


დენიელ რედკლიფი


ბრიტანული კინოსა და თეატრის მსახიობის დენიელ რედკლიფის კინოკარიერა 1999 წელს გადაღებული ტელეფილმ „დევიდ კოპერფილდით“ დაიწყო, თუმცა მსოფლიო აღიარება და უზარმაზარი შემოსავალი მსახიობს ჯოან როულინგის ნაწარმოების მიხედვით  გადაღებულმა ფილმმა „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ მოუტანა, რომელშიც დენიელმა ჰარი პოტერის როლი შეასრულა. პირველ ფილმში დენიელის ჰონორარმა 150 000 დოლარი შეადგინა. 2009 წელს დენიელ რედკლიფი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც ათწლეულის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი. კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის ახალგაზრდა მსახიობს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. კინოში გადაღების პარალელურად, დენიელი აქტიურად მონაწილეობდა თეატრალურ დადგმებსა და მიუზიკლებში. ალან სტრენგის სიუჟეტის მიხედვით დადგმულ სკანდალურ პიესაში დენიელმა ცხენებზე შეყვარებული ყმაწვილის როლი შეასრულა, რომელიც სცენაზე დედიშობილა გამოდიოდა. პიესამ და მასში რედკლიფის მონაწილეობამ მოზარდების მშობლებში პროტესტი გამოიწვია. მათ კატეგორიულად მოითხოვეს, რომ დენიელს სპექტაკლი დაეტოვებინა, თორემ შვილებს მისი ფილმების ნახვას აუკრძალავდნენ. ამჟამად, დენიელ რედკლიფი „ლგბტ“ ორგანიზაციებისა და არატრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანთა უფლებების აქტიური დამცველი და ჰომოფობიასთან მებრძოლია. 2010 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ინტერვიუში დენიელმა განაცხადა: „ყოველთვის მძულდნენ ადამიანები, რომლებსაც გეების, ლესბოსელებისა და ბისექსუალების აუტანლობა აქვთ. მე ძალიან გამიმართლა, რომ შემიძლია, წვლილი შევიტანო მათი უფლებების დაცვაში“. 


დევინ რეტრეი


დევინ რეტრეიმ საახალწლო კომედიაში „მარტო სახლში“ კევინ მაკკალისტერის უფროსი ძმის საკმაოდ დასამახსოვრებელი სახე შექმნა. თუმცა, ეს მისი უკანასკნელი როლი არ ყოფილა. დევინი კინოში გადაღებას ამ დრომდე აგრძელებს. ახალგაზრდა მსახიობმა მთავარი როლები შეასრულა ფილმებში „ნებრასკა“ და „კატასტროფა“. მსახიობობის პარალელურად, დევინი წერს ლექსებს და უკრავს მუსიკალური ჯგუფში.



ელისონ პორტერი


ალბათ, ყველას ახსოვს კუდრაჭა სიუ ამავე სახელწოდების ფილმიდან. მსახიობი ელისონ პორტერი, რომელმაც მილიონობით მაყურებლის საყვარელი ხუჭუჭა გოგონას როლი შეასრულა, ფილმში გადაღების დროს 9 წლის იყო. ახლა კი 30 წელს გადაცილებული ქალია და სულ ახლახან დედაც გახდა.
უზარმაზარი წარმატების მიუხედავად, რომელიც „ხუჭუჭა სიუს“ ეკრანებზე გამოსვლას მოჰყვა, ელისონი  მუსიკალურ კარიერას გაჰყვა და ამჟამად ცნობილია, როგორც მომღერალი და სიმღერების ავტორი.


 


ლეონარდო დი კაპრიო


მსახიობი, რომელმაც  ფილმ „ტიტანიკში“ შესრულებული როლით მსოფლიო აღიარება მოიპოვა, განსაკუთრებულ წარდგენას არ საჭიროებს. ლეონარდო დი კაპრიო 12 წლის იყო, როცა პირველად კინოში გადაიღეს. 14 წლის იყო, როცა სერიალ „სანტა ბარბარაში“ მოხვდა. სამი წლის შემდეგ კი ფილმში „რა აწუხებს გილბერტ გრეიფს?“ გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვის როლი შეასრულა. თავისი სამსახიობო კარიერის მანძილზე ლეოს 50-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული და ყველა ერთმანეთზე გამორჩეული, ძვირად ღირებული და დასამახსოვრებელია. დიკაპრიო  ორჯერ იყო ნომინირებული BAFTA-ზე, სამჯერ - SAGs-ზე და შვიდჯერ - ოქროს გლობუსზე. ის არის ოქროს გლობუსისა და ვერცხლის დათვის მფლობელი. 2016 წელს ფილმში „რევერანტი“ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დი კაპრიოს „ოსკარი“ გადაეცა.


ელაიჯა ვუდი


ამერიკელ მსახიობ ელაიჯა ვუდს მსოფლიო აღიარება ტრილოგიაში „ბეჭდების მბრძანებელი“ შესრულებულმა ჰობიტი ფროდოს როლმა მოუტანა. როცა ენერგიული და მოუსვენარი ელაიჯას კინოში გადაღება დაიწყეს, მისი ოჯახი აიოვას შტატიდან ლოს-ანჯელესში გადავიდა. 1996 წელი პატარა მსახიობისთვის საუკეთესო არ ყოფილა - მშობლები დაცილდნენ და მამა უკან, აიოვაში დაბრუნდა. პატარა მსახიობის დებიუტი ფილმში „უკან, წარსულში 2“ შესრულებული ეპიზოდური როლით შედგა, თუმცა რეჟისორების ყურადღება ამერიკის კინოაკადემიის პრემიაზე წარდგენილ ფილმში „ალუმინის კაცუნები“ მონაწილეობამ მოუტანა. მაშინ კინოკრიტიკოსმა როჯერ ებერტმა თქვა: „ჰოლივუდის ისტორიაში, ეს ბიჭუნა თავისი ასაკის ბავშვებს შორის ყველაზე ნიჭიერი მსახიობია“. „ბეჭდების მბრძანებლის“ ფროდოზე 1999-დან 2003 წლამდე მუშაობდა. ფილმის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, ვუდის კარიერა თავბრუდამხვევი სისწრაფით განვითარდა. 35 წლის მსახიობი უკვე 43-ზე მეტ ფილმშია გადაღებული, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, დასასრული არ არის.


მაიკლ ჯეი ფოქსი 


1985 წელს ეკრანებზე გენიალური რეჟისორის რობერტ ზემეკისის დროში მოგზაურობაზე გადაღებული ფილმი „უკან წარსულში“ გამოვიდა, რომელშიც მთავარი გმირის - მარტი მაკფლაის  როლს მაიკლ ჯეი ფოქსი ასრულებდა. ფოქსი პირველი იყო, ვისაც რეჟისორებმა ეს როლი შესთავაზეს, მაგრამ სატელევიზიო შოუში გადაღების გამო, მან თავიდან ფილმში მონაწილეობა ვერ მოახერხა, თუმცა საბოლოოდ როლი მას დარჩა.


ედვარდ ფერლონგი

როდესაც ეკრანებზე გახმაურებული ფილმის „ტერმინატორის“ გაგრძელება გამოვიდა, მთელი მსოფლიო ჯონ კონორის როლის შემსრულებელზე - ედვარდ ფერლონგზე  ლაპარაკობდა. თავბრუდამხვევი წარმატების წლებში მსახიობმა საკუთარი მუსიკალური ალბომის ჩაწერაც მოახერხა და არნოლდ შვარცენეგერის შემდეგ, ისეთი მსახიობების გვერდით ითამაშა, როგორებიც მერილ სტრიპი, ტიმ როტი და ედვარდ ნორტონი არიან. შემდეგ ფერლონგის ცხოვრება, დაახლოებით, იმავე სცენარით განვითარდა, როგორც მაკოლეი კალკინის შემთხვევაში. ახალგაზრდა მსახიობს სერიოზული პრობლემები შეექმნა ალკოჰოლთან, ნარკოტიკებთან და კანონთან დამოკიდებულებაში. მსახიობი არაერთხელ დააპატიმრეს მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის დროს. დამღუპველი ჩვევების გამო, ფერლონგმა ხელიდან გაუშვა შანსი, ძველი დიდება დაებრუნებინა. ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების გამო, პროდიუსერებმა „ტერმინატორ 3“-ში ფერლონგის მონაწილეობაზე უარი თქვეს და როლზე სხვა აიყვანეს. ამჟამად 40 წელს მიღწეული ფერლონგი ეპიზოდურ როლებსა და სერიალებში მონაწილეობს.

ჯეიკ ლლოიდი


ჯეიკ ლლოიდმა 2001 წელს, 10 წლის ასაკში შეასრულა ენიკენ სკაიუოკერის როლი ფილმში „ვარსკვლავური ომები“. თუმცა მას შემდეგ ფილმებში მონაწილეობაზე უარი თქვა. „ენიკენ სკაიუოკერის როლმა დამღალა და გამანადგურა“, - ასე ხსნიდა თავის გადაწყვეტილებას მსახიობი, რომლის ცხოვრებაც დრამატულად წარიმართა. 2015 წელს, საჭესთან სიჩქარის გადაჭარბებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით, ციხეში მოხვდა, 2016 წელს კი ციხიდან, შიზოფრენიის დიაგნოზით ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს.



ნატალი პორტმანი


ნატალი პორტმანის დებიუტი 1994 წელს ლიუკ ბესონის საკულტო ფილმში „ლეონი“ შედგა, სადაც 13 წლის დამწყებმა ფრანგული კინოს გრანდს ჟან რენოს გაუწია პარტნიორობა. თავიდან პატარა ასაკის გამო, პროდიუსერებს ნატალის ფილმში აყვანა არ უნდოდათ, მაგრამ კინოსინჯებზე გოგონამ თავისი ნიჭიერებით ყველას გაოცება შეძლო და საკუთარი კარიერის ბედი განსაზღვრა. ნატალის პირველივე როლმა  აღიარება და „ოსკარის“ მოუტანა. მოგვიანებით მას წილად ხვდა მთავარი როლები ისეთ ფილმებში, როგორიცაა „ლამაზი გოგონები“ და „ყველგან, მაგრამ არა აქ“. შემდეგ იყო პადმე ამიდალას როლი „ვარსკვლავური ომების“ ახალ ტრილოგიაში.
2010 წელს 30 წლის პორტმანს ფილმში „შავი გედი“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ამერიკული კინოაკადემიის მთავარი პრიზი „ოსკარი“ გადასცეს.



ჯოდი ფოსტერი


ამერიკელმა მსახიობმა ჯოდი ფოსტერმა კინოში გადაღება 8 წლის ასაკიდან დაიწყო. ფილმების მოყვარულებს კარგად ახსოვთ 14 წლის ჯოდის საოცარი თამაში აირინ სტიმენსის ფილმში „ტაქსისტი“, სადაც მან მცირეწლოვანი მეძავის როლი შეასრულა. სხავთა შორის, ამ როლის შემდეგ ფოსტერს მანიაკალური მიდრეკილებების მქონე ფანატი გაუჩნდა, რომელმაც ამერიკის პრეზიდენტ რონალდ რეიგანზე თავდასხმა მხოლოდ იმიტომ განახორციელა, რომ მსახიობზე შთაბეჭდილება მოეხდინა. საბოლოოდ, თავგანწირული თაყვანისმცემელი შეშლილად გამოაცხადეს, ფოსტერმა კი კარიერული მწვერვალების დაპყრობა განაგრძო.