რიგითი ჯარისკაცი კევინ ელიოტი ავღანეთში დაიღუპა, მისი ბავშვობის ძმაკაცი ბარი დელანი კი დაკრძალვის ცერემონიალისთვის ამ ჭყეტელა ყვითელ კაბაში და ვარდისფერ გეტრებში გამოეწყო.
საქმე ის არის, რომ კევინის ჯარში წასვლის წინ ბიჭებმა ასეთი სანაძლეო დადეს:
თუკი კევინი ბრძოლაში დაიღუპებოდა, მის დაკრძალვაზე ბარი კაბით მივიდოდა. კაბა კი რაც შეიძლება მყვირალა და გამომწვევი უნდა ყოფილიყო.
ბარი ხედავდა, ჯარში წასვლის წინ როგორ ნერვიულობდა კევინი, სულ ნაღმებსა და ჩასაფრებულ ტერორისტებზე ლაპარაკობდა და დარწმუნებული იყო, რომ იქიდან ვეღარ დაბრუნდებოდა.
ამიტომ ბარიმ გადაწყვიტა, მეგობარი სასაცილო ნაძლევით გაემხნევებინა.
დაკრძალვაზე მყოფ საზოგადოებას ბარის ჩაცმულობაზე არ გაუცინია.
ბარი დელანი ემოციებს მაქსიმალურად იკავებდა, მაგრამ, როცა საფლავთან ჩაიმუხლა და ძმაკაცს ხმამაღლა ჩასძახა - „მოგწონს, კევინ, ჩემი კაბა?“ - აქ თავი ვეღარ შეიკავა და ბავშვივით აქვითინდა.
ბარი მწარე რეალობაში აღმოჩნდა - მას ძმაკაცი აღარასდროს გასცემდა პასუხს!
ეს ცრემლიანი ისტორია კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ მეგობარი, რომელიც შენთვის ნებისმიერ სიგიჟეს ჩაიდენს და სიკვდილის შემდეგაც გიერთგულებს, ძნელი საპოვნელია და ძალიან უნდა მოუფრთხილდე.