ბოლო ორ თვეში კი, არც მეტი, არც - ნაკლები, ზუმ-ეტიკეტიც ჩამოყალიბდა. ჩვენ უკვე ვურთიერთობთ ონლაინ-კონფერენციაზე წინასწარ განსაზღვრული და შეთანხმებული წესებით.
მოწესრიგდი
იმიტომ, რომ სახლში ხარ, არ ნიშნავს, რომ პიჟამოთი უნდა შეხვდე დანარჩენებს. პატივი ეცი თანამშრომლებს ონლაინშიც და აუცილებლად მოწესრიგდი შეხვედრის დაწყებამდე.
ყურადღება მიაქციე ფონს
მოწესრიგებული ვიზუალი არ ნიშნავს მხოლოდ საკუთარი თავის მოწესრიგებას: აუცილებლად იზრუნე ფონზეც: შენს უკან ცარიელი კედელია, ბიბლიოთეკა თუ სამზარეულო? შეარჩიე ნეიტრალური ადგილი, რომელიც ზედმეტად ბევრ პერსონალურ ინფორმაციას არ გასცემს შენ შესახებ.
შეამცირე ხმაური
დღეს ყველანი სახლებში ვართ და ვერაფერს ვუზამთ სამზარეულოს თუ ტელევიზორის ხმაურს. ჩვენთან ერთად სხვებიც ცხოვრობენ და ყველა თავის საქმეს აკეთებს. ამიტომაც მონახე კუთხე, რომელიც მაქსიმალურად არის დაცული ხმაურისგან.
ყურადღება მიაქციე განათებასაც
პროფესიონალი ოპერატორობა არ სჭირდება იმას, რომ სინათლის წყარო ჩვენ უკან არ უნდა მოვათავსოთ, პირიქით, მის წინ დავსხდეთ, რათა კონტრაჟურში არ აღმოვჩნდეთ და ჩვენი დანახვა სხვებმაც შეძლონ.
ისაუბრე საჭირო დროს
ზუმის აპლიკაცია ისეა აწყობილი, რომ როდესაც ერთი ადამიანი საუბრობს, მისი კადრი ჩანს ყველას ეკრანზე. სწორედ ამიტომ, მოერიდე თუნდაც ხმამაღლა ჩახველებას, რათა აპლიკაციამ ეს შენს საუბრად არ ჩათვალოს და უხერხულ დროს არ „გამოგაჭენოს“ ყველას წინაშე დიდად.
გამოიყენე ვიდეოს და ხმის გათიშვის ფუნქცია საჭირო დროს
თუკი ონლაინ-ლექციას ესწრები, კარგი იქნება, თუკი ხმას სულაც გათიშავ და ლექტორს პრეზენტაციას სხვადასხვა ხმაურით არ შეაწყვეტინებ. ხმა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ჩართე.
არ დააგვიანო
შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ ადამიანები ონლაინ-შეხვედრებზეც კი ახერხებენ დაგვიანებას. დაგვიანების მიზეზები ყოველთვის სასაცილო და არასერიოზულია, ამიტომაც მაქსიმალურად შეეცადე, იყო ოპერატიული.