ქართველი „მავერიკები“: მიქაელ არამიანცი

ვისკი Glenfiddich
26.04.2016 14:30
505

 Glenfiddich-ის რუბრიკა იმ ქართველი თავისუფალი მოაზროვნეების შესახებ გიამბობთ, რომლებიც ქვეყანას კონტრიბუციას განათლების, კულტურის, ბიზნესის, ინოვაციის, მეცნიერების და სხვა დარგებში უწევენ...

მათ, ვისაც ერთი ალაოს შოტლანდიური ვისკის Glenfiddich-ის დაგემოვნება გიყვართ, კარგად გეხსომებათ „შესანიშნავი ათეულის“ — უილიამ გრანტის ოჯახის წევრებისადმი მიძღვნილი სარეკლამო კამპანიაც, რომელსაც The Maverick Whisky Makers of Dufftown, ანუ „დაფთაუნის მავერიკი ვისკის მწარმოებლები“ ჰქვია. დაფთაუნის გმირები - უილიამ გრანტი და მისი 9 შვილი - ინოვაციური, რისკიანი და არაკონფორმისტი ადამიანები იყვნენ, რომლებსაც თავიანთი საქმის სჯეროდათ და საკუთარი ხელით მსოფლიოში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ერთი ალაოს ვისკი — Glenfiddich-ი შექმნეს. თუმცაღა, „მავერიკები“, ანუ ინდივიდუალისტები, ყველა ქვეყანაში არსებობენ.

 

მიქაელ არამიანცის ბიოგრაფია „დიდებული გეცბის“ ცხოვრებას ჰგავს: მოღვაწეობა ხალიჩების საამქროში დამხმარე მუშის პოზიციით დაიწყო და თბილისის ვაჭ­რე­ბის უმაღ­ლე­სი გილ­დი­ის წევ­რი გახდა; თბილისის აღმშენებლობაში უდიდესი წვლილი შეიტანა და­ვით სა­რა­ჯიშ­ვილ­თან, ალექ­სან­დ­რე მან­თა­შოვ­თან, ევ­გე­ნი ზე­მელ­თან, აკა­კი ხოშ­ტა­რი­ას­თან და მე­ლიქ აზა­რი­ან­ც­თან ერ­თად. კავკასიაში ნავთობის ინდუსტრიის განვითარებაც, გარკვეულწილად, მის სახელს უკავშირდება — კაპიტალის უმეტესი ნაწილი ბაქო-ბათუმის სანავთობო გზის მშენებლობას შესწირა. თუმცა, გეცბის მსგავსად, იმ მიზნისგან, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება იბრძოდა, ყოველთვის ერთი ნაბიჯით შორს იყო: ბიზნესსაქმიანობაში უდიდეს წარმატებებს მიღმა, უიღბლო და ტრაგიკული პირადი ცხოვრება ჰქონდა, ბოლშევიკების რეჟიმის დროს კი ქონება ჩამოართვეს და სიღარიბეში გარდაიცვალა.

სოფელ კეატუკის მამასახლისის ვაჟი მიქაელ არამიანცი 1843 წლის 4 მაისს, ყარაბაღში დაიბადა. ბავშვობიდან მეცნიერება აინტერესებდა, თუმცა ვაჭრობის ნიჭი გამოავლინა და, რადგანაც ოჯახს ფინანსური მხარდაჭერა სჭირდებოდა, 15 წლის ასაკში ცნობილ ვაჭართან თანაშემწის პოზიციაზე დაინიშნა. ვაჭარი თარუმანიანის საქმიანობა, როგორც ყარაბაღში, ასევე საზღვარგარეთაც ვრცელდებოდა. არამიანცი მალე თავრიზში ფირმის წარმომადგენელი გახდა, 4 წელიწადში საწყისი კაპიტალიც დააგროვა და საცხოვრებლად საოცნებო ქალაქ თბილისში გადავიდა. 28 წლის იყო, როდესაც პირველი მილიონი იშოვა. არამიანცის კომერციული საქმიანობა მრავალფეროვან დარგებს მოიცავდა: ნავთობის სფეროში მოღვაწეობის გარდა, ქსოვილებით ვაჭრობით იყო დაკავებული და მარსელში, თავრიზში და თეირანში შაქრის ტრანზიტს აწარმოებდა. თბილისში ცნო­ბი­ლი კო­მერ­სან­ტის შოლ­კო­ი­ან­ცის ქა­ლიშ­ვი­ლი, 18 წლის ეღსაპეტა შეუყვარდა და ცოლად შეირთო, რომელთანაც 6 შვილი ეყოლა.

ახალდაქორწინებული ახალგაზრდა ბიზნესმენი მალე, ოჯახთან ერთად, ბაქოში გადავიდა და 1884 წელს, იქაურ ცნო­ბილ კო­მერ­სანტ ალექ­სან­დ­რე მან­თა­შოვ­თან ერ­თად, ნავთობის კომპანია დააარსა, რომლის 25 %-იანი წილის მფლობელიც გახდა. ნავთობის ბიზნესში მოღვაწეობა ადვილი არ იყო: ბაქოში ამ მიმართულებით როტშილდები და ნობელები უკვე დამკვიდრებულები იყვნენ. თავდაუზოგავი შრომის შედეგად, აფ­შე­რო­ნის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე ნავ­თო­ბით მდი­და­რი 1.09 ჰექ­ტარი მი­წის ფარ­თო­ბი, ნავ­თო­ბის ქარ­ხა­ნა, სა­ქა­ჩი სად­გუ­რე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწყო­ბი­ლი ნავ­მი­სად­გო­მი და უამ­რა­ვი სა­ხე­ლოს­ნო შეიძინა; არა­მი­ან­ცის ფირ­მის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბები სმირ­ნა­ში, სა­ლო­ნიკ­ში, კონ­ს­ტან­ტი­ნო­პოლ­ში, ალექ­სან­დ­რი­ა­ში, კა­ი­რო­ში, პორტ-სა­იდ­ში, მარ­სელ­ში, ლონ­დონ­ში, ბომ­ბე­ი­ში და შან­ხა­ი­ში გაიხსნა. მასვე ეკუთვნის ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის პროექტის იდეაც.



ბაქოში 14-წლიანი ცხოვრების შემდეგ, ერთ დღეს, შეიტყო, რომ მეგობარს და ბიზნესპარტნიორ მანთაშოვს კომპანიის აქციების ჩუმად შესყიდვა დაუწყია.  მუდმივად თბილისში დაბრუნების შესახებ ესაუბრებოდა, რის გამოც, ხშირად კამათიც ჰქონდათ. საბოლოო ჯამში, არამიანცმა ბაქოში არსებული ბიზნესის აქციები გაყიდა და საცხოვრებლად თბილისში დაბრუნდა, თუმცა, მისი ცხოვრება არც მას შემდეგ დაწყნარებულა: ჩამოსვლიდან სულ ცოტა ხანში გაარკვია, რომ ცოლის ღალატის შესახებ არსებული მრავალწლიანი ეჭვი სიმართლეს შეესაბამებოდა: შემთხვევით საყვარელთან მიმოწერას გადააწყდა. ღალატით იმედგაცრუებული, ეღსაპეტას 8-წლიანი სასამართლო დავის შემდეგ ოფიციალურად გაეყარა.

მალე ულამაზესი, ცნობილი თბილისელი ქალბატონი ევგენია შხიანცი გაიცნო. ოფიციალურად არ უქორწინიათ, თუმცა საზოგადოებაში როგორც მეუღლეს, ისე წარადგენდა, ქალაქის ცენტრში 3-სართულიანი სახლი აუშენა და ეზოს მოსართავად, პარიზში, სპეციალურად ბრინჯაოსგან დამზადებული ირმების სკულპტურა შეუკვეთა. ეს ურთიერთობაც უიღბლო აღმოჩნდა: ევგენია სხვა მამაკაცთან ერთად გაიქცა. განსაკუთრებულად რთული იყო მეორე იმედგაცრუებაც. საინტერესოა ფაქტი, რომ გარკვეული დროის შემდეგ ევგენია დაუბრუნდა, თუმცა უკვე მძიმედ იყო დაავადებული. არამიანცმა შეყვარებულს აპატია და სიკვდილამდე პატრონობდა. 1907 წელს, გამოსასყიდის მიზნით, ყაჩაღებმა მისი ვაჟი სოღომანი გაიტაცეს, 1908 წელს მეორე ვაჟი ოვანესი მძიმე ავადმყოფობით გარდაეცვალა. 1919 წელს თავად არამიანცის ბნელით მოცული გატაცება მოხდა, რომლის დეტალები სამუდამოდ გაურკვეველი დარჩა.


პირად ცხოვრებაში არსებული ტრაგედიების მიუხედავად, ბიზნესმენი არ ჩერდებოდა. თბილისში უძრავ ქონებაზე ფოკუსირდა: შეიძინა სახლები, მიწის ნაკვეთები, მამულები, კოტეჯები. მის მფლობელობაში იყო ახტალას და კისლავოდსკში მდებარე სასტუმრო კომპლექსები. მე-20 საუკუნის დასაწყისში გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდელი რუსთაველის გამზირი) სასტუმრო „მაჟესტიკის“ (ახლანდელი „თბილისი მარიოტი“)  მშენებლობა დაიწყო. სასტუმროს აშენება მაშინდელ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ არქიტექტორ  გაბო ტერმიქელოვს ჩააბარა და პროექტზე სამუშაოდ ევროპაში გაუშვა. ტერმიქელოვის ამოცანა იყო, არამიანცის საყვარელი გემის „მაჟესტიკის“ მსგავსი ნაგებობა შეექმნა. მშენებლობა 1915 წელს დასრულდა. გოლოვინის პროსპექტზე, ასევე, სასტუმრო „პალას-ოტელი“ — ახლანდელი თეატრალური უნივერსიტეტის შენობა ააგო.

კომერციული პროექტების გარდა, 1903 წელს, ქა­ლა­ქის მმარ­თ­ვე­ლი საბ­ჭოს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის  დოლ­გო­რუ­კის თხოვ­ნა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და ახლანდელი პირველი კლინიკური საავადმყოფოს მშენებლობა დააფინანსა, სანაცვლოდ კი მოითხოვა, საავადმყოფოსთვის მისი სახელი დაერქმიათ. კლინიკურ საავადმყოფოს უფროსი თაობის წარმომადგენლები დღემდე „არამიანცის საავადმყოფოს“ უწოდებენ. მშე­ნებ­ლო­ბა 1910 წელს დას­რულ­და. არამიანცმა შემდეგი ინვესტიცია აღჭურვილობაში განახორციელა და შედეგად უდიდესი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საავადმყოფოების კომპლექსი შექმნა, რომელსაც საწყის ეტაპზე ინფექციური, ქირურგიული და სამშობიარო განყოფილებები ჰქონდა. აღსანიშნავია ფაქტი, რომ საავადმყოფოში სპეციალურად ევროპიდან რენდგენის აპარატიც ჩამოიტანეს, რაც მაშინ უდიდეს ინოვაციას წარმოადგენდა - მე­ფის რუ­სეთ­ში ასეთი აპარატი სა­ერ­თოდ არ ჰქონდათ. არამიანცის დაფინანსებით, კლი­ნი­კაში პაციენტებს სრუ­ლი­ად უფა­სოდ მკურ­ნა­ლობ­დ­ნენ, ექი­მე­ბის ხელ­ფასებსაც თავად იხ­დი­და. ასევე, დასავლეთ-სომხეთიდან დევნილებისთვის თავშესაფრების მშენებლობაც დააფინანსა. დასახლებას, სადაც თავშესაფრები განლაგდა, „არამაშენის“ დასახლება უწოდეს.

1921 წელს საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ არა­მი­ან­ცს ქონება ჩამოართვა და სა­კუ­თარ სახ­ლ­ში მხო­ლოდ პა­ტა­რა სარ­და­ფი დაუტოვა, სა­დაც შვი­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ვაჟები - სოღომანი და არამი ემიგრაციაში გაუშვა საფრანგეთში, თავად კი საყვარელი ქალაქი ვერ დათმო და სიცოცხლის ბოლომდე თბილისში დარჩა. ამ­ბო­ბენ, რომ ხში­რად ხე­დავ­დ­ნენ სას­ტუმ­რო „მა­ჟეს­ტიკ­თან“ ჩაფიქრებულს. არამიანცი 1924 წელს უკიდურეს სი­ღა­რი­ბე­ში გარ­და­იც­ვა­ლა. და­საფ­ლა­ვე­ბა­ზე უამ­რა­ვი ადამიანი მი­ვი­და. თბილისელებმა ის თეთ­რი კა­ტა­ფალ­კით გა­ას­ვე­ნეს, რო­მელ­შიც შა­ვი ცხე­ნე­ბი იყო შებ­მუ­ლი და ხო­ჯე­ვა­ნის სომ­ხურ სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რ­ძა­ლეს. წლე­ბის შემ­დეგ, კო­მუ­ნის­ტურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სომ­ხუ­რი სა­საფ­ლა­ოს ტერიტორია პარკად გადააკეთა და არა­მი­ან­ცის საფ­ლა­ვიც სა­მუ­და­მოდ და­ი­კარ­გა. თუმცა, არამიანცის ოცნება მაინც ახდა: წარმატებული ბიზნესმენის სახელი სამუდამოდ დარჩა თბილისის ისტორიაში.  


სტატია მომზადებულია შემდეგ წყაროებზე დაყრდნობით:
sputnik-georgia.com - „სიღატაკეში გარდაცვლილი უმდიდრესი ტფილისელი და ქალაქისთვის გაღებული მილიონები“, ავტორი ეკატერინე მიქარიძე;
gza.ambebi.ge - „არა­მი­ან­ცის გა­ტა­ცე­ბის დე­ტა­ლე­ბი ანუ მი­ლი­ო­ნე­რი, რო­მე­ლიც სი­ღა­ტა­კე­ში მოკ­ვ­და“, ავტორი მი­ხე­ილ ბა­სი­ლა­ძე;
wikipedia.org: Mikael Aramyants.

ავტორი: სალომე ჩაჩიბაია