ქართველი „მავერიკები“: მიტროფანე ლაღიძე

ვისკი Glenfiddich

20 ივნისი 18:25, 2016 წელი
65

Glenfiddich-ის რუბრიკა იმ ქართველი თავისუფალი მოაზროვნეების შესახებ გიამბობთ, რომლებიც ქვეყანას კონტრიბუციას განათლების, კულტურის, ბიზნესის, ინოვაციის, მეცნიერების და სხვა დარგებში უწევენ.

მათ, ვისაც ერთი ალაოს შოტლანდიური ვისკის Glenfiddich-ის დაგემოვნება გიყვართ, კარგად გეხსომებათ „შესანიშნავი ათეულის“ - უილიამ გრანტის ოჯახის წევრებისადმი მიძღვნილი სარეკლამო კამპანიაც, რომელსაც The Maverick Whisky Makers of Dufftown, ანუ „დაფთაუნის მავერიკი ვისკის მწარმოებლები“ ჰქვია. დაფთაუნის გმირები - უილიამ გრანტი და მისი 9 შვილი, ინოვაციური, რისკიანი და არაკონფორმისტი ადამიანები იყვნენ, რომლებსაც თავიანთი საქმის სჯეროდათ და საკუთარი ხელით მსოფლიოში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ერთი ალაოს ვისკი - Glenfiddich-ი შექმნეს. თუმცაღა, „მავერიკები“, ანუ ინდივიდუალისტები, ყველა ქვეყანაში არსებობენ. Glenfiddich-ის რუბრიკა იმ ქართველი თავისუფალი მოაზროვნეების შესახებ გიამბობთ, რომლებიც ქვეყანას კონტრიბუციას განათლების, კულტურის, ბიზნესის, ინოვაციის, მეცნიერების და სხვა დარგებში უწევენ.


მდგრადი განვითარების ვალდებულება, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოს გიგანტ კომპანიებს აქვთ ნაკისრი და გულისხმობს იმას, რომ წარმატება მხოლოდ მოგების მოპოვებას არ ნიშნავს, მე-20 საუკუნის დასაწყისში კარგად ჰქონდა გააზრებული მიტროფანე ლაღიძეს - ბიზნესის პარალელურად, სოციალურ საკითხებზე და ქალაქის წინსვლაზე ზრუნავდა. საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც საქართველოში უალკოჰოლო სასმელების წარმოების დამამკვიდრებელი და „ლაღიძის წყლის“ დამაარსებელი, თუმცა სწორედ მისი დამსახურებით გაჩდა ქუთაისში ელექტროგანათება და ყინულის დამზადების ტექნოლოგიები დაინერგა.


ბუნებით დამოუკიდებელი მეწარმე და რევოლუციონერი იყო: 1890-1917 წლებში ქუთაისში, მოსკოვში, თბილისსა და პარიზში მეფის რუსეთის წინააღმდეგ გამოდიოდა, 1893 წელს კი რევოლუციონერებს მთელს კავკასიაში ხელისუფლების მიერ აკრძალული ლიტერატურა შემოატანინა. წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოების წევრიც იყო, მატერიალურად ეხმარებოდა ქართველ მწერლებს და საზოგადო მოღვაწეებს, მათ შორის - გალაკტიონ ტაბიძეს. სწორედ ქართველი მწერლების ხელშესაწყობად ქუთაისში საგამომცემლო ამხანაგობადააარსა, რომელიც წიგნებს გამოსცემდა. მისი მხარდაჭერით ჩამოყალიბდა, ასევე, საქართველოს მეომართა დამხმარე კომიტეტი. ყველაფერთან ერთად კი, ნამდვილი ჯენტლმენი იყო: მისი პირადი შეურაცხყოფისთვის ვინმე თავადი წ. დააკავეს, თუმცა სასამართლოს განცხადებით მიმართა, აკაკი წერეთლის ხათრით, თავადს ვპატიობ და გთხოვთ, გაათავისუფლეთო.


მიტროფანე ლაღიძე 1869 წელს, ქუთაისის მაზრის სოფელ ჭოლევში, ახლანდელ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, ღარიბი აზნაურის ოჯახში დაიბადა. 14 წლის ასაკში ქუთაისში ჩაიყვანეს, სადაც პეტრე კოკოჩაშვილის და ცეზარ ივანოვსკის აფთიაქში დაიწყო მუშაობა. მეპატრონეებს არ გამოპარვიათ ნიჭიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდა და მალე ივანოვსკის ლიმონათის საწარმოშიც დაასაქმეს, სადაც ხილის წყლების დამზადების მეთოდი შეისწავლა და ივანოვსკის გარდაცვალების შემდეგ, 1887 წლიდან, წარმოებას სათავეში ჩაუდგა.



1900 წელს ლაღიძემ „ხილეულის სასმელების წარმოების ამხანაგობა“ შექმნა და უალკოჰოლო სასმელების მაღაზია გახსნა, რომელიც ქუთაისის ცნობილ ბულვართან ახლოს მდებარეობდა და ერთგვარად საზოგადოების თავშეყრის ადგილადაც იქცა. 


1902 წელს გერმანიას და საფრანგეთს ეწვია, პარიზში ლიმონათის დამზადების ტექნოლოგია შეისწავლა და ქარხნისთვის სპეციალური აღჭურვილობა - ხელოვნური ყინულის მისაღები დანადგარები შეუკვეთა. მას შემდეგ ქუთაისში ყინულის დანადგარების გავრცელდა, რაც ნამდვილი სენსაცია იყო: მანამდე იქაური მოსახლეობა გასაციებელი საშუალების მისაღებად საკმაოდ რთულ, ხალხურ მეთოდს მიმართავდა - ზამთარში თოვლს იმარაგებდნენ, რომელსაც ფარდულებში ნახერხს აყრიდნენ და ჭილოფებს აფარებდნენ.
1904 წელს, ლაღიძის ინიციატივით, ქუთაისში ელექტროსადგური აშენდა, რომელმაც ქალაქს,  მთელი მისი არსებობის მანძილზე, პირველად მიაწოდა დენი. ელექტროსადგურის დანადგარები ლაღიძემ ფრანგული კომპანიის მიერ გაცემული კრედიტით შეიძინა. ამ საქმეში მას ქუთაისის ბანკის მმართველი და საზოგადო მოღვაწე  კირილე ლორთქიფანიძე დაეხმარა.


ლიმონათების წარმოებაშიც ინოვატორი იყო: 
უალკოჰოლო სასმელისთვის  პირველად მან გამოიყენა საქართველოში მოყვანილი კენკრის და ხილის სხვა სახეობების ნედლეული. ასევე, ხილის სიროფის დამზადების ორიგინალური მეთოდი, ესენციების რეცეპტურა და მათი მიღების ტექნოლოგიები შეიმუშავა. 
ნედლეულს რეგიონების მიხედვით არჩევდა: მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოტანილი უფრო იაფი ჯდებოდა, ლაღიძე წარმოებაში მხოლოდ ბორჯომში და ბაკურიანში გავრცელებულ კენკრას მოიხმარდა, რომელიც ძალიან სურნელოვანი და გემრიელი იყო. 


იმ პერიოდში ხმები გავრცელდა, თითქოს ლიმონათის წყლის დამუშავების რაღაც უნიკალურ საიდუმლოს ფლობდა, თუმცა ის, უბრალოდ, ინტუიციური ბიზნესმენი და დეგუსტაციის განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო. მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ კონკურენტებისგან განსხვავებით, მოგების გაზრდაზე მეტად, ქართული სასმელის, როგორც ეროვნული ბრენდის დამკვიდრებაზე ზრუნავდა.


მეგობრობდა ილია ჭავჭავაძესთან, აკაკი წერეთელთან, ტიციან ტაბიძესთან და სხვა მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებთან. 
ლაღიძის დაფინანსებით, 1898 წელს გამოიცა ილიას „აჩრდილი“, აკაკის „მომაკვდავის ჩვენება“, ვახტანგ ორბელიანის „იმედი“ და სხვა ლიტერატურული ნაწარმოებები. „ივერიაში“, „კვალში“, „სახალხო გაზეთში“ და „დროებაში“ წერილებს თავადაც აქვეყნებდა. 


აკაკი წერეთლის რჩევით და ილია ჭავჭავაძის დახმარებით, 1906 წელს თბილისში უალკოჰოლო სასმელების ქარხანა ააშენა და მალე გოლოვინის (ახლანდელი რუსთაველის გამზირი) პროსპექტზე მაღაზიაც გახსნა. ლიმონათის მაღაზიის გახსნას დიდი სკანდალი მოჰყვა: საქმე ის არის, რომ  აბრაზე რუსული წარწერა ქართულის ქვეშ იყო მოთავსებული, რაც მეფის რუსეთის მმართველობის ეპოქაში დაუშვებელ ფაქტს წარმოადგენდა. გადაწყდა ლაღიძის დაპატიმრება, თუმცა ილია ჭავჭავაძის შუამდგომლობით გადარჩა.


1910 წლისთვის თბილისში ხილის წყლების სამი ქარხანა არსებობდა (მიტროფანე ლაღიძის, ე. ზემელის და ვ. მამულოვის) და ცნობილია, რომ მათ შორის ყველაზე უკეთესი ხარისხის ლიმონათს სწორედ ლაღიძის ქარხანა უშვებდა: 1913 წელს, პეტერბურგის და ვენის სასმელების საერთაშორისო გამოფენებზე, ქართული უალკოჰოლო სასმელები ოქროს და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვეს. 


მიტროფანე ლაღიძემ 1916 წელს თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე სახლი შეიძინა, სადაც დღემდე მისი შთამომავლები ცხოვრობენ.


1921 წელს ლაღიძის თბილისის ქარხანა უცნაურ ვითარებაში დაიწვა: საწარმო რუსთაველის გამზირზე, ერთ-ერთი შენობის პირველ სართულზე მდებარეობდა, მეორე სართული კი სხვა დაწესებულებას ეკავა. ამბობენ, რომ ხანძარი სწორედ იმ დაწესებულების მფლობელების მტრებმა გააჩინეს. ბანდიტებმა სახანძრო განყოფილებაში ცრუ განგაშით დარეკეს — ოპერა იწვისო. ამის გამო, მთელი სახანძრო ეკიპაჟი ოპერასთან მობილიზდა, დაწესებულება კი, ქარხანასთან ერთად, ბოლომდე დაიწვა. ლაღიძის ქარხნის გადასარჩენად უამრავი ადამიანი შეიკრიბა. ჩვეულებრივი მოქალაქეები ცეცხლის ჩასაქრობად წყლის სათლებით დარბოდნენ. მოხალისეებს შორის პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და ვალერიან გუნიაც იყვნენ. მომდევნო წლებში, პაოლო იაშვილი ინციდენტს ხუმრობით იხსენებდა: ჩვენ გამურულები დავრბოდით, მიტროფანე კი უბედური შემთხვევის ადგილისკენ ჩვეული სიდინჯით მოაბიჯებდაო. სამწუხაროდ, უდიდესი მონდომების მიუხედავად, თბილისის მოსახლეობამ ქარხნის გადარჩენა ვერ შეძლო. თუმცა, ქარხნის განადგურებამ ლაღიძე ვერ შეაჩერა: სიროფების დამზადება და ჩამოსხმა საკუთარი სახლის სარდაფში გააგრძელა.


1922 წელს, ბოლშევიკებმა საცხოვრებელი ფართის გაყოფა მოსთხოვეს და  სარდაფში ხალხი შეუსახლეს. მიხვდა, რომ ქვეყანაში სიტუაცია იძაბებოდა და 1926 წელს მაღაზია საკუთარი ნებით სახელმწიფოს გადასცა. საპასუხოდ, ერთ წელიწადში, კლარა ცეტკინის ქუჩაზე (დღევანდელი წინამძღვრიშვილი) მდებარე უალკოჰოლო სასმელების ქარხნის მართვა ჩააბარეს. 1934 წელს, ლაღიძის ინივიატივით, იმ ქარხნის მახლობლად, ნახშირმჟავა-გაზის ქარხანაც აშენდა, სადაც პრაქტიკებს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებიც გადიოდნენ. 1930 წელს ლიმონათის კიდევ ერთი ქარხანა სოხუმში გაჩდა. გაიზარდა უცხოელი ექსპორტიორების მხრიდან მოთხოვნაც: ლაღიძის წყლები ირანელ ვაჭრებს წარჩინებული პირებისთვის საჩუქრად მიჰქონდათ. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები საზღვარგარეთ ფილიალების გახსნას სთავაზობდნენ, თუმცა, ეროვნული ბრენდის შენარჩუნების მიზნით ლაღიძე ყველას უარს ეუბნებოდა. 1906 წელს გუბერნატორმა ალიხანოვ-ავარსკიმ დააპატიმრა და ადმინისტრაციული წესით ციმბირში გადასახლება დაუპირა. მისი გათავისუფლება ამჯერადაც ილია ჭავჭავაძემ მოახერხა.


ამბობენ, რომ 1952 წელს, ამერიკის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა სტალინს საჩუქრად ათასი ბოთლი „კოკა-კოლა“ გაუგზავნა. სტალინმა საპასუხოდ კრემლში მიტროფანე ლაღიძე დაიბარა და ტრუმენისთვის საექსპორტო ლიმონათის დამზადება სთხოვა. გარკვეული დროის შემდეგ თეთრი სახლიდან მიუწერიათ, რომ ამერიკაში ლაღიძის ლიმონათის ექსპორტირება სურდათ. მას შემდეგ ლაღიძე, სტალინის ბრძანებით, კვების მრეწველობის სამინისტროს მთავარ კონსულტანტად დაუნიშნავთ…


მიტროფანე ლაღიძე 1960 წლის 2 იანვარს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ქართველებმა ის თბილისში, საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს.

წყარო: ალექსანდრე სიგუა: მიტროფანე ლაღიძე; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, მე-6 ტომი, გვ. 146