ქართველი „მავერიკები“: გრიგოლ კობახიძე, a.k.a ჯორჯ კობი

ვისკი Glenfiddich

26 ივლისი 20:30, 2016 წელი
47

მუსიკალური, ათლეტური და გამომგონებლური ნიჭით დაჯილდოებული ქართველი გლეხის შვილი მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში მინის წარმოების მაგნატი გახდა. წარმატებული ბიზნესის პარალელურად, 60-ზე მეტი პატენტი შექმნა და იღბალს არც 30-იანების „დიდი დეპრესიის “ დროს გაკოტრებულ მეწარმეთა მსგავსად მინდობია: დარწმუნებული იყო, რომ წარმატებას ისევ მიაღწევდა...


ვისაც Glenfiddich-ის დაგემოვნება გიყვართ, „შესანიშნავი ათეულის“ - უილიამ გრანტის ოჯახის წევრებისადმი მიძღვნილი სარეკლამო კამპანიაც კარგად გემახსოვრებათ, რომელსაც The Maverick Whisky Makers of Dufftown-ი ანუ „დაფთაუნის მავერიკი ვისკის მწარმოებლები“ ჰქვია. დაფთაუნის გმირები - უილიამ გრანტი და მისი 9 შვილი, ინოვაციური, რისკიანი და არაკონფორმისტი ადამიანები იყვნენ, რომლებსაც თავიანთი საქმის სჯეროდათ და საკუთარი ხელით მსოფლიოში ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი ერთი ალაოს ვისკი — Glenfiddich-ი შექმნეს. თუმცაღა, „მავერიკები“ ანუ ინდივიდუალისტები მსოფლიოს ყველა კუთხეში არსებობენ. Glenfiddich-ის რუბრიკა იმ ქართველი თავისუფალი მოაზროვნეების შესახებ გიამბობთ, რომლებიც ქვეყანას კონტრიბუციას განათლების, კულტურის, ბიზნესის, ინოვაციის, მეცნიერების და სხვა დარგებში უწევენ.



მუსიკალური, ათლეტური და გამომგონებლური ნიჭით დაჯილდოებული ქართველი გლეხის შვილი მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში მინის წარმოების მაგნატი გახდა. წარმატებული ბიზნესის პარალელურად, 60-ზე მეტი პატენტი შექმნა და იღბალს არც 30-იანების „დიდი დეპრესიის “ დროს გაკოტრებულ მეწარმეთა მსგავსად მინდობია: დარწმუნებული იყო, რომ წარმატებას ისევ მიაღწევდა და ასეც მოხდა. ამ ბიჭს საქართველოში გრიგოლ კობახიძის, ამერიკაში კი - „ჯორჯ კობის“ სახელით იცნობენ.


ჯორჯ კობი 1883 წელს რაჭაში, სოფელ თხმორში, გლეხ დავით კობახიძის ოჯახში დაიბადა. დაწყებითი განათლება ოჯახში მისცეს, შემდეგ სოფლის მღვდელს მიაბარეს. ინფორმაციის ათვისების განსაკუთრებული უნარი და მუსიკალური მონაცემები - კარგი ხმა და სმენა აღმოაჩნდა, მაგრამ ბავშვობიდან წინააღმდეგობრივი ნატურა იყო: 10 წლის ასაკში სახლიდან გაიპარა და უფროს ძმას ლეონტს ბორჯომში ჩააკითხა. სამწუხაროდ, ისტორიაში შემონახული არ არის ფაქტი, რა რეაქცია ჰქონდა ლეონტს, სახლში პატარა ძმა რომ მიადგა, თუმცა ცნობილია, რომ მინის ქარხანაში უფროსი მემანქანის პოზიცია ეკავა და უმართავი გრიგოლიც თავისთან დაასაქმა.


ბორჯომში 14 წლამდე დარჩა. ქარხანაში მალე გაიცნეს, როგორც განსაკუთრებულად შრომისმოყვარე და ჭკვიანი თანამშრომელი. მას შემდეგ, რაც საწარმოო ტექნოლოგიები დაწვრილებით შეისწავლა, პროდუქციის გაზრდის უნიკალური მეთოდი შეიმუშავა. ამ ამბის შემდეგ ქარხნის გერმანელმა მმართველმა გრიგოლი ბორჯომის დიდ მთავარს მიხეილს და მის ახლო მეგობარს კონსტანტინე მუხრან-ბატონს გააცნო. ქებასთან ერთად, სოლიდური ფულადი ჯილდოც გადასცეს და ვინმე სიმონოვის დახმარებით, სამუშაოდ ჯერ თბილისში, 1902 წელს კი - ოდესის მინის ქარხანაში გაუშვეს. იქ ქართულ სათვისტომოს და ნოვოროსის უნივერსიტეტის ქართველ სტუდენტთა ასოციაციას დაუახლოვდა და მათთან ერთად რევოლუციური საქმიანობა დაიწყო. ერთ-ერთ დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს. მისი ციხიდან გათავისუფლებაც სიმონოვის სახელს უკავშირდება.


1903 წელს, სიმონოვის რჩევით, მუშაობა კონსტანტინოვკის მინის ქარხანაში დაიწყო. კონსტანტინოვკა საკმაოდ მასშტაბური ინდუსტრიული დაბა - მუშათა დასახლება იყო, რომელიც დომბასის სამრწეველო ცენტრს წარმოადგენდა. 20 წლის გრიგოლს იქ დამკვიდრება და მეგობრების შეძენა არ გასჭირვებია - რუსული და გერმანული ენები ბორჯომში ყოფნისას აითვისა. 1905-1907 წლებში, რევოლუციურ მოძრაობებში დომბასშიც ჩაება, რის გამოც მეფის ხელისუფლებამ ისევ დააპატიმრა. გადასახლებისგან ამჯერად ქარხნის ფრანგმა ხელმძღვანელმა - გამანმა გადაარჩინა. ცნობილია, რომ გამანს ახალგაზრდა სპეციალისტის ნიჭთან ერთად, არც მისი ფიზიკური ძალა გამოჰპარვია: ჭიდაობის მწვრთნელი უქირავა, რომლის დამსახურებითაც მალე ფალავნად აქცია და გრიგოლს შემოსავლის ახალი წყაროც გაუჩდა: ჭიდაობის შეჯიბრებში მონაწილეობდა და სოლიდურ თანხებს იგებდა. კონსტანტინოვსკის ქარხანაში გატარებული პერიოდი ორი მიზეზით საბედისწერო აღმოჩნდა: მომავალი მეუღლე - წარმოშობით შვედი დაშა ნოდვიკოვა გაიცნო და ვინმე ევგენი იგნატიევს დაუმეგობრდა, რომელიც მომავალში ამერიკაში მისი ბიზნესპარტნიორი გახდა.


გამანის რჩევით, 1907 წელს, პოლონეთის გავლით მიუნხენში ჩავიდა და მინის პროდუქციის პატარა საამქრო დააარსა. წარმოებას 3 მუშის დახმარებით უძღვებოდა. გრიგოლის შრომისმოყვარეობა მალე გერმანელებმაც შენიშნეს და ცოტა ხანში ბევრი მეგობარი შეიძინა, ერთ წელიწადში საამქროსთვის აღებული ვალები გაისტუმრა და მოგებაზე გავიდა. თუმცა, ერთ დღეს სამუშაოზე მისულს იქაურობა დამტვრეული დახვდა, კედელზე წარწერაც გაეკეთებინათ: „რუსო დათვო, შენს ბინძურ რუსეთში წაეთრიეო.“ თაღლითების მაგივრად, მეგობრები ებოდიშებოდნენ და დარჩენას სთხოვდნენ, მაგრამ გრიგოლმა გერმანია მაინც დატოვა და 1908 წელს ლონდონში ჩავიდა.


ლონდონში დამკვიდრება ძალიან გაუჭირდა. ყველაფერი ისევ ნულიდან დაიწყო. მინის ქარხანაში რიგით მუშად მოეწყო. თუმცა, ქარხნის მენეჯერებს წარმოების დასაჩქარებელი მეთოდი გააცნო და ცოტა ხანში იქაც დაწინაურდა. პარალელურად, ჭიდაობის ილეთებით ცირკის წარმოდგენებშიც მონაწილეობდა და დამატებით ფულს შოულობდა. იმ პერიოდში ინგლისელი ლორდი დაუახლოვდა, რომელიც ცირკს ხშირად სტუმრობდა და მისი დიდი თაყვანისმცემელი იყო. გრიგოლმა ლორდის ფინანსური დახმარებით ლონდონში დაშაც ჩაიყვანა. სამწუხაროდ, მისი წარმატების ბევრ თანამშრომელს შურდა და მტრებიც ჰყავდა. ერთ დღეს, მუშამ შეურაცხყოფა მიაყენა, ამ ფაქტს ჩხუბი მოჰყვა. ფიზიკური დაპირისპირების დროს მუშამ ხერხემალი სერიოზულად დაიზიანა. ქარხანაში სიტუაცია დაიძაბა: ინგლისელ თანამშრომლებს შურისძიება სურდათ. საქმე იოლად ვერ მოგვარდებოდა და ახლობელმა ლორდმა გრიგოლი და დაშა ამერიკაში გააპარა.


ნიუ-იორკში 1909 წლის 1 აგვისტოს, 26 წლის ასაკში მოხვდა. იმ პერიოდში ამერიკაში საკმაო რაოდენობით ქართველი ემიგრანტი ცხოვრობდა. რაჭველი ახლობლების დახმარებით, პურის საცხობი გახსნა, ცოტა ხნის შემდეგ კი ცოლთან ერთად „ჯენერალ ელექტრიკის“ ფირმაში მუშაობა და საკუთარი საქმისთვის ფულის გროვება დაიწყო. ამასთანავე, 9 წლის განმავლობაში, საკანცელარიო ნივთებით ვაჭრობდა და ფულს თავისი გამოგონებებითაც შოულობდა: ავტომატური კალამი შექმნა, რომელმაც რამდენიმე პატენტი მოიპოვა. თუმცა, ჯორჯ კობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოგონება წყალგამძლე ცემენტი და ზემდგრადი მინა-ბლოკია: ხშირად ფლორიდაში ყოფნა უწევდა, სადაც ტენიანი ჰავის გამო, აგურის და ხის მასალები ძალიან მალე ფუჭდებოდა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ცემენტის ქიმიური ფორმულა შეიმუშავა, რომელიც ნესტში არ ფუჭდებოდა. ასევე, შენობის მოსაპირკეთებელი, მზის შუქის ამრეკლავი სპეციალური მინა-ბლოკი გააკეთა. სწორედ კობის ბლოკებს იყენებდნენ 30-იანებში ამერიკის პირველი ცათამბჯენების მშენებლობისას.


1919 წლისთვის, როგორც იქნა, საწყისი კაპიტალი დააგროვა და ბოსტონთან ახლოს, ეტლებოროში ქარხანა ააშენა. ქარხნის მდებარეობა სტრატეგიულად გათვალა: ახლოს იყო ნიუ-იორკთანაც და ნედლეულის მომწოდებელ ობიექტებთანაც. წარმოებაში გრიგოლის პარტნიორები იყვნენ ძველი მეგობარი - იგნატიევი და ჩეხი - ცაპეკი. 1922 წელს, კომპანია Cobi Glass Products Company, 45 სახის სამშენებლო, სამედიცინო, ქიმიურ და ლაბორატორიულ პროდუქციას უშვებდა, ქარხანაში 300-მდე მუშა და ათეულობით ტექნიკოსი იყო დასაქმებული. 1925 წელს ჯორჯ კობი ამერიკის უმდიდრეს ადამიანად მეოთხედ დაასახელეს და ქიმიური მრეწველობის მეფედ აღიარეს. 1929 წლისთვის ქარხნის წარმოების ბრუნვა 15 მილიონს, შემოსავალი კი - 4 მილიონ დოლარს შეადგენდა. მიუხედავად ამისა, მუდმივად პრესტიჟული იმიჯის შენარჩუნებაზე ზრუნავდა და წარმოების პარალელურად, პატენტებს ქმნიდა.


საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საქმიანობის სამშობლოში გაგრძელება მოინდომა, თუმცა 1918-1921 წლებში მიზნის განხორციელება ვერ შეძლო. წარუმატებელი აღმოჩნდა, ასევე, მოგვიანებით ბოლშევიკებთან გამართული მოლაპარაკება საქართველოში მინის უდიდესი ქარხნის აშენების შესახებ - საწარმოში ფულის ჩადებას სთხოვდნენ, კობი კი კომუნისტებს ფულს არ ანდობდა და სურდა, მშენებლობისთვის თავად ეხელმძღვანელა. მიუხედავად ამისა, საქართველოში ორჯერ ჩამოვიდა და მშობლიური სოფლის განვითარება დაიწყო - სკოლა, აფთიაქი და 2 ხიდი ააშენა, ეკლესიის და მღვდლის სახლის რეკონსტრუქცია დააფინანსა, დახმარებას ცალკეულ ოჯახებსაც უწევდა. თუმცა, მალევე თბილისიდან ძმისშვილი ჩავიდა და შეატყობინა, რომ ბოლშევიკები დაპატიმრებას უპირებდნენ. იქაურობას სასწრაფოდ გაეცალა და ამერიკაში დაბრუნდა.


1929 წელს ეკონომიკური კრიზისი - „დიდი დეპრესია“ დაიწყო. უამრავი საწარმოს მსგავსად, კობის კომპანიაც გაკოტრდა. ამ სტრესს მეგობარმა და ბიზნესპარტნიორმა ევგენი იგნატიევმა ვერ გაუძლო და 1930-ში თავი მოიკლა. იმედგაცრუების მიუხედავად, კობი არ გაჩერებულა. სახლის მახლობლად ფაბრიკა ააშენა და მინის ხელნაკეთი, პატარა ნივთებით ვაჭრობა დაიწყო. საკუთარი პატენტით შექმნილ კალმებს და საკანცელარიო პროდუქციასაც უშვებდა. წარმოება მალე გაფართოვდა: ამერიკაში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა პარფიუმერმა გიორგი მაჩაბელმა თავისი სუნამოების ბრენდ Prince Matchabeli-სთვის ფლაკონები შეუკვეთა. სუნამო „საქართველოს დედოფლის“ ფლაკონები ყველა დროის მინის უმაღლესი ხარისხის ნაკეთობად აღიარეს. მინის ნაწილი ნახევრად ავტომატური რეჟიმით იყო დამზადებული, გვირგვინის ფორმის ოქრო კი - ხელით მოვარაყებული.



წარმოება განსაკუთრებულად მეორე მსოფლიო ომის დროს გაიზარდა: 1941 წლის 7 დეკემბერს ამერიკის მთავრობას ფინანსური დახმარებისთვის ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა, საპასუხოდ კი საომარი მოწყობილობებისთვის მინის დამზადებას დაჰპირდა. სულ მალე სახელმწიფომ ლიცენზია გამოუყო და 2 მილიონი დოლარიც ასესხა. როდაილენდის შტატში, ქალაქ პატაკეტში ქარხანა გახსნა, სადაც ქიმიური და სამედიცინო ლაბორატორიებისთვის, საველე ჰოსპიტალებისა და საავადმყოფოებისთვის საჭირო პროდუქციას აწარმოებდა. სახელმწიფოს ვალი მალევე გაისტუმრა და ისევ კაპიტალის დაგროვება განაგრძო. ამავდროულად, ცდილობდა, მაქსიმალურად გაეზარდა ხარისხი და ტექნიკური მხარე გაეუმჯობესებინა. მუშებისთვის წახალისების მთელი სისტემა შექმნა - ჯილდოებთან ერთად, ფულადი დახმარებები მრავალშვილიან თანამშრომლებსაც გამოუყო.


ომის შემდეგ აქტიური საქველმოქმედო საქმიანობა დაიწყო. როგორც ამერიკაში, ასევე პარიზში, გერმანიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში, ქართველებს ტანსამცლით, ფულით, წამლებით და პირველადი მოხმარების საგნებით ამარაგებდა. უამრავ უცნობ ადამიანთან ერთად, რთული წლები გადაატანინა მიხეილ წერეთელს, გრიგოლ რობაქიძეს, ალექსანდრე კორძაიას, ვიქტორ ნოზაძეს; სწავლის ფულს უხდიდა რეჟისორ ვასო ყუშიტაშვილს და ღარიბ ახალგაზრდას, რომელიც გერმანიაში მისი ძმისშვილის თანაკურსელი იყო; 1927 წელს, პარიზში, შემდგომში ცნობილი ავიატორი - ალექსანდრე ქართველიშვილი გაიცნო და ავიაციით დაინტერესებულ მილიონერს წარუდგინა; ცნობილი ექიმი ნიკოლოზ ჯიშკარიანი კი, რომლის სახელს მედიკამენტ „პემოდინის“ შექმნა უკავშირდება, მანჯურიიდან ჩაიყვანა და ლაბორატორია მოუწყო; დაეხმარა, ასევე, ოქროსმაძიებელ მაიკ მიტოს (დიმიტრი მეტრეველი) და ალიასკაზე ოქროს გადამამუშავებელი ქარხანა ააშენებინა.



ომის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთი ინოვაცია დანერგა და ნაძვის ხის ნათურების და სათამაშოების წარმოება დაიწყო. იმ დროს ამერიკელები ნაძვის ხეებს ნამდვილი სანთლებით რთავდნენ, რაც ხშირად ხანძრის გამომწვევი მიზეზი ხდებოდა. კობიმ შექმნა ქიმიური სითხით სავსე სპეციალური ელექტრონათურები, სახელად Babel Lamp-ები, რომლებშიც დენის წყაროსთან შეერთების შემდეგ, ფერადი ბუშტები მოძრაობდნენ. მოგვიანებით, სათამაშოების - „ორნამენტების“ გამოშვება დაიწყო. ისინი ქართული დროშის მსგავს შინდისფერ ყუთში ეწყო, წარწერით: „კობი. საშობაო ხის ორნამენტები, კობი – ეს შობაა“.


გრიგოლი და დაშა 1948 წლისთვის 2 ქარხანას მართავდნენ. შვილი არ ჰყავდათ და წლების განმავლობაში საქართველოდან ძმისშვილების და ახლო ნათესავების წაყვანას ცდილობდნენ, თუმცა ბოლშევიკების რეპრესიების დროს იძულებულები გახდნენ, ნათესავებთან კონტაქტი შეეწყვიტათ. თავდაპირველად გივი კობახიძეს გერმანიაში დაუკავშირდნენ და მინის წარმოების მცოდნე ქართველის მოეძებნა სთხოვეს. მალე ამერიკაში თავად გივი ჩაიყვანეს, წარმოებაში ჩართეს და აგრძნობინეს, რომ ოფიციალურ მემკვიდრედ გამოაცხადება სურდათ. თუმცა, მან წარმოება 2 წლის შემდეგ მიატოვა და სამედიცინო კარიერა არჩია.



საბოლოოდ გრიგოლ კობახიძემ იტალიელი ძმები - ჯიმი და ჯული პაგლისები გაიცნო და ბიზნესიც მათ ჩააბარა. პაგლისებს იმედები არ გაუცრუებიათ: საქმეს ღირსეულად უძღვებოდნენ.
ჯორჯ კობი 1967 წელს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ ძმებმა წარმოებას სახელი არ შეუცვალეს და კაბინეტში სიცოცხლის ბოლომდე კობის პორტრეტი ეკიდათ.


კობის ნაძვის ხის სათამაშოები ახლა უკვე ამერიკის და კანადის ვინტაჟურ მაღაზიებში იყიდება, მის მიერ შექმნილი პატენტები კი დღესაც ინახება ბაზაში: www.freepatentsonline.com

წყარო:
რუსუდან დაუშვილი - „ქართველი მრეწველები და გამომგონებლები ამერიკაში“
georoyal.ge
nplg.gov.ge/emigrants