აცრემლებული გიორგი ნაკაშიძე - „არ ველოდი გამარჯვებას“

X-ფაქტორი
21.07.2015 14:00
693

მეგაპროექტ „X ფაქტორის“ ფინალი გუშინ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. სამი კონკურსანტი განსაკუთრებით ელოდებოდა ამ დღეს - გიორგი ნაკაშიძე, ნინი ბრეგვაძე და მარიამ ჯანჯღავა.


ფინალი სამი ტურისგან შედგებოდა. პირველი ქართული ფოლკლორის ტური იყო, შემდეგ - მაყურებლის რჩეული სიმღერა პროექტის განმავლობაში, ხოლო მესამე მსოფლიო ჰიტის ტური გახლდათ. კონკურსანტებს ძალა და ენერგია არ დაუშურებით, რათა ღირსეულად გამოსულიყვნენ.
სულ შემოვიდა  96681 ზარი.
მაყურებლის გადაწყვეტილებით, 2015 წლის „X ფაქტორის“ გამარჯვებული გიორგი ნაკაშიძეა!  
საჩუქრების გარეშე არც დანარჩენი ფინალისტები დარჩენილან. ნინი ბრეგვაძე 
რუსთავი 2-ის რჩეული გახდა. 

 

გიორგი ხაბურძანია, პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი: წლევანდელი სეზონი უფრო უკეთესი იყო, ვიდრე წინა, ამაში მაყურებელიც დარწმუნდა. საუკეთესო ფინალი გვქონდა, სამივე ტური გამორჩეული იყო. ყველა დაჯილდოვდა და გულდაწყვეტილი არავინ დარჩენილა. ნიჭი დაფასდა და, როგორც „რუსთავი 2“-ს სჩვევია, ყველაფერი ხარისხიანად ჩატარდა. კონკურსანტების ასეთი ნაკადი, უფრო დიდი გამოხმაურება და საერთოდ ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, თამამად ვთქვათ, რომ „X  ფაქტორის“ მესამე სეზონიც აუცილებლად იქნება.

გიორგი გაბუნია: ამ შედეგს ველოდებოდი, გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი სისტემატურად იყო ლიდერი, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ წყნარად ვიჯექი და მხოლოდ მისი სახელის გამოცხადებას ველოდი. კონკურსში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კმაყოფილი ვარ, რომ მაყურებელმა ასეთი სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. X ფაქტორის ტიტული ერგო მას, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში, ფაქტობრივად, მთელ თავის სულსა და გულს აძლევდა მსმენელს. გიორგიმ სწორედ თავისი გულწრფელობითა და  ნამდვილი ემოციით გაიმარჯვა. 
- ნერვიულობდა ფინალის წინ?
- დიახ, საშინლად ნერვიულობდა. არ იყო დარწმუნებული, რომ მაინცდამაინც მას აირჩევდა მაყურებელი, რადგან სამივე ფინალისტი უძლიერესი გვყავდა. ახლაც აჭარელებთან ერთად მღერის და ემოციისგან ტირის. X ფაქტორი დასრულდა, მაგრამ ჩვენი მეგობრობა გრძელდება - უახლოესი და უძლიერესი მეგობრები ვართ.

ნინი ბრეგვაძე, კონკურსანტი: ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. რა თქმა უნდა, გამარჯვება ძალიან მინდოდა, თუმცა უდიდესი მადლობა ყველას, ვინც ასეთი არაჩვეულებრივი პრიზებით დამასაჩუქრა. ბედნიერი ვარ... ჯერ ბოლომდე მაინც ვერ ვაცნობიერებ, რომ პროექტი დამთავრდა.

გიორგი ნაკაშიძე, 2015 წლის X ფაქტორიარ ველოდი ამ გამარჯვებას, უცებ საერთოდ სხვაგან წავედი, ძალიან ვინერვიულე, გავითიშე. ვფიქრობდი, რომ ნინი გაიმარჯვებდა, ახლა ნამდვილი შოკი მაქვს. გულს მართლა ვეღარ ვგრძნობ... ისე მიხარია, სიტყვებით ვერ გადმოვცემ.

თამთა გოდუაძე: სიმართლეს გეტყვით, რომ გამორჩეული ფავორიტი არ მყავდა, ალბათ, იმიტომ, რომ არ მინდოდა, მყოლოდა - მინდოდა, ყველასთვის თანაბარი ენერგია მიმეცა. ვინც არ უნდა ყოფილიყო გამარჯვებული, ძალიან გამიხარდებოდა. ცოტა ჩუმად ვიტყვი, რომ, გიორგი გაბუნიას ძალიან რომ გაუხარდა, მეც ძალიან გამიხარდა. ჩვენს ჯარისკაცს ეკუთვნოდა გამარჯვება, რასაც, რატომღაც, მგონია, რომ არ ელოდა. შედეგების გამოცხადებამდე საოცრად ნერვიულობდა, რამაც გამაკვირვა და ძალიან დავაფასე. 

ანრი ჯოხაძე: ეს შედეგები ჩემთვის აბსოლუტურად არ არის გასაკვირი. გიორგიმ ამ პროექტის მოსაგებად დიდი შრომა გაწია. მის გამარჯვებაში იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ ველოდებოდი, როდის გამოაცხადებდნენ მის სახელსა და გვარს. რაც შეეხება მარიამს, ის ფენომენია. მარიამი აბსოლუტურად განყენებულად შემიძლია განვიხილო X ფაქტორის გარეთ.

სოფო ნიჟარაძე: ძალიან მაგარი ფინალი იყო. ძალიან მაგარი შოუ ტელესივრცეში და მუსიკალურ რეალობაში. ვულოცავ გიორგის გამარჯვებას, ის ძალიან ბევრი ლაივის  განმავლობაში იყო ლიდერი და მაყურებელს თავი  შეაყვარა. იშრომა და დაიმსახურა კიდეც ეს გამარჯვება, თუმცა  დღეს ვინც არ უნდა ყოფილიყო გამარჯვებული, ყველა დამსახურებული იქნებოდა. ნინი რუსთავი 2-ის რჩეული გახდა და ბევრი პრიზი აიღო. სერიოზული ბრძოლა იყო, პროექტი დამთავრდა და აი, ახლა უკვე უფრო დიდი ბრძოლა იწყება - ბრძოლა, რომელსაც უკვე სცენაზე დგომა ჰქვია.

X ფაქტორის  ფინალურ ეპიზოდებს FunTime-ის ფოტოსლაიდში გთავაზობთ. 

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სულუხია
ავტორი: ქეთევან საგინაშვილი