ლინდა ადამია: ზუსტად ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა, მზად ვიყავი

7 ივლისი 14:00, 2015 წელი
14

მეგაშოუ „X ფაქტორი“ ფინალურ ეტაპს უახლოვდება. კონკურსი გადამწყვეტ ფაზაში შედის. მე-7 „ლაივი“, რომელიც ლეგენდარულ „The Beatles”-ს მიეძღვნა, თითოეული კონკურსანტისთვის მეტად საპასუხისმგებლო გამოდგა - 8 სხვადასხვა ჟანრის მომღერალს ერთ კონკრეტულ ჟანრში მოუწია შესრულება.


გუშინ გამკაცრდა წესები: კონკურსს, ერთის ნაცვლად, ორი კონკურსანტი გამოეთიშა. 
აუტსაიდერებში იდგნენ თიკო მოსემღვდლიშვილი, ლინდა ადამია და გიორგი ფრუიძე.  
პროექტი დატოვეს ლინდამ და გიორგიმ. 


ლინდა ადამია: შემეძლო, მეტი გამეკეთებინა, მაგრამ, ალბათ, რაღაცებმა შემიშალა ხელი: ნერვიულობამ, შიშმა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ზუსტად ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა, მზად ვიყავი. ნებისმიერმა ორსულმა ქალმა იცის, რომ ჩემს მდგომარეობაში ძალიან რთულია სუნთქვა, სიმღერა, გადაადგილება. აქამდე რომ მოვედი, ესეც მიხარია ძალიან.


მენტორებიდან ყველაზე რთულ მდგომარეობაში გუშინ სოფო ნიჟარაძე აღმოჩნდა. აუტსაიდერებში სოფოს ორი კონკურსანტი იდგა და, ახალი წესებიდან გამომდინარე, შეიძლებოდა, პროექტი ორივე მათგანს დაეტოვებინა.


სოფო ნიჟარაძე: ძალიან ვინერვიულე. არ ველოდი, რომ თითო ხმა ექნებოდა ყველას.
კიდევ უფრო ძალიან გამიჭირდებოდა,  ბოლო სიტყვა ჩემზე რომ ყოფილიყო. როგორც ნახეთ, გიორგიმ ხმა ლინდას მისცა და ყველას თითო ხმა ექნებოდა.
ამ შემთხვევაში მათემატიკურად ვიმსჯელე - თიკოს უკვე ჰქონდა ერთი ხმა და მეც მას მივუმატე. ასე თიკო გარანტირებულად იქნებოდა ნახევარფინალისტი.
ძალიან მწყდება გული ლინდაზე. დღევანდელი დღე ჩემთვის კატასტროფა იყო. მიხარია, რომ ორივე კონკურსანტი მაინც არ დავკარგე დღეს, რადგან ამის საშიშროებაც იყო.  


სოფოსაგან განსხვავებით გუშინდელი ლაივის შემდეგ ძალიან ბედნიერი იყო გიორგი გაბუნია. მისი კატეგორიის კონკურსანტმა გიორგი ნაკაშიძემ გუშინ კვირის ლიდერის პოზიციის დაბრუნება შეძლო.


გიორგი გაბუნია: ძალიან ბედნიერი ვარ. ვნერვიულობდი, რადგან ამ კონკურსში ყველაფერი ხდება.
მსგავს პროექტებში ყოფილა შემთხვევები, როცა კონკურსანტი კვირების განმავლობაში ლიდერია და უცებ აუტსაიდერებში აღმოჩენილა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენმა მაყურებელმა  გიორგის გულწრფელობა დააფასა. ამისთვის ყველას მადლობელი ვარ. სულ ვამბობ ხოლმე, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან კარგად მღერიან, მაგრამ მათი ნამღერი მსმენელის გულამდე ვერ მიდის. გიორგი ნაკაშიძე პირდაპირ ურტყამს ხოლმე წერტილში და დღესაც იგივე მოხდა. წინა ლაივთან შედარებით, გიორგიმ ნამდვილად გააუმჯობესა ემოციური დამოკიდებულება სიმღერის მიმართ და ის ძალიან ახლოს მივიდა მაყურებელთან.


გიორგი ნაკაშიძე კი ფიქრობს, რომ წინა ლაივი მისთვის ერთგვარი გამოცდა იყო:
„ის ფაქტი, რომ ვერ გავხდი წინა კვირის ლიდერი, ვფიქრობ, საჭიროც იყო ჩემთვის. ახლა უფრო დიდი მონდომება და მოტივაცია მაქვს, ბოლომდე დავიხარჯო სცენაზე.“