X

მარიამ ივარდავა: ხალხმა არ იცის, რა ხდებოდა "X ფაქტორის" შიდა სამზარეულოში

X-ფაქტორი
19.05.2015 10:00
456

მსოფილო მეგაპროექტ „X ფაქტორის“ პირველი ლაივკონცერტი გუშინ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა. მოლოდინი ნამდვილად დიდი იყო,ღელავდნენ კონკურსანტებიც და მენტორებიც.

პირველ ლაივკონცერტზე გოგონებისა და ბიჭების კატეგორია გამოვიდა. თითო კატეგორიის 4 მონაწილიდან მაყურებელმა ერთი ლიდერი ესემესების საშუალებით აარჩია. ხოლო დარჩენილი სამი კონკურსანტის ბედი ჟიურიმ გადაწყვიდა.
ასე რომ, რთული გადაწყვეტილებების მიღება გუშინ გიორგი გაბუნიასა და სოფო ნიჟარაძეს მოუხდათ. აღსანიშნავია სიახლე: რუსკას და გიორგის მაგთის ოთახში ახალი თანაწამყვანები შეუერთდნენ: თათუკა და გიგო.
წუხელ გოგონების კატეგორიის ესემეს ლიდერი ნინი ბრეგვაძე გახდა.
მენტორის გადაყვეტილებით, შთამბეჭდავი შოუს მიუხედავად, შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა და პროექტი დატოვა მარიამ ივარდავამ.

სოფო ნიჟარაძე: მაყურებლის გარდა, ნაწილობრივ ჩემზეც  იყო დამოკიდებული, თუ ვინ გადავიდოდა შემდეგ ეტაპზე. რთული დღე იყო. ფაქტობრივად, ისე გამოვიდა რომ ჩემი ოჯახის წევრებიდან ერთ-ერთი ოჯახის გარეშე დავტოვე. ოთხივე ძალიან შემიყვარდა. ველოდებოდი მხოლოდ იმას, რომ ვინც კონკრეტულ მომენტში გაართმევდა თავს, ის დამეტოვებინა. შინაგან ინტუიციასაც ვენდე.
მარიამ ივარდავა: ძალიან მწყდება გული იმის გამო, რომ პროექტი დავტოვე. რაც შეეხება მიზეზებს, ჯერ არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. იმდენად დიდ ემოციებში ვიყავი სიმღერის დროს, რომ საკუთარი ხმა ნორმალურად არ მესმოდა. სახლში რომ მივალ და გადავახვევ, ალბათ მერე მივხვდები მიზეზს. კიდევ უფრო იმიტომ დამწყდა გული, რომ ასეთ სიტუაციაში აღარ ვიქნები. ხალხმა არ იცის, რა ხდებოდა "X ფაქტორის" შიდა სამზარეულოში.
– და რა ხდებოდა?
– შეიძლება გარედან არ ვჩანვართ ისეთი მეგობრულები, როგორებიც ვართ. იმდენად თბილი გარემო იყო, რომ, პირველ რიგში, ამის დატოვების გამო დამწყდა გული და არა იმიტომ, რომ X ფაქტორი ვერ გავხდი. პროექტია და ყველაფერი ხდება.

რაც შეეხება ბიჭების კატეგორიას, მაყურებლის ხმათა უმრავლესობა – 50 პროცენტზე მეტი გიორგი ნაკაშიძემ მოპოვა. დარჩენილი სამი კონკურსანტიდან, გიორგის გადაწყვეტილებით, პროექტი გურამ საყვარელიძემ დატოვა. როგორც მენტორმა შეფასებისას აღნიშნა, გურამმა გუშინ ვერ მოახერხა,  უფრო მეტად გახსნილიყო მეყურებელთან და ბოლომდე ეჩვენებინა თავისი ძლიერი მხარეები.
გიორგი გაბუნია: პირველი ლაივია და მოლოდინები, რა თქმა უნდა, დიდი იყო. პირველ რიგში, გავითვალისწინე მაყურებლის აზრი. სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა მიმეღო. წინასწარ არ ვიცოდი, ვის გავუშვებდი. სიმართლე რომ გითხრათ, ვინერვიულე. მინდოდა, არც ბიჭები დაზარალებულიყვნენ და არც თავად პროექტი.
რაც შეეხება გურამ საყვარელიძეს,  ჩვენს კითხვაზე – ელოდა თუ არა ჟიურის ასეთ გადაწყვეტილებას, მან ხელით გვანიშნა, რომ ელოდა და კომენტარისაგან თავი შეიკავა.

პროქტის სტუმრებს შორის იყო წინა სეზონის გამარჯვებული თორნიკე ყიფიანიც.  ყველას წარმატებას ვუსურვებ, გამორჩეული ფავორიტი არ მყავს, მაგრამ თავისთავად ცხადია, რომ თამთას ვგულშემატკივრობ, – ამბობს შარშანდელი x ფაქტორი.

კონცერტის სხვა დეტალებს კი ჩვენს ფოტოსლაიდში გთავაზობთ.

ავტორი: ქეთევან საგინაშვილი