თამთა გოდუაძე: „პულსის“ მხარდაჭერას არ ველოდებოდი

X-ფაქტორი
02.06.2015 14:00
727

დაძაბულობისა და მტკივნეული გადაწყვეტილებების გარეშე არც „X ფაქტორის“ მესამე ლაივ-კონცერტს ჩაუვლია. ამჯერად ერთმანეთს ოთხივე კატეგორიის კონკურსანტები ეჯიბრებოდნენ.

დარჩენილი 12 მონაწილიდან ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა - 16,9 პროცენტი კვლავ გიორგი ნაკაშიძეს ხვდა წილად და ის გარანტირებულად  გადავიდა შემდეგ ტურში.
ხმების ყველაზე ნაკლები რაოდენობა რეზი  ქარცივაძემ და ჯგუფმა პულსმა მიიღეს.
ამის შემდეგ უკვე ჟიური წყვეტდა,  თუ ვინ დარჩებოდა პროექტში ამ ორი აუტსაიდერიდან.  
მაყურებლის და თავად ჯგუფის წევრების მოლოდინიც ისეთი იყო, რომ პროექტში რეზი დარჩებოდა,
თუმცა მენტორების ხმათა უმრავლესობა 
პულსმა მიიღო და პროექტი  ბიჭების კატეგორიის კონკურსანტმა დატოვა.
რეზი ქარცივაძემ პროექტის დატოვება ძალიან განიცადა. 
არაფრის თქმას არ ვაპირებ, დიდი ბოდიში,- ასეთი იყო მისი კომენტარი.
FunTime ჟიურს წევრებს გაესაუბრა;

სოფო ნიჟარაძე:
- ნაწილობრივ  პასუხისმგებლობა ანრისთან ერთად გავინაწილე. მას რომ ასე არ გადაეწყვიტა, მე მაინც ამ ჯგუფს ავირჩევდი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ბიჭები პროფესიონალები არიან  და კიდევ ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ, სხვებისთვის უფრო ძლიერი კონკურენტები იქნებიან. რაც უფრო მეტია გამოწვევა, ჩვენთვის უკეთსია. რა თქმა უნდა,  ვტოვებთ ძლიერებს. რეზიც ძალიან ძლიერია, მაგრამ დღევანდელი დღით თუ ვიმსჯელებთ, ჩემზე პულსმა უფრო მოახდინა შთაბეჭდილება. ვნახოთ, იმედია, გაგვიმართლებენ და შემდეგ ლაივებზე უკეთესები იქნებიან. ძალიან არ მინდა, რომ ჩემი გოგონები აღმოჩნდნენ აუტსაიდერთა შორის. კიდევ ბევრი შრომა მოგვიწევს, რათა ლიდერების სამეულში ვიყოთ.

თამთა გოდუაძე:

- ნამდვილად არ ველოდებოდი პულსის მხარდაჭერას, იმიტომ კი არა რომ არ მოსწონთ, არა! რატომღაც, ვფიქრობდი, რომ რეზის დატოვებდნენ. ჩემმა კოლეგებმა ძალიან გამახარეს და დიდი მადლობა მათ. რეზიზე გული დამწყდა, არაჩვეულებრივი ბიჭია და არაჩვეულებრივი ვოკლური მონაცემები აქვს.
ჯერ პატარაა და, დარწმუნებული ვარ, გზას აუცილებლად გაიკვლევს, მთელი გულით ვისურვებ წარმატებას. მე 
პულსთან ერთად  გავაგრძელებ ბრძოლას.
- რატომღაც, ჯგუფების მიმართ უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილნი...
- შარშანაც ზუსტად ასეთ სიტუაციაში ვიყავი,  როდესაც 25 წელს  ზემოთ კატეგორია შემხვდა. 
ჩემი კატეგორიიდან  ვიღაც ყოველთვის აუტსაიდერებში იდგა, მაგრამ, მიუხედავად ამისა,  სწორედ ამ კატეგორიის კონკურსანტმა გაიმარჯვა.  გულდასაწყვეტია, მაგრამ ეს სიტუაცია არ მაშინებს. შეიძლება, მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდეს. კარგად მაქვს დაცდილი ეს მდგომარეობა (იცინის). 

გიორგი ნაკაშიძე, კონკურსანტი ბიჭების კატეგორიიდან:
- არ ველოდი, თუ ისევ ესემეს ლიდერი გავხდებოდი. გამოსვლის წინ ძალიან ცუდად ვიყავი, ყელი მტკიოდა და საერთოდ ვერ ვლაპარაკობდი. არ მეგონა, თუ ასე შევასრულებდი. მიხარია, რომ ხალხს მოეწონა. ძალიან დამწყდა გული რეზის გამო, იმდენად ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, რომ მის გარეშე გაგვიჭირდება.  რთულია, როცა ასეთ ეტაპზე ეთიშები პროექტს.

პულსი“, კონკურსანტი ჯგუფების კატეგორიიდან: 
- რატომღაც, ყველას ეგონა, რომ რეზი დარჩებოდა და ჩვენც ასე ვფიქრობდით. დღევანდელ ლაივზე დამტკიცდა, რომ ყველა მონაწილე ძალიან მაგარია. ვერ ვიტყოდი, რომ ჩვენსა და რეზის შორის რაიმე განსხვავებაა. მანაც მთელი გული და სული ჩადო სიმღერაში  და ჩვენც.
როდესაც აუტსაიდერების სიაში გამოგვაცხადეს,  ხელები დამიბუჟდა, არ ვიცოდი, რა მოხდებოდა. ვინც არ უნდა მდგარიყო წამყვანების მეორე მხარეს,  ჩვენთვის მაინც ასეთი სანერვიულო იქნებოდა, რადგან ყველა მონაწილე ძალიან მაგარია.

გუშინდელი ლაივ-კონცერტის ემოციები ჩვენს ფოტოსლაიდში ნახეთ.  

ავტორი: ქეთევან საგინაშვილი