სოფიო ხორგუანი: „ოპტიმისტი ვარ, გამოუსწორებელი“

ზეპირი ანკეტა

6 თებერვალი 20:00
59

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია კრიზისის მენეჯერი სოფიო ხორგუანი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- თავისუფლება.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- აი, ახლა ვიცინი.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ორი დღის წინ ვიტირე. გულისამაჩუყებელი ისტორია წავიკითხე ადამიანზე, რომელმაც რაღაცას ვერ მიაღწია. ახლაც მომყვება ის განცდა. ეს ადამიანი დანარჩენებისგან განსხვავებული იყო, შეძლო და გადალახა ეს მომენტი. არ იყო იდეალური დასასრული, თან ილუსტრირებული იყო. არა, იმიტომ კი არ ვიტირე, რომ სევდიანი ისტორიაა, უბრალოდ, არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება ყველაფერი გააკეთო, არ იყო ცუდი ადამიანი და ყველაფერი მაინც კეთილად არ დამთავრდეს.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ოპტიმისტი ვარ, გამოუსწორებელი.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ზარმაცი ვარ, მაგრამ ვცდილობ, გამოვსწორდე. ხან გამომდის, ხან - არა.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ბავშვობაში ხშირად ვდგამდით ხოლმე სპექტაკლებს. მე ხან ქეთევან წამებულის როლი მქონდა და ხან ზოია კოსმოდემიანსკაიას. ერთხელ დედაჩემს შევჩივლე კიდეც, რატომ ხდება ასე, სულ რაღაც ომებში ვარ-მეთქი და დედამ მიპასუხა, როდესაც სხვები ექიმობანას, დედიკო-შვილიკოს თამაშობდნენ, შენ ქეთევან წამებულობანას თამაშობდიო. მოკლედ,  ჟანა დ`არკსა და დედა ტერეზას შორის ვარ გაჭედილი.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ის, ვინც ახერხებს, იყოს ისეთი, როგორიც არის. გამბედაობა სჭირდება, იყო ისეთი, როგორიც ხარ, მაშინაც კი, როდესაც ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- პეპი მიყვარს ძალიან.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- 2016 წლის სექტემბერში, როდესაც თუშეთში მოვხვდი. ჯერ იმიტომ, რომ პირველად წავედი ასე გადარეულივით ტურში უცნობ ადამიანებთან ერთად და მერეც, ის საოცარი სილამაზე. მეც, აფხაზეთში გაზრდილი სვანიც, კი გამაოცა. თუ დავუშვებთ იმ ადგილის არსებობას, საიდანაც სხვა განზომილებაში გადადიხარ, ეს თუშეთშია. იქ, ხეობაში, მთებზე ციხეები კბილანებივითაა აშენებული, თითქოს საფრთხის დროს ერთმანეთთან მიიზიდებიან და ხეობას ჩაკეტავენ მტრებისთვის. ასე მგონია, დღეს ქართულად რომ ვლაპარაკობ, ეს ჭავჭავაძის დამსახურება კი არაა, არამედ სოფელ ფარსმაში ოდესღაც მცხოვრები  მეციხოვნეების. საოცარი ამბავი იყო თუშეთი.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- გულწრფელობა.


- ქალში?
- იგივე.


- საყვარელი მწერლები?
- ჰერმან ჰესე და ჯერომ სელინჯერი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- იოჰან სებასტიან ბახი, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, რიხარდ ვაგნერი.


- ფილმი?
- მილოშ ფორმანის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- როცა ვახერხებ, ვიყო მართალი.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- თავისუფლება.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- არაფერს გამოვტოვებდი. მძიმე თარიღები მახსენდება, მაგრამ არაფერს, არაფერს  გამოვტოვებდი.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- ალბათ, ის, რაზეც კითხვებს არ ვსვამ. ხომ ამბობენ ხოლმე: თუ შეგიძლია იმის ახსნა, რატომ გიყვარს რაღაც, ეს სიყვარული არ არისო. ჰოდა, წარმოდგენა არ მაქვს, რატომ მიყვარს ეს ყველაფერი, მაგრამ მიყვარს.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- არაფრის, თუმცა კი - სიბნელის მეშინია. შუქი უნდა ენთოს სადმე. ადრე სიბერის მეშინოდა და ახლა აღმოვაჩინე, რომ აღარ მეშინია.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- მგონი, არა აქვს მნიშვნელობა იმას, როგორ დავამთავრებ აქ ცხოვრებას და როგორ წავალ იქით. ერთადერთს ვისურვებდი, ვისაც აქ დავტოვებ, იმათ ნაკლებად შევუქმნა დისკომფორტი. ისე წავიდე, რომ მათ ძალიან არ ვატკინო... დაიჯერონ, რომ სადაც წავედი, იქ ძალიან კარგად ვიქნები.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- მგონია, რომ მას ხშირად ვხედავ, მაგრამ უფრო მე ველაპარაკები და ის მისმენს. და თუ ისე ვიფიქრებ, როგორც პერ ლაგერკვისტის მოთხრობაშია, რომ ღმერთი ის თეთრწვერა მოხუცია, რომელიც შეშას ჩეხს, შეხვედრისას მინდა, მითხრას: კარგი გოგო ხარ შენ, სოფია!