ირა ჭელიძე: „ის, რაც სულ მიტრიალებს თავში“

ზეპირი ანკეტა

20 თებერვალი 20:00
69

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია რეკლამის სპეციალისტი ირა ჭელიძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ერთხელ ზღვის ნაპირთან ვიჯექი, არაფერს ვაკეთებდი, უბრალოდ, ვიყურებოდი და როდესაც გაზავების გრძნობა დამეწყო, მივხვდი, რომ ეს ის არის. მაგრამ ახლახან, სრულიად ბანალურად, სახლში, აბაზანის შემდეგ, სამზარეულოში ვიჯექი, ლიმონიან ჩაის ვსვამდი და ზუსტად ვიგრძენი, რომ სრულყოფილად ბედნიერი ვარ. მივხვდი, რა სისულელეა ოცნება იმაზე, რომ ბედნიერი ვიქნები. სრულყოფილი ბედნიერება არაფერია, გარდა ყოფითი მომენტებისა. რაღაც მომენტში ეს განცდა ან მოდის, ან არ მოდის. არ არის საჭირო რაღაცების კეთება იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნო. შეიძლება, ერთ უბრალო მომენტში იყო ბედნიერი.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ორი წამის წინ.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- რამდენიმე დღის წინ, ასევე - ძალიან ბანალურად. მოვისმინე  გულის ამაჩუყებელი ამბავი ძაღლზე და ვიტირე. ძალიან ადვილად ვტირი და ძალიან ადვილად ვიცინი.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- არ ვიცი... ალბათ, იმპულსურობა.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ემოციების მოთოკვის უუნარობა.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ისე კარგად არ ვიცნობ ისტორიულ ფიგურებს, მათთან თავის გაიგივება რომ შევძლო, მაგრამ, ალბათ, მარიამ სტიუარტი ვიქნებოდი და ბოლოს თავს მომაჭრიდნენ.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ადამიანები, რომლებმაც არ დაკარგეს უნარი, ყოველდღიურობაში იგრძნონ სიამოვნება და სიხარული.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ზოგადად, გმირები არ მყავს. ბავშვობაშიც, ყველას რომ უყვარდა ვიღაც მსახიობი ან მომღერალი, ასეთი ვინმე მე არასდროს მყოლია, მაგრამ, თუკი მხატვრულ ნაწარმოებზე გადავალთ, არ ვიცი, რატომ ამოვიჩემე, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჰენრიკ იბსენის „პერ გიუნტი“ წავიკითხე, მთელი ცხოვრება ამ ნაწარმოების ღილების ოსტატი დამდევს. ადამიანი შეიძლება, ისეთი არარაობა იყოს, რომ კალის ღილებადაც არ ვარგოდეს. თუ ცხოვრებაში გაკვეთილად რამე დამამახსოვრდა, აი, ეს არის.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ხმელთაშუა ზღვა, კუნძული... შემიძლია, უსულო საგანივით ვიდო და მზესა და ზღვაში გავზავდე.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- იუმორის გრძნობა.


- ქალში?
- უნარი, არ დაიკარგოს წვრილმანებში, არ დახურდავდეს წვრილმანებზე.


- საყვარელი მწერლები?
- ხან ვინ მიყვარს და ხან - ვინ. ჩემზე თავის დროზე ჯერომ სელინჯერმა ძალიან იმოქმედა და ორიენტირები დამისახა. ასევე, ჰენრიკ იბსენი. 20 წელს გადაცილებული ვიყავი, როდესაც მარსელ პრუსტი წავიკითხე და დიდად ვისიამოვნე, რადგან მან დაწერა ის, რაც სულ მიტრიალებს თავში. გამიხარდა, რომ ვიღაცამ ეს მოახერხა.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ნაკლებ განათლებული ვარ მუსიკაში, მაგრამ ძალიან მიყვარს ანტონიო ვივალდი.


- ფილმი?
- მილოშ ფორმანის „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- იმას, რომ ჩემი შვილი 20 წლის ასაკში არის ისეთი, როგორიც არის: ლაღი, უშიშარი, ჯანსაღად თავხედი და ზუსტად იცის, რა უნდა. მაქსიმალური თავისუფლება მივეცი და არ ჩავრეულვარ მის ცხოვრებაში - ეს არის ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- პირადი თავისუფლება.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- არის ასეთი თარიღები და არაერთი... 


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- აი, უშგულში, ლამარიაზე რომ ვიდექი და საოცრებას ვუყურებდი, ეს არის ჩემთვის სამშობლო.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ერთხელ მივხვდი და ხმამაღლა ვთქვი, რომ მეშინია სიკვდილის. ჩემი ქმარი მეკითხება, რატომო? როცა მოვკვები, მარტო ვიქნები-თქო, ვუპასუხე. ე.ი. სიკვდილის კი არ გეშინია, სიმარტოვის გეშინიაო. მარტოობის ფიზიკურად არ მეშინია. მარტო თავს ძალიან კომფორტულად ვგრძობ. გონებით სიმარტოვის მეშინია.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ისე, რომ არ მეტკინოს. ტკივილის მეშინია.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- კარგია, რომ მიხვდი, რისთვის გაჩნდი ამ სამყაროში.