- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ვფიქრობ, სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს. ბედნიერება დეტალებშია, დეტალები - ყოველდღიურობაში, ბედნიერება ადამიანებშია.
- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ზოგადად, ხშირად ვიცინი. შესაბამისად, ბოლოს როდის გავიცინე, შეიძლება არ მახსოვდეს. ალბათ, დილით.
- ბოლოს როდის იტირეთ?
- დიდი ხანია არ მიტირია. ალბათ, ბოლოს ბავშვობაში ვიტირე.
- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, კომუნიკაბელურობა.
- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ძალიან ადვილად ვენდობი ადამიანებს.
- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ჩემნაირი ადამიანები, ალბათ, ვერ შეადარებენ ისტორიულ გმირებს თავს. მომწონს აბრაამ ლინკოლნი. თუკი ამერიკის ისტორიას გადავხედავთ, ამ ადამიანმა უდიდესი წვლილი შეიტანა სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში.
მეც მასავით მოვიქცეოდი.
- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ჩემთვის გმირია ყველა ის ადამიანია, ვინც უანგაროდ ეხმარება მას, ვისაც დახმარება სჭირდება. ჩემთვის გმირები არიან ჯარისკაცები, 13 ივნისის ადამიანები, მაგრამ საქართველოს უახლეს ისტორიაში გამოვარჩევდი ექვთიმე თაყაიშვილს.
- თქვენი მხატვრული გმირები?
- ძალიან მიყვარს კომიქსები, თითქმის ყველა კომიქსი ნანახი მაქვს. ჩემი გმირია „რკინის კაცი“.
- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- სინგაპური იყო საოცრება.
- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ერთგულება.
- ქალში?
- ერთგულება.
- საყვარელი მწერლები?
- გურამ დოჩანაშვილი, ლევ ტოლსტოი.
- საყვარელი კომპოზიტორი?
- გია ყანჩელი.
- ფილმი?
- ბაზ ლურმანის „დიდი გეთსბი“.
- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ალბათ, იმას, რომ მყავს ძალიან ბევრი და კარგი მეგობარი.
- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ჩემი შვილი ანასტასია.
- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- არის თარიღები, რომლებსაც თითქოს გამოვტოვებდი, მაგრამ, საბოლოო ჯამში, დრო რომ დავაბრუნოთ, ისევ ისე ვიცხოვრებდი. ყველა თარიღი მნიშვნელოვანი და საჭიროა ცხოვრებაში.
- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- კულტურა, ისტორია, დამწერლობა.
- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- სიბერის.
- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ალბათ, როგორც მოვკვდები, ყველანაირად შევეგუები სიცოცხლის დამთავრებას. პრინციპში, სულერთია.
- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- იმას, რომ მისი განგება არ არის ყველა ის უბედურება, რაც ხდება სამყაროში.