თამარ ბაგრატია: „მთავარი მიღწევები წინ მაქვს“

ზეპირი ანკეტა

17 ივლისი 20:00
386

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- როდესაც გიყვარს და უყვარხარ.

- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ხშირად ვიცინი. ახლა რაც მახსენდება, ბოლოს, მეგობრებთან ერთად, ერთ საინტერესო ფაქტზე ვიცინე,  ბიუროკრატიის ბუნების თავისებურებებზე, თვითირონიის კონტექსტში.

- ბოლოს როდის იტირეთ?
- რამდენიმე ხნის წინ, როდესაც მივიჩნიე, რომ უსამართლოდ მომექცნენ.

- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ალბათ, პრინციპულობა.

- ყველაზე დიდი ნაკლი?
- სიფიცხე.

- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ჟანა დარკთან.

- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ყველა წესიერი და პატიოსანი ადამიანი, ვისაც უყვარს სამშობლო და ემსახურება მას.

- თქვენი მხატვრული გმირები?
- დონ კიხოტი.

- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- რამდენიმე დღის წინ მესამეჯერ ავედი დევდორაკის მყინვარის მისადგომებთან და ესეც შთამბეჭდავი მოგზაურობა იყო. ასევე, დამამახსოვრდა მოგზაურობა ინდოეთში, 2010 წელს.

- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ერთგულება.

- ქალში?
- იგივე.

- საყვარელი მწერლები?
- ერნსტ ჰემინგუეი, ხორხე ლუის ბორხესი.

- საყვარელი კომპოზიტორი?
- ფრენკ ზაპა, იოზეფ ჰაიდნი.

- ფილმი?
- ჩარლი ჩაპლინის „დიდი ქალაქის ჩირაღდნები“.

- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- იმას, რომ მთავარი მიღწევები წინ მაქვს.

- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ალბათ, ადამიანები და ადამიანებთან ურთიერთობა.

- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- ბუნებრივია, არსებობს, მაგრამ არ გამოვტოვებდი, რადგან ეს ის გაკვეთილები და შეცდომებია, რომლებზეც სწავლობ, ამიტომ მნიშვნელოვანია.

- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- სამშობლო ჩემთვის, ალბათ, თავისუფლებაა.

- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- პესიმიზმის.

- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- უეცრად, მოულოდნელად, რაღაც დრაივში.

- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- „მიუხედავად დიდი გადაცდომებისა, შენ მაინც გაამართლე ჩემი იმედები“.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია