„არ მინდა, ამ ცხოვრებიდან მოუნანიებლად გავიდე“

ზეპირი ანკეტა

7 მარტი 20:00, 2016 წელი
41

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია ტელე-რადიოწამყვანი გია კორკოტაშვილი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- სრულყოფილი ბედნიერება ჩემთვის სიმშვიდეს უკავშირდება.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ერთი წამის წინ...


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ემოციურ სიტუაციებში ცრემლი ხშირად მომდის.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი
- რასაც გავცემ, მინდა, რომ ადამიანებისგან იგივე დამიბრუნდეს.


- ყველაზე დიდი ნაკლი
- გადაწყვეტილებებს ემოციურად ვიღებ.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- გაიგივებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან მომწონს დემეტრე თავდადებული და ერეკლე მეფე.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ის ადამიანები, ვინც მაქსიმალურად მეტი სიმართლით ცხოვრობენ და არ მსახიობობენ საკუთარი პიროვნებიდან გამომდინარე.


- თქვენი მხატვრული გმირები...
- მხატვრული გმირებიც ისტორიული პიროვნებები არიან. ისინი ჩემთვის სრულყოფილები არიან.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა
- ათონის მთაზე...


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში...
- რაინდობა.


- ქალში?
- ყველანაირი ქალი მიყვარს. ყველა ქალს თავისებური ხიბლი აქვს. ზოგს სინაზე უხდება, ზოგს გამბედაობა, ზოგს ვულგალურობა. ყველა ქალს თავისი შტრიხი აქვს.


- საყვარელი მწერლები....
- ეს მსოფლმხედველობის მიხედვით მაქვს დაყოფილი და გული მტკივა, რომ რამდენიმე ნაწარმოები ორიგინალში არ წამიკითხავს. ჩემი ყრმობის საყვარელი მწერლები არიან შტეფან ცვაიგი და უილიამ სომერსეტ მოემი. ქართველებიდან - ნოდარ დუმბაძე, ოთარ ჭილაძე და გურამ დოჩანაშვილი.


- საყვარელი კომპოზიტორი...
- თვითონ მუსიკა ჩემი ცხოვრების ნაწილია და გამორჩეულად საყვარელი არ მყავს. ყველაზე ხშირად მოცარტსა და ბეთჰოვენს ვუსმენ.


- ფილმი?
- ბევრი ფილმია ჩემთვის საყვარელი და ამორჩევა გამიჭირდება.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ჯერჯერობით მნიშვნელოვანი მიღწევა არ მქონია და ვფიქრობ, რომ წინ მელოდება.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ადამიანური ურთიერთობები და ადამიანური სიყვარული ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- სხვათა შორის, მიფიქრია ამაზე და ალბათ, ეს ჩემი შეცდომებია. ვფიქრობ, ესეც, ალბათ, ღმერთისგან არის და ჩემი ცხოვრებიდან არ ამოვშლიდი, რადგან დაშვებულმა შეცდომებმა ჩემს სულიერ აღზრდაზე იმოქმედა.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- ჩემი ცრემლი და ჩემი კივილი.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- არ მინდა, ამ ცხოვრებიდან მოუნანიებლად გავიდე.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ამაზე არ მიფიქრია, იმიტომ, რომ ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. როგორც უზენაესი ისურვებს, ისე იქნება ყველაფერი.


- თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე, ღმერთს უკვე ჩემთვის ყველაფერი ნათქვამი აქვს. ძალიან ბევრ რამეში ვგრძნობ მის მფარველობას. არ მგონია, ცხოვრებაში ისეთი სისუფთავე ჩავიდინო, რომ შემდეგ ღმერთის ხილვა შემეძლოს  და თუკი ასე მოხდება, ვეტყვი - გმადლობთ ყველაფრისთვის!