პოზიტიურობა

ზეპირი ანკეტა

21 მარტი 20:00, 2016 წელი
95

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია მსახიობი მაკა შალიკაშვილი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ჩემი აზრით, სრულყოფილი ბედნიერება არ არსებობს. შეიძლება, წუთიერად 
თავი ბედნიერად ვიგრძნო, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითია.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ძალიან ხშირად ვიცინი... დღეს არ გამიცინია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ აუცილებლად გავიცინებ.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- 2 საათის წინ.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ალბათ, მაინც, პოზიტიურობა.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ფეთქებადი ვარ.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ვერ ვიტყვი, რომ ვაიგივებ, მაგრამ სიამოვნებით ვითამაშებდი მედეას ან ბერნარდას როლს.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- თითოეული ადამიანის ყოფა დღეს გმირობა მგონია. ჩემთვის დღეს, შეიძლება ითქვას, ჩემი ყოფაც გმირობაა, რადგან ამ სიტუაციაში და ამ გარემოში ცხოვრება და არსებობა ცოტა რთულია. შეიძლება, შინაგანად თავს ცუდად ვგრძნობდე ან ფსიქოლოგიურად დაძაბული ვიყო, მაგრამ გარეგნულად ვცდილობ, სიმშვიდე შევინარჩუნო.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ანა კარენინა. კარგად მახსოვს, ეს წიგნი ერთ ღამეში წავიკითხე და მიღებული შთაბეჭდილებები დღემდე არ მავიწყდება.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- შარშან, ბათუმში.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- სასურველია, კაცმა იცოდეს, როგორ უნდა დაიცვას ზღვარი. არ მიყვარს უაზროდ ხელგაშლილი და გულალალ კაცები. უნდა დავინახო კაცში დაფიქრებული და სწორი სიკეთე.


- ქალში?
- ქალშიც იგივე, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.


- საყვარელი მწერლები.
- გურამ რჩეულიშვილი, თამაზ ჭილაძე, ოთარ ჭილაძე.


- საყვარელი კომპოზიტორი.
- გია ყანჩელი, ვატო კახიძე.


- ფილმი.
- მიყვარს ელდარ შენგელაიას ფილმები. ასევე, მიყვარს თენგიზ აბულაძის ტრილოგია.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- იმას, რომ მე, უფლისა და გარშემომყოფი ადამიანების დამსახურებით, დღეს ვარ ისეთი, როგორიც ვარ.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ჩემთვის ყველაზე ძვირფასია ჩემი რწმენა, ჩემი სამშობლო, ჩემი შვილი და ჩემი პროფესია.


- თარიღი, რომელსაც გამოტოვებდით თქვენი ცხოვრებიდან?
- იყო რაღაც პერიოდი, რომელსაც აუცილებლად ამოვიღებდი ჩემი ცხოვრებიდან და სხვანაირად წარვმართავდი.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- სამშობლო არის ის, რის გარეშეც ვერ  წარმომიდგენია თავი.  შვილისა და სამშობლოს გარეშე არსებობა არ შემიძლია!


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ბევრი რამის, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ აზრი არ აქვს ამ შიშს - უფალთან წარდგომის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- რატომღაც, წარმომიდგენია ასეთი სცენა: ვარ დედათა მონასტერში და ჩემ გარშემო ბევრი სასულიერო პირია. სიკვდილის წინ რამდენიმე ადამიანს დავიბარებდი, მინდა, რომ რაღაც ვუთხრა.


- თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- მომიტევებია!