„ყველაფერს გაპატიებ“

ზეპირი ანკეტა

28 მარტი 20:00, 2016 წელი
42

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია მსახიობი ია სუხიტაშვილი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ალბათ, ჩემთვის ძვირფასი ადამიანების კარგად ყოფნა.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- გუშინ ვიცინე ძალიან ბევრი... რუსთაველის თეატრის გოგოებმა გადავწყვიტეთ, მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით (3 მარტი, 8  მარტი) მოგვეწყო ერთი საღამო. ვიყავით ძალიან სასიამოვნო გარემოში და ძალიან ბევრი ვიცინეთ.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ბანალურად ჟღერს, მაგრამ, როდესაც ვნახე ფილმი „გადარჩენილები“ (The Revenant).


 


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ემოციურობა.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ალბათ, ნაკლიც ემოციურობა... ბევრ რამეში მიშლის ხელს.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- თავდადებით ჟანა დ’არკთან.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ადამიანი ცხოვრების გზაზე მუდმივად აკეთებს აღმოჩენებს.შეიძლება, 4 წლის წინათ სხვა რამ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი, ვიდრე - დღეს. ახლა მომიწია მუშაობა „ლისისტრატეზე“ და გავეცანი ქალ ლიდერებს მსოფლიო მასშტაბით. მათ შორის, ინდირა განდი იწვევს ჩემში ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას.


- თქვენი მხატვრული გმირები...
- ბევრია და გამორჩევა გამიჭირდება.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა
- ეს იყო კაბადოკიაში. პატარა ვიყავი და არ ვიცოდი, რომ ეს თურქეთის ტერიტორიაზე იყო. ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ მივდიოდით და არ იცვლებოდა პანორამა. ისეთი საოცრება დამხვდა და ვნახე, რომ მას მერე, ყველას, ვისაც მოგზაურობა უყვარს, ვეუბნები, აუცილებლად გამონახონ დრო და აუცილებლად ნახონ კაბადოკია.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში...
- როდესაც მამაკაცს აქვს იმის ამბიცია, რომ გვერდით ჰყავდეს ძლიერი ქალი.


- ქალში?
- ზოგადად, გულახდილობას ვაფასებ ძალიან.


- საყვარელი მწერლები....
- ბევრი საყვარელი მწერალი მყავს... სხვათა შორის, ამას წინათ კამათი მქონდა მეგობართან, რომელმაც მითხრა, რომ დაწვავდა რუსულ ლიტერატურას. მე ძალიან მიყვარს რუსული ლიტერატურა. გამორჩეულად მიყვარს დოსტოევსკი, რომელმაც ძალიან დიდი ემოციები დამიტოვა კითხვის დროს.


- საყვარელი კომპოზიტორი...
- ბევრი კარგი კომპოზიტორი გვყავს, მაგრამ გამორჩეულადმიყვარს გია ყანჩელი. მისი ყველა კომპოზიცია ჩემთვის ძალიან ახლობელი გახდა. გია ყანჩელი ხშირად იყენებს საკუთარ კომპოზიციებს სხვადასხვა სპექტაკლებისთვის. სპექტაკლ ჰამლეტში ოფელიასთვის დაწერა თემა, რომელზეც ამბობს, რომ ეს თემა კონკრეტულად ამ სპექტაკლისთვის დავწერე და არავის ვათხოვებო. კომპოზიტორებმა ხშირად იციან ერთმანეთზე თემის თხოვება.


- ფილმი?
- „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- თუნდაც, იმას, რაც დღეს გამაჩნია და რაც ძალიან მახარებს, ვგულისხმობ ჩემს პროფესიას. ეს ყველაფერი ადვილი არ ყოფილა, ძალიან დიდ შრომასთან, დიდ ბრძოლებთან და ბევრ უძილო ღამესთან იყო დაკავშირებული. როგორც ქალისთვის კი, ყველაზე დიდი მიღწევა ჩემი შვილია.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- რწმენა.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- სამშობლო რწმენას ჰგავს.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- სამწუხაროდ, არის ასეთი თარიღი.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- გულწრფელად რომ ვთქვა, მეშინია სიკვდილის. რამდენიმე წლის წინათ ექვსი თვის განმავლობაში 6 პროექტზე ვმუშაობდი, რის გამოც ძალიან გადავიღალე, გამოვიფიტე და ცუდად გავხდი. მაშინ გავიაზრე, რა მტკივნეულია სიკვდილი. შემეშინდა და მისი ფობია დამეწყო.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- უმტკივნეულოდ. მამა გარდამეცვალა ბედნიერი სიკვდილით - დაიძინა და აღარ გაიღვიძა.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ყველაფერს გაპატიებ.