სიმძიმე

ზეპირი ანკეტა

11 აპრილი 20:00, 2016 წელი
68

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია ჟურნალისტი დავით კოვზირიძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ალბათ, ბევრი პასუხობს, ახლობლები კარგად იყვნენო და მეც ეგრე ვფიქრობ, მაგრამ ჩემთვის ძალიან არაკომფორტულია, როდესაც ქუჩაში დადიხარ და ბევრ დამწუხრებულ სახეს ხედავ. ალბათ, მაგიტომ გვიყვარს ევროპაში სიარული, რადგან იქ ყველა კარგად არის, ყველა გიღიმის და გარემოა ისეთი, რომ თავს ბედნიერად გრძნობ. ეს ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს და რომ გვქონდეს, ამ შემთხვევაში ეს იქნებოდა ბედნიერება.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ვერ ვიხსენებ... რომელიღაც ქართულ გადაცემაზე ვიცინე ბოლოს, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ჩვენს თაობას ისეთი პერიოდი გვაქვს გამოვლილი, რომ ეს იმუნიტეტი ძალიან გაგვიმყარდა. თითქოს, ცრემლი გაგვიშრა. მახსოვს, იმ საზარელ ოთხმოცდაათიანებში ჩემი მეგობრის პანაშვიდზე მითხრეს, რომ ჩემი მეორე მეგობარი მოკლეს. უკვე ძალიან რთულია რაღაცებზე ტირილი, მაგრამ ღმერთმა არ გვატიროს არავინ! ძალიან ცუდია ტირილი და არ მინდა, რომ ამის მიზეზი  გვქონდეს.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- სიმძიმე.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ნაკლიც, ალბათ, სიმძიმე.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ალბათ, იმათთან, ვინც თავის აზრს ღიად ამბობდა. ეგეთები ძალიან ცოტა გვყავს, ყველა ეპოქაში უმეტესობა რაღაცას მალავს, თვალთმაქცობს. ალბათ, ბევრი აღელდება ამაზე, როგორ ედრებაო, მაგრამ არ ვედრები - ილია ჭავჭავაძე იყო ჩემთვის ადამიანი, რომელიც ამბობდა, რასაც ფიქრობდა და რაც სწორი იყო მაშინაც და ახლაც. თუნდაც, იგივე, კახა ბენდუქიძე.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ვინც თავის საქმეს აკეთებს კარგად, ვინც თავის საქმისთვის ბევრს შრომობს, ისინი არიან გმირები, რადგან  მათ გარეშე ჩვენ ვერ ვიარსებებთ.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ძალიან მიყვარს კარლსონი და ბავშვობიდან მომდევს ეს ტიპი, სულ მგონია, რომ ჩემი ახლო ძმაკაცია.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ჩემთვის ყველა მოგზაურობა შთამბეჭდავია, რადგან ახალს ვნახულობ, ახალ ტიპებს ვიცნობ და ა.შ. ყველა მოგზაურობა თავისთავად საინტერესოა. არ არის აუცილებელი, პარიზში წახვიდე. თუნდაც, რაჭაში მოგზაურობა ძალიან შთამბეჭდავია.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ალბათ, უფრო წესიერებას... და იუმორის გრძნობა თუ აქვს ადამიანს, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.


- ქალში?
- სექსის კარგ ცოდნას.


- საყვარელი მწერლები?
- მიხეილ ბულგაკოვი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ქუინსი ჯონსი.


- ფილმი?
- „ტუტსი“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ალბათ, იმას, რომ ადამიანების რაღაც რაოდენობას ვუყვარვარ.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- სიცოცხლე.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- ასეთი თარიღი არ მაქვს.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- ჩაქაფული.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ალბათ, ჩემიანების ცუდად ყოფნისა და სიკვდილის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ოვერდოზით, ალბათ.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- გადაცემაში როგორ არ დამპატიჟე.