„ყველის ვაჭარი ვარ, სულ ვიცინი“

ზეპირი ანკეტა

18 აპრილი 20:00, 2016 წელი
75

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია ყველის მეისტორიე, მეყველე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- საქმე და შვილები.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- მე ყველის ვაჭარი ვარ, სულ ვიცინი.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ტირილითაც ბევრს ვტირი. მაგალითად, როდესაც ტელევიზორში ვხედავ, რომ ვიღაცას  უჭირს, ბავშვს სახლი არ აქვს. ზუსტად არ მახსოვს, ბოლოს როდის ვიტირე, მაგრამ იმდენად ხშირია მსგავსი ინფორმაცია, რომ, ალბათ, ახლო წარსულში.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ემოციურობა.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- პატიება მიჭირს და მიმაჩნია, რომ ეს ნაკლია.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- რატომღაც, მგონია, რომ მედეასთან რაღაც კავშირი მაქვს.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ფერმერები, რადგან მათი საქმიანობა საშინლად მძიმე
ყოფილა.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- არ მახსენდება.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- თრუსოს ხეობაში.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- არ უნდა უყვარდეს ტყუილი.


- ქალში?
- ქალშიც იგივე. დანარჩენი ყველაფერი ადამიანურია.


- საყვარელი მწერლები?
- გურამ დოჩანაშვილი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი


- ფილმი?
- „კარგი წელიწადი“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- კვლევას, რომელიც ყველის შესახებ დავიწყე: მივიწყებული სახეობების მოძებნა, აღორძინება. ეს არის ყველაზე დიდი, რაც კი ღმერთმა მაღირსა და მისიასავით მომცა.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- შვილები.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- არ არსებობს ასეთი თარიღი. ყოველ დღეს თავისი მნიშვნელობა აქვს.


- რა არის თქვენთვის სამშობლო? 
- ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი: საქმე, შვილები, ფოთოლი, მიწა, ადამიანები.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- მატყუარების. მეშინია, უნებლიეთ მეც არ ჩავერთო ტყუილსა და ინტრიგებში.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- სადმე სოფელში, ფერმაში მიმეძინოს თხასთან ერთად.


- თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- მადლობა, კარგი გოგო ხარ!