რეალობის მშვიდი აღქმა

ზეპირი ანკეტა

13 ივნისი 20:00, 2016 წელი
93

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია მარჯანიშვილის თეატრის  დირექტორი, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილი.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- რეალობის მშვიდი აღქმა.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- სულ ვიცინი.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- დღეს დილას.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- სიჯიუტე.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ძალიან მოუთმენელი ვარ.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ამაზე არასდროს მიფიქრია, მაგრამ, ალბათ, მარო მაყაშვილთან.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ადამიანები, რომლებიც ურთულეს მდგომარეობაში და ცხოვრების რთულ პირობებში ინარჩუნებენ მშვიდ და ოპტიმისტურ განწყობას; ადამიანები, ვინც მიუხედავად ამ სირთულეებისა, არ მიდიან კომპრომისზე; ადამიანები, ვინც ებრძვიან მძიმე დაავადებებს.  


- თქვენი მხატვრული გმირები?
- „ჰოლდენ კოლფილდი“, პოლკოვნიკი, რომელსაც არავინ სწერს. „დეიდა ხულია“, ძია იბრაჰიმი და ფუსუნი.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ყველაზე შთამბეჭდავი იყო, როდესაც პირველად გავედი ქვეყნიდან. ეს იყო მოგზაურობა შვედეთში. და მოგზაურობა, რომელიც სულ მახსენდება და თავში მაქვს - ტუნისში. პირველად - არაბულ სამყაროში.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ინტელექტი, იუმორი, გონიერება, სიმშვიდე.


- ქალში?
- ასევე.


- საყვარელი მწერლები?
- ჰარპერ ლი, იმიტომ, რომ ამ წუთას ვკითხულობ. მარკესი მიყვარს ძალიან... ამელი ნოტომი, მილან კუნდერა, ვაჟა ფშაველა, მიშელ ველბეკი, ჯალალ ედ-დინ რუმი, გიუნტერ გრასი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ვოლფანგ ამადეუს მოცარტი, იოჰან სებასტიან ბახი, რამდენიმე როკ მუსიკოსი.


- ფილმი?
- „აკატონე“, „ტუტსი“, „ამარკორდი“, „მოკალი ბილი“, ლანს ფონ ტრიერის ფილმები („დოგმა 95“), „ძუკნა სიყვარული“, „უკანასკნელი ტანგო პარიზში“, „დაელაპარაკე მას“.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ავადმყოფობას მოვერიე. ახლა სრულიად ჯანმრთელი ვარ.  


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- დრო.


- თარიღი, რომელსაც გამოტოვებდით თქვენი ცხოვრებიდან?
- ბევრი თარიღია ეგეთი.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- სამშობლო არის ის ქვეყანა, სადაც დავიბადე, სადაც გავიზარდე, საიდანაც არ წავედი, სადაც ვმუშაობ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ამ ქვეყნისთვის მუშაობენ და რომლებიც ზრუნავენ ამ ქვეყანაზე. მარტივად რომ ვთქვა, ქუჩაში ნაგავი რომ არ უნდა დაყარო, აქედან იწყება ის მინიმალური განცდა, რასაც სამშობლო ჰქვია.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- საკუთარი გონების ყველაზე ბნელი, უსაზღვრო ფანტაზიის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- მართალი გითხრათ, საერთოდ არ ვისურვებდი, მაგრამ რახან არსებობს - მარტო რომ ვიყო სადღაც. სიკვდილი, ზოგადად, მგონია, რომ სხვა ადამიანმა არ უნდა დაინახოს.


- თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ მას თქვენთვის ეთქვა?
- მინდა მითხრას: წამო, ერთი, დავჯდეთ და ვილაპარაკოთო და მერე გავარკვევ დანარჩენს. მინდა, რომ დრო გამომიყოს.