„ვეღარ ვტირი“

ზეპირი ანკეტა

20 ივნისი 20:00, 2016 წელი
60

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია მხატვარი და პუბლიცისტი მაია ორჯონიკიძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- სრულყოფილი ბედნიერება, ასბოლოო ჯამში, ალბათ, არის ადამიანის მიერ საკუთარი პოტენციალის რეალიზება. ყველა ადამიანი რაღაც მისიით მოდის ამქვეყნად, მაგრამ ერთეულები ახერხებენ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებას, რაც დიდი ბედნიერებაა.

- ბოლოს როდის გაიცინეთ? 
- სიცილი ძალიან მიყვარს, მაგრამ ბოლო დროს იშვიათად ვიცინი - ვგულისხმობ გულიან სიცილს, როგორც ოდესღაც ვიცოდი. ამას წინათ ჩემმა მეგობარმა ძალიან უცნაურად გაიხუმრა და აი, მაშინ გავიცინე ძველებურად - ისე, რომ ბოლოს ცრემლები წამსკდა. ამასთან დაკავშირებით მინდა, დავამატო, რომ, რაც უფრო დახვეწილია ადამიანის ინტელექტი, მით უფრო დახვეწილია მისი იუმორის გრძნობა, რადგან დიდი ხანია, დადგენილია პირდაპირი კავშირი ინტელექტსა და იუმორის გრძნობას შორის. იგივე ითქმის თვითირონიის უნარზეც - მის გარეშე წარმოუდგენელია მაღალი ინტელექტის მატარებელი ინდივიდი.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ტირილითაც ვეღარ ვტირი. ადამიანის ემოცია სპეციფიკურია - ის ბედნიერებისგანაც ტირის და მწუხარებისგანაც. ანუ, ორი უკიდურესი ემოცია ფიზიოლოგიურად და ფსიქოლოგიურადაც, ერთმანეთს ჰგავს, რადგან ორივე ექსტრემალური მდგომარეობის გამოხატულებაა, უბრალოდ - პლუს და მინუს ნიშნით. რაც შემეხება მე - ვინც ბევრს იცინის, ის ბევრსაც ტირის და რადგან სიცილს მოვუკელი, შესაბამისად, ტირილსაც მოვუკელი, იმ სიტუაციაშიც კი, როცა მართლაც სატირალია. უფრო თავშეკავებული გავხდი, ახლა ემოცია შიგნით უფრო მიგროვდება.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ადამიანში, რაიმე მოვლენასა თუ  ხელოვნებაში ყოველთვის ის მოგვწონს, რისი მატარებელნიც თავად ვართ. მეც იმ სამ თვისებას ჩამოვთვლი, რომლებსაც ადამიანში განსაკუთრებით ვაფასებ და იმედია, ეს თვისებები  თავადაც მაქვს: ერთგულება, პასუხისმგებლობის გრძნობა და თავმოყვარეობა. ოღონდაც, თავმოყვარეობა არ უნდა აგვერიოს პატივმოყვარეობაში, ქედმაღლობასა და ამპარტავნებაში. თავმოყვარეობა სწორედ ამათი ანტიპოდია, მასთან ყველაზე ახლოს მდგომი, მონათესავე თვისება კი ღირსების გრძნობაა.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ალბათ, ემოციურობა, იმპულსურობა, სიჩქარე. შური, ინტრიგა და მისთანანი ღმერთსა თუ ეშმაკს ჩემთვის დაენანა, მადლობა ღმერთს.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ამ შეკითხვას, ალბათ, იუმორით უნდა ვუპასუხო. მოდით, ასე გეტყვით: ბავშვობიდან მომწონდა თამარ მეფე, ჟანა დ’არკი, მაია წყნეთელი, ანა ფრანკი, რომლის დღიურების კითხვისას ყმაწვილობაში არაერთხელ მიტირია. დღეს მომწონს ნადეჟდა სავჩენკო.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- მხოლოდ მე-20 საუკუნეს შევეხები: ქართველებიდან ილია ჭავჭავაძე, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, გენერალი მაზნიაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, მერაბ კოსტავა. უცხოელებიდან რონალდ რეიგანი, პაპი იოანე-პავლე, მარგარეტ ტეტჩერი, ლეხ კაჩინსკი. ცოცხლებიდან ჯონ მაკკეინი, ამერიკის ცოცხალი ლეგენდა. მსოფლიო მნიშვნელობის სახელმწიფო მოღვაწედ მიმაჩნია მიხეილ სააკაშვილი -თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მესაძირკვლე.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- მთელი ელინისტური პანოპტიკუმი, ეს ჩემი ბავშვობიდან იწყება და სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდება. ჩემი პირველი წიგნი კუნის „ძველი საბერძნეთის ლეგენდები და მითები“ იყო. მაშინ ჯერ კითხვაც არ ვიცოდი და ჩემი მამობილი მიკითხავდა. ყმაწვილობაში, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, სტავროგინის ხიბლქვეშაც კი ვიყავი, საშინლად მძიმე კაცის, მაგრამ სწორედ ის იყო დოსტოევსკის მწერლური დიდოსტატობა, რომ მასთან არაფერია ცალსახა - ბოლო ნაძირალასაც კი აქვს რაღაც  თვისებები, რომელნიც მასში ადამიანურს დაგანახვებს და პირიქით, არ არსებობს იდეალური გმირი, რომელშიც არ იყოს რაიმე ხინჯი. ასეთია სიცოცხლე, ესაა.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ახალ ადგილებში მოგზაურობა ყოველთვის შთამბეჭდავია. შემიძლია გავიხსენო ორი მათგანი. ჩემდა სამწუხაროდ, ხევსურეთსა და სტეფანწმინდაში არასოდეს ვყოფილვარ, გულის  პრობლემის გამო. გულის არითმია 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ დამეწყო, იქამდე კი სვანეთში  მოგზაურობა მოვასწარი. მახსოვს, როდესაც ერთ დილას უშგულში სახლის ფანჯარა გავაღე, ფანჯრის ჩარჩო გამაოგნებელი პეიზაჟის ჩარჩოდ იქცა, მასში მოქცეული დაუჯერებლად ლაჟვარდოვანი ცითა და თეთრი, ქათქათა, ბრწყინვალე უშბით. ამ სიურრეალისტურმა სილამაზემ ადგილზე გამაქვავა. მეორე დიდი განცდა მოგვიანებით,1989 წელს მქონდა - ამერიკაში, სადაც ნიუ-იორკის ცათამბჯენებმა ჩემზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინეს. მიუხედავად იმისა, რომ ათი წელი ლოს-ანჯელესში გავატარე, ასე მგონია, ჩვენს განწყობასთან უფრო ახლოს ნიუ-იორკია, ის შინაგანად ყველაზე უფრო ევროპული ქალაქია ამერიკის ქალაქებიდან. მისმა ეპიკურმა ცათამბჯენებმა თითქოს უნდა დაგამძიმოს თავისი სრულიად განსხვავებული ესთეტიკით და გარკვეულად გამძიმებს კიდეც, მაგრამ, მეორე მხრივ, დრაივისა და უწყვეტი პერპენტუუმ მობილეს შეგრძნება გაქვს ამ ქალაქიდან, რომელსაც არასოდეს სძინავს და მუდამ მოძრაობს. ის აღფრთოვანების განცდას ბადებს თავისი უშრეტი ენერგიითა და სიცოცხლის ორომტრიალით.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ასაკთან ერთად ბევრი რამის აღქმა იცვლება. ჩემთვის 30 წლის წინათ მამაკაცში ერთ-ერთი მთავარი თვისება კარგი გარეგნობა გახლდათ (თუმც ის არც ახლაა მეორეხარისხოვანი), მაგრამ წლებმა, მიღებულმა გამოცდილებამ და, თავხედობაში თუ არ ჩამომართმევთ - გარკვეულმა ცხოვრებისეულმა სიბრძნეებმაც მასწავლა ის, რომ მამაკაცში მთავარი თავმოყვარეობაა, რომელიც კომპლექსური თვისებაა. თუ თავმოყვარე ხარ და ერთგულიც, პასუხისმგებლობის გრძნობაც გაქვს, რადგან უპასუხისმგებლობას საკუთარ თავს, უბრალოდ, ვერ აკადრებ. მამაკაცი, უპირველეს ყოვლისა, მენტალურად უნდა იყო, სხვა დანარჩენი  მხოლოდ ფიზიოლოგიური დანამატია. ამიტომაა ჩვენში ბევრი მამრი, მაგრამ ცოტაა მამაკაცი.

- ქალში?
- ქალს გააჩნია. მე, მაგალითად, ბევრ ქალს არ ვუსურვებ იმ ბედს, რაც ზოგიერთ ცნობილ ან ნაკლებად ცნობილ ქალს ერგო. აგერ უკვე 25 წელია, ქართველი ქალები სამუშაოდ უცხოეთში მიდიან  და მამაკაცების გასაკეთებელ საქმეს აკეთებენ მთელი თავგანწირვით, რომელიც ძალიან ხშირად არ უფასდებათ სწორედ იმათი მხრიდან, ვისაც ეს ქალები ასეთი სიყვარულით ეწირებიან. მე არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ 1991 წლიდან მოყოლებული, ანუ მას შემდეგ, რაც ქვეყანას, ფაქტობრივად, ეკონომიკური ყოფნა-არყოფნის დრო დაუდგა, ქართველმა ქალებმა საკუთარი მხრებით გაიტანეს საქართველო, ყველაზე დიდმა ტვირთმა და ქვეყნის ძნელბედობამ სწორედ მათ მხრებზე გადაიარა. ეს თავგანწირული ქალები, ფაქტობრივად, ნებაყოფლობით გადასახლებაში მყოფნი, სამშობლოს, საყვარელ ადამიანებსა და შვილებს მოწყვეტილნი, ჩუმ და ხშირად დაუფასებელ ყოველდღიურ გმირობას სჩადიოდნენ და  სჩადიან. სწევენ უმძიმეს ჭაპანს, შრომით წყდებიან, მათ მხარ-თეძოზე წამოწოლილ ქმრებს კი სულაც არ ერიდებათ, რომ ოჯახში მათ გასაკეთებელ საქმეს ქალი აკეთებს და ნათესაობას საკუთარ ცხოვრებაზე უარის თქმის ფასად ინახავს. ეს აუცილებლად უნდა მეთქვა იძულებით სამშობლოდან წასულ ჩვენს ემიგრანტებზე. მე თავად გახლდით ემიგრანტი და ეს ჩემი ბიოგრაფიის ნაწილად დარჩება, ამიტომ მათ ტკივილსა და დარდს ვერავინ გაიგებს ისე, როგორც მე. ამერიკაში პირველად 1989 წლის 9 აპრილის მოვლენების შემდეგ წავედი სტუმრის სტატუსით. მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავ პირობებში ვიყავი, სულ საქართველოზე ვფიქრობდი და ერთი წამითაც არ გამივლია გულში, სხვა ქვეყანაში დავრჩენილიყავი საცხოვრებლად. ყოველთვის ვიცოდი, რომ მელოდებოდა ჩემი სამშობლო და ჩემი უფროსი მეგობარი მერაბ კოსტავა, რომელიც ჩემთვის იყო განსხეულებული საქართველო. მერაბს ძალიან ვუყვარდი, ჩვენ უნდა გვეთანამშრომლა, ბევრი იდეა ჰქონდა ჩაფიქრებული და ამიტომაც საქართველოში მოვიჩქაროდი, მაგრამ ჩემი ჩამოსვლიდან ორ კვირაში მერაბ კოსტავა მოკლეს - მოუკლეს საქართველოს, მის ხალხს და მომიკლეს პირადად მე. ამის შემდეგ შემზიზღდა მთელი ქართული პოლიტიკაც და კიდევ ძალიან ბევრი რამ საქართველოში.
ორ-სამ წელიწადში ისევ წავედი ამერიკაში. მეგონა, დროებით მივდიოდი, მაგრამ, როგორც იტყვიან, არაფერია იმაზე მუდმივი, ვიდრე დროებითიო და მთელი ათი წლით მომიწია ამერიკაში დარჩენამ. რაც შეეხება ემიგრანტებს - დაწყებული უცხოეთში წარმატებული და სახელგანთქმული ქართველებიდან, დამთავრებული ჩვენი თავგანწირული, მაგრამ უჩინარი ქართველი ოჯახის დედებით, რომლებიც ბოლო ათწლეულებია, რეალურ გმირობას სჩადიან - იმედი მაქვს, ბოლოს და ბოლოს, გვეყოლება ისეთი ხელისუფლება, რომელიც ამ სახელმწიფოში შექმნის პირობებს ამ უზარმაზარი ადამიანური პოტენციალის სამშობლოში ღირსეულად დასაბრუნებლად. სწორედ მათი, სამშობლოდან გადახვეწილი ადამიანების გამოგზავნილი ფული შემოდის დღემდე საქართველოში და ამ ქვეყნის ეკონომიკას რაღაცით მაინც ეხიდება. ამ ხალხმა ოჯახებისთვის თავი გადადო და ეს ოჯახები, ერთად აღებული, ნახევარი საქართველოა! პირადად მე, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, ამ ქალბატონების წინაშე გულწრფელად ვიხრი ქედს. 



- საყვარელი მწერლები?
- ცოტა შორიდან დავიწყებ. დედაჩემი მოსკოვში სწავლობდა და მეორე მეუღლე ჰყავდა ეთნიკური ბერძენი, რეჟისორი, არაჩვეულებრივი ადამიანი. 9 წლამდე ვიცოდი, რომ ის იყო ჩემი ბიოლოგიური მამა. როგორც კი საქართველოში ჩამოვედით, იზამ ქართულ სკოლაში მიმიყვანა, მაშინ ქართული არ ვიცოდი და 9 წლის ასაკში სამ თვეში ვისწავლე, ამ ასაკში ხომ ენის სწავლა ყველაზე სწრაფად ხდება. მოსკოვში კი, სანამ კითხვას დავიწყებდი, ჩემი პირველი წიგნი იყო „ბერძნული მითები და ლეგენდები“, რომელიც ადაპტირებულ ტექსტს წარმოადგენს და მთელი ბერძნული მითოლოგია ბავშვისთვის იოლად აღსაქმელი  ფორმითაა გადმოცემული. სწორედ ამ წიგნს მიკითხავდა ჩემი ბერძენი მამა. ამ წიგნმა სამუდამო დაღი დამასვა არა მხოლოდ ესთეტურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც. ელინისტური კულტურა თავისი გამაოგნებელი ვიზუალით სამუდამოდ დარჩა ჩემი ესთეტური აღქმის საზომად.  მოგვიანებით მოვილიე საყმაწვილო საკითხავი: დიკენსი, ჰიუგო, გასაოცარი მარკ ტვენი, გენიალური ლუის კეროლი, კეთილი და ბრძენი ჰანს კრისტიან ანდერსენი. ასევე, ძალიან მიყვარდა კონან დოილი და მისი შერლოკ ჰოლმსი, რომელიც სხვათა შორის, რეალურად ავითარებს მკითხველში დედუქციურ აზროვნებას.
12 წლის ასაკში დედაჩემს ვპარავდი ჟან-ჟაკ რუსოს, დენი დიდროსა და ვოლტერის წიგნებს და ჩუმად ვკითხულობდი, როცა დედა სამსახურში იყო. ზუსტად იმ დროს გადავაბულბულე რუსოს „აღსარება“ და დიდროს „მონაზონი“. მოგვიანებით ჩემთვის ეტაპური წიგნები იყო ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტიკა და პოეზია; ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტიკა და პოეზია და მიხეილ  ჯავახიშვილი თავისი შეუდარებელი პროზით. 
რაც შეეხება პოეზიას. როდესაც მე-20 საუკუნის პოეზიაზე ვსაუბრობ, ყალბი თავმდაბლობა არ შემიშლის ხელს, ვახსენო იზა ორჯონიკიძის შემოქმედება. ამ შემთხვევაში მე არ ვსაუბრობ, როგორც მისი ქალიშვილი, არამედ  როგორც რიგითი მკითხველი. იზას პოეზია დიდი ხანია, რაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ქართული პოეზიის კლასიკად იქცა და ის უკვე შევიდა ქართული ლიტერატურის ისტორიაში, როგორც თავისი დროის ერთ-ერთი ბრწყინვალე პოეტი. მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის პოეტებიდან ძალიან მიყვარს გენიალური გალაკტიონი - ამაში არაორიგინალური ვიქნები, მაგრამ ასეა. ძალიან მიყვარს შოთა ჩანტლაძის პოეზია და კიდევ არაერთი პოეტი, რომელთა სია გრძელია.
რუსული ლიტერატურიდან დოსტოევსკის „ეშმაკეულნი“ და „ძმები კარამაზოვები“ ის წიგნები იყო, რომელთაც ყმაწვილობაში ჩემზე დიდი  ზეგავლენა მოახდინეს, მაგრამ დღეს მათი ხელახლა წაკითხვა გამიჭირდება, ძალიან მემძიმება. რუსი  კლასიკოსებიდან განსაკუთრებით მიყვარდა და ახლაც მიყვარს ჩეხოვი და ბულგაკოვი. ლევ ტოლსტოი უზარმაზარი მწერალია, იოლად საკითხავი, მაგრამ მის პროზაში პოზიტივიზმი მეტია და რუსული ყოფიერების ქვესკნელი, რაც ასე გზაფრავს გოგოლისა და დოსტოევსკის პროზაში, ისე ცხადად არ იკვეთება. რუსი თანამედროვეებიდან განსაკუთრებით მიყვარს ვიქტორ პელევინი და კიდევ რამდენიმე მწერალი, ყველას  აღარ ჩამოვთვლი. რუსული პოეზიიდან კი მთლიანად რუსული ვერცხლის საუკუნე და ორიგინალური არ ვიქნები, თუ ანა ახმატოვას და მარინა ცვეტაევას დავასახელებ, როგორც  საყვარელ  პოეტებს. ცალკე მინდა ვახსენო ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“, რომელიც იყო ჩემი მუდმივი სამაგიდო წიგნი.
რაც შეეხება უცხოელ მწერლებს, ჩემთვის ეტაპური წიგნებია ედგარ პოს ყველა მთავარი ნაწარმოები, ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგელი“, ასევე ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნი - კნუტ ჰამსუნის „მისტერიები“, მილან კუნდერა, მილორად პავიჩი, ტორნტონ უაილდერი თავისი გასაოცარი „ლუდოვიკო მეთოთხმეტის ხიდით“, რიჩარდ ბახის „თოლია ჯონათან ლივინგსტონი“. ყველას, რა თქმა უნდა, ვერ ჩამოვთვლი...


- საყვარელი კომპოზიტორი?
- ჩემი საყვარელი კომპოზიტორები არიან ბახი, ბეთჰოვენი, მოცარტი და შოპენი.
თანამედროვე მუსიკიდან ყველაზე მეტად ჯანის ჯოპლინი, Led Zeppelin, Pink Floyd მიყვარს.


- ფილმი?
- პირველი, რაც მომდის თავში, ეს არის მილოშ ფორმანის „ამადეუსი“. კიდევ ლინდსი ანდერსონის ძველი მივიწყებული ფილმი „ასეთია სპორტული ცხოვრება“, სადაც ახალგაზრდა რიჩარდ ჰარისი თამაშობს და რომლის სანახავად შემთხვევით წამიყვანეს 9 წლის ასაკში. ეს სრულიად არასაბავშვო, მძიმე ფილმია და როცა ათი წლის შემდეგ,19 წლისამ  ეს ფილმი ხელახლა ვნახე, გამიკვირდა - თურმე ფილმი ზუსტად ისე აღმიქვამს პატარა ბავშვს, როგორც აღვიქვი ათი წლის შემდეგ. მესამე ფილმია, ასევე, ლინდსი ანდერსონის „Lucky Men”. მიყვარს მიქელანჯელო ანტონიონის და ინგმარ ბერგმანის ფილმები, ცალ-ცალკე აღარ ჩამოვთვლი.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- იმაზე მეტი არასოდეს მგონებია საკუთარი თავი, ვიდრე ვყოფილვარ. პირიქით, მთელი ცხოვრება ჩემი თავი იმაზე ნაკლები მეგონა, ვიდრე ვიყავი, ამას წლების მერე მივხვდი. ამ და კიდევ სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო ვფიქრობ, ჩემი პოტენცია არ განმიხორციელებია - თუნდაც ის, რაც შემეძლო, გამეკეთებინა მხატვრობაში და კიდევ  სხვა სფეროში, რაზეც  ახლა საუბარი არ ღირს. ალბათ, ჩემი პოტენცია ყველაზე სრულად განხორციელდა დედობაში. აქ მე თავი ბოლომდე გადავდე და ასი პროცენტით დავიხარჯე. საბოლოო ჯამში, გამოვიდა ისე, რომ  ჩემი თავისთვის იმის ნახევარიც არ გამიკეთებია, რაც ოჯახისთვის, როგორც ქართველი ქალების უმრავლესობას, რადგან კლასიკური ქართველი ქალი ჯერ დედაა და მერე ყველაფერი დანარჩენი... სულ ახლახან აღმოვაჩინე, რომ დიდი შეცდომაა -საბოლოო ჯამში, თურმე არავის სჭირდება ეს შენი მსხვერპლი, თუმცა დედობრივი თავდადების ნაყოფთა დაგემოვნებაზე ჯერჯერობით უარი არავის და არასოდეს უთქვამს.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ალბათ, ყველაზე ძვირფასი საყვარელ ადამიანთან შინაგანი ერთობის განცდაა. იგივე ეხება ხელოვნებასთან, ბუნებასთან თანაზიარობის განცდას, რომელსაც თვისობრივად ყველაზე მაღალი ხარისხის აღფრთოვანებისა და სულიერი ჰარმონიის, სიმშვიდის განცდა მოაქვს.


- თარიღი, რომელსაც გამოტოვებდით თქვენი ცხოვრებიდან?
- ცხადია, ასეთი თარიღები არსებობს. თუკი შენ არ ხარ მხოლოდ ბიოლოგიური არსება, არამედ პიროვნებაც და მოქალაქეც ხარ, აუცილებლად მოგინდება ბევრი მძიმე თარიღის გამოტოვება როგორც პირადი ცხოვრებიდან, ასევე, შენი ქვეყნის ისტორიიდან.


რა არის თქვენთვის სამშობლო?
- სამშობლო არის ის, რაც შენში დევს. თუ შენს სამშობლოს გულით არ ატარებ, ის შენ წინ გადაშლილი რომ იდოს, ვერ დაინახავ; სამშობლო ისაა, რასაც აიგივებ შენთან და შენს საკუთარ ეგოსთან - ის შენი ნაწილია, შენ - მისი. უტკივილო სიყვარული არ არსებობს, მაშინ ის სიყვარული არაა, ამიტომ თუ სამშობლო შენშია, ის აუცილებლად გტკივა.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ყველაზე მეტად საყვარელი ადამიანების ღალატის მეშინია. სამწუხაროდ, არაერთხელ გამომივლია მსგავსი რამ. ძალიან მძიმე მდგომარეობაა და არავის ვუსურვებ, უზარმაზარ გამძლეობას მოითხოვს და შიგნიდან გფიტავს, სასიცოცხლო საყრდენს გაცლის. პირადად მე, შემიძლია ვთქვა, რომ არასდროს არავისთვის მიღალატია და ამას ვამბობ ხმამაღლა და ყალბი თავმდაბლობის გარეშე. საბოლოო ჯამში, საქმე არის ძალიან მარტივად - ნებისმიერი ღალატი არის, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის ღალატი, ამიტომ, თუ საკუთარ თავს არასოდეს ღალატობ, სხვასაც ვერასოდეს უღალატებ - ასეთი დიალექტიკაა.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ვინაიდან ეს ამბავი არავის არ აგვცდება - სიკვდილს ვისურვებდი მოულოდნელსა და წამიერს. ამ მხრივ, ყველაზე საზარელი კიბოა, იზა და მამამისი ამისგან გარდაიცვალნენ და ამდენად ვხედავდი, ეს რა საშინელებაა. დოსტოევსკის აქვს გენიალური ფრაზა: ტკივილი ქვაში არ არის, ტკივილი ქვის შიშშია. კვდომის პროცესი ბევრად უფრო საზარელია, ვიდრე თავად სიკვდილი. მაგალითისთვის, როდესაც ადამიანს ფართო ინფარქტი ემართება, ის წამებში კვდება, კიბოს დროს კი ის, ფაქტობრივად, სიცოცხლეშივე მიცვალებულია და ეს პროცესი დროშია გაწელილი.


- თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- მაია, იცი, რომ ტყუილად არ გიცხოვრია?!