„ჯიუტი ვარ!“

ზეპირი ანკეტა

27 ივნისი 20:00, 2016 წელი
91

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არა მსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია ხელოვნებათმცოდნე თამარ სამხარაძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- სრულყოფილი ბედნიერება, ალბათ, არის ჰარმონია გონსა და გულს შორის.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- გუშინ ვიცინე ბევრი...


- ბოლოს როდის იტირეთ?
- გუშინწინ...


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ჯიუტი ვარ.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ჯიუტი ვარ!


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- არ მინდა, გავკადნიერდე და რომელიმე ისტორიულ ფიგურას შევადარო თავი, თუმცა, ვფიქრობ, მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში სიამოვნებით ვიქნებოდი ნინო ჭავჭავაძე.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ვფიქრობ, დღევანდელი დღეს გმირები არიან ადამიანები, რომლებსაც, მიუხედავად  მსოფლიოში გაბატონებული ცხოვრების კაპიტალისტური წესისა, სჯერათ ქველმოქმედების და არამარტო სჯერათ, თავიანთი საქმითაც ამტკიცებენ, რომ ადამიანს შეუძლია, სხვა ადამიანს უანგაროდ დაეხმაროს.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- დიდი ხნის წინათ მაქვს წაკითხული და სახელი არ მახსოვს, მაგრამ ოთარ ჭილაძეს ჰყავს პერსონაჟი გოგონა, რომელიც სხვენში ცხოვრობს. ასევე, ჩემთვის ძალიან საყვარელი მხატვრული გმირია პეპი გრძელიწინდა.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ფრენჩ რივიერა.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მამაკაცი ყურადღებიანია.


- ქალში?
- ბრძოლისუნარიანობა.


- საყვარელი მწერლები?
- სტუდენტობის პერიოდში ამოჩემებული მწერალი მყავდა - ოთარ ჭილაძე. მიყვარს თეოდორ დოსტოევსკი - შეუძლებელია, არ აღგაფრთოვანებდეს ის, როგორი ოსტატობით გამოგზაურებს ეს მწერალი ადამიანური ემოციების სიღრმეებში. ბოლოს წავიკითხე დენიელ ქუინის „ისმაელი“, რომელიც ლევან ღამბაშიძემ თარგმნა ქართულ ენაზე. საოცარი წიგნია... ახლა ვკითხულობ ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგელს“.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- რომ გითხრა, კლასიკას ვუსმენ-მეთქი, მოგატყუებ. დიდი სიამოვნებით ვუსმენ Radiohead-ს და Coldplay-ს. ამ ბოლო დროს 80-იანი წლების მუსიკაც ამოვიჩემე.


- ფილმი?
- ვუდი ალენის ნებისმიერი ფილმი ჩემთვის შედევრია.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გადაწყვეტილება, როდესაც ჩემს ინტერესებზე წინ საზოგადო მცნებათა გაგება და სიმართლე დავაყენე. ამის გასაკეთებლად მომიწია, ჩემს თავში დამეძლია შიში იმ დისკომფორტის გამო, რომელიც, ვიცოდი, არა მხოლოდ მე, არამედ ჩემი ოჯახის წევრებსაც ელოდათ. ეს ერთი, კონკრეტული ამბავია. მიუხედავად ყველაფრისა, დღესაც მივიჩნევ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- სიმშვიდე - სულში. სიყვარული - გულში. ჰარმონია - ტვინში.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით...
- დღე, როდესაც ძალიან საყვარელი ადამიანი დავკარგე.


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- ჩემი აზრით, ასაკთან ერთად უფრო იაზრებ, რა არის სამშობლო. როდესაც პატარა ბავშვებს დააყენებენ და პათეტიკურად აყოლებენ ლექსებს, ამის არ მწამს. ჩემს 24 წლის ასაკში ჩემთვის სამშობლო ის გარემოა, სადაც ჩემი საყვარელი ადამიანები არიან და არა მიწა, რომელსაც ამერიკაში წავიღებდი და ფეხსაცმლით ვატარებდი. სამშობლოს შეგრძნება ჩემთვის არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ტკივილის...


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- სიკვდილს ვისურვებდი ისეთ ასაკში, როცა ჯერ კიდევ თავად შემეძლებოდა საკუთარი გადაადგილების უზრუნველყოფა და მექნებოდა საღი გონება.


თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- მჯერა, რომ ჩვენ ყველანი აუცილებლად შევხვდებით ღმერთს. ვისურვებდი ჩემთვის ეთქვა, რომ ესმის ჩვენი, ყველასი. თითოეული ჩვენი ცოდვის საფუძველი ესმის და აქვს ძალა, გვაპატიოს.