„ხშირად ვიცინი“

ზეპირი ანკეტა

4 ივლისი 20:00, 2016 წელი
79

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულის, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი რუბრიკის სტუმარია „პალიტრა მედიის“ კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- ჩემთვის სრულყოფილი ბედნიერება ამ ბოლო დროს ის არის, როდესაც ჩემი ოჯახის წევრები ახლოს მყავს, რადგან ისინი საქართველოში არ ცხოვრობენ. ბედნიერება ეს სისავსეა ჩემებით.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ხშირად ვიცინი.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- იშვიათად ვტირი. მამა რომ გარდამეცვალა, იმ დღეს საერთოდ ვერ ვიტირე. როდესაც უკვე გავაცილეთ და ყველაფერი დამთავრდა, სახლში მარტო ვიყავი და იმდენი ვიტირე, მას შემდეგ, მგონი, აღარც მიტირია. ადვილად ვერ ვტირი.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი.
- ხალისიანი და ცნობისმოყვარე ვარ.


- ყველაზე დიდი ნაკლი.
- ვფიქრობ, თანმიმდევრულობა მაკლია.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ცოტა რთულია, რადგან ამაზე არც მიფიქრია, მაგრამ, თუ ისტორიულ ფიგურად მივიჩნევთ, ვიქნებოდი გერტრუდა სტაინი. იმ დროს მექნებოდა ასეთი სალონი, დავწერდი კიდეც და ვიმეგობრებდი იმ დიდ ბიჭებთან, რომლებიც მერე ძალიან დიდები გახდნენ.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- გმირებად იმ ადამიანებს მივიჩნევ, რომლებსაც შეუძლიათ დინების საწინააღმდეგოდ ცურვა ან ისეთი რამეების ახირება, რომლებიც მერე გამოგონებებად იქცევა ხოლმე. ჰო, მიყვარს გამომგონებლები, რომლებიც დარჩნენ ისტორიაში ან  ისტორიამ მერე იპოვა. ადამიანები, რომლებმაც გამოიგონეს, მაგალითად, ნათურები, მზის ან ქარის ელემენტები... ისინი დროსა და გარემოს ცვლიან.


- თქვენი მხატვრული გმირები...
- იცით, მე მკითხველი ვარ და როდესაც ვკითხულობ, ამ წიგნებში ვცხოვრობ. ამიტომ, ძალიან ბევრი გმირი მყოლია... დღეს გურამ რჩეულიშვილის დაბადების დღეა, ის ჩვენი თაობის გმირი იყო, ეს დღეც გამორჩეულია... და მახსოვს,  როგორ ვიყავი გურამ რჩეულიშვილის თითქმის ყველა გმირი: ირინა, კრავაი, მზია. ახლა ვფიქრობ ხოლმე, რომ ბებია ოლღაც ვარ ხანდახან. ბევრი გმირია, რომელთან ერთადაც სხვადასხვა დროს ვცხოვრობ... 


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა...
- შოტლანდია... ერთ-ერთი პროგრამით სამუშაოდ ვიმყოფებოდი და დღესაც თავისკენ მეწევა ეს ქვეყანა, რომელიც ბევრი გმირობისა და სიმტკიცის მაგალითი და უამრავი ლეგენდის კუთხეა.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში...
- საქმისადმი ერთგულება.


- ქალში?
- მრავალფეროვნება, ენერგიულობა. როდესაც ქალს შეუძლია, ისევე ხალისიანად აკეთოს საქმე, წაუკითხოს ბავშვებს წიგნები და მოამზადოს სადილი, როგორც ბევრი სხვა რამ.


- საყვარელი მწერლები....
- ძალიან მიჭირს ხოლმე ამაზე პასუხი, რადგან იმდენად ბევრი მწერალი შემოდის, თან ახირებული ვარ. მაგალითად, ერთი პერიოდი ავიხირე მარინა ცვეტაევა და ის მაინტერესებდა არა მხოლოდ როგორც პოეტი, არამედ როგორც პიროვნება, თავისი პროზით, წერილებით, ყველაფრით. ერთი პერიოდი ახირებული მყავდა მილორად პავიჩი. ყველაფერს ვკითხულობდი და ვცხოვრობდი პავიჩით. სულ ახლახან - ალესანდრო ბარიკო. ახლა წინ მიდევს ერთი ძალიან საინტერესო ინდოელი მწერალი არუნდატი როი, რომელმაც მართლაც დიდი ინტერესი გამოიწვია მთელ მსოფლიოში. ჯერჯერობით ერთადერთი რომანი დაწერა - „წვრილმანების ღმერთი“ და ბუკერების პრემია აიღო. მისი პერსონაც მაინტერესებს. აი, ასე მიყვარს მე მწერლები.


- საყვარელი კომპოზიტორი...
- საყვარელი კომპოზიტორიც ბევრი მყავს. ძალიან მიყვარს კლასიკა და ვფიქრობ, რომ ვერდი მოვლენა იყო, რადგან ასეთი ოპერები დაგვიტოვა; ასევე, შემიძლია აღვნიშნო, მაგალითად, ენდრიუ ლოიდ  ვებერი - ადამიანი, რომელმაც დაწერა Jesus Christ Superstar ; „ბიტლსები“... ო, ბევრი გამომივა...


- ფილმი?
- აქ ნამდვილად ვერ გამოვარჩევ და ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ამა თუ იმ ტიპის რეჟისორების ფილმები მიყვარს. ერთადერთი, რასაც ვერ შევეგუე, ეს მრავალსერიიანი ფილმებია - ვერ გავხდი მათი მაყურებელი. როგორც ჩანს, მიყვარს დამთავრებული ნაწარმოებები, რომლებიც იწყება, კრავს კვანძს, დამძაბავს და შემდეგ დასასრულსაც სხვანაირს შემომთავაზებს.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ძნელი სათქმელია... ჯერჯერობით ვერ ვჩერდები, სულ რაღაცას ვეძებ. პროექტები „მაკულიტერატურა“, ასევე „50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“ ძალიან ჩემი მგონია. ახლაც მაქვს ახალი ახირებები. მინდა, მუზეუმის მეგობრები გავამრავლო, ბიზნესში შემოსული უცხო სიტყვები რაღაცნაირად ქართულისკენ მოვატრიალო - მაგ. ლოკოკინები ძაღლუკების ნაცვლად, გზავნილები მესიჯების ნაცვლად და ა.შ.

-
რა არის სამშობლო?
- ემოციურად ჩემთვის სამშობლო მარადიული მონატრების საგანია. სულ მეჩვენება, რომ მასთან რაღაც წინააღმდეგობები მაქვს, რადგან არ მომწონს ისეთი, როგორიც არის, მაგრამ სულ მენატრება და სულ მინდა, ყველაფერი მისთვის გავაკეთო. უკვე ვთქვი, რომ ჩემი ოჯახის წევრები საქართველოში არ ცხოვრობენ. მინდა, რომ მათთვის ზუსტად ასეთივე გაგიჟების საგანი იყოს სამშობლო.

- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ჩემთვის ყველაზე ძვირფასი შვილები და მათი შვილები არიან. მგონია, რომ ეს სიყვარულის უწყვეტი ჯაჭვია.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- მართალი გითხრათ, ცოტა რამის შიში მაქვს. ყველაზე მეტად ჩემი ახლობლების ტკივილისა და დაკარგვის მეშინია.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით...
- რამდენიმეს გამოვტოვებდი... გამოვტოვებდი 9 აპრილს, რადგან ძალიან განვიცადე და, ვფიქრობ, მას ძალიან ბევრი ცუდი რამ მოჰყვა... 


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- მშვიდად, ძილში... დიდი ხნის მერე.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- ღმერთს, ალბათ, მაშინ შევხვდები, როდესაც სხვა სამყაროში გადასვლა მომიწევს... აუცილებლად დავირცხვენდი და მინდა, ამ გადასვლისა არ შემეშინდეს... და ამიტომ, თუ რამეს თქმაა, მინდა, მითხრას: „ნუ  გეშინია“.