„ჩემთვის ზურას ცხოვრება გმირობა იყო“

ზეპირი ანკეტა

11 ივლისი 20:00, 2016 წელი
42

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია ფსიქოლოგი ნინო ჟვანია.

 - რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება? 
-  საერთოდ, ამაზე მიფიქრია. თითქოს ადამიანისთვის მთავარია, ბედნიერი იყოს. იმასაც ვფიქრობდი, რატომ არ არსებობს მეცნიერება, რომელიც ადამიანის ბედნიერებას შეისწავლის. ალბათ, არსებობს რაღაც კანონზომიერებები. შეიძლება, წესებიც დაადგინო და ადამიანს რჩევებიც მისცე, როგორ უნდა იყოს ბედნიერი. უბრალოდ, ისიც ვიფიქრე, რომ სულაც არ არის ცხოვრებაში მთავარი, რომ ბედნიერი იყო.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
 - ამ წუთას...


 - ბოლოს როდის იტირეთ?
 - ძალიან ცოტა ხნის წინ. ადამიანი ყოველწუთიერად ტირის და იცინის. ტირილი მარტო ის არ არის, რომ ტრაგედიის გამო იტირო. ტირილია, როდესაც შენ რაღაცას განიცდი და იმდენი რამე გეხება გარშემო, იმდენი რაღაც გტკივა, როგორ შეიძლება, არ იტირო? შეიძლება, გვერდზე მყოფი ადამიანის განწყობილებას განიცდიდე და იმისგან ტიროდე, რომ ის არ არის კარგ ხასიათზე.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ჯერ ერთი, ხასიათი ძალიან მეცვლება. სხვათა შორის, არ მინდა, განვასხვავო ქალი და მამაკაცი. ჩემი ხასიათის თავისებურება ის არის, რომ შემიძლია, გვერდით მყოფი ადამიანისთვის ვიცხოვრო. თითქოს, მაშინ ვარ კარგად, როდესაც ჩემ გვერდით მყოფ ადამიანებთან ერთად რაღაც იდეებს ვიზიარებ.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ყველანაირი სისუსტე ნაკლია: სიზარმაცე, ხანდახან უჭკუობა, ხანდახან უენერგიობა. ყოველთვის გამბედავი ვიყავი. თითქოს ეს არც მომაკლდა, მაგრამ რაღაც ძალას ვერ ვპოულობ, რომ ვიბრძოლო. არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები, რის წინააღმდეგაც მინდა ბრძოლა და ვერ ვიბრძვი, რაც ძალიან მაწუხებს და მგონია, რომ ჩემი სისუსტეა. მე ვერ ვიბრძვი იმისთვის, რაც მგონია, რომ ჩემ გარშემო უსამართლოა.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს? 
- არც ერთ ისტორიულ ფიგურასთან არ ვაიგივებ თავს. არ ვფიქრობ ამ თემაზე.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- სხვათა შორის, იგივე კითხვა, რომელზეც, ძირითადად, ისეთი პასუხები აქვთ, თითქოს გმირები დღეს არ არსებობენ, ბევრი წლის წინათ ზურას დაუსვეს. ზურამ უპასუხა ფოკის მონასტრის იღუმენიაზე, დედა ელისაბედზე, რომელიც 20 წლის ასაკში მარტო წავიდა და მონასტერი დააარსა. ზურამ თქვა, რომ ჩვენთვის ეს არის გმირობაო და ეს მართლა გმირობაა. ჩემთვის ზურას ცხოვრებაც გმირობა იყო. მგონია, რომ გმირობა ნებისმიერი საქმის ბოლომდე ერთგულებაა.


- თქვენი მხატვრული გმირები?
 - მხატვრული გმირები უფრო ბავშვობიდან გრჩება. ვიღაცები გიყვარდება. „პეპი გრძელი წინდა“, „ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი“ - უფრო ესენი მახალისებს ხოლმე.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ზოგჯერ არის სიტუაცია, როცა არსად გჭირდება წასვლა, ისე მოგზაურობ. ჩემთვის ძალიან ხშირად ეგ უფრო ფასეულია. შეიძლება, ოთახში იყო და მოგზაურობდე. ან ორი ნაბიჯი გადადგა, ბუნებაში გახვიდე და შენს თავს წარმოუდგენელი მოგზაურობა მოუწყო. ადამიანები არ აფასებენ ბუნებას, რომელიც გარშემო, ხელის გაწვდენაზეა და საკუთარ თავს ამ სიამოვნებას აკლებენ... თუმცა, ახლახან ამერიკაში ვიყავი ჩემს შვილებთან - ჯერ ლიზასთან იელის უნივერსიტეტში, რომელიც უკვე დაამთავრა, შემდეგ კი - კორნელის უნივერსიტეტში, სადაც ბუსა სწავლობს. ორივე უნივერსიტეტი კარგად დავათვალიერე და გავეცანი. წარმოუდგენელი შთაბეჭდილება დამრჩა.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში/ქალში?
- გავაერთიანებ ქალსაც და მამაკაცსაც და ვიტყვი, რომ ჩემთვის მთავარია, ხედავდე იმ სამყაროს, რომელიც ადამიანშია და თუ ვხედავ და მისი თანაზიარი ვხდები, მაშინ ბედნიერი ვარ.


 - საყვარელი მწერლები?
- ამ შეკითხვას გავექცევი. არ მინდა, ისეთ რამეებზე ვილაპარაკო, რაც ჩვენთვის, ყველასთვის საერთოა. იყო პერიოდი, როდესაც ძალიან ბევრს ვკითხულობდი და ყოველი ჩემი დილა ასე იწყებოდა: ახალი გაღვიძებული, დაახლოებით, 2-3 საათი სუფთა გონებაზე ვკითხულობდი. ბოლო 2-3 წელია, საერთოდ აღარ ვკითხულობ. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი. მგონი, ჩვეულებრივია. ჩემი წაკითხული წიგნებიც ცოტა უკან დამრჩა, თუმცა შემიძლია, ვთქვა, რომ ახლახან, ამერიკაში ყოფნისას, მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმში ვნახე სამურაების ტანსაცმლის კოლექციები, ასევე, პაპუა გვინეას კოსტიუმები და ნიღბები. ასეთი საინტერესო დიდი ხანია, არაფერი მინახავს. საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. 


- საყვარელი კომპოზიტორი?
- იოჰან სებასტიან ბახი, რომელიც წარმოუდგენელია, არ მოგწონდეს. ძალიან ბევრი წელი ინტენსიურად ვუსმენდი ჯაზს. ბოლო ორი-სამი წელია, ელექტრონულ მუსიკაზე გადავედი. წინანდლის პრემიიდან გამომდინარე, სულ მქონდა ახალგაზრდებთან ურთიერთობა, ვესაუბრებოდი, მაინტერესებდა, რას უსმენდნენ. ინფორმაცია მარტო წიგნით არ ვრცელდება (ბიბლიოთეკაში არ უნდა ვამბობდე ამას). თანამედროვე მუსიკა შეიცავს იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია თანამედროვე სამყაროს აღსაქმელად. ჩემთვის ამით სრულიად ახალი სივრცე გაიხსნა.


- ფილმი?
- რამდენადაც ჩემს ყოველდღიურობაში წიგნებმა და ჯაზმა ცოტა ხნით უკან გადაიწია, იმდენად წინ წამოვიდა ფილმები. ამ ბოლო წლებში ვნახე თითქმის ყველა ახალი ფილმი - ჯიმ ჯარმუშის, კვენტინ ტარანტინოს, ფრანსუა ოზონის, გასპარ ნოეს... ფრანგული კინო, იტალიური კინო... ძალიან კარგი და სულიერად ფასეული ფილმი ცოტაა.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ალბათ, იმას, რომ შვილები გავზარდე. ჩემი შვილები ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა.


 - რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი? 
- ჩემთვის ყველაზე ძვირფასი სიყვარულია. სიყვარული ყველაფრის - შვილების, მეგობრების, ზურას სიყვარული... ცოცხლების, არაცოცხლების, არა აქვს მნიშვნელობა.


- თარიღი, რომელსაც გამოტოვებდით თქვენი ცხოვრებიდან. 
- ზურას ამბავს გამოვტოვებდი. მეტს არაფერს...


- რა არის თქვენთვის სამშობლო?
- არ ვიცი... ძალიან რთული შეკითხვაა. არ მაქვს პასუხი.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ახლობელი ადამიანების დაკარგვის.


 - როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ისე, რომ ჩემი შვილები თავზე მადგნენ თავიანთი შვილებით. არ მგონია, სიკვდილის შიში მქონდეს. ერთი ის მინდა, რომ იმ მომენტში ჩემი შვილები ჩემთან იყვნენ და მეორე, რომ თავად მეც მზად ვიყო - თუ საერთოდ შესაძლებელია, რომ სასუფეველში შესასვლელად ადამიანი მზად იყოს და თუ მაქვს ამის შანსი... მინდა, რომ არ მეშინოდეს ღმერთთან შეხვედრის.


- თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- უი, ნინიკო, მოხვედი?