„ყველა კითხვაზე, ასე თუ ისე, პასუხი მაქვს“

ზეპირი ანკეტა

18 ივლისი 20:00, 2016 წელი
75

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია მუსიკოსი ქეთი ორჯონიკიძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- სრულყოფილი ბედნიერება წამიერად შეიძლება არსებობდეს, როდესაც ერთ წამში ფიქრობ, რომ ძალიან ბედნიერი ხარ, მაგრამ, ზოგადად, ვფიქრობ, რომ არ არსებობს. 


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- ამ წამს...


- ბოლოს როდის იტირეთ?
- შეიძლება, სასაცილოდ ჟღერდეს, მაგრამ „ტიტანიკს“ ვუყურე რამდენიმე დღის წინ და ისევ ვიტირე.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- ვცდილობ, ყოველთვის გვერდში დავუდგე ადამიანს და ძალიან ერთგული ვარ.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- როცა ვბრაზდები, ბევრ სისულელეს ვამბობ.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ისტორიულ ფიგურასთან, ზოგადად, არ ვაიგივებ თავს, რადგან ძალიან ვიცი როლებში შესვლა. ისე, მულტფილმზე გადავიდოდი და ალბათ, რომელიმე დრაკონი ვიქნებოდი. 


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- ჩემთვის გმირია ნებისმიერი ის ადამიანი, ვინც სწორად არჩეულ გზას ბოლომდე მიჰყვება და სხვადასხვა რაღაცების გამო, რაც დღესდღეობით უფრო მნიშვნელოვანი გახდა, არ უხვევს არჩეული გზიდან.


- თქვენი მხატვრული გმირები?
- ამ წუთას არავინ მახსენდება.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- ეს იყო გვატემალაში, სადაც გადაადგილება ძალიან საშიში იყო და დაცვით დავდიოდით. ამიტომ ძალიან დასამახსოვრებელი იყო და მეორე, ლონდონში.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- გულწრფელობა.


- ქალში?
- იგივე.


- საყვარელი მწერლები?
- აიზეკ აზიმოვი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- იოჰან სებასტიან ბახი, დიმიტრი შოსტაკოვიჩი და პეტრე ჩაიკოვსკი.


- ფილმი?
- ყველა ფილმი, რაც ზომბებზეა.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- იმას, რომ ყველა კითხვაზე, ასე თუ ისე, პასუხი მაქვს.


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ყველაზე ძვირფასია დედაჩემი და საზოგადოების პატივისცემა.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- არასოდეს. ყველა თარიღს თავისი დანიშნულება ჰქონდა და ყველა თარიღმა რაღაც მასწავლა, ასე რომ, კარგი იყო თუ ცუდი, უნდა იყოს!


- რა არის თქვენთვის სამშობლო? 
- სამშობლო არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება გარეგნული იმიჯის გამო არ მეტყობა, რომ ძალიან პატრიოტი ადამიანი ვარ, მაგრამ, ზოგადად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მცნებაა ჩემთვის, რომელსაც ვერაფრის გამო ვერ გადავუსვამ ხაზს.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- ნახევარმთვარის და რუხი თვალების.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- საყვარელი ადამიანის ხელებში.


- თუკი ოდესმე შეხვდებოდით ღმერთს, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- მითხრას, რომ მაქსიმალურად გავამართლე მისი იმედები.