სიცოცხლისმოყვარეობა

ზეპირი ანკეტა

25 ივლისი 20:00, 2016 წელი
58

გიორგი კეკელიძესთან პრუსტის კითხვარს პასუხობენ საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად მათი წარსულისა, აწმყოსი და მომავლისა, მიუხედავად პოლიტიკური და სხვა, მსგავსი თუ არამსგავსი, შეხედულებებისა, პროფესიისა, ნიჭისა თუ... დღევანდელი სტუმარია კულტურის მინისტრის მრჩეველი ლიტერატურის მიმართულებით ქეთევან დუმბაძე.

- რა არის თქვენთვის სრულყოფილი ბედნიერება?
- მშვიდობა, სულიერი სიმშვიდე და ბევრი მომღიმარი ადამიანი ქუჩაში.


- ბოლოს როდის გაიცინეთ?
- სულ ვიცინი და მიზეზსაც კი ვეძებ, რომ გავიცინო.


- ბოლოს როდის იტირეთ?
- ზუსტად იმავე რაოდენობით შემიძლია ვიტირო, ძალიან გულაჩუყებული ადამიანი ვარ. ნებისმიერ თემაზე შეიძლება ცრემლები მომადგეს.


- თქვენი ხასიათის მთავარი შტრიხი?
- სიცოცხლისმოყვარეობა.


- ყველაზე დიდი ნაკლი?
- ნაკლი? აი, თვალდახუჭული ვენდობი ხოლმე ადამიანებს და ბევრჯერ წამიტეხია კისერი.


- ყველაზე მეტად რომელ ისტორიულ ფიგურასთან აიგივებთ თავს?
- ჟანა დ’არკთან.


- ვინ არიან თქვენი გმირები დღეს?
- თუ ზოგადად ვიტყვი, ის ხალხი, ვისაც სიკეთის კეთება შეუძლია.


- თქვენი მხატვრული გმირები?   
- დონ კიხოტი.


- ყველაზე შთამბეჭდავი მოგზაურობა?
- რომში მოგზაურობა იყო შოკისმომგვრელი. ქალაქში დავდიოდი და ხმები მესმოდა.


- თვისება, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ მამაკაცში?
- მამაკაცი უნდა გრძნობდეს, რომ მის წინ ქალია.


- ქალში?
- ის უნდა გრძნობდეს, რომ მის წინ მამაკაცია.


- საყვარელი მწერლები?
- რახან დონ კიხოტი ვახსენე, მაშინ მიგელ დე სერვანტესი.


- საყვარელი კომპოზიტორი?
- სხვათა შორის, განწყობის მიხედვით, ბევრი გამორჩეული კომპოზიტორი მყავს. ხან კლასიკას ვუსმენ, ხან - ჯაზს, ხან - რეპს, მაგრამ ახლა, ბოლოს, ნიკა ჯორჯანელმა მომასმენინა ჯინო ვანელი, რომელიც არ ვიცოდი და ბოლო რამდენიმე კვირაა, მას ვუსმენ.


- ფილმი?
- ფილმებსაც განწყობის მიხედვით ვარჩევ. შეიძლება, უცებ „ჯარისკაცის მამაზე“ ბევრი ვიღნავლო... მგონი, „რომაულ არდადეგებს“ გამოვარჩევდი.


- რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
- ვისწავლე წყენის მივიწყება. ძალიან მალე გადამივლის ხოლმე...


- რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
- ძალიან ბევრი რამ. პირველად საყვარელი ადამიანები მახსენდებიან, რა თქმა უნდა.


- თარიღი, რომელსაც თქვენი ცხოვრებიდან გამოტოვებდით?
- ერთადერთი თარიღი მაქვს ასეთი, რომელსაც ჩემი ცხოვრებიდან გავაქრობდი, მაგრამ კონკრეტულად არ დავასახელებ.


- რა არის თქვენთვის სამშობლო? 
- სამშობლო სხეულის ნაწილია... სული, გული, საქმე, თავგანწირვა, ხანდახან ძალიან გაბრაზებაც კი.


- რისი გეშინიათ ყველაზე მეტად?
- მარტო დარჩენის.


- როგორ ისურვებდით სიკვდილს?
- ჩუმად და უსიტყვოდ.


- თუკი ოდესმე ღმერთს შეხვდებოდით, რას ისურვებდით, რომ თქვენთვის ეთქვა?
- მინდა, ხელი ჩამკიდოს და მითხრას: „წამო, ქეთი, შენ ახლა შეგახვედრებ შენს უსაყვარლეს ადამიანებს“.